00:38, Wednesday, 18.09.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

უპატრონოდ დარჩენილი დევნილები

10.08.2006
უპატრონოდ დარჩენილი დევნილები


ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში პოლიტიკური ვითარების გართულების ფონზე მოსახლეობის უსაფრთხოება კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. მოსახლეობის გართულებულ სოციალური მდგომარეობას სროლები და თავდასხმები ერთვის თან. ქარელის რაიონის სოფელ ავლევში ორი დღის წინ მომხდარ სისხლიან შეტაკებას ამ ეტაპზე სამართალდამცავები ემსხვერპლნენ. შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი აცხადებს, რომ ფრონეს ხეობაში ბლოკ-საგუშაგოები გაძლიერდება. გაძლიერებული კონტიგენტი ძირითადად სპეცდანიშნულების რაზმის წევრებით დაკომპლექტდება.

პატარა ლიახვის ხეობაში კი მოსახლეობა გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. აქ განსაკუთრებით დევნილები განიცდიან მთავრობისგან უყურადღებობას. ერედვის თემის საკრებულოში ცხინვალიდან დევნილი მარიამ (მარუსია) მიდოდაშვილი 15 წელია ვაგონში ცხოვრობს. როგორც ოჯახის ახლობლები აცხადებენ,  ეს ვაგონიც 2004 წლის ცხინვალში ცნობილი გართულებული მდგომარეობის დროს ნასროლი ჭურვის შედეგად დაზიანდა. როგორც მარიამ მიდოდაშვილის შვილი ნონა მიდოდაშვილი ჩვენთან საუბარში აცხადებს, იმ დროისათვის მთავრობამ მათ მხოლოდ 1 000 ლარი გამოუყო. აღნიშნული თანხის გადაცემის მიუხედავად, მისი დედა და თვითონ სხვა არანარი შეღავათებით არ სარგებლობენ.

ნონა მიდოდაშვილი ამჟამად გორში ცხოვრობს. სოფელ არგვიცში მდებარე ვაგონში კი დედამისი ცხოვრობს, რომელიც ვერ ელევა მშობლიურ კერას და ამის გამო დარჩა პატარა ლიახვის ხეობაში. სოფელი არგვიცი შერეული, ოსურ-ქართული სოფელია და შედის ბერულის საკრებულოში. ყველა ეს სოფლები კი ერედვის თემში შედიან.

მიდოდაშვილების სახლი 1991 წელს ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს ოსებმა დაწვეს. სახლის გადაწვა იმ დროს მოხდა, როდესაც ოჯახის წევრის, სპარტაკ მიდოდაშვილის ვერაგულად მოკვლიდან 40 დღე არ იყო გასული. როგორც ოჯახის ახლობლები აცხადებენ, სპარტაკ მიდოდაშვილი ქართველების ღალატის წყალობით ოსებმა სოფელ მამისაანთუბანში ხელში ჩაიგდეს და ქვებით ჩაქოლეს. სპარტაკ მიდოდაშვილი იმ დროისათვის ეროვნული სამხედრო აკადემიის სერჟანტი იყო და აქტიურ მონაწილეობას იღებდა არსებულ კონფლიქტში. მისი და, ნონა მიდოდაშვილიც იხსენებს, რომ ოსებმა, ქართველების ღალატის წყალობით, ჩაიგდეს ხელში სპარტაკი, როდესაც იგი ერთ-ერთ შემოვლით გზაზე მოძრაობდა. სპარტაკ მიდოდაშვილს გმირის წოდება აქვს მინიჭებული, მაგრამ გაჭირვებულ მდგომარეობაში მყოფ მის დედას დღეს შვილის ეს წოდება ვერაფრით ეხმარება. ერთოთახიან ვაგონში ცხოვრება უკვე 15 წელია უწევს.

ნონა მიდოდაშვილი: „ეს ვაგონი სოფლის განაპირად მდებარეობს. 2004 წელში ჭურვიც კი მოხვდა. ჩემი გარდაცვლილი ძმის სული არ იმსახურებს ხელისუფლების მხრიდან ასეთ მოპყრობას. ელემენტარულად არ ფიქრობენ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაში ხელი მაინც შეგვიწყონ. ქვეწარმავლებისგან შეწუხებულები ვართ. არაფერში არავითარი შეღავათი არა გვაქვს. ვის აღარ მივმართე. ყველა საქმის კურსშია. სოფლის გამგებელი, ადგილობრივი ხელისუფლება, მაგრამ დაპირების მეტი არაფერი კეთდება. მე და ჩემი 60 წლის დედა ასეთ პირობებში ვცხოვრობთ.”

სპარტაკ მიდოდაშვილის და ნონა მიდოდაშვილი ცოტა ხნით ერედვის პოლიციაში მუშაობდა, როდესაც აღნიშნული განყოფილების ხელმძღვანელად ზურაბ ბორცვაძე დაინიშნა. ბორცვაძემ რამდენიმე თვე იმუშავა ერედვის პოლიციაში. იგი სკანდალში, დაკავებული ოსი ეროვნების მოქალაქისადმი ფიზიკური შეურაცყოფის ფაქტის გამო გაეხვა და მოხსნეს. ბორცვაძის წასვლის შემდეგ მთელი ერედვის პოლიციის შემადგენლობა დაითხოვეს. ერედველებმა ბორცვაძის გათავისუფლება გააპროტესტეს და მის დასაბრუნებლად აქციაც კი მოაწყეს, მაგრამ უშედეგოდ. მთელი პირადი შემადგენლობა ულუკმაპუროდ დატოვეს. ნონა მიდოდაშვილი ამბობს, რომ მას და სხვა თანამშრომლებს უსამართლოდ მოექცნენ. მიდოდაშვილებს იმედი აქვთ, რომ მათი ბედით ვიღაც დაინტერესდება.

საერთოდ, დევნილებთან დაკავშირებით, გორში დახმარებები იანვრიდან შეწყდა. როგორც დევნილთა სამმართველოში გვითხრეს, მათთვის დახმარებების გაცემა ივლისის თვიდან გაიცემა. გამოტოვებული შვიდი  თვის დახმარებები მიეცემათ თუ არა დევნილებს, ეს არავინ იცის. გორში ჩამოსულმა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა ხევიაშვილმა დაგანგებო თათბირი რაიონების და სოფლების გამგებლებთან დახურული შეხვედრა გამართა. შეხვედრიდან გამოსულმა ხევიაშვილმა განაცხადა, რომ შეიქმნება საბჭო, სადაც რამდნიმე უწყების წარმომადგენლები გაერთიანდებიან და დეტალურად შეისწავლენ არსებულ ვითარებას. როგორც გაირკვა, ცხინვალიდან დევნლთათვის გორის რაიონში 250 ლარი გაიცემა, კასპის რაიონში 200 ლარი, ხოლო ქარელის რაიონში 50 ლარი. ქარელის რაიონში მაცხოვრებელ დევნილთათვის გასაცემი თანხის ასეთი დაბალი რაოდენობა ადგილობრივი ბიუჯეტის სიმწირის გამო დაადგინეს.

საბა წიწიკაშვილი გორიდან

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC