კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„სიკვდილის ბრიგადების“ წინააღმდეგ გამართული აქცია დაარბიეს

25 მაისი, 2006

„სიკვდილის ბრიგადების“ წინააღმდეგ გამართული აქცია დაარბიეს

პარლამეტის შენობის წინ შსს-ს სიკვდილის ბრიგადების წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები განახლდა. არასამთავრობო ორგანიზაციები, შვილმკვდარი დედები, საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო ოპოზიცია და სამართალდამცველების უკანონობით შეწუხებული და დაზარალებული მოსახლეობა  შსს-ს მკვლელებისგან გაწმენდას ითხოვს. გუშინ დაახლოებით ღამის 12 საათზე აქციის მონაწილეები ფორმიანმა და უფორმო ადამიანებმა დაარბიეს.

მთავარი და უცვლელი მოთხოვნა, რასაც აქციის მონაწილეები უკვე რამდენიმე თვეა ითხოვენ და შედეგს  ვერ მიაღწიეს, არის გახმაურებული სანდრო გირგვლიანის მკვლელების დასჯა. შსს-ს მაღალჩინოსნები ალექსანდრე მელნიკოვი და დათა ახალაია, პრესსამსახურის ყოფილი უფროსი გურამ დონაძე, შს მინისტრის მეუღლე თაკო სალაყაია, ეს ის ადამიანები არიან, რომელთა გვარები ბურუსით მოცულ მკვლელობასთან დაკავშირებით ფიგურირებენ. მოკლული გირგვლიანის ოჯახი ამ ადამიანთა საჯაროდ დაკითხვასა და პასუხისმგებლობას ითხოვს.

აქციის მონაწილეებს 23 ნოებერს პატრულის მხრიდან მოკლული ამირან „ბუტა“ რობაქიძის მშობლებიც შეუერთდნენ. ისინი მკვლელობის საქმეების ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ. არასამთავრობო ორგანიზაციებმა და დაღუპულების ახლობლებმა პარლამენტის შენობის წინ შიმშილობის აქცია დაიწყეს და  პარლამენტთან ორი საფლავის ქვა მიიტანეს, რომლებზეც სანდროსა და ბუტას სახელებია აწერია. „არ უნდა გაგვცენ პასუხი, რატომ გვიხოცავენ შვილებს? ამ მთავრობამ აწამა და მომიკლა შვილი. ჩემი შვილის მკვლელობის შემკვეთები არიან ახალია, სანოძე, მელნიკოვი, დონაძე და მერაბიშვილის მეუღლე თაკო სალაყაია. პასუხი უნდა აგონ, ესენი არიან დამნაშავეები“,- აცხადებს ირინა ენუქიძე.

აქციის მონაწილეებსა და საპატრულო პოლიციას შორის პირველი დაპირისპირება დაახლოებით დღის 5 საათზე მოხდა, როცა პატრულმა მათ სავალი გზის გათავისუფლება და აქციის დაშლა მოსთხოვა. აქციის მონაწილეებმა კი მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს, რის შემდეგაც პატრულმა ისინი ფიზიკური ძალის გამოყენებით აყარა. აქციის მონაწილეებმა კი შიმშილობა გამოაცხადეს, დადგნენ რუსთაველის პროსპექტის შუაში, გზის გამყოფ ზოლზე და მძღოლებს მოუწოდებდნენ, მხარდაჭერის ნიშნად „სიცოცხლის სიგნალი“ მიეცათ. თითქმის ყველა მძღოლი ამ მოთხოვნას „დაემორჩილა“.

მართალია, აქციის მონაწილეები მთელი ღამის განმავლობაში არ დაშლილან, თუმცა გვიან, დაახლოებით 12 საათის შემდეგ ისინი ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ. ფორმიანმა თუ უფორმო ადამიანებმა ისინი ძალის გამოყენებით დაშალა. როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ლაშა ჩხარტიშვილი იხსენებს, „ჩვენი აქციის მიზანი იყო ელემენტარული მოთხოვნის დაკმაყოფილება ანუ ცნობილი მკვლელობის საქმეების გამოძიება გამჭირვალე ყოფილიყო. გვიან ღამით პოლიცია თავს დაგვესხა და ძალის გამოყენებით გაგვათრიეს ტერიტორიიდან. ნაცემია რამდენიმე ადამიანი, მათ შორის სანდრო გირგვლიანის დეიდა მაია ენუქიძე, სანდრო გირგვლიანის მეგობრის დედა და მე. რამდენიმე დარტყმა თავში მომაყენეს, რის შემდეგაც პირღებინება დამეწყო. პოლიციელები  პირდაპირ ძალადობაზე გადავიდნენ. ერთ-ერთმა პოლიციელმა იარაღისკენაც კი გაიწია. დარტყმა თითქმის ყველამ მიიღო. ირაკლი კაკაბაძემაც. დააკავეს მიშა კაჭკაჭიშვილი და ლაშა ამირეჯიბი. ასევე დააკავეს ირაკლი კაკაბაძეც, მაგრამ ის პოლიციაში არ წაუყვანიათ, ცოტა ხნით გაიტაცეს და გაურკვეველ ადგილას ჩამოსვეს მანქანიდან. რაც შეეხებათ დაკავებულებს, დილის 5 საათზე ამ ფაქტზე სასამართლო პროცესი გაიმართა და მათ წვრილმანი ხულიგნობისთვის 7,5 ლარის გადახდა დაეკისრათ და გაუშვეს.“

აქციის მონაწილეები დარბევას დაუშვებელ ვანდალულ აქტს უწოდებენ და გაჩერებას მანამ არ აპირებენ, სანამ შსს მკვლელი პოლიციელებისგან არ გაიწმინდება.

ისინი აქციის პერმანენტულად გამართვაზე შეთანხმდნენ. როგორც ჩხარტიშვილი ამბობს, „ხელისუფლება აგრძელებს ვანდალურ ქმედებას და ვერ იტანს მშვიდობიან აქციებს. 26 მაისამდე აქციები აუცილებლად გაიმართება. მის ზუსტ თარიღსა და ადგილს შეგნებულად არ ვიტყვი, რადგან ადვილი შესაძლებელია, ძალები გაამაგრონ. სად და როდის მივაყენებთ მათ მშვიდობიან დარტყმას ჯერჯერობით უცნობია.“                

რაც შეეხება აქციის მონაწილე საპარლამენტო ოპოზიციას, არც ისინი აპირებენ უკან დახევას. როგორც დეპუტატი დავით გამყრელიძე ამბობს, მან რამდენიმე ადამიანი გამოგლიჯა პოლიციელებს ხელიდან: „12 საათის მერე ახალგაზრდებს ალყა შემოარტყეს და ფორმიანებთან ერთად უფორმოებმა ფიზიკური ძალის გამოყენება დაიწყეს. ისინი უკანონოს არაფერს ითხოვდნენ. მათი სურვილია სამართლიანი გამოძიება და დამნაშავეების დასჯა. ამის გამი ფიზიკური ანგარისსწორება არანაირად არ შეიძლებოდა. პოლიციელებთან ჭიდაობაში პირადად ჩავერთე, რის შემდეგაც რამდენიმე ადამიანი ცემას გადაურჩა. მე ისინი ხელიდან გამოვგლიჯე პოლიციას.“

გამყრელიძის თქმით, ამ ეტაპისთვის აქციებს მცირედი შედეგი მოჰყვა და ეს არის ის, რომ შსს-ს მოსახლეობის თვალში ნდობა დაკარგული აქვს. აქციის მონაწილეები  ამ ეტაპისთვის ამითაც კმაყოფილები არიან.

ეკა გულუა

ახალი ამბები