როგორც მოსალოდნელი იყო, თხილის სეზონის დაწყებასთან ერთად, გალის რაიონში გახშირდა ყაჩაღური თავდასხმები, მშვიდობიანი ქართული მოსახლეობის აწიოკება. მარტო მიმდინარე კვირას, ზედიზედ რამდენჯერმე შევიდა ე.წ. აფხაზური მილიციის ქვედანაყოფები დაბალი ზონის სხვადასხვა სოფელში.
2 სექტემბერს, ადრე დილით, 40-მდე შეიარაღებული აფხაზი შევიდა გალის რაიონის სოფელ სოფჩაის ტერიტორიაზე. სოფჩაი მდებარეობს სოფლების სიდისა და ნაბაკევის საზღვარზე. ადგილობრივთა თქმით, აფხაზებმა 30 ქართველი მამაკაცი წაიყვანეს გაურკვეველი მიმართულებით. მათ ისიც თქვს, რომ ამჯერად შემოსულთა შორის არ იყო გალის აფხაზური მილიციის უფროსის მოადგილე ოთარ ტურნანბა. ჯერჯერობით არც ერთი დაკავებულის ოჯახის წევრმა არ იცის, თუ რა მიზეზით მოხდა დაკავება, რადგანაც, როგორც ისინი ამბობენ, საბუთები ყველას წესრიგში ჰქონდა.
რაც შეეხება ყაჩაღობებს, შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსის მერაბ გერგაიას განცხადებით, შარშანდელთან შედარებით, დანაშაულობათა რიცხვმა საგრძნობლად იკლო, მაგრამ, თხილის სეზონის დაწყებასთან ერთად, კვლავ საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა გალის ქართული მოსახლეობა. გერგაიამ აღნიშნა, რომ მარტო მიმდინარე წლის 7 თვეში, მათ 87 კრიმინალი დააკავეს აფხაზეთის მკვიდრი. მისი თქმით, ეს ხალხი დანაშაულს ჩადიოდა როგორც ზუგდიდში, ასევე გალის ტერიტორიაზე.
თხილის სეზონი გალის ქართული მოსახლეობისათვის ყოველთვის იყო დაკავშირებული რისკთან და, როგორც ვხედავთ, არც წლევანდელი სეზონი აღმოჩნდა გამონაკლისი. რა ბედი ეწევათ დაკავებულებს ალბათ მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ნატო ბერულავა, ზუგდიდი