15:49, Wednesday, 08.04.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

მრავალშვილიანი ოჯახის ტრაგიკული ისტორია

08.11.2006
garibi_bavshvebi.gifმეცხრე შვილის დაბადებას დედა - მერი მარკოიძე შეეწირა. რადგან ბავშვის რჩენის თავი არ ჰქონდა, ჩვილის ხელოვნურად მოცილება გადაწყვიტა და იოდი დალია. მარკოიძეების ოჯახში მამის ანაბარა დარჩენილი შვიდი ბავშვი ამჟამად გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. ბავშვებს არც ნორმალური კვების და არც განათლების მიღების შესაძლებლობა აქვთ.

ნანგრევს, რომელსაც პირობითად თუ უწოდებთ სახლს, სოფლიდან დაახლოებით ერთი კილომეტრით არის დაშორებული. ნანგრევს არც კარები აქვს, არც ფანჯარა, იატაკი კი სანახევროდაა აყრილი. აქ მარკოიძეების რვა  სულიანი ოჯახი ცხოვრობს. მამა დათო მარკოიძე და შვილები ქეთინო, იმედა, მერაბი, მურადი, ნაზი, ასმათი და მარადი. უფროსი ნარგიზი მეზობელ სოფელშია გათხოვილი, მისი შემდეგი ქეთინო თხუთმეტის, ხოლო სულ უმცროსი მარადი წლისა და ცხრა თვისაა.

მარადიმ სიარული არ იცის და იატაკზე დახოხავს. იატაკიდან კი მატლები ამოდის „ბავშვები სულ ძირს ხოხავენ და მატლებიც ესევიან, კიდევ კარგი, გველები არ ამოდიან“, - ამბობს ქეთინო. არცეთმა მათგანმა წერა-კითხვა არ იცის, რადგან სკოლაში არ უვლიათ.

„სკოლაში რომ გაუშვა ტანზე ხომ უნდა ეცვათ, ახლა ნახირში დადიან 2-3 ლარად. ეჰ,  ვისღა სცალია სკოლისთვის“, - დაღონებით ამბობს დათო მარკოიძე. 

ოჯახის დიასახლისი მერი მარკოიძე მარტის თვეში გარდაიცვალა. ფეხმძიმობას ის ახლობლებსაც უმალავდა. თუმცა, როცა მუცელი მკვეთრად დაეტყო დახმარება მაზლის ცოლს ფატი მარკოიძეს თხოვა.

„საცოდავი, ყველას გვატყუებდა ორსულად არ ვარო, ქმარსაც კი. ბოლოს, როცა უკვე გვიან იყო, სიმართლე გამიმხილა. აბორტის გაკეთება გადაწყვიტა, ფული კი არც მე მქონდა. დათომაც (ქმარი) გაიგო, გადაირია და უთხრა ძროხას გავყიდი, ფულს მოგცემ და აბორტი გაიკეთეო. მერის კი ძროხა ტანჯვა-წვალებით ყავდა ნაყიდი და დაენანა, ამიტომაც ქმარი მოატყუა აბორტი უკვე გავიკეთეო. მერე იოდი დაულევია და ამ იოდმა შეიწირა კიდეც", - ყვება ფატი მარკოიძე.

გარდაცვლილის მეუღლეს, დათო მარკოიძეს კი ამ ფაქტზე საუბარი უჭირს.

ადიგენის რაიონის სოფელ ზანავის მკვიდრებმა, დათო და მერი მარკოიძეებმა ოჯახი 22 წლის წინ შექმნეს. მაშინ ვერც ერთი მათგანი ვერ წამოიდგენდა, თუ  ასე წარიმართებოდა მათი ცხოვრება.

„ცოლი როცა მოვიყვანე მაღაზიაში ვმუშაობდი, ნორმალური ხელფასი მქონდა. თავიდანვე ვოცნებობდით მე და ჩემი ცოლი ბევრი შვილის ყოლაზე. ახლა კი ახალგაზრდობის ოცნება ტანჯვად მექცა. მაღაზიაში მუშაობისას დანაკლისი აღმომიჩინეს და დამიჭირეს, ცხრა წელი ვიჯექი. გამოსვლის შემდეგ ქვეყანა არეულ-დარეული იყო, მიწებიც დარიგებული დამხვდა და 1993 წლიდან აქ გადმოვედით", - ყვება დათო მარკოიძე.

უმიწოდ და უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახი კოლმეურნეობის დროინდელ მიტოვებულ ფერმაში დასახლდა. სოფლიდან მოშორებით ცხოვრებამ ბევრი პრობლემები შეუქმნათ.

„რამდენიმე წლის წინ თერთმეტი წლის ბიჭი მომიკვდა. ფეხში ლურსმანი შეერჭო. ზამთარი იყო და უგზოობის გამო რაიონამდე ვერ ჩავიყვანე. მზე როცა ჩავა, შიშით გარეთაც ვერ გავდივართ. მგლები ჩამოდიან, შარშან ბავშვი კინაღამ შემიჭამეს", -ამბობს ოჯახის უფროსი.

ზანავი აჭარლებით დასახლებული სოფელია. აქ ხულოს რაიონიდან გადმოსახლებულები ცხოვრობენ. სულ 85 კომლი. ყველაზე გაჭირვებული ოჯახები სახელმწიფოსგან დახმარებას 35 ლარს იღებენ, მათ შორის, მარკოიძეებიც.

„35 ლარი რაში უნდა მეყოს, წელზე ფეხს ვიდგამ და მაინც არაფერი გამომდის. თვეების განმავლობაში მამა დიმიტრი გვარჩენდა (საუბარია ჭულეს მონასტრის წინამძღვარზე). ჩემს შვილებს პირველად სათამაშოები მან ამოუტანა", - ამბობს დათო მარკოიძე.

მარკოიძეების ოჯახში ახლა ერთი ძროხა და თხა ყავთ, ამიტომაც მათი ძირითადი საკვებიც რძეა.

„გუშინაც და დღესაც ბავშვებს მარტო რძე დავალევინე, გუშინ პურიც გვქონდა მეზობელმა მოგვცა", - გვითხრა უფროსმა და ქეთინომ, რომელსაც დედის გარდაცვალების შემდეგ სკოლაში აღარ უვლია. „ამათ მოვლა ხომ ჭირდება და როგორღა მევლო", - ამბობს ის.

ბავშვებს საქმე გადანაწილებული აქვთ, ქეთინო პატარებს და ოჯახს უვლის. უფრო მოზრდილებს კი ტყიდან ხელით შეშა მოაქვთ, რადგან მათ უკარო და უფანჯრო სახლს ცეცხლი მუდმივად სჭირდება.

მალე ზამთარი მოვა და ოჯახის უფროსი ზამთარს შიშით ელოდება. დიდთოვლობა სახლის ისედაც დაბზარულ კედლებს კარგს არაფერს უქადის.

გულო კოხოძე, ადიგენი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მომზადებული შეხვდა თუ არა ქვეყანა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას?
დიახ არა ნაწილობრივ

ბლოგი

უჩინარი მტერი
2020 წელი სულ ახლახან დაიწყო და მალევე მსოფლიოს დაუჯერებელი ინფორმაცია ეცნო - ინფორმაცია მკვლელი ვირუსის შესახებ, რომელიც ჩინეთში, უჰანის პროვინციაში გაჩნდა, შემდეგ კი
ვრცლად...
აპოკალიფსი არ იქნება
საგანგებო მდგომარეობის გავლენა საპარლამენტო არჩევნებზე
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC