00:41, Wednesday, 18.09.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სამკერვალო ფაბრიკის თანამშრომლები გაიფიცნენ

11.08.2006
სამკერვალო ფაბრიკის თანამშრომლები გაიფიცნენ
„21-ე საუკუნეში მონობა აღარ უნდა არსებობდეს“

 

„ხელფასის მომატებას, გეგმის შესასრულებლად დროის გაზრდასა და ადამიანურ მოპყრობას მოვითხოვთ“, _ აცხადებენ ბათუმის სამკერვალო ფაბრიკის თანამშრომლები, რომლებმაც საპროტესტო აქცია გამართეს. ფაბრიკის ეზოში მოწყობილი  გამაფრთხილებელი აქციის მონაწილეები ადამიანურ მოპყრობას, შრომის ადეკვატურ ანაზღაურებასა და ნორმალურ სამუშაო პირობებს ითხოვდნენ.
 
8 აგვისტოს ბათუმის სამკერვალო ფაბრიკაში, მუშათა სრულმა შემადგენლობამ ამჟამინდელ ხელმძღვანელობას პროტესტი გამოუცხადა. „დირექტორმა მთელი კოლექტივი ქუჩაში გამოსული როცა დაგვინახა, არც კი უკითხავს რა გვინდა, რას ვაპროტესტებთ - ხელი აგვიქნია. არ მესმის რა დავაშავეთ? რას გვერჩიან? ადამიანები არ ვართ? ხალხნო, ჩვენი უფლებები ირღვევა - ხელფასები გაგვინახევრდა, არაადამიანურად გვექცევიან, ამის გაგება კი არავის უნდა. თუ შრომის ანაზღაურება არ გვეკუთვნის, გვითხრან“, - ამბობს სამკერვალო ფაბრიკის თანამშრომელი, ეთერ ხალვაში.

საპროტესტო ტალღა სამკერვალო ფაბრიკაში ახალი ხელმძღვანელის - ინგლისელ მაიკლ ლუკას მოსვლას და მის სანქციებს მოჰყვა. „ფაბრიკაში პრობლემები ადრეც იყო, მაგრამ ახლა პრობლემა ძალიან მწვავეა. პირველი, რაც ამ ადამიანმა გააკეთა ისაა, რომ პროფკავშირის კომიტეტის თავმჯდომარე ფაბრიკიდან გააძევა; სამუშაო დრო, რის ხანგრძლივობაზეც მუშის ხელფასია დამოკიდებული, შეამცირა. საშინელი რეჟიმი დააწესა - თუ დირექტორი საშვს არ გამოგიწერს, ექთანთანაც კი ვერ გახვალ. ქალს ჰიგიენური პაკეტისთვის რომ გარეთ გასვლა დასჭირდეს, ამისთვისაც საშვი სჭირდება“, - გვითხრა აჭარის პროფკავშირის ხელმძღვანელმა, დოდო მექვაბიშვილმა.

დრო, რომლის შემცირებას ყველაზე მეტად აპროტესტებს ფაბრიკაში მომუშავე პერსონალი, მათ ხელფასებს განსაზღვრავს. თუ გეგმის შესრულების დრო (ანაზღაურება ტარიფიკაციის მიხედვით ხდება) დიდია, მაშინ მკერავი გეგმის 100%-ით შესრულებას ახერხებს და დღის ბოლოს გასამრჯელოდ ექვს ლარს იღებს. დროის შემცირებასთან ერთად, ექვსი ლარის მოპოვების შანსი მინიმუმამდე დადის.

„გეგმა 100%-ით რომ შევასრულოთ, 8 საათი არ არის საკმარისი (წინათ 8 საათიდან 6 საათამდე მუშაობდნენ). ამ დროში გეგმის ნახევრის შესრულებას ვახერხებთ, ანუ დღეში, საუკეთესო შემთხვევაში, 3 ლარს გამოვიმუშავებთ“, _ გვითხრა სამკერვალოს თანამშრომელმა.

როგორც მკერავები ირწმუნებიან, მხოლოდ დაბალი ტარიფი არაა მთელი პრობლემის არსი. მკერავები, მათი თქმით, დამატებით სამუშაოს უფასოდ ასრულებენ. გეგმის შეუსრულებლობის შემთხვევაში, რომლის შესრულება ბრიგადას ეკისრება, ხელფასები იქვითება. სამკერვალოს თანამშრომლებიც იძულებულნი ხდებიან რამდენიმე საათი დამატებით იმუშაონ. ეს კი აუნაზღაურებადი შრომაა. „დღის ბოლომდე ვრჩებით, მაგრამ ამაში ფულს არ გვიხდიან. სრული გეგმა რომ არ შევასრულოთ, ისევ ჩვენ შეგვექმნება პრობლემა“, - გვითხრა მაყვალა ჭაღალიძემ.

სამკერვალო ფაბრიკის უფლებააყრილი თანამშრომლები განსაკუთრებით მტკივნეულად არაადამიანურ დამოკიდებულებას განიცდიან: „წყლის დასალევად რომ ადგე, ნებართვა გჭირდება. შესვენება გაქვს და იმ 45 წუთში კვებაც, საპირფარეშოც და წყლის დალევაც უნდა მოასწრო“. 
„ასე მუშაობა წარმოუდგენელია, მონებივით გვეპყრობიან. პრეტენზია რამდენიმეჯერ ხმამაღლაც გამოვთქვით, მაგრამ მეორე დღეს დირექტორმა დარბაზებში ასეთი წარწერები გამოაკრა - „თქვენი აზრები თქვენთვის შეინახეთ“. ასეთი შეურაცხყოფილი არასდროს ვყოფილვარ“, - გვითხრა ფაბრიკის თანამშრომელმა ნანამ.

„თანამშრომელს შევეკითხე, გეგმის დასრულებამდე ბევრი სამუშაო იყო თუ არა. ამის გამო, შენიშვნაც კი არ უთქვამთ, ისე გამათავისუფლეს; არც ის უკითხავთ, რა გადავულაპარაკე“, - ამბობს ყოფილი თანამშრომელი მედეა ნატარიძე.

„შეუძლოდ გავხდი. ისე ცუდად ვიყავი, თანამშრომლებს ხელით ვეჭირე, მაგრამ ექიმთან მანამდე არ მიმიყვანეს, სანამ დირექტორმა საშვი არ გამოწერა“, - გვითხრა ცირა მახარაძემ.
სამკერვალო ფაბრიკის ადმინისტრაციამ თანამშრომლების ბრალდებებს არ უპასუხა.  „უფლება გვაქვს არ გიპასუხოთ“, - ოფიციალურად გვითხრა ფაბრიკის ფინანსურმა დირექტორმა, დათო ჯინჭარაძემ. არაოფიციალურ საუბარში კი დაამატა: „აქციის მონაწილეებმა არ იციან რა უნდათ“. ბოლოს ახსნა-განმარტებები მოსწყინდა და ამ სიტყვებით მოგვიშორა თავიდან - „დავაი რა...“

აჭარის პროფკავშირების დახმარებით, ფაბრიკის მუშებმა შექმნეს 10-კაციანი ჯგუფი, რომელიც ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ისინი პირობების დაკმაყოფილებას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამი დღის შემდეგ, ფაბრიკის თანამშრომლები ისევ გაფიცვით იმუქრებიან.

მაკა მალაყმაძე ბათუმიდან

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC