კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კახეთში სოციალური დახმარებები არასწორად ნაწილდება

16 თებერვალი, 2007

social_dax.gif„სიღარიბის დაძლევის პროგრამას“, რომელიც ღატაკების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზეა გათვლილი, უარყოფითად სწორედ სოციალურად უკიდურესად გაჭირვებული ადამიანები აფასებენ. ღატაკები სოცაგენტების კომპეტენტურობას ეჭვქვეშ აყანებენ და მათ კორუფციაშიც ადანაშაულებენ. მათივე თქმით, სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს კახეთის რეგიონალური ცენტრის ხელმძღვანელობა საჩივრებზე არ რეაგირებს, ტელეფონით ვითარების გარკვევისას კი  სააგენტოს თანამშრომლები აღშფოთებულ ადამიანებს შეურაცხყოფენ.

„განცხადება სოციალურად გაჭირვებული ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში დასარეგისტრირებლად ჯერ კიდევ გასული წლის თებერვალში დავწერე და სოფლის საკრებულოში მაშინვე შევიტანე. 4 თუ 5 თვის შემდეგ მოწმობა მომივიდა, სადაც ოჯახის სარეიტინგო ქულა 76 ათასს შეადგენდა. ვცხოვრობ უკიდურესად გაჭირვებულ პირობებში, მარტო. სახლში წყალი ჩამომდის. არსად არ ვმუშაობ. ჩემი შემოსავალი მხოლოდ პენსიაა. არც ფრინველი მყავს და არც საქონელი. ვერც ნაკვეთს ვამუშავებ. ამის გამო არ დავეთანხმე სააგენტოს მიერ მონიჭებულ ქულათა ოდენობას და განცხადება სოციალური დახმარებისა და დასაქმების გურჯაანის რაიონულ განყოფილებაში მეორედ შევიტანე. მოვითხოვე, კიდევ ერთხელ გადაემოწმებინათ ჩემი ოჯახური მდგომარეობა და დავასაბუთე რატომ.

პასუხი რომ არ მაღირსეს 2006 წლის დეკემბერში სააგენტოს წერილობით კიდევ ერთხელ მივმართე. პარალელურად დახმარება უფლებადაცვითი ორგანიზაციის წარმომადგენლებსაც ვთხოვე. მხოლოდ მას შემდეგ გადაამოწმეს ჩემი ოჯახი, რაც სააგენტოს ხელმძღვანელობას „ადამიანის უფლებათა ცენტრიდან“ დაუკავშირდნენ და ჩემთან დაკავშირებით ინფორმაცია მოსთხოვეს. მიუხედავად ამისა, განმეორებითი გადამოწმების შედეგებს დღემდე არ ვიცნობ,“ - აცხადებს გურჯაანის რაიონის სოფელ ჭანდარში მცხოვრები მაყვალა ჯავშანაშვილი.

უკიდურესად გაჭირვებულ პირობებში ცხოვრობს 80 წლის შაშა ელიკაშვილიც. ის და მისი შვილი არსად მუშაობენ. სახლიც დანგრევის პირასაა მისული. ოჯახი დახარჯული ელექტროენერგიის საფასურს რომ ვერ იხდიდა, შუქიც ჩაუჭრეს. არა თუ ბუნებრივი აირი, არამედ შეშაც კი არა აქვთ, რომ გათბნენ. დედა-შვილი 38 ლარიან პენსიაზეა დამოკიდებული. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას სამეურნეოდ არ იყენებენ. ვერც მოსავალი მოჰყავთ. ელიკაშვილებს არც შინაური ფრინველი და პირუტყვი ჰყავთ. ოთახში, სადაც ისინი ცხოვრობენ, არ არის ფარდები, არც ავეჯია, რკინის ორი საწოლის გარდა არაფერი აბადიათ.

მოკლედ, ელიკაშვილები არცერთ იმ პირობას არ აკმაყოფილებენ, რომლის გამოც მათი ოჯახისთვის 53 ათასი ქულა უნდა მიენიჭებინათ, თუმცა ასე მოხდა. მეორე გადამოწმების თხოვნით, სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს ადგილობრივ განყოფილებას წერილობითი განცხადებით შაშა ელიკაშვილმაც მიმართა. მისი ოჯახი გადამოწმდა, მაგრამ არაფერი შეცვლილა.

ამ რესპოდენტების მსგავს მდგომარეობაში ბევრი სხვა გაჭირვებული ადამიანია. სამაგიეროდ უფასო სამედიცინო მომსახურებითა და ფულადი დახმარებებით სარგებლობენ ისინი, ვისაც საქონელიც ჰყავთ, ფრინველიც, პენსიის გარდა სხვა შემოსავალიც აქვთ და უკეთესადაც ცხოვრობენ.

მოქალაქეები იმასაც ამბობენ, შეძლებულმა ადამიანებმა სიღარიბის დაძლევის პროგრამის ფარგლებში, დახმარებები, სოცაგენტებთან შემდგარი გარიგებების შედეგად მიიღესო. „ოჯახი მოლაპარაკებას სოცაგენტთან აწარმოებდა. დაპირების თანახმად, სოცაგენტი დეკლარაციას იმგვარად შეავსებდა, რომ განმცხადებელს ფულადი ან ჯანდაცვის პოლისი მიეღო. სანაცვლოდ პირველი სამი, ზოგჯერ ოთხი თვის დახმარებას, ან სხვა პატივისცემას სოცაგენტი მიიღებდა. ეს არ არის მოგონილი ამბავი. ეს არის სინამდვილე, რომელსაც, რა თქმა უნდა, არ ადასტურებენ. ვისაც საშუალება არ გვაქვს და არც გარიგების წარმოება შეგვიძლია ვინმესთან, რა უნდა ვქნათ? დახმარებები გვეკუთვნის და უარი ვთქვათ?"- კითხულობენ მაყვალა ჯავშანაშვილი, ელზა გიორგაშვილი, ლამარა სოლოღაშვილი და სხვები.

გაჭირვებული ადამიანები იმასაც ამბობენ, რომ ვითარების გასარკვევად სოციალური დახმარებისა და დასაქმების სააგენტოს კახეთის რეგიონულ ცენტრში დარეკვისას, მათ პასუხს არ სცემენ ან უყურადღებოდ ტოვებენ. არის შემთხვევები როდესაც შეურაცხყოფასაც კი აყენებენ.

შეურაცხყოფილთა სიაში თავადაც აღმოვჩნდით, როდესაც სააგენტოს კახეთის რეგიონალურ ცენტრში დავრეკეთ და ცენტრის ხელმძღვანელის ოთარ სესიკაშვილის ტელეფონის ნომერი ვიკითხეთ. „ვინ ბრძანდებით, რაში გჭირდებათ ბატონი ოთარის ნომერი?“ - აგრესიული ტონით გვკითხა ქალბატონმა, რომელმაც კითხვის დასმამდე თავი სამსახურის ბუღალტრად გაგვაცნო.

- ერთ-ერთ განმცხადებელთან დაკავშირებით რაღაცის გარკვევა და დაზუსტება გვინდა. ქალბატონმა ნომერი მოგვცა, თუმცა არასწორი აღმოჩნდა.

- ქალბატონო, თქვენი მოცემული ნომერი არასწორი აღმოჩნდა, იქნებ გაგვიმეოროთ?- რა ვალდებული ვარ, გემსახუროთ?
- გაითვალისწინეთ, რომ თქვენ საჯარო მოხელე ხართ, შესაბამისად, ხელფასს ჩვენ გიხდით...- ვიღაც ხარ, დეგენერატი. რას თავხედობ, შენ მიხდი ხელფასს... დეგენერატი... - ქალბატონმა ტელეფონი გათიშა.

სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს კახეთის რეგიონული საკოორდინაციო ცენტრის უფროსმა ოთარ სესიკაშვილმა თანამშრომლის ქმედება დაგმო, თუმცა მოქალაქეთა შეურაცხყოფის ფაქტები უარყო“

„შეურაცხყოფა, ვინ გაბედა, რომელი იყო. გავარკვევ და არ ვაპატიებ. რაც შეეხება სოცაგენტების არაკომპეტენტურობას და მათ კორუფციაში დადანაშაულებას, არ ვადასტურებ. არის პრობლემები, მაგრამ ვცდილობთ მოვაგვაროთ,“ - აღნიშნა ოთარ სესიკაშვილმა.

იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებლები სააგენტოსგან, განმეორებითი გადამოწმების შესახებ ინფორმაციას უახლოეს დღეებში ვერ მიიღებენ, დაზარალებულ ადამიანებს გადაწყვეტილი აქვთ საკუთარი უფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართონ. სააგენტოს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას 80 წლის პენსიონერი შაშა ელიკაშვილიც გეგმავს. 

გელა მთივლიშვილი კახეთიდან

ახალი ამბები