12:07, Friday, 13.12.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

გურჯაანში ბრუცელოზის დაავადებამ იფეთქა

23.01.2007
daavad.gifგურჯაანის რაიონში შინაური საქონლის ბრუცელოზით დაავადების ფაქტები გამოვლინდა. ვეტექიმების თქმით, დაავადებამ იფეთქა კიდეც, თუმცა რაიონის ვეტლაბორატორიას მოსახლეობისათვის შესაბამისი ინფორმაცია ამ დრომდე არ მიუწოდებია. ბრუცელოზით ერთი ადამიანი უკვე დაავადდა, რაიონის სამშობიარო სახლში კი ნაადრევი მშობიარობის ფაქტებმა იმატა.

„ბრუცელოზი ცხოველების ქრონიკულად მიმდინარე ინფექციური დაავადებაა. ბრუცელოზით ყველაზე ხშირად ძროხა ავადდება, შემდეგ თხა, ცხვარი და ღორი. დაავადებული საქონლიდან ბრუცელოზი ადამიანზეც გადადის, ხორცის, რძის და სხვა ნაწარმის მიღებით. გურჯაანის რაიონის სოფელ მელაანში ამ დაავადების გავრცელებაზე ჯერ კიდევ დეკემბერში ვიეჭვეთ. ძროხებში მასობრივად შეინიშნა ბუნებრივი აბორტები, რის გამოც რაიონის ვეტლაბორატორიას მივმართეთ. მათ ცხოველებს სისხლი აუღეს, რის შედეგადაც ბრუცელოზი ბევრ ძროხას აღმოაჩნდა. მარტო მელაანში იმდენი შემთხვევა გამოვლინდა, რომ პრაქტიკულად უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბრუცელოზმა იფეთქა. ვფიქრობ, იგივე მდგომარეობა, შეიძლება და კიდევ უფრო უარესიც, რაიონის სხვა სოფლებშიც იყოს“ - აღნიშნავს ვეტ-ექიმი გულო ირემაშვილი.

„ბრუცელოზით დაავადებული საქონელი დაუყოვნებლივ უნდა დაიკლას სანიტარულ სასაკლაოებში და მისი ხორცი განადგურდეს, თუმცა, ამ ხორცის გამოყენება თერმული გადამუშავების შედეგად შესაძლებელია. ბრუცელოზის გაუვნებელყოფის ერთ-ერთი მეთოდია ხორცის დაჭრა 2,5 კგ ნაჭრეებად და მისი ხარშვა არანაკლებ სამი საათის განმავლობაში, მაგრამ საეჭვოა, ადამიანები, რომელთაც დაავადების და მისი გავრცელების შესახებ არაფერი იციან, ხორცს ასეთი სიფრთხილით ეკიდებოდნენ. აქედან გამომდინარე დაავადების ადამიანებში გავრცელების საშიშროება ნამდვილად არსებობს“ - ამბობს გულო ირემაშვილი.

ადგილობრივი ვეტ.ლაბორატორიის უფროსი მერაბ ოსოშვილი რაიონში არსებულ მდგომარეობას საგანგაშოდ არ მიიჩნევს: „ბრუცელოზით ძროხები ყოველთვის ავადდებიან, მაგრამ დღეისათვის საგანგაშო მონაცემები არ გვაქვს, შესაბამისად რაიონის მოსახლეობისათვის დაავადების გავრცელებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მიგვიწოდებია“ - აცხადებს ოსოშვილი.

გურჯაანის რაიონის სოფელ მელაანის მოსახლეობა კი შეშფოთებას ვერ მალავს და შესაბამისი სამსახურებისგან სპეციალური ღონისძიებების გატარებას ითხოვს: „ძალიან გვიჭირს და ძროხები დასაკლავად და გადასაყრელად არ გვემეტება, მაგრამ თავს ხომ არ დავიხოცავთ, მითუმეტეს, რომ მეზობელ სოფელ არაშენდაში, ბრუცელოზით დაავადებული ერთი ადამიანი უკვე გამოვლინდა.

„გურჯაანის ვეტლაბორატორიიდან იყვნენ და ძროხებს სისხლი აუღეს. ანალიზების პასუხების მიხედვით გვითხრეს, საშიში არაფერიაო, მაგრამ ძროხებს ამ დაავადების სიმპტომები უკვე მასობრივად აღენიშნებათ. ჩვენ კი არც ძროხა დაგვიკლავს და არც რძე გადაგვიღვრია. ნაწარმს კვლავ ვყიდით. თუ ვინმემ საქონელი დაკლა, ხორცი ჩვეულებრივ იყიდება, ბაზარშიც და ქუჩაშიც“ - გვითხრეს სოფლის მაცხოვრებლებმა.

გურჯაანის გლეხური ბაზრის ვეტსანიტარული ექსპერტიზის ლაბორატორიაში არ უარყოფენ, რომ დაავადებული ხორცი შესაძლოა ბაზარში, უფრო მეტად კი ქუჩაში იყიდებოდეს. „ბაზარში სარეალიზაციოდ შემოტანილი ხორცის შემოწმების შედეგად, სხვა დაავადებებისგან განსხვავებით, ბრუცელოზის დადგენა შეუძლებელია. დაავადების დადგენა სეროლოგიური გამოკვლევით ხდება, რისი საშუალებაც ადგილზე არ გვაქვს’ - აცხადებენ ლაბორატორიაში.

როგორც ჩვენთან საუბარში გურჯაანის რაიონული საავადმყოფოს ექიმმა – ინფექციონისტმა ნანა უტიაშვილმა აღნიშნა, ბრუცელოზის გამომხატველი კლინიკური ნიშნებით, საავადმყოფოსთვის არავის მიუმართავს: „დაავადება ადამიანებში სახსრების ანთებით, მაღალი ტემპერატურით და ნაადრევი მშობიარობით ვლინდება. ჯერ-ჯერობით ამ ნიშნებით ჩვენთვის არავის მოუკითხავს. შეიძლება ადამიანი დაავადებული იყოს, მაგრამ თვითონ ვერ ერკვეოდეს რა სჭირს და ამას ვირუსს ან სხვა რამეს უკავშირებდეს“ - განაცხადა ექიმმა-ინფექციონისტმა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის გურჯაანის რაიონულ სამსახურში, ბრუცელოზის მასობრივად  გავრცელების საფრთხეს არც უარყოფენ და არც ადასტურებენ.

„ბრუცელოზით საქონლის დაავადების ფაქტები ყოველწლიურად ვლინდება, მაგრამ ამ მხრივ სათანადო გამოკვლევა არ ხდება. ჩემი ინფორმაციით, ბრუცელოზით მხოლოდ ერთი ადამიანია დაავადებული, რომელიც სოფელ არაშენდაში ცხოვრობს. ამ ადამიანის შესახებ ჩვენ დაწვრილებით ინფორმაციას არ ვფლობთ, რადგან ადამიანებში დავადების გამოვლენის ან საფრთხის არსებობის შესახებ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურისთვის ინფორმაცია არ მოუწვდიათ“ - განაცხადა ექიმმა–ეპიდემიოლოგმა თინა წვერიკმაზაშვილმა.

ვეტ-ექიმი გულო ირემაშვილი მიიჩნევს, რომ ბრუცელოზის კიდევ უფრო მასობრივად გავრცელების საშიშროება არსებობს: „საშიშროება დღითი-დღე იზრდება. გარდა ამისა, საკითხავია დაავადებული საქონელი სად უნდა დაიკლას, როდესაც რაიონში სანიტარული სასაკლაო არ არსებობს? ...მე მიმაჩნია, რომ არცერთ შემთხვევაში არ შეიძლებოდა სოფლებში უბნის ვეტ-ექიმების ინსტიტუტის გაუქმება“ - ამბობს ვეტსანიტარული ექსპერტიზის ლაბორატორიის ვეტ-ექიმი.

გურჯაანის სამშობიარო სახლის მონაცემებით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სამშობიარო სახლში, სადაც მშობიარობის ოდენობამ ბოლო დროს ძალიან იკლო, ნაადრევი მშობიარობის ორი შემთხვევა დაფიქსირდა.

გელა მთივლიშვილი კახეთიდან

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC