კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კახეთში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყება

9 მარტი, 2007

aqciab.gif

ს/ს „კახეთის ენერგოდისტრიბუცია“ აბონენტებმა ფულის გამოძალვაში, შანტაჟსა და დარღვევებში არაერთხელ ამხილეს, თუმცა ამ ორგანიზაციის საქმიანობით დღემდე არავინ დაინტერესებულა. ამის მიზეზად, რეგიონში, ენერგოკომპანიაში პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის ინტერესებს ასახელებენ.

ბოლო სამი თვის განმავლობაში „კახეთის ენერგოდისტრიბუციამ“ მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება რამდენჯერმე შეუწყვიტა. ჩაბნელებული სოფლები მხოლოდ მას შემდეგ ნათდებოდა, რაც ხალხი მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გარდა, დამატებით თანხებსაც გადაიხდიდა. მიმდინარე წლის თებერვლის თვეში ენერგოკომპანიის გურჯაანის სერვის-ცენტრის ხელმძღვანელობამ, აბონენტებს, რომელთაც დავალიანება აღარ ჰქონდათ, ახალი დირექტივის შესრულება მოსთხოვა. ყოველ 20 აბონენტს, კილომეტრებით დაშორებული ენერგოგამანაწილებელი სადგურიდან, საცხოვრებელ სახლებამდე ელექტროენერგია საკუთარი ხარჯებით უნდა გაეყვანა და საერთო მრიცხველიც დამოუკიდებლად შეეძინა. ჩხუბის, საპროტესტო აქციებისა და ადგილობრივი ხელისუფლების შეწუხების შემდეგ, ენერგოკომპანიის წარმომადგენლებმა მოთხოვნა ნაწილობრივ გადათქვეს და ხალხს საუბნო მრიცხველების უფასოდ გადაცემას დაჰპირდნენ.

„უშუქოდ პირველად წინასაახალწლოდ დაგვტოვეს. ბევრი ვიდავეთ, რაიონის გამგეობაც შევაწუხეთ, მაგრამ არავინ მოგვხედა. ბოლოს სოფელში მდგარი ე.წ. პასტანციის კარები გავხსენით და ელექტროენერგია თვითონ ჩავრთეთ. რამდენიმე დღეში ისევ ჩაგვაბნელეს. გვითხრეს, გადასახადი ინდივიდუალური მრიცხველების მიხედვით კი გადახდილი გაქვთ, მაგრამ კოლექტიური მრიცხველით დაწერილ თანხას სანამ არ დაფარავთ, მანამდე უშუქოდ იქნებითო. თითოეულმა აბონენტმა ჯერ 10 ლარი გადავიხადეთ, მერე 12, შემდეგ კიდევ 10 და შუქი ჩაგვირთეს. ვინც ფული ვერ გადაიხადა, ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი,“ - ამბობს გურჯაანის რაიონის სოფელ ჭანდარში მცხოვრები მანანა ჯავშანაშვილი.

„900 მეტრი კაბელი საკუთარი ფულით ვიყიდეთ და შუქი ისე გავიყვანეთ. ახლა კიდევ გვეუბნებიან, გარღვევა 2400 ლარია და თუ არ დაფარავთ, ხვალ შუქს ისევ გაგითიშავთო. არცერთი თეთრის გადახდას აღარ ვაპირებთ. იცით რა, ენერგოდისტრიბუციას თავისი გავატანინეთ და იმიტომ გათავხედდნენ. ელექტროენერგიის მოწოდებას შეგვიწყვეტენ თუ არა, საპროტესტო აქციებს დავიწყებთ. „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ უფროსის სამუშაო ოთახის კარს ავჭედავთ და მერე ნახავს, როგორ ხასიათზე იქნება. რამდენჯერაც მივაკითხეთ, ნიკო ფხოველიშვილი მასხარდ გვიგდებს. რა ფეხებს მოგვჭამთ, ვერაფერს დაგვაკლებთ და ტყუილად ნუ ბობოქრობთო. ენერგოდისტრიბუციაში ისიც გვითხრეს, კომპანიის უკან ნოღაიდელი დგას და სადაც გინდა იჩივლოთ, ხომ იცით, მაინც არაფერი გამოგივათო,“ - აღნიშნავენ ჩვენთან საუბარში აღელვებული ადამიანები.

„ხმაურიანი აქციების შემდეგ ადგილობრივი ხელისუფლება შეგვხვდა. გურჯაანის გამგეობის წარმომადგენლები დაგვპირდნენ, რომ სიტუაციაში გაერკვეოდნენ და შეძლებისდაგვარად დახმარებას აღმოგვიჩენდნენ. არავინ არაფრით დაინტერესებულა. ნამდვილად არ ვაპირებ დამატებით 24 ლარის გადახდას. ჯერ ერთი ამის ფინანსური საშუალება არ მაქვს და მეორეც, რომც მქონდეს, არ გადავიხდი. ამ უკანონობას და თავნებობას საზღვარი ხომ უნდა ჰქონდეს?“ - აცხადებს მაყვალა ილაშვილი.

„ენერგოკომპანიის მოლარე თებერვლის თვეში დახარჯული ელექტროენერგიის გადასახადს არ იღებს. გუშინ მოგვთხოვეს, 1999, 2000 და 2001 წლებში დავალიანება გერიცხებათ და ისიც უნდა დაფაროთ ნაწილ-ნაწილ, თორემ ახალ გადასახადს არ მივიღებთ და შუქს არ მოგაწვდითო. დავინტერესდი და გავარკვიე, რომ სამი წლის განმავლობაში 226 ლარი მერიცხება. რა თქმა უნდა, ამ თანხას ვერ გადავიხდი. ხელფასი 27 ლარი მაქვს და როგორ შევძლებ? პირდაპირ დაცინვაა. თანაც, მითითებულ წლებში შუქის ფულს - 5 ლარს ყოველთვიურად ვიხდიდით. ქვითარს კი ხან გვაძლევდნენ, ხან არა,“ - ამბობს ლეილა მთივლიშვილი.

მოსახლეობის ბრალდებებს ს/ს „კახეთის ენერგოდისტრიბუციაში“ არ უარყოფენ. ენერგოკომპანიის გურჯაანის სერვის-ცენტრის მენეჯერის მოადგილის ლადო მოსულიშვილის თქმით, მოსახლეობამ დახარჯული ელექტროენერგიის თანხები უნდა გადაიხადოს კოლექტიური მრიცხველის ჩვენების მიხედვით. „რაც შეეხება მოქალაქეთა შეურაცხყოფის ფაქტებს, ვერაფერს გეტყვით. რა ნოღაიდელი, რის ნოღაიდელი, გამანებეთ თავი,“ - განაცხადეს ენერგოკომპანიის გურჯაანის სერვის-ცენტრში.

რა კავშირი აქვს ზურაბ ნოღაიდელს „კახეთის ენერგოდისტრიბუციასთან“, ამ კითხვაზე პასუხი ვერც კომპანიის ხელმძღვანელობისგან მივიღეთ. გაკოტრების მმართველმა ზურაბ ჯანჯღავამ ამ საკითხზე ჩვენთან საუბარი არ ისურვა.

კომპანიის ხელმძღვანელობისგან განსხვავებით, ნოღაიდელის ენერგო ინტერესებზე საუბრობენ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ კახეთის ოფისში. არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ასეთი ინფორმაცია მათ, თავად კომპანიის თანამშრომლებისგან აქვთ. „კახეთის ენერგოდისტრიბუციას ვედავებით და მოვითხოვთ, რომ შეწყდეს უკანონო მოთხოვნები, შანტაჟი და ფულის გამოძალვა მოსახლეობის მიმართ. მცირე ხნის წინ, ერთ-ერთი შეხვედრის დროს, კომპანის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა, რომლის გვარ-სახელსაც გასაგები მიზეზების გამო ვერ დავასახელებ, მითხრა, რომ ჩვენი დავა უშედეგო იქნება, რადგან მოსახლეობიდან რაც შეიძლება მეტი თანხის ამოღებით, თავად ზურაბ ნორაიდელი ყოფილა დაინტერესებული, რომელიც ამავე კომპანიას ლობირებს,“ - ამბობენ ადამიანის უფლებათა ცენტრში.

როგორც მოსახლეობამ „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ აცნობა, მასობრივი საპროტესტო გამოსვლები ორშაბათიდან დაიწყება.

გელა მთივლიშვილი კახეთიდან

ახალი ამბები