კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რეგიონებში პრესა ძვირდება

22 თებერვალი, 2007

gazetebib.gif2007 წლის 1 იანვრიდან პრესისთვის საგადასახადო შეღავათების შეწყვეტამ, დამოუკიდებელ გაზეთებს პრობლემები შეუქმნა. ამ მხრივ განსაკუთრებით რთული ვითარება საქართველოს რეგიონებშია. ბევრი გამოცემის პერიოდულობა დაირღვა. გაზეთები, რომლებსაც პრობლემები მანამდეც ჰქონდათ, საერთოდ ვეღარ იბეჭდება.

როგორც „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ კახეთის რეგიონული გაზეთის „იმედის“ ტექნიკურმა რედაქტორმა ნატო სარქისაშვილმა განუცხადა, იმ შემთხვევაში, თუ გაზეთის ღირებულებას არ გაზრდიან, გამოცემა შესაძლოა დახურვის საფრთხის წინაშე დადგეს.

„კახეთში ოთხი დამოუკიდებელი რეგიონული გაზეთი გამოდიოდა. სამი მათგანი ყოველკვირეული იყო. ამჟამად მხოლოდ ორი გაზეთიღა გამოდის. რეგიონული მედია ძირითადად საგრანტო დაფინანსებაზე იმყოფებოდა. გრანტების არქონამ კი გაზეთებს სერიოზული პრობლემები შეუქმნა. კახეთში მძიმე სოციალური მდგომარეობაა, შესაბამისად დაბალია მსყიდველუნარიანობაც. გამოცემის ბიუჯეტს კი ძირითადად გაზეთის რეალიზაციიდან შემოსული თანხები ავსებს. რეგიონში ბევრი კომპანია და საწარმოა, რომლებიც უარს არ იტყოდნენ გაზეთში რეკლამის განთავსებაზე, იმ შემთხვევაში თუ მათ მაკონტროლებლებისგან, ადგილობრივი თუ რეგიონული ხელისუფლების დავალებით, აკრძალვის შესახებ მითითებები არ ექნებოდათ. ამიტომ გამომცემლებმა ამჯერად გაზეთის ღირებულების 10 თეთრით გაზრდა გადაწყვიტეს. მომავალ კვირას „იმედი“ 60 თეთრად გაიყიდება“- განაცხადა გაზეთის ტექნიკურმა რედაქტორმა.

გაზეთის რედაქციაში აცხადებენ, რომ არსებულ პირობებში, რომელსაც თან ზეწოლის ფაქტებიც ახლავს, შეუძლებელია კანონით დაწესებული გადასახადების გადახდა. 20 თებერვლიდან რედაქციის ყველა თანამშრომელი საჰონორარო ანაზღაურებაზე გადავიდა. ჟურნალისტების თქმით, მკვეთრად შემცირდა სამივლინებო და საკომუნიკაციო ხარჯებიც, რაც საგაზეთო მასალების მომზადებას გაართულებს.

„რეგიონის რამდენიმე რაიონში საკუთარი კორესპონდენტები გვყვავს, თუმცა ხშირ შემთხვევაში კონკრეტულ საკითხზე წერილის მომზადებისათვის რაიონებში გასვლა გვიხდებოდა, ან რესპოდენტებისგან საჭირო ინფორმაციას ტელეფონით ვიღებდით, რაც, რა თქმა უნდა, ხარჯებთან იყო დაკავშირებული. სამივლინებო და საკომუნიკაციო ხარჯების შემცირება კი ბუნებრივია პუბლიკაციის მომზადების პროცესს გაართულებს. განსაკუთრებით ამ მხრივ ის კორესპონდენტები დაზარალდებიან, ვინც არა ახალ ამბებზე, არამედ ჟურნალისტურ გამოძიებებსა და რეპორტაჟებზე მუშაობენ. საფუძვლიანი ჟურნალისტური მოკვლევა ხომ უფრო მეტ ხარჯს საჭიროებს. გაზეთის თითქმის ყველა თანამშრომელი, საჰონორარო ანაზღაურებაზე გადავედით. ფაქტობრივად ენთუზიაზმზე ვმუშაობთ,“- აღნიშნავს გაზეთის კორესპონდენტი თამარ მახარაშვილი.

„გვაქვს ინფორმაცია, რომ კერძო კომპანიებს, რომლებმაც ერთხელ მაინც განათავსეს გაზეთში რეკლამა, გაზეთის გამოსვლისთანავე უკავშირდებიან როგორც ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე ფინანსური პოლიციის წარმომადგენლები და რეკლამის შემკვეთებს სთხოვენ განმარტებებს, რატომ აკეთებენ რეკლამას ამ გაზეთში. აქვე აძლევენ დირექტივას, რომ თუ მაინც და მაინც გაზეთში რეკლამის განთავსება სურთ, განათავსონ სხვაგან და არა იქ, სადაც თავად კერძო კომპანიებს სურთ. მეწარმეებზე ასეთი სახის ზეწოლები რომ ხორციელდება, ამის დასტურია ისიც, რომ სარეკლამო აგენტებთან საუბარში მათ არაერთხელ უთქვამთ, ამ და სხვა გაზეთებში რეკლამის განთავსება არ შემიძლია, თუ გნებავთ პატივს ისე გცემთ, ოღონდ ოფიციალური რეკლამა არ მინდაო. ასეთ შემოთავაზეზებს, რა თქმა უნდა, არ ვთანხმდებით, რადგან ნებით შემოწირულობის გამოც კი შესაძლოა სერიოზული პრობლემები შეგვექმნას,“ - ამბობს გაზეთის რედაქტორის მოადგილე, მედეა ჯავშანაშვილი.

გაზეთ „იმედის“ ცნობით,  უახლოეს ხანში მოსალოდნელია საქართველოს სხვა რეგიონებში გამომავალი გაზეთების გაძვირებაც: „არც თუ ისე ადვილად გადასაწყვეტი იყო ეს საკითხი. ბევრი ვიფიქრეთ, შეძლებს კი მკითხველი გაზეთის შეძენას? ცვლილებით უფრო მეტად ხომ არ დავზარალდებით და ა.შ, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს. ვინც ამბობს, რომ გაზეთი, რომლის უკანაც არ დგას გამომცემელი საკუთარი კერძო ბიზნესით და ინტერესებით, ჩვეულებრივი ბიზნესია, ძალიან ცდება. ამ საკითხის განხილვისას ჩვენს კოლეგებს ვესაუბრეთ სხვადასხვა რეგიონებში. მათაც იგივე აზრი აქვთ, გაზეთის ღირებულების გაზრდის შესახებ, რადგან პრაქტიკულად ყველაფერი გაძვირდა. გაზეთის ერთი ეგზემპლიარის თვითღირებულება 30 თეთრამდე ჯდება. ამას ემატება პრესის გამავრცელებელი ორგანიზაციების გადასახადებიც და გაზეთის მთელი ტირაჟიც რომ გაიყიდოს, რეალურად რედაქციას აღარაფერი რჩება,“- დასძენს გაზეთის რედაქტორის მოადგილე.

გელა მთივლიშვილი კახეთიდან

ახალი ამბები