კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნაცემი და ნაწამები, 66 წლის ლიანა ჩანჩლიაშვილი დამნაშავეთა დასჯას ითხოვს

30 მაისი, 2006

ნაცემი და ნაწამები, 66 წლის ლიანა ჩანჩლიაშვილი დამნაშავეთა დასჯას ითხოვს

                                  

შს ახმეტის რაიონული განყოფილების ხელმძღვანელობა და უფროსი, პოლიციის პოლკოვნიკი გელა შაშიაშვილი, მოქალაქეებმა ადამიანის უფლებების დარღვევაში არაერთხელ ამხილეს. ამჯერად მას ქ. ახმეტაში მცხოვრები 66 წლის ლიანა ჩანჩლიაშვილი დაუპირისპირდა. მოხუცებული ქალბატონი, რომელიც ექვსმა ნიღბიანმა ახალგაზრდამ მცირე ხნის წინ, ღამით, საკუთარ საცხოვრებელ სახლში სადისტურად სცემა და აწამა, პოლიციის უფროსს დამნაშავეთა მფარველობაში ადანაშაულებს და დახმარებას ადამიანის უფლებების დამცველებს სთხოვს.

ლიანა ჩანჩლიაშვილის ტრაგედია მაშინ დაიწყო, როდესაც მან დამნაშავეთა მხილება გადაწყვიტა და პოლიციას მის სახლთან მომხდარი მკვლელობის ზუსტი დეტალების შესახებ ჩვენება მისცა. შედეგად, იგი დამნაშავეთა წამების მსხვერპლი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონმა ლიანამ თავდამსხმელები ამოიცნო და ამის შესახებ პოლიციასაც აცნობა, იგი დღესაც დამნაშავეთა მხრიდან ანგარიშსწორების მოლოდინშია და სამართალდამცავებს კრიმინალური დაჯგუფების მფარველობაში ადანაშაულებს.

ყველფერი კი ასე დაიწყო: „2004 წლის ოქტომბრის თვეში ჩემს საცხოვრებელ სახლში დროებით შევიფარე საქართველოში ლტოლვილის სტატუსით მცხოვრები ჟაბრაილ მუსიხანოვი, მისი ძმა მაგომედ ტაზურკაევი, და - რაისა მუსიხანოვა და მისი მცირეწლოვანი შვილი. 2004 წლის 31 დეკემბერს, ჟაბრაილ მუსიხანოვთან სტუმრად მოვიდა მისი მეგობარი მაგომედ მაზაევი. დაახლოებით 18 საათზე მუსიხანოვი მაზაევთან ერთად სახლიდან ქუჩაში გავიდა, სადაც მან დაიწყო საახალწლო მაშხალების აფეთქება, რაზედაც მას შენიშვნა მისცეს იმ დროს ქუჩაში მყოფმა, პაატა გაგანაშვილმა და ვახტანგ ალბუთაშვილმა. მუსიხანოვმა მაშხალა ჩვენი ეზოს მიმართულებით კვლავ ააფეთქა, რაზედაც გაგანაშვილი და ალბუთაშვილი გაღიზიანდნენ. იცოდნენ, რომ ჟაბრაილი ჩეჩენი იყო და ყველანაირად ამცირებდნენ და ზღუდავდნენ. ამის შემდეგ მათ შორის მოხდა კამათი, რაც გადაიზარდა ჩხუბში. ჩხუბის ხმაზე მათთან მივიდა გოჩა ონიაშვილი და მოჩხუბრების გაშველებას შეეცადა. ამავე დროს ქუჩაში გავიდა მუსიხანოვის ძმა ტაზურკაევიც. გარეთ ჩხუბი მძიმე შედეგით დასრულდა. შეშის საპობი ცულით, ონიაშვილს თავის არეში ჭრილობა მიაყენეს, ოღონდ არა ჟაბრაილ მუსიხანოვმა. ონიაშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის 2005 წლის 1 აგვისტოს მიღებული დაზიანების გამო გარდაიცვალა. პასუხისგებაში კი ჟაბრაილ მუსიხანოვი მისცეს, არადა ონიაშვილისთვის ცული მას არ ჩაურტყამს. პოლიციას მე რეალური ჩვენება მივეცი, რაც დამნაშავეებმა გაიგეს, რამდენჯერმე თავს დამესხნენ, შეურაცხყოფა მომაყენეს და გამქურდეს. მესამე თავდასხმისას კი, ღამის 2 საათზე, ჯერ დამაბეს, შემდეგ ექვსივე მათგანმა, რომელთაც ნიღბები ეკეთათ, თუმცა ვიცანი რომ ჩვენი უბნის ახალგაზრდები იყვნენ, წიხლებით მცემეს. გონი მხოლოდ დილით მომივიდა, რის შემდეგაც პოლიციას მივმართე“,- გვიამბობს ლიანა ჩანჩლიაშვილი, რომელსაც სამართალდამცავებმა ექსპერტიზის ჩასატარებლად შუამდგომლობა მხოლოდ მას შემდეგ მისცეს, რაც დაზარალებული პროტესტის უკიდურესი ფორმების მიღებით დაიმუქრა.

ექსპერტიზის შედეგად ლიანა ჩანჩლიაშვილს მენჯის ძვლების მოტეხილობა, მძიმე ფორმის დაჟეჟილობები, ტრავმული დაზიანებები და ტვინის შერყევა დაუდგინდა. დაზარალებულმა ექსპერტის დასკვნის პოლიციაში წარდგენა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვეღარ შეძლო. გარდა ამისა, მას თავდამსხმელები დაემუქრნენ, პოლიციიდან განცხადება გამოეტანა, წინააღმდეგ შემთხვევაში მოკლავდნენ. „დამემუქრნენ, პოლიციიდან განცხადების გამოუტანლობის შემთხვევაში ისე მოგკლავთ, ვერავინ გაიგებს მოგკალით თუ მოკვდიო. პოლიციაში მიხვალ და განცხადებას უკან გამოიტან. დაწერ, რომ აღარ ჩივიხარ და მეტი არაფერი. პოლიციაში ზედმეტ კითხვებს არ დაგისვამენო – მითხრეს. ...ახმეტის პოლიციიდან კი გამოვიტანე განცხადება, მაგრამ მოვახერხე და თელავის პროკურატურასა და სამხარეო პოლიციაში ვიჩივლე, მაგრამ იქაც ამაოდ. ყურადღება არავინ მომაქცია. არადა, პირდაპირ გეტყვით, ირაკლი ქინქლაძემ, შოთა ანდრიაშვილმა, ზაზა ონიაშვილმა და სხვებმა მარტო მე კი არ დამაყაჩაღეს, სხვებსაც ამწარებენ,“- შეშფოთებულია ლიანა ჩანჩლიაშვილი, რომელსაც დღეს ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესებული აქვს და დახმარებას ითხოვს და თან ამატებს: „დარწმუნებული ვარ, გაზეთში წერილის გამოქვეყნების შემდეგ კვლავ მომაკითხავენ და შეიძლება მომკლან კიდეც“.
 
ახმეტაში რომ შეიარაღებული ახალგაზრდების ბანდა დათარეშობს, ამას სხვა რესპონდენტებიც ადასტურებენ. „ქინქლაძემ და სხვებმა ნინიაშვილების ბიჭი ჯერ სახლში დაპატიჟეს, მერე შეკამათდნენ და იქვე მოკლეს. პოლიციამ ბოლოს სახლის პატრონი დააკავა; შეუცვივდნენ ასევე ქ. ახმეტაში მცხოვრებ ესმა შაშიაშვილს, გაკოჭეს და ყველაფერი წაიღეს. ბოლოს ეგ საქმე ქურდებში გაირჩა და ყაჩაღებმა, წაღებული ნივთები უკან დააბრუნეს; დააყაჩაღეს ზამთარაძე. კვალის წაშლის მიზნით, მის მოკვლასაც ეცადნენ, მაგრამ გადარჩა; მაღალაშვილებსაც მიუცვივდნენ, მიშა მაღალაშვილს თავში ქვა ჩაარტყეს; ვაჟა კოტორაშვილიც დააყაჩაღეს, რომელიც სიკვდილს გადარჩა; დამნაშავეებს საქმე აქვთ პანკისის ხეობაში ქისტებთან, საიდანაც ნარკოტიკების რეალიზაციასაც ახდენენ. წილში ჰყავთ პოლიციაც. ამას წინათ, ანდრიაშვილმა პოლიციელიც დაჭრა ფეხში, რის შემდეგაც გაიქცა. ამ განუკითხაობას დასასრული ხომ უნდა ჰქონდეს“, - კითხულობს აღშფოთებული ხალხი ახმეტაში და ადგილობრივთა იმ გვარებს მოიხსენიებენ საუბარში, რომელნიც პოლიციელთა უმოქმედობის გამო ორგანიზებულ დამნაშავეთა ჯგუფის მსხვერპლნი ხდებიან.

ზემოთჩამოთვლილმა დაზარალებულებმა ჩვენთან შეხვედრა არ ისურვეს და კომენტარზეც, შესაძლო პრობლემების თავიდან ასაცილებლად, უარი განაცხადეს. მიუხედავად არაერთი მცდელობისა, შეხვედრაზე და კომენტარზე მოუცლელობის მოტივით, უარი განაცხადა ახმეტის პოლიციის უფროსმა გელა შაშიაშვილმა. შს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსმა თემურ ანჯაფარიძემ შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელთან, შოთა ხიზანიშვილთან გადაგვამისამართა. ამ უკანასკნელმა კი ჩვენი ზარები უპასუხოდ დატოვა.

„რამდენ ხანს გავუძლებ კიდევ, წიხლებით ცემისა და წამების შედეგად გაჩენილ ტკივილებსა და დაავადებებს, ვერ გეტყვით, მაგრამ გთხოვთ, თქვენ მაინც მოგვაქციოთ ყურადღება და ხელი შეუშალოთ იმ განუკითხაობას, რომელიც ახმეტაშია გამეფებული“,- სთხოვს ლიანა ჩანჩლიაშვილი ადამიანის უფლებების დამცველებს.
   


გელა მთივლიშვილი კახეთიდან

ახალი ამბები