15:06, Tuesday, 22.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

რამდენი გადაუხადა თემურ ყორშიამ უგულავას ბაზრის კარის ჩაკეტვისათვის (ნაწილი პირველი)

28.06.2006
რამდენი გადაუხადა თემურ ყორშიამ უგულავას ბაზრის კარის ჩაკეტვისათვის


ნაწილი პირველი
 
ზუგდიდის ბაზრის კარების გახსნის თემა დღის წესრიგიდან ჯერჯერობით არ მოხსნილა და ჩანს, კარგა ხანს ასეც იქნება, რადგან ბაზრის კარების პრობლემას ხელისუფლებასა და მოსახლეობის ბაზარში დასაქმებული ნაწილის სერიოზული დაპირისპირება ხან ერთ, ხან მეორე ან სხვა კონტექსტში პერიოდულად ემატება აქტუალობა.

ყველაფერი კი ასე დაიწყო: 2005 წელს, ზუგდიდის რაიონის გამგეობის გადაწყვეტილებით, ქალაქის ცენტრალური ქუჩის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით შ.პ.ს. სუპერმარკეტად წოდებული ზუგდიდის ცენტრალური ბაზრის კარი ჩაიკეტა. რაიონის გამგეობის განცხადებით, ბაზრის კარების ჩაკეტვის მიზეზი ცენტრალური ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები იყო. ადგილობრივი ხელისუფლება მოვაჭრეებს იმ დროს ბაზრის კარების გახსნას რეაბილიტაციის დასრულებისთანავე ჰპირდებოდა. იმ დღიდან მოყოლებული ბაზარში მოვაჭრეები აქციას აქციაზე მართავდნენ და აცხადებდნენ, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას სხვა, უფრო შორს მიმავალი მიზნები ამოძრავებდა:
 
მარინა ბულია, ბაზარში მოვაჭრე: „იმავე დღიდან ვიცოდით, რომ ბაზრის კარებს მთავრობა არ გააღებდა. არდიამ (მიხეილ არდია-ზუგდიდს რაიონის იმჟამინდელი გამგებელი) ფინანსურ პოლიციას რეიდები გაამკაცრებინა. კონტრაბანდულ სიგარეტს ეძებდნენ. არ უარვყოფ, იმ დროს ჩვენც ვყიდიდით უაქციზო სიგარეტებს, ბევრი ამოიღეს, ბევრი - არა. ყველამ ვიცოდით, რომ  სიგარეტები საბაბი იყო მხოლოდ“.

ზუგდიდის ცენტრალური ბაზრის (იგივე შ.პ.ს. „სუპერმარკეტი“) მიმდებარე ტერიტორიისათვის „ბრძოლა“ 2004 წლიდან, ჯერ კიდევ გარე ვაჭრობის აკრძალვის მცდელობით დაიწყო. 5 ნოემბერს ბაზრის მიმდებარე ტერიტორიიდან აყრილმა გარემოვაჭრეებმა მაშინ პირველი სერიოზული პროტესტი იმით გამოხატეს, რომ 12 ნოემბერს, ჯერ ზუგდიდის რაიონის გამგეობის წინ მაშინდელი გამგებლის, პაატა დანელიას გადადგომა და გამგებლად მის ნაცვლად გრიშა ქობალიას დანიშვნა მოითხოვეს, შემდეგ კი ზუგდიდის თეატრში შეკრებილი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების რაიონული ორგანიზაციის  კონფერენციის ჩაშლას შეეცადნენ. ამ დაპირისპირებისას საზოგადოების ნაწილში ჩნდება ეჭვი, რომ მოვაჭრეთა აქციებს ნაციონალური მოძრაობის წევრი და პარტიული სიით პარლამენტში გასული პარლამენტარი, გრიშა ქობალია მართავს. საზოგადოებისა და ნაცმოძრაობის წევრებში შიდა დაპირისპირება იწყება. მოვაჭრეები ნაცმოძრაობის კიდევ ერთი წევრის, ნაზი არონიას დევნას იწყებენ. ეს გაუგებარია თავად პარლამენტარ არონიასათვის, რომელიც ამტკიცებს, რომ ბაზრის თემასთან არანაირი კავშირი არა აქვს და „ვიღაცა“ მის პოლიტიკურ დისკრედიტაციას ცდილობს. მოგვიანებით, ნაცმოძრაობის წევრი მოვაჭრეები, სვეტა ჟვანიას ხელმძღვანელობით, ზუგდიდის ნაციონალური მოძრაობის დამფუძნებელ შეხვედრაზე, რომელსაც მიხეილ მაჭავარიანიც ესწრება, მათ მოუწვევლობას გააპროტესტებენ და შენობას ბლოკირებას გაუკეთებენ. დაპირისპირება კულმინაციას აღწევს. მაშინ კონფერენციის მონაწილეები გარემოვაჭრეებს, სიტუაციის განსამუხტად გუბერნატორთან, გიგი უგულავასთან შუამდგომლობას შეპირდნენ. ეს შეპირება შეპირებად დარჩა.
გარემოვაჭრეები მაშინ პირველად მოატყუეს. მიუხედავად ამისა, ზუგდიდში რეგიონული ორგანიზაცია ფუძნდება, გრიშა ქობალია კი ტელევიზიებისათვის მიცემულ ინტერვიუებში აქციის მონაწილეებთან ყოველგვარ კავშირს უარყოფს. მოვაჭრეები შემდგომ მიტინგებზე ამ აზრის გასამყარებლად მას ხმამაღლა აკრიტიკებენ. ცოტა ხანში კი, ერთ-ერთ აქციაზე, პროტესტის ნიშნად, ნაციონალური მოძრაობის წევრიობის პარტბილეთებს ხევენ. მაჭავარიანი მათ ამ დროს უკვე „პარტიას მიტმასნილ ადამიანებად“ იხსენიებს.
  
2005 წლის 6 მარტს ბაზარში მისულ მოვაჭრეებს ბაზრის ტერიტორიაზე დამატებით გაშლილი დახლები აყრილი და სამუშაო ადგილები დარბეული დახვდათ. ბაზრის დირექციასთან პირველი დაპირისპირება მაშინ დაიწყო. მოვაჭრეები ბაზრის დირექტორს, გია კანკიასა და ბაზრის ადმინისტრაციას ხელისუფლებასთან ფარულ გარიგებაში ადანაშაულებდნენ და აცხადებდნენ, რომ მათ შუაღამით ბაზრის კარები ფინანსური პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმელებს თავად გაუღეს და უფლება მისცეს მოვაჭრეების დახლები დაერბიათ. ფინანსური პოლიციის მაშინდელი უფროსი, კახა კაკაბაძე არ უარყოფდა მისი სამსახურის სპეცრაზმელების მიერ დახლების დარბევის ფაქტს; მეტიც, აცხადებდა, რომ დამატებითი დახლები ბაზრის ნორმალურ ფუნქციონირებას აფერხებდა, სტანდარტებში არ ჯდებოდა, თან მისი მტკიცებით, ამ ადგილას ძირითადად უაქციზო სიგარეტებით მოვაჭრეები იყვნენ განთავსებული.

მზია ფიფია, ბაზარში მოვაჭრე: „ აფხაზეთიდან გადმოტანილ სიგარეტს ჩვენ წლების მანძილზე ვყიდდით. ათი წელია ბაზარში ვვაჭრობ და ოჯახის ერთად-ერთი მარჩენალი მე ვარ. სიგარეტი მაშინ ზედიზედ სამჯერ წამართვეს. ვალებში ჩავვარდი. დახლების არასტანდარტულობაზე საუბრობდნენ და ის კი ავიწყდებოდათ, ამ ადგილისთვის ყველა მოვაჭრე ყოველდღიური „ჩეკის“ ფულს რომ იხდიდა. მაშინ ბაზრის დირექციას ამის გახმაურება არ უნდოდა და იმიტომაც ემორჩილებოდნენ ფინანსურ პოლიციას უსიტყვოდ“.
  
იმავე საღამოს მოვაჭრეებმა დარბეული დახლები ისევ გამართეს და ვაჭრობა განაახლეს და სადღეღამისო მორიგეობაც დააწესეს. მოვაჭრეებმა უარი განაცხადეს აგრეთვე ადგილობრივი ხელისუფელბის შეთავაზებაზე, ქალაქგარეთ მდებარე ბაზრობაზე გადასვლაზე.
  
ფინანსური პოლიციის გახშირებულ რეიდებს ბაზრის კარების ჩაკეტვით, სამხარეო ადმინისტრაციასთან გამართული საპროტესტო აქციითა და  რუსთაველის ცენტრალური ქუჩის გადაკეტვით უპასუხეს. აქციაზე მათთან მისულმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბაზარში მოვაჭრეებს უაქციზო სიგარეტის ნაცვლად სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებით ვაჭრობის ნება დართო. რამდენიმე დღეში მოვაჭრეებს დახლები ისევ აყრილი ხვდებათ. უამინდობის მიუხედავად, ისინი ღამის მორიგეობას ისევ იწყებენ, დღე კი პროტესტის ნიშნად ბაზარში ვაჭრობა წყდება.
 
მოვაჭრეებმა ბაზრის კარები პირველად თავად ჩაკეტეს. რამდენიმე დღით ბაზარი მუშაობის ძველებურ რიტმს უბრუნდება, თუ არ გავითვალისწინებთ ფინანსური პოლიციის თითქმის ყოველდღიურ სპეცოპერაციებს, რომლის შედეგადაც ბაზრიდან ასობით ყუთი რუსულ და აფხაზურაქციზიანი სიგარეტების ამოღება ხდება. ფიქსირდება ფიზიკური დაპირისპირებები მოვაჭრეებსა და სპეცრაზმელებს შორის.
20 მარტს ბაზრის თემა პიკს აღწევს - ბაზარში მისულ მოვაჭრეებს დილით ბაზრის კარები ჩაკეტილი, კარების წინ გათხრილი დიდი ორმო და განსაკუთრებულ დავალებათა ბატალიონის გაძლიერებული კორდონი ხვდებათ. დაპირისპირება ამჯერად სპეცრაზმელებსა და მოვაჭრეებს შორის გრძელდება. ერთ-ერთი ასეთი დაპირისპირების დროს ისინი ფიზიკურად უსწორდებიან ბაზრის აქტიურ მომიტინგეებს ოთხ ქალს, მათ შორის ჯონა კარტოზიასა და მის დედას, მედიკო კარტოზიას, ხოლო ერთ-ერთი მოვაჭრის ქმარს აპატიმრებენ და დილის ექვს საათზე ზუგდიდის რაიონის შორეულ სოფელში მანქანიდან აგდებენ. მოვაჭრეები მასმედიის წარმომადგენლებს იწვევენ და მათზე განხორციელებული ფიზიკური ანგარიშსწორების შესახებ ხმამაღლა საუბრობენ.

ჯინა კარტოზია ბაზარში მოვაჭრე: „ბაზართან ჩემი ოჯახის განსაცდელი იგივდება. სპეცრაზმელების ღამის დარბევებისას მე და დედაჩემი ოთხმა სპეცრაზმელმა უმოწყალოდ გვცემა. მე, როგორც ყველაზე აქტიურ აქციის მონაწილეს, მემუქრებოდნენ, თუ არ გაჩერდები შენს თავს დააბრალე რაც შენს ოჯახს მოუვაო. ეს მუქარა მოგვიანებით შემისრულეს კიდევაც, ჩემი 12 წლის გოგონა, მარიამ გვარამია ნიღბიანებმა გაიტაცეს, ემუქრებოდნენ, თუ დედაშენი არ გაჩერდება, უარესი დაგემართებაო. ბავშვთან ერთად გატაცებულ მის კლასელებს ჩვენებები შეაცვლევინეს, ბავშვებზე განხორციელებული ზეგავლენის შემდეგ მათ პირველი ჩვენებები შეცვალეს და გატაცების ფაქტი მარიამის წარმოსახვის შედეგად წარმოაჩინეს. სახალხო დამცველის წარმომადგენელმაც კი არ დაგვიჯერა მაშინ. მიზეზი ცხადზე უცხადესია - ბაჩო ახალაიას, რომელიც მაშინ სახალხო დამცველის, სოზარ სუბარის მოადგილე იყო, რა თქმა უნდა, არ აწყობდა მისი ძმის, დათა ახალაიას ზუგდიდელი ხელქვეითების „საგმირო საქმეების“ გამომზეურება. ბავშვი ამბობდა, ერთ-ერთს ნიღაბი არ ჰქონდა და ამოცნობას შევძლებო, არავინ მოუსმინა. ის კი არა, სისხლის სამართლის საქმეც არ აღუძრავთ, გარემოებების არქონის გამო“.
 
ქ. ზუგდიდის გამგებელი, ირა ჯიქია ზუგდიდში განლაგებულ „ალტერნატიულ“ ბაზრობებს ათვალიერებს, რის შემდეგაც ბზრიდან აყრილ მოვაჭრეებს ხვდება და ბაზრობებზე გადასვლას სთავაზობს. შეხვედრა დაპირისპირებით მთავრდება.

მოვაჭრეების პრობლემით ოპოზიციური პარტიები ინტერესდებიან. მათგან პირველად „ახალი მემარჯვენეები“ მოვაჭრეებს 31 მარტს რაიონის კულტურის ჩაბნელებულ დარბაზში ხვდებიან და დახმარებას პირდებიან.

პირველი ნაწილის დასასრული

მაია ღუბელაძე ზუგდიდიდან

 

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC