კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დახურული კარის და ჩატეხილი ხიდის პრობლემა გორში

29 მაისი, 2007

dablokvab.gif

სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაზე გორში არასამთავრობო ორგანიზაციები ბოლო ორი კვირის მანძილზე ბევრს საუბრობენ, მაგრამ ჯერ-ჯერობით შედეგი მიუღწეველია. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლების ასეთი ქმედება ხელს უშლის ორგანიზაციების ნაყოფიერ და ჟურნალისტების ობიექტურ მუშაობას რეგიონში.

გორის ადმინისტრაციული შენობის კარი, შეიძლება ითქვას, უბრალო მოქალაქეებისთვის დაკეტილია. საშვის დაშვების ინსტიტუტი ამ შენობაში მკაცრად მუშაობს.  არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების განცხადებით, წინა ხელისუფლების დროს, დემოკრატიული პრინციპები გაცილებით კარგად სრულდებოდა ვიდრე ეს დღეს, არასამთავრობო სექტორიდან ხელისუფლებაში მოსული ადამიანების მმართველობის დროს ხდება.

არასამთავრობო სექტორმა ერთობლივი წერილით მიმართეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს და შეხვედრა სთხოვეს, სადაც დიდი ხნის დაგროვილ პრობლემებზე ისაუბრებდნენ. არასამთავრობოებმა დროისა და შეხვედრის ადგილის შეთავაზება თვითონ ხელისუფლების წარმომადგენლებს მიანდეს, მაგრამ ადგილობრივი ხელისუფლებისგან პასუხი არ მიუღიათ.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისის ხელმძღვანელის ქეთევან ბებიაშვილის განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლება საზოგადოებისგან აბსოლუტურად გათიშულია და რას საქმიანობენ არავინ იცის:

„საზოგადოებამ არ იცის რას აკეთებენ მათ მიერ არჩეული ხელისუფლების წარმომადგენლები. ვერ ახერხებენ ადმინისტრაციულ შენობაში „ბარიერების“ გარეშე შესვლას. დოკუმენტით, რომლითაც ადგილობრივ ხელისუფლებას დაშვებული აქვს საშვთა ბიუროს არსებობა, არ შეესაბამება კანონმდებლობას, რადგან გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის განკარგულება ინდივიდუალურ ხასიათს ატარებს, კანონით კი ამას ნორმატიული აქტი უნდა არეგულირებდეს.

ასევე დიდ პრობლემად დგას ინფორმაციის საჯაროობის საკითხი. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის კანონიერი ვადების დარღვევის და პასუხის არ გაცემის გამო ამჟამად სასამართლომ სამი გადაწყვეტილება მიიღო და ხელისუფლების წარმომადგენლებს ინფორმაციის გაცემა დაავალა. არ უნდა იქმნებოდეს იმის საჭიროება, რომ მათ გამუდმებით სასამართლოს ენით ველაპარაკებოდეთ. ადგილობრივ ხელისუფლებას არავინ სთხოვს ისეთ ინფორმაციას, რაც მათ კომპეტენციაში არ შედის და რაზედაც პასუხის გაცემა დაუშვებელია,“ - აცხადებს ქეთევან ბებიაშვილი.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ რამდენიმე დღის წინ ორი პროცესი მოიგო, რითაც ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ინფორმაციის გაცემა დაევალათ. გასულ თვეში ანალოგიურ საკითხზე პროცესი სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა სალომე  ვარდიაშვილმაც მოიგო, სასამართლომ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ინფორმაციის გაცემასთან ერთად 2000 ლარიანი ჯარიმაც დააკისრა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საკრებულოს, სხდომების საჯაროობისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესის დარღვევაშიც ადანაშაულებს. მათი თქმით, არასდროს არ ხდება კანონით დადგენილ ვადებში სხდომის დანიშვნისა და განსახილველ საკითხთა საჯარო თავშეყრის ადგილზე გამოკვრა. ზედმეტია საუბარი გადაწყვეტილების მიღებაში საზოგადოების მონაწილეობაზე.

გორის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელის, მიხეილ ჩიტაძის თქმით, საჯაროობა და ღიაობა წინა ხელისუფლების დროს  უფრო მაღალ დონეზე იყო:
„თუ ადრე გორი იმ ქალაქად ითვლებოდა, სადაც არასამთავრობო სექტორი ყველაზე ეფექტურად ახერხებდა ხელისუფლებასთან თანამშრომლობას და ინფორმაციის გაცემა შეუზღუდავად ხდებოდა, დღეს ამ მხრივ გორში ყველაზე კრიზისული მდგომარეობაა. ადმინისტრაციულ შენობაში შესვლის პრობლემა, საჯარო ინფორმაციის მიღება, ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ქალაქში შექმნილ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე  საუბარი, დღეს მწვავე საკითხად დგას. ხელისუფლების თითქმის ყველა წარმომადგენელი არასამთავრობო სექტორთან და საზოგადოებასთან დიალოგს გაურბის,“  - ამბობს მიხეილ ჩიტაძე.

ურბანული ინსტიტუტის შიდა ქართლის კოორდინატორის  ეკა ჯაფიაშვილის თქმით, ადგილობრივი ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან შეხვედრა თითქმის შეუძლებელია: „გამგებელს პრაქტიკულად აღარ აქვს მიღების დღე. ადგილობრივი ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენელი მოსახლეობას არ ხვდება. მეც კი მიჭირს მათთან შეხვედრა, რადგან ხშირ შემთხვევაში, ისინი სამსახურებშიც კი არ დადიან. თუ ადგილზე არიან, არასდროს სცალიათ.“

ადგილობრივ ხელისუფლებაში კომპეტენციებზე და დაუდევრობაზე ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის წარმომადგენლებიც საუბრობენ:

„ჩვენ მოვითხოვეთ გასული და მიმდინარე წლის ადგილობრივი ბიუჯეტის ასლები, პასუხის მიღება მხოლოდ 2 თვის შემდეგ შევძელით. გვიბარებდნენ ერთი კვირის შემდეგ, იმ მოტივით, რომ  პასუხის გამცემი კომპეტენტური პირი სამსახურში არ იყო. გვქონდა ისეთი შემთხვევაც, როდესაც ჩვენს განცხადებას საერთოდ არ იბარებდნენ,“ - ამბობს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის წარმომადგენელი შოთა ჩილინდრიშვილი.

ასოციაცია „ქართლის ხმის“ თავმჯდომარის საბა წიწიკაშვილის თქმით, ხელისუფლების მაღალჩინოსნები ყველანაირად ცდილობენ ინფორმაციის დამალვას:
„ხშირად დიდი დრო სჭირდება იმის გარკვევას, თუ ვისი მოვალეობაა განცხადების ჩაბარება, გვიხდება კაბინეტიდან კაბინეტში სიარული. კარგავენ განცხადებებს და ასე შემდეგ. საბოლოოდ  იძულებულები ვხდებით სასამართლოს მივმართოთ. იყო შემთხვევა, როდესაც ადმინისტრაციულ შენობაში არ შემიშვეს, მაგრამ შენობას მეორე კარიც აქვს, საიდანაც შესვლა შევძელი და იქ გუბერნატორის გადამალული „ჯიპიც“ აღმოვაჩინე. მთელი დაცვა გამალებული მეძებდა, ბოლოს მიპოვეს და შენობა დამატოვებინეს, მაგრამ რაც მინდოდა, საბედნიეროდ, მაინც გავიგე. ჟურნალისტებისთვის არ ტარდება ბრიფინგები და პრესკონფერენციები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები თითქმის არასდროს აკეთებენ კომენტარს, რაც საერთო აზრის შექმნაში და მუშაობაში ძალიან გვიშლის ხელს,“ - აცხადებს წიწიკაშვილი.

არასამთავრობო ორაგნიზაციებისა და ჟურნალისტების მონაწილეობით ტელეკომპანია „თრიალეთში“  გადაცემა გაკეთდა, სადაც ჩამოთვლილი პრობლემები შუქდებოდა. მიუხედავად მოწვევისა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სტუდიაში არ მივიდნენ. გადაცემის მსვლელობისას კი რეგიონში სინათლე საერთოდ გაითიშა.

თვითმმართველობის არჩევნების გზით მოსული ხელისუფლება, საზოგადოებასთან საუბარს გაურბის, ქალაქში ძნელად თუ გეტყვით ვინმე, რას აკეთებენ ხალხის რჩეულები.

თეა თედლიაშვილი, გორი

ახალი ამბები