კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვინ რა იცის ბავშვთა უფლებებზე სამეგრელოში

23 მარტი, 2007

xelb.gif

12 წლის ირაკლი სიჭინავა ყოველ დღე ორ კილომეტრიან ბილიკს ფეხით გადის. მინდვრებში, ყანებსა და ფერდობებზე მიმავალ ვიწრო ბილიკს „წითელ გორამდე” მიჰყავს. ასე ეძახის ირაკლი იმ ადგილს, სადაც ის ცარიელი ტომრით მიდის. ნახევარი ტომარა წითელი მიწის მოსატანად თითქმის ხუთი კილომეტრს გავლა უწევს და მერე პატარა, ხის სახლში ბრუნდება, სადაც ძმებთან, პატარა დასთან, მშობლებთან და ბებია-ბაბუასთან ერთად ცხოვრობს. ოჯახის არც ერთი წევრი არ მუშაობს, ბავშვები კი წიგნების უქონლობის გამო სკოლაში ვერ დადიან.

ირაკლი მეექვსე კლასელია, მისი კლასელებისგან განსხვავებით ის სკოლის ნაცვლად „წითელ გორაზე” დადის, მოგვიანებით კი მთიდან მოტანილი თიხისგან სხვადასხვა ფორმის ფიგურების ძერწვას იწყებს. მას მხოლოდ ორი – ქართული ლიტერატურის და ისტორიის წიგნი აქვს, ამიტომაც მის მიერ გამოძერწილი ფიგურების უმრავლესობა ისტორიული პერსონაჟების ქანდაკებებია. „ძალიან მიყვარს ისტორია, ვკითხულობ და მერე მეფეების და მებრძოლების ფიგურებს ვძერწავ. ხშირად ჩემი ქანდაკებები წინასწარ მესიზმრება,“ - ამბობს ირაკლი. მას არ ახსოვს პირველად რა გამოძერწა, მაგრამ ზუსტად ახსოვს, რომ პირველივე ფიგურები ტალახისგან დაამზადა.

ფიგურებს წითელი მიწისგან იმიტომ ძერწავს, რომ მშობლები მისთვის საძერწს და სხვა ხელსაწყოებს ვერ ყიდულობენ. „ჩემი შვილისთვის ელემენტარულად, სახატავ რვეულსა და ფანქრებსაც კი ვერ ვყიდულობ. სკოლაშიც იმიტომ არ მიდის რომ უწიგნოდ სიარული ერიდება,“ - ამბობს ირაკლის დედა ია ჩიტაია.

ზუგდიდის რაიონში არ არსებობს ბავშვთა უფლებებზე მომუშავე არც ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, შესაბამისად არ არსებობს ოფიციალური მონაცემები თუ რა მდგომარეობაა რაიონში ბავშვთა უფლებების მხრივ.
 
„საქართველოს დემოკრატიული პრინციპებისა და ადამიანის უფლებათა  დაცვის სამეგრელოს რეგიონული კავშირის“ თავმჯდომარე ირაკლი ბერაია ამბობს, რომ ბავშვთა უფლებების დარღვევაზე მათთვის განცხადებით, ბოლო 6 წლის განმავლობაში არავის მიუმართავს. „ჩვენი ორგანიზაცია უკვე ათი წელია სამეგრელოში მუშაობს და ამ ათი წლის განმავლობაში იშვიათად თუ მოსულა ვინმე ბავშვთა უფლებების დარღვევის გამო. თუმცა, ეს არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ვთქვათ, თითქოს ბავშვთა უფლებები სამეგრელოში არ ირღვეოდეს. ის, რომ ბავშვები ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებს არ მიმართავენ, იმითაა გამოწვეული, რომ ისინი მსგავს ორგანიზაციებს არ ენდობიან,“ - ამბობს ირაკლი ბერაია. მისი თქმით, „საქართველოს დემოკრატიული პრინციპებისა და ადამიანის უფლებათა  დაცვის სამეგრელოს რეგიონული კავშირის“ ორგანიზაციამ არასრულწლოვან ბავშვებს შორის გამოკითხვა სწორედ ამ მიმართულებით ჩაატარა, სადაც გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობდა, რომ მათ არასამთავრობოების იმედი არა აქვთ. ორგანიზაციის არსებობის 10 წლის განმავლობაში ორგანიზაციას დასახმარებლად სულ ოცდაშვიდმა ბავშვმა მიმართა, უმეტეს შემთხვევაში განმცხადებლები ბავშვების მშობლები იყვნენ და ისინი სოციალურ დახმარებას ითხოვდნენ. 

„იყო შემთხვევა, როდესაც ერთერთი სოფლის მცხოვრებმა თხოვნით მოგვმართა, მისი შვილისთვის საკერავი მანქანა და სხვა სახის ინვენტარი გვეყიდა, რადგანაც მის ქალიშვილს კერვის, ქსოვის და ქარგვის ნიჭი ჰქონდა, ოჯახს კი მისთვის ხელშეწყობა არ შეეძლო. იყო ასევე შემთხვევა, როდესაც ჩვენს ორგანიზაციას წერა-კითხვის უცოდინარმა ბავშვებმა მოაკითხეს, ეს 2000 წელს მოხდა, მათი რიცხვი საკმაოდ შთამბეჭდავი იყო. ჩვენ 44 ბავშვზე სპეციალური პროექტი დავწერეთ და დახმარებისათვის მაშინდელ გუბერნატორს ბონდო ჯიქიასაც მივმართეთ, რომელმაც, სამწუხაროდ, პროექტის თანადაფინანსებაზე უარი განაცხადა,“ - იხსენებს ბერაია.

ამ ორგანიზაციის მსგავსად ბავშვთა უფლებების დარღვევისთვის იშვიათად მიმართავენ სახალსო დამცველის რწმუნებულის აპარატსაც, თუმცა, მიმართვის იშვიათ შემთხვევებშიც სოციალურ დახმარებას ითხოვენ. ბაგრატ ქირია უკვე ორი წელია რაც სამეგრელოს რეგიონში სახალხო დამცველის რწმუნებულის თანამდებობაზე მუშაობს და ამბობს, რომ ბავშვები საკუთარ უფლებებზე ინფორმირებულნი არ არიან. „ის, რომ ხშირად არ მოგვმართავენ, არ ნიშნავს იმას, რომ მათი უფლებები არ ირღვევა, ამის მიზეზად მე მაინც არაინფორმირებულობა მიმაჩნია,“ - ამბობს ბაგრატ ქირია.

ირაკლი სიჭინავას ოჯახს არც ერთი არასამთავრობო ორგანიზაციისთვის არ მიუმართავს. ის იხსენებს დღეს, როდესაც სოფლის ერთერთმა მკვიდრმა მის შვილს საძერჭი, სახატავი რვეული და ფანქრები აჩუქა: „მთელი ღამე სიხარულით არ უძინია, იჯდა და ხან ხატავდა, ხანაც ძერწავდა, მინდა რომ ჩემი შვილი სულ ისეთი ბედნიერი იყოს, როგორც იმ დღეს,“ - ამბობს ია ჩიტაია.

„მჯერა, ჩემი შვილის ნიჭიერების, დღეს ჩვენ ძალიან გვიჭირს, მაგრამ ვიცი, ის ცნობილი ხელოვანი დადგება და ჩვენს ცხოვრებასაც უკეთესობისაკენ შეცვლის,“ - ამბობს ირაკლის დედა.

ნანა საჯაია, ზუდგიგი

ახალი ამბები