კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მიწისძვრით დაზარალებულები უბინაოდ ხელმეორედ რჩებიან (დასასრული)

23 თებერვალი, 2007

sazb.gif

რეალობაში გასარკვევად თბილისის მთავრობის სწორედ იმ წარმომადგენლებს დავუკავშირდი,  რომლებიც ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს ღებულობდნენ და დოკუმენტებს აწერდნენ ხელს. მათ შორის ერთ-ერთი გახლავთ თემურ ქურხული (მაშინდელი პრემიერი), ამჟამინდელი საკრებულოს მდივანი.   (ფოტოზე მიწისძვრით დაზარალებულები

ჟურნალისტი: ბატონო თემურ, მიწისძვრით დაზარალებულებთან დაკავშირებით პრობლემები რატომ გაჩნდა? ისინი ჯერ შეასახლეს და ახლა ბინების დაცლას სთხოვენ.
თემურ ქურხული: ზოგადად შემიძლია გითხრათ, რომ ბინები საკუთრებაში ყველას კანონიერად გადაეცა, მაგრამ არის ოჯახები, თუ არ ვცდები 15 ოჯახი, რომლებსაც საქმე სასამართლოში ჰქონდა, რადგან ისინი ბინებში თვითნებურად შეიჭრნენ.

ჟურნალისტი: „შეიჭრნენ“-ში რა იგულისხმება?

თ.ქ. ან, არ ვიცი, შეიძლება ფონდმა შეიყვანა? არ ვიცი. ეს გამოძიების საკითხია. ყოველ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ ის ხალხი, ვისაც ეს ფართი დაკავებული აქვს, იმ პირობებს, რა პირობებსაც მაშინდელი მთავრობა აყენებდა, არა მგონია, რომ აკმაყოფილებდეს.

ჟურნალისტი: აღნიშნული 3 მოქალაქის არსებული დოკუმენტები დაწვრილებით შევისწავლე. იქ ყველაფერი წესრიგშია, გარდა ამისა, არსებობს მთავრობის მიერ დამტკიცებული სია, სადაც ეს მოქალაქეებიც ფიგურირებენ. მაშ რატომ არიან შეჭრილები?

თ.ქ.  არ ვიცი. ამას გონგლძე აკეთებდა და არ მახსოვს დაწვრილებით. დიდი ხანია ამ საქმესთან შეხება არ მქონია. გამიჭირდება გიპასუხოთ ეს მოქალაქეები ვინ არიან და მართლები არიან თუ არა.“

ამის შემდეგ მერიის კანონიერების დაცვის სამსახურის უფროსს - სერგო ქავთარაძეს  დავუკავშირდი. მან აღნიშნა, რომ სანამ მერიის გენერალური ინსპექცია საქმის გამოძიებას არ დაასრულებს,  ამ ხალხს ბინიდან ვერავინ გამოასახლებს.

სერგო ქავთარაძე: „დღემდე მიდის სასამართლო დავები და ზოგადად ფონდში მერის გენერალური ინსპექციაა შესული. ყველა საკითხი ფონდის მხრიდან შეჩერებულია მანამ, სანამ გენინსპექცია დასკვნას არ დადებს (სტილი დაცულია).

ჟურნალისტი:  ის, რომ სასამართლოს გამოსახლების გადაწყვეტილება აქვს გამოტანილი და ამ ხალხმა 15 დღეში ბინა უნდა დაცალოს, არაფერს ნიშნავს?
ს.ქ. სანამ გენერალური ინსპექცია ყველაფერს დაწვრილებით არ შეისწავლის,  რაიმე კონკრეტულის თქმა რთულია. იქ შეიძლება ბევრი ახლადაღმოჩენილი გარემოება იყოს, რომელიც ახალი სასამართლო პროცესის წარმოების საფუძველს წარმოშობს, სანამ დასკვნა არ იქნება, ამ ხალხს არავინ გამოასახლებს.
ჟურნალისტი: მერიის რომელიმე სამსახურმა ან თუნდაც თქვენმა სამსახურმა თუ შეისწავლა ეს საქმე? რადგან დოკუმენტებიდან ჩანს, რომ ეს ადამიანები ბინებში უკანონოდ შეჭრილები არ არიან და ისინი მართლაც დაზარალებულები არიან?
ს.ქ. ეს საკითხი ჩვენს სამსახურშია შესწავლილი და შესაბამისად, აღნიშნულ ფონდში დოკუმენტების შესამოწმებლად გენერალური ინსპექციაა შესული.“ 

 კორუფცია თუ თაღლითობა?  

როგორც არსებული დოკუმენტებიდან ჩანს, 2002 წელს ფონდმა ვინმე თეიმურაზ ლაჩაშვილისგან ფონიჭალის 3-ში, 23-ე კორპუსში, მე-3 სადარბაზოში 63-ე ბინა 3800 დოლარად შეიძინა. 2004 წლიდან ამ ბინაზე დესტინატერად (თანამესაკუთრედ) ვინმე შევჩენკოა ცნობილი. როგორც „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ გამოარკვია, 2006 წელს ეს ბინა ხელმეორედ გაიყიდა. ის გახოკიძეების ოჯახმა იყიდა. საინტერესო კი ის არის, რომ ეს ბინა გახოკიძეებმა ისევ თეიმურაზ ლაჩაშვილისგან იყიდეს. კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, რაც ამ შემთხვევაში იკვეთება, ის არის, რომ ლაჩაშვილი ფონდის წევრი აღმოჩნდა, ის ისნის რაიონის კომისის წევრი იყო. ანუ, გამოდის, რომ ფონდის წევრმა ფონდს ბინა მიყიდა, შემდეგ ეს ბინა გაურკვეველი მაქინაციებით ისევ მის ხელში რჩება, ოღონდ ვინმე შევჩენკოს გვარით და ის ბინას მეორედ ყიდის. 

ფონდის თავმჯდომარე 

ამ ყველაფრის შემდეგ თავად ფონდის თავმჯდომარეს აკაკი გონგლაძეს დავუკავშირდი. (სტილი დაცულია)
   
ჟურნალისტი:  ბატონო აკაკი, როგორ მოხდა, რომ თქვენ თავის დროზე მიწისძვრით დაზარალებულები ბინებში შეასახლეთ და შემდეგ მათ სასამართლოში უჩივლეთ, როგორც უკანონოდ შეჭრილებს?
აკაკი გონგლაძე: იცით, რაშია საქმე? ეს ასე მარტივად სათქმელი არ არის, რადგან სხვადასხვა ოჯახს სხვადასხვანაირი საბუთი აქვს. თუ კონკრეტულ გვარებს მეტყვით, კონკრეტულად გიპასუხებთ. გვარი მითხარით, გვარი.
ჟურნალისტი:  მაგალითად, ალექსანიანი...
ა.გ. ის არის ერთი სული, რომელიც შესახლებულია ოროთახიან ბინაში. არსებული კანონმდებლობითა და ჩვენი დებულებით მას ვთავაზობთ ერთოთახიან ბინას მოსკოვის გამზირზე. ამის თაობაზე სასამართლოს ყველა ინსტანციის გადაწყვეტილება არსებობს. უზენაესმა სასამართლომაც გამოიტანა გადაწყვეტილება, რომ გიორგი ალექსანიანი გამოსახლებულ იქნეს ოროთახიანი ბინიდან და შესახლებულ იქნას ერთოთახიან ბინაში მოსკოვის გამზირზე.
ჟურნალისტი: ბატონო აკაკი, ის ბინა რომ დაკავებულია?
ა.გ. კი, მაგრამ იმ ბინაში ცხოვრობს მოქალაქე, რომელსაც მიწისძვრასთან არავითარი კავშირი არა აქვს და ის გამოსასახლებელია. ამიტომ, ოროთახიანიდან ალექსანიანს მანამ არავინ გამოასახლებს, სანამ ეს ერთოთხიანი არ გამონთავისუფლდება.
ჟურნალისტი: თუ ალექსანიანს ეს ბინა არ ეკუთვნოდა, მაშინ თავის დროზე რატომ შეასახლეთ?
ა.გ. ალექსანიანი მიწისძვრით დაზარალებული იყო, მაგრამ ვინაიდან ის არის ერთი სული, მას ერთოთახიანზე მეტი პირად საკუთრებაში გადასაცემად არ ეკუთვნის.
ჟურნალისტი: ალბათ იცით, რომ ის არის ქმედუუნარო და ნათესავი უვლის.
ა.გ. ეს უნდა გაეთვალისწინებინა სასამართლოებს. მე მაქვს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება. მობრძანდით და ნახეთ.
ჟურნალისტი: მეც მაქვს.  
ა.გ. თუ სასმართლომ არ გაითვალისწინა. რა ჩემი ბრალია?
ჟურნალისტი: როგორც ვიცი, სასამართლომ იმიტომ არ გაითვალისწინა, რომ აღნიშნული დოკუმენტი წარმოდგენილი არ ყოფილა. დაზარალებულები ამბობენ, რომ ის თქვენ დამალეთ?
ა.გ. მე კრიტიკას ვერ დავუწყებ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას. მისი გადაწყვეტილება სისრულეში უნდა მოვიდეს. მე არ მომყავს ის სისრულეში. კარგად ბრძანდებოდეთ.“

რესპონდენტმა ერთი ორი მწერე სიტყვა მომაძახა და ტელეფონი ისე გამითიშა, სიტყვა არ დამასრულებინა. როგორც მისი სიტყვებიდან ჩანს, ბინების განაწილება სულადობის მიხედვით მოხდა. ეს რომ ასე არ ყოფილა დოკუმენტებიც ადასტურებს და თავად დაზარალებულებიც.

2002 წლის 4 ივლისის დადგენილების მეშვიდე მუხლში ვკითხულობთ, რომ ბინის გაცემა ფართის გათვალისწინებით და არა სულადობის მიხედვით ხდებოდა. ეს რომ მართლაც ასე მოხდა, ერთ-ერთი დაზარალებულის მეურვე ირმა ბასილაშვილიც ადასტურებს: „იყო ლიმიტირებული თანხა 4000 ლარი. მე ეს თანხა დამისახელეს და მითხრეს, რომ ბინა მომეძებნა. თუ სულადობით ხდებოდა გაცემა, მაშინ ერთ-ერთ დაზარალებულ ოჯახს, რომელსაც მიწისძვრამდე 2 ოთახი ეკავა 25 კვ. ფართით, 51 კვ. ფართის 3 ოთახიანი ბინა რატომ მისცეს? ეს ბინა გონგლაძემ მას საკუთრებაში დაუმტკიცა კიდეც.“

მიწისძვრის შედეგად იმ დაზარალებულებს, ვინც სასამართლომ ბინაში შეჭრილებად ცნო, დღე-დღეზე ამ ბინაში ცხოვრების ვადა ეწურებათ. ისინი სასამართლო აღმასრულებლებს იძულების წესით გამოსასახლებლად შიშით ელიან. ირწმუნებიან, რომ, თუკი ეს მოხდა, ამ ამბავს კარგი არაფერი მოყვება და შეიძლება სისხლიც დაიღვაროს. თუმცა, ამავდროულად, იმედი აქვთ, რომ  გენერელური ინსპექცია სამართლიან დასკვნას დადებს.           
       

ეკა გულუა

ახალი ამბები