15:16, Wednesday, 08.04.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

რა ბედი ელის გალის რაიონის ქართულ სკოლებს?

30.11.2006
akcia.png27 ნოემბერს გალის რაიონის დაბალი ზონის ქართული სკოლების პედაგოგებმა ერთდღიანი გაფიცვა მოაწყვეს. პედაგოგები საქართველოს ხელისუფლებისაგან ითხოვენ ხელფასების დანიშვნას საათობრივი განაკვეთებით და ერთჯერადი ყოველწლიური დახმარების გაცემას. 28 ნოემბერს კი ყველა სკოლის პედაგოგიური კოლექტივის  წარმომადგენელმა (დაახლოებით 50-მდე პედაგოგმა) ენგურს გამოღმა, ზუგდიდის რაიონის სოფელ ორსანტიის ხიდთან გამართა საპროტესტო აქცია.

აქციის მონაწილეები ერთსულოვანნი იყვნენ იმაში, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმურმა ხელისუფლებამ ისინი საერთოდ დაივიწყა: „ჩვენ მხოლოდ მაშინ ვახსენდებით მათ, როცა პოლიტიკური ქულების ჩაწერა უნდათ",-განაცხადა ოტობაიას #1 საშუალო სკოლის პედაგოგმა ბელა ხუფენიამ. მან მთელი პედაგოგიური კოლექტივის, 300-მდე მოსწავლისა და მათი მშობლების სახელით, კატეგორიულად მოითხოვა, რომ „გამოძიებულ იქნეს, როდიდან, რა რაოდენობის თანხები იქნა გაცემული გალის დაბალი ზონის პედაგოგებზე. გვაინტერესებს რა გაიცა ქაღალდზე და რა თანხებზეა საუბარი რეალურად. ჩვენ ეჭვი გვაქვს, რომ ჩვენთვის განკუთვნილი თანხები სადღაც არამიზნობრივად გაედინებოდა და იხარჯებოდა. ვითხოვთ გალის რაიონის დაბალი ზონის ქართული სკოლების დაფინანსებას.“ ფიჩორის სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე ნაზი ჯანჯულია კი აცხადებდა: „ყველაფერი, რაც აქ ითქვა სწორია და ამის დასადასტურებლად ქვედა ზონის ყველა სკოლის წარმომადგენელია აქ. ტანკების გარემოცვაში, გაუდაბურებულ სოფლებში ჩვენ ვღაღადებთ ქართულ ენას; ილიას, აკაკის, ვაჟას სულისკვეთებით ვზრდით მომავალ თაობას. ჩვენ არ დაგვავიწყდა ქართული ენა, მაგრამ ჩვენ დავავიწყდით!

დაავიწყდა ჩვენს ლეგიტიმურ ხელისუფლებას, რომ ჩვენ ადამიანები ვართ, რომ ჩვენც ვარსებობთ. თუ ზოგიერთ სკოლაში დაფინანსება 2001 წლამდე იყო, ფიჩორის სკოლას 1998 წლიდან არა აქვს დაფინანსება. 2005 წელს მივიღეთ ბოლო ერთჯერადი დახმარება და მორჩა, ყველას დავავიწყდით. არც ერთხელ ჩვენთვის მასწავლებლის დღეც კი არ მოულოცავს ვინმეს. არავინ არ აღნიშნავს, რას ვემსახურებით, როგორ ვითარებაში. იმაშიც კი შეაქვთ ეჭვი, რომ ჩვენთან სწავლება ქართულ ენაზე მიმდინარეობს. რატომ ერთხელ მაინც არ ნახა ვინმემ ჩვენი სკოლების საკლასო ჟურნალები? ჩვენი თხოვნაც არის და მოთხოვნაც - სასწრაფოდ დაგვირიგონ ერთჯერადი დახმარება და საათობრივი განაკვეთით ანაზღაურების საკითხიც გადაწყდეს.“

რაც შეეხება საკითხს, თუ ვის, რომელ უწყებას მიმართეს თავიანთი მოთხოვნებით, ამაზე ოტობაიას #2 საშუალო სკოლის პედაგოგი დალი თორია გვესაუბრა: „არ დარჩენილა სახელმწიფო ორგანო, უწყება, ინსტანცია, რომელსაც არ მივმართეთ. თვით საქართველოს კათალოკოს-პატრიარქ, უწმინდესსა და უნეტარესსაც კი მივმართეთ. შედეგი არანაირი. პასუხი იყო, რომ სექტემბრიდან დაგაფინანსებთ, ახალი წლიდან, მაგრამ ყველაფერი ტყუილი აღმოჩნდა. შარშან, ზუსტად ამ დროს გვქონდა შეხვედრა საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე სამადაშვილთან. ჩვენ სხვა საკითხებთან ერთად, სკოლის რემონტი, ტრენინგების ჩატარება, მეთოდური ლიტერატურით უზრუნველყოფა, ჩვენი სკოლების პედაგოგთა დაფინანსების საკითხიც დავაყენეთ. როგორც ხედავთ, უშედეგოდ. ჩვენ ვადანაშაულებთ საქართველოს განათლების სამინისტროს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროს ჩვენი ზემოთ დასახელებული ყველა პრობლემის იგნორირებაში. ვითხოვთ პასუხს, გვეკუთვნის თუ არა ხელფასი, და თუ გვეკუთვნის, რატომ არ გვაძლევენ?"
 
სამომავლოდ კი, იმ შემთხვევაში, თუკი მათი მოთხოვნები არ დააკმაყოფილეს, პედაგოგები სკოლებში აღარ შევლენ და სასწავლო პროცესი შეწყდება: „ჩვენთვის მიუღებელია ის, რასაც ახლა ვაკეთებთ, პროტესტის ამგვარი ფორმა, მაგრამ იძულებული გავხდით, რათა მთელ საქართველოს გავაგებინოთ, თუ როგორ გვიჭირს. თუ დადებითად არ გადაწყდება ჩვენი დაფინანსების საკითხი, ალბათ დავხურავთ და ვერ შევინარჩუნებთ სკოლებს. უხელფასოდ როგორ ვიარსებოთ? იყო პერიოდი, როცა მოსწავლეთა მშობლები აგროვებდნენ რაღაც მიზერულ თანხებს, ახლა მათაც ისე უჭირთ, რომ მაგათი თანხებით ნამდვილად ვერ დავუშვებთ დაფინანსებას.“ აქციის მონაწილეთა აზრი ამ შემთხვევაშიც ერთიანი იყო.

რაც შეეხება აფხაზური მხარის შეთავაზებას, იანვრიდან მათ დააფინანსონ ეს სკოლები, ქართველ პედაგოგებს ამაზე საუბარი არ სურთ: „მაშინ ყველა სკოლა რუსულ სწავლებაზე უნდა გადავიდეს. აი, ამას კი ნამდვილად ვერ დავუშვებთ",- ამბობს ლია რატია, ნაბაკევის საშუალო სკოლის პედაგოგი.

აქცია დილის 10 საათზე დაიწყო და ერთ საათს გაგრძელდა. ხელისუფლებიდან მათთან არავინ არ მისულა. მაგრამ მთელი ის პერიოდი, რაც აქცია მიმდინარეობდა, ვიდეოკამერით აფიქსირებდნენ ყველაფერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური უსაფრთხოების სამმართველოს თანამშრომლები. მეტიც, ჩვენთვის ცნობილი გახდა ისიც, რომ ამ უწყების ერთ-ერთი მაღალჩინოსანი გია ბარამია, ტელეფონით დაუკავშირდა პედაგოგებს, სოფლების გამგებლებს და კატეგორიულად აუკრძალა ჯერ გაფიცვა, შემდეგ კი აქციის ჩატარება. ბარამიას დავალებით, პირველი ოტობაიას გამგებელს დალი ხალვაშსაც დაურეკეს (დაურეკა ცნობილმა ნეიროქირურგმა ნაპო მესხიამ) და სთხოვეს 28 ნოემბრის აქცია არ გამართულიყო. დ. ხალვაშის აზრით, აქციის მონაწილეთა მოთხოვნები სამართლიანი იყო და ისიც მათ გვერდით დადგა.

ნატო ბერულავა, ზუგდიდი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

უჩინარი მტერი
2020 წელი სულ ახლახან დაიწყო და მალევე მსოფლიოს დაუჯერებელი ინფორმაცია ეცნო - ინფორმაცია მკვლელი ვირუსის შესახებ, რომელიც ჩინეთში, უჰანის პროვინციაში გაჩნდა, შემდეგ კი
ვრცლად...
აპოკალიფსი არ იქნება
საგანგებო მდგომარეობის გავლენა საპარლამენტო არჩევნებზე
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC