კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ჩვენ უფლებააყრილი ადამიანები ვართ“

30 მაისი, 2007

socgamokitxvab.gif

ბოლო პერიოდში „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ქუთაისის ბიუროს აფხაზეთიდან დევნილები ხშირად აკითხავენ. ისინი საკუთარი უფლებების შელახვაზე ჩივიან და უამრავ ფაქტებსაც ყვებიან. საჩივარი მრავალფეროვანია: ზოგიერთი მათგანი უმუშევრად დარჩენას, ზოგიც აუტანელ საცხოვრებელ პირობებს ან გასახლებასთან დაკავშირებულ დაუსრულებელ დავიდარაბას უჩივის.

სტატისტიკური მონაცემებით, იმერეთის რეგიონში 27064 დევნილი ცხოვრობს. აქედან ქუთაისში - 12899. როგორც ირკვევა, ისინი ხელისუფლებაზე მეტად არასამთავრობო ორგანიზაციებს ენდობიან და დახმარებისთვისაც უფრო ხშირად მათ მიმართავენ.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ქუთაისის ბიურომ იმერეთის რეგიონში მცხოვრებ დევნილთა სოციოლოგიური გამოკითხვა ჩაატარა: არის თუ არა დაცული მათი უფლებები, რა სახის დარღვევები იკვეთება ყველაზე ხშირად და ვინ ეხმარება მათ პრობლემის მოგვარებაში. როგორც გამოკითხვამ აჩვენა, თითქმის 90% ფიქრობს, რომ მათი უფლებები ყოველ ფეხის ნაბიჯზე ირღვევა, თანაც უხეშად:

ალიკა დანელია, 57 წლის: „თქვენ შეკითხვა ალბათ, სხვაგვარად უნდა დასვათ - გაგვაჩნია კი, ჩვენ საერთოდ საკუთარი უფლებები? თუ გაგვაჩნია, რაში გვჭირდება, ვერასდროს ვერაფერში ვიყენებთ. მე სოხუმელი კაცი ვარ და იძულების გზით, ამდენი წელია წყალტუბოში, სანატორიუმში ვცხოვრობ. ყოველ წუთს მოლოდინში ვარ, რომ მოვა ინვესტორი და გარეთ გაგვიძახებს. ამის უამრავი მაგალითია. ეს იმის ბრალია, რომ ხელისუფლებას არ ანაღვლებს ჩვენი ბედი. მისთვის სულერთია, დავიხოცებით თუ გადავრჩებით.“

მარინა გუნია, 34 წლის: „ყოველ ფეხის ნაბიჯზე ირღვევა ჩვენი უფლებები. 14 წლის წინ, ათსულიანი ოჯახი, ქუთაისში, მიტოვებული შენობის ორ ოთახში შევიყუჟეთ. ჩამონგრეული კედლები თავიდან ავაშენეთ და როგორც იქნა, იქაურობა საცხოვრებელს დავამსგავსეთ. ერთ დილასაც მოვიდნენ „გალსტუკიანი ბიძიები“ და აქაურობა გაიყიდა, უნდა დაცალოთო - გვითხრეს. ისე გველაპარაკებოდნენ, გეგონებოდა ხალხი კი არა, ცხოველები ვიყავით. წავედით, სხვა რა გზა გვქონდა და ახლა ნათესავებთან ერთად, მათ ბინაში ვცხოვრობთ.“

ნანა ერაძე, 45 წლის: „იმდენად გაღიზიანებული ვარ, არაფერზე აღარ მინდა ლაპარაკი. ჩემი და თქვენი საუბარიც ჰაერში დარჩება და საქმეს მაინც არაფერი ეშველება. ჩვენ უფლებააყრილი ადამიანები ვართ და სამწუხაროდ, არავის არაფერში ვჭირდებით.“

შოთა მილორავა, 76 წლის: „დავბერდი კაცი და ასეთ უსინდისობას და უპირობას არ მოვსწრებივარ. სასტუმრო „ქუთაისში“ ვცხოვრობ, ერთ პატარა ოთახში. მეუბნებიან, 4500 დოლარს მოგცემთ და აქედან წადითო. სად უნდა წავიდეთ. რა შეგვიძლია მე და ჩემს ავადმყოფ მეუღლეს, არავინ კითხულობს. ვერც ვერანაირად ვახერხებთ ჩვენი უფლებების დაცვას. ან ვის რაში ენაღვლება ჩვენი უფლებები. ერთი სული აქვთ, დავიხოცოთ და საზრუნავი მოაკლდეთ.“
გიორგი ქეცბაია, 25 წლის: „ჩვენ, კი არა, საქართველოში არცერთ მოქალაქეს არა აქვს არანაირი უფლება. ამდენი გამოსახლება და ამდენი უმუშევრად დარჩენილი ადამიანი საქართველოს ისტორიას არ ახსოვს. მადლობა ღმერთს, ჩვენ საკუთარი სახლის შეძენა შევძელით, თორემ ღამის გათევა, სხვებივით, ჩვენც ქუჩაში მოგვიწევდა.“

ლალი ლაღიძე, 38 წლის: „ჩვენ მონები ვართ, რომლებსაც ისე გვექცევიან, როგორც გაეხარდებათ. აბა, სხვა რა უნდა ვთქვა, როცა საკუთარ კარ-მიდამოს ძალით მოგვაშორეს, სახლები დაგვიწვეს, ოჯახის წევრები და ნათესავები დაგვიხოცეს და ახლა აქაც აღარ გვაჩერებენ. გადასახადები გაძვირდა, პროდუქტებს ვეღარ მიეკარები ისეთი ფასები აქვს და ამ დროს, იმის მაგივრად, რომ მთავრობამ ხელი შეგვიწყოს, დაღუპვისკენ გვიბიძგებს. მე ქუთაისის ცენტრალური ბაზრის შესასვლელთან ვვაჭრობდი და ორი კვირაა, უკვე სახლში ვზივარ. პატრულმა აგვყარა და პროდუქტებიც გადაგვიყარა. ესაა ცხოვრება?“

ინეზა ჩაჩუა, 44 წლის: „მე ღმერთის მადლობელი ვარ, რომ რამენაირად  ვახერხებ თავის გატანას და შვილების გამოკვებას, მაგრამ ბევრი ჩემი ახლობელი გაუსაძლის მდგომარეობაშია. ფსიქიურად ავადმყოფ კაცს რომ პროკურატურაში დაიბარებ და მერე წინასწარ პატიმრობას შეუფარდებ, რა უნდა ვთქვა. თურმე წლების მანძილზე სახელმწიფოს აზარალებდა, ომში მონაწილის პენსიას რომ იღებდა. თუ არ ეკუთვნოდა, რატომ აძლევდნენ? ის დასაჯონ, ვინც ამ პენსიებს უკანონოდ გასცემდა. ან რა არის აქ უკანონობა? ასეთი პრობლემა უამრავია. ამ პრობლემების მომგვარებელი კი, სამწუხაროდ, არავინაა.“

რაჟდენ ხაინდრავა, 67 წლის: „სირცხვილია, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება. მე მგონი, არ ვიმსახურებთ ასეთ მოქცევას, ძმა ძმას არ ინდობს და ჩვენ დაგვინდობს ვინმე? კარგი იქნებოდა, სახლ-კარი არ დაგვეკარგა და სხვის დასამადლებლად არ გაგვხდომოდა საქმე.“

შორენა კაკაბაძე ქუთაისიდან

ახალი ამბები