კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სიღატაკის ზღვარზე

31 მაისი, 2007

sigatakeb.gif

ზესტაფონის რაიონის სოფელ მეორე სვირელში, მეორე ჯგუფის ინვალიდი, მზია ჯაჭვლიანი, ოჯახთან ერთად, ნახევრადდანგრეულ მამისეულ სახლში ცხოვრობს. ოჯახის მატერიალურ სიდუხჭირეს თავშესაფრის პრობლემა 2002 წლიდან დაემატა. საცხოვრებელი სახლის კედლები მეწყერის ჩამოწოლის შედეგად ისე დაიბზარა, რომ იქ ღამის გათევა საშიში გახდა. მატერიალურად გაჭირვებული ოჯახი ყოველ წუთს სახლის დანგრევის მოლოდინშია.

2002 წლიდან მზია ჯაჭვლიანი დახმარებისათვის გამუდმებით მიმართავდა ადგილობრივ თუ რაიონულ გამგეობებს, მაგრამ უშედეგოდ. დაპირება დღემდე დაპირებად რჩება.
 
„სახლის ერთი კედელი მთლიანად დაინგრა. ამის შემდეგ კიდევ მივაკითხე ადგილობრივ გამგეობას და განცხადებაც, 2005 წლის მაისში, განმეორებით დავწერე. იმ დროს გამგებელი დავით ფერაძე იყო. მან მითხრა, სტიქიური უბედურებების შედეგად დაზარალებულთათვის დახმარება აუცილებლად გაიცემა, ოღონდ ჯერ ფული გადმორიცხული არ არისო. ვუცადე, მაგრამ არაფერი გამოვიდა. რამდენჯერმე რომ მივაკითხე, რაიონის გამგეობაში, მითხრეს, შენს დაზიანებულ სახლს სურათები გადაუღე და მოგვიტანეო. მერე სურათებს ჩვენს განცხადებას დავურთავთ, თბილისში გავაგზავნით და ფულს გადმოგვირიცხავენო. ესეც გავაკეთე, მაგრამ უშედეგოდ. ამ დროისათვის ჩვენი შემოსავლის წყაროს მხოლოდ ჩემი და ჩემი მეუღლის ინვალიდობის პენსია შეადგენდა, რომელიც ხუთსულიან ოჯახს, პურის ფულადაც არ გვყოფნიდა. ამან შვილებზეც თავისი გავლენა იქონია და ისინი დააპატიმრეს. ორი მათგანი ახლაც ციხეშია, რუსთავის #6 საპყრობილეში. მათ შორის ერთი მძიმედაა ავად, ფსიქიური აშლილობა აქვს, ციხეში გატარებული მძიმე დღეების შედეგად. იმის საშუალებაც არ მაქვს, შვილს ვუმკურნალო, რომ იქიდან ცოცხალი გამოვიდეს,“- ამბობს მზია ჯაჭვლიანი.

როცა ქვეყანაში სიღატაკის დაძლევის ეროვნული პროგრამის დაწყება გამოცხადდა, მზია ჯაჭვლიანს იმედი გაუჩნდა. როგორც ის „ადამიანის უფლებათა ცენტრთან“ საუბარში ყვება, სასწრაფოდ შეაგროვა სათანადო საბუთები და განცხადებით ადგილობრივ გამგეობას მიმართა, მაგრამ ისევ ხელი მოეცარა. თითქმის დანგრეულ სახლში მცხოვრები ოჯახი 2006 წელს აღნიშნული პროგრამის მიღმა აღმოჩნდა.

იმედგაცრუებულმა ისევ ინსტანციიდან ინსტანციაში სიარული და თავისი მაღალი სარეიტინგო ქულის გაპროტესტება დაიწყო. სამართლიანობის აღდგენას ერთი წელი მაინც დასჭირდა და მიმდინარე წელს ჯაჭვლიანები, როგორც იქნა, სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფთა სიაში აღმოჩდნენ. „ეს ბევრად ვერ გააუმჯობესებს ჩვენს მდგომარეობას, მაგრამ წამალი რომ შევიძინო, ისიც მადლია,“ - ამბობს მზია ჯაჭვლიანი.

ზესტაფონის რაიონული გამგეობიდან რომ ვერანაირი დახმარება ვერ მიიღო, მზია ჯაჭვლიანი თბილისში წავიდა და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიმართა: „მითხრეს, თუ რამე გამოჩნდება დაგიკავშირდებითო. მართლაც, დაგვირეკეს და ჩავედით. წაგვიყვანეს პანკისის ხეობაში და მიტოვებული სახლები გვაჩვენეს. იქ რა მინდოდა, რამდენიმე მეტრში ქისტების დასახლება მოჩანს. ჩვენთან ერთად სვანების კიდევ ათი ოჯახი იყო, ისინიც სტიქიისაგან დაზარალებულნი. ბუჩქი რომ ბუჩქია, ახლომახლო ისიც კი არ იყო,“ - ამბობს მზია ჯაჭვლიანი. ყველა იმედი რომ გადაეწურა, მან დახმარებისათვის საქართველოს სახალხო დამცველს მიმართა.

მიმდინარე წლის 2 აპრილს, განმცხადებელმა საქართველოს სახალხო დამცველის ოფისიდან ზესტაფონის რაიონის გამგებლისა და ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის სახელზე გაგზავნილი წერილის ასლი მიიღო, რომლითაც სახალხო დამცველი რეკომენდაციას აძლევდა აღნიშნული უწყებების ხელმძღვანელებს, დახმარება აღმოეჩინათ სტიქიის შედეგად დაზარალებული მატერიალურად შეჭირვებული ოჯახისათვის, რათა იგი მომავალ ზამთარშიც ღია ცის ქვეშ არ დარჩენილიყო.

ზესტაფონის რაიონის გამგეობიდან ახლა უკვე სახალხო დამცველის ოფისის გავლით ისევ, ფაქტიურად, არაფრისმთქმელი პასუხი მიიღეს ჯაჭვლიანებმა: „ზესტაფონის მუნიციპალიტეტს დღეისათვის არ გააჩნია საბინაო ფონდი. გამგეობა ეცდება, უახლოეს მომავალში დაგეხმაროთ საბინაო პრობლემის მოგვარებაში,“ - ვკითხულობთ აღნიშნულ წერილში.

„მეგონა სახალხო დამცველი მაინც გვიშველიდა რამეს, მაგრამ როგორც ჩანს, ისევ არაფერი გამოვა. ასეთ პასუხებს ადგილობრივი ხელმძღვანელები 2002 წლიდან მაძლევენ. შედეგი კი არ ჩანს. გასული ზამთარი ამ ფარღალალა სახლში შიშით გავატარეთ, ყოველ წუთს იმას ველოდით, რომ კედლები საბოლოოდ ჩამოინგრეოდა და შიგ მოგვიყოლებდა. მხოლოდ ერთი ოთახია, სადაც დაძინება ჯერ კიდევ შეიძლება. მე, ჩემს მეუღლესა და უფროს ვაჟს აქ ერთად გვძინავს, თუმცა, საიმედო ესეც არ არის. კედლები ისეა დახსნილი და იატაკი ძირს ჩაწეული, სახლის დანგრევის საფრთხე ყოველ წუთს არსებობს,“ - ამბობს მზია ჯაჭვლიანი.
 
მეწყერი ამჟამადაც ყოველდღიურად აზიანებს სახლს. მოგვიანებით მიშენებული ფართი, რომელიც ჯერ გადახურულიც კი არ არის, უკვე დაბზარულია. ახლა ჯაჭვლიანების ოჯახი მხოლოდ იმაზე ოცნებობს, რომ როგორმე ძველი სახლის დანგრევა და იმ მასალებით, შედარებით ახალი მიშენებული ფართის გადახურვა შეძლოს, რომ ზამთრამდე ღამის გასათევი ერთი, მეტნაკლებად საიმედო ოთახი მაინც მოიწყოს. თუმცა, მათი მდგომარეობიდან გამომდინარე, ჯერჯერობით, სურვილი სურვილად რჩება. დღეს ჯაჭვლიანები მხოლოდ ღმერთის იმედად არიან.

ლელა ხიდაშელი ქუთაისიდან

ახალი ამბები