00:15, Tuesday, 07.04.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

მიტოვებული მოსახლეობა და ცრუ დაპირებები

19.12.2006
adigeni.pngადიგენის რაიონის სოფელ დერცელის მოსახლეობა ერთი წელია ხელისუფლებისაგან დახმარებას ელოდება. დამეწყრილ ზონაში მოხვედრილი ოჯახები გამუდმებულ შიშში ცხოვრობენ. 
 
სოფელი დერცელი ზღვის დონიდან 1640 მეტრზე მდებარეობს და რაიონული ცენტრიდან 25 კილომეტრითაა დაშორებული. სოფელში 72 კომლი ცხოვრობს, მათი სულადობა დაახლოებით 600 ადამიანს შეადგენს. მარტის ბოლოსთვისაც აქ თოვლის საფარი 70-80- სმ აღწევს. სოფელში ხულოს რაიონიდან გადმოსახლებული აჭარლები ცხოვრობენ.

შარშანდელმა გადაუღებელმა წვიმებმა სოფელ დერცელის მოსახლეობა განსაკუთრებით დააზარალა. მიწის შლამი საცხოვრებელ სახლებს დანგრევას უქადის.

,,გორა წვიმამ მოშალა და ქვა-ღორღი სახლს მოაწვა. იქ გაჩერება საშიში იყო”, – ამბობს სოფელ დერცელის მკვიდრი ბეჟან ვანაძე.

,,დილით სახლი შეინძრა, შემეშინდა და კარს მივვარდი, ვერ გავაღე. უკანა მხრიდან გავედი და ტალახისა და მიწისაგან ამოქოლილი კარი დავინახე. ძალიან შემეშინდა. სახლი მაშინვე დავტოვეთ”, - გვიყვება დიასახლისი აიშა ვანაძე. 

 ბეჟან და აიშა ვანაძეების ათსულიანი ოჯახი მაშინ მეზობელმა შეიკედლა. უკვე ერთი წელია ვანაძეები სამადლოდ სხვის სახლში ცხოვრობენ.

,,ხელისუფლების იმედი მქონდა, დაგვპირდნენ დაგეხმარებითო. ამ დაპირებაში კი უკვე ერთი წელი გავიდა”, - ამბობს ბეჟან ვანაძე.

სოფელ დერცელის მოსახლეობის უმრავლესობის საცხოვრებელი სახლებიც ანალოგიურ მდგომარეობაშია.

,,შავაძეების, ბერიძეების, მიქელაძეების ოჯახებიც მეწყერის შიშის მოლოდინში ცხოვრობენ. აქ მიწა საგრძნობლად ცოცავს. ხალხმა  ხელისუფლებას დასახმარებლად რამდენჯერმე მიმართა. დაპირებები კი დაპირებებად დარჩა”, - აცხადებს სოფლის მკვიდრი სერგო ბიწაძე.
 
მართალია სოფელი დეცელი მეწყერ საშიშ ზონად გამოცხადდა, მაგრამ ეს აქ მცხოვრებთა ყოფაზე არანაირად ასახულა.

,,საცხოვრებელმა სახლებმა მთელი სამი მეტრით დაბლა დაიწია, რაც მიწის გადაადგილების გამოა გამოწვეული. აქ ცხოვრება მართლაც აღარ შეიძლება”, - აცხადებს ადიგენის რაიონის მთავარი არქიტექტორი გელა აღლემაშვილი.

ათი წლის თინიკო ვანაძეს დამეწყრილ სახლში გაჩერება არ უნდა. ,,მეშინია” , -  ამბობს მობუზული გოგონა. ,,სახლი ვაკე ადგილზე”, - ასეთია გოგონას ნატვრა. ის ვერც სკოლაში დადის, რადგან სკოლაც ავარიულ მდგომარეობაშია. აყრილია იატაკი და ჭერი. ,,გარეთაც და შიგნითაც ერთნაირად წვიმს, ამიტომ მშობლები ბავშვებს სკოლაში ვერ უშვებენ”, - ამბობს სკოლის დირექტორი შუქრი მიქელაძე.

ადიგენის  საკრებულოს თავმჯდომარის ალექსანდრე სუხიაშვილის განცხადებით,  რაიონის მწირ ბიუჯეტს ასეთი პრობლემის მოგვარება არ შეუძლია. ,,დახმარებისთვის ცენტრალურ ხელისუფლებას მივმართეთ, ველოდებით თანხის ჩარიცხვას”, - გვითხრა მან.

სოფელ დერცელის მოსახლეობას დაპირებების უკვე კარგა ხანია აღარ სჯერა, თუმცა, სხვა გზა აღარ დარჩენიათ... და ისინიც ელიან.

        გულო კოხოძე, ადიგენი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

აპოკალიფსი არ იქნება
  ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მიუხედავად, სწორედ ახლა არის დრო, როცა საქართველოში პასუხისმგებლიანი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება შეგვიძლია, რამაც მნიშვნელოვნად უნდა
ვრცლად...
საგანგებო მდგომარეობის გავლენა საპარლამენტო არჩევნებზე
შშმ მსჯავრდებულთა უფლებები პენიტენციურ დაწესებულებაში
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC