კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კახეთში, ადგილობრივი ხელისუფლება ქურდებთან თანამშრომლობს

29 ივნისი, 2007

xelisuflebas.gif„კრიმინალური ავტორიტეტები, რომლებსაც რაიონები ხელში უჭირავთ, კანონიერი ქურდები და ე.წ. კარგი ბიჭები, მიუხედავად იმისა, ისინი თავად სჩადიან თუ არა დანაშაულს, თუკი ორგანიზებულ დანაშაულთან მათი კავშირი დამტკიცდება, ისინი აუცილებლად ჩასხდებიან ციხეში,“ - პრეზიდენტის ამ განცხადების შემდეგ სამართალდამცავებმა ბევრი ავტორიტეტი დააპატიმრეს, მათ შორის კახეთშიც. ბევრზეც ძებნაა გამოცხადებული. ერთი შეხედვით, ხელისუფლება ქურდულ სამყაროს დაუნდობლად ებრძვის, თუმცა, ჯერ კიდევ არსებულ „ობშიაკებში“, სანდო წყაროების ცნობით, თანხები არა მარტო ბიზნესმენებს, არამედ თვით ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსაც შეაქვთ. უფრო მეტიც, ჩინოვნიკები ავტორიტეტების საშუალებით ჟურნალისტების დაშინებასაც ცდილობენ.

შს კახეთის მთავარი სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, ქარდული სამყაროს ავტორიტეტი ბესიკ ალექსანდრეს ძე ჭანყოშვილი, მეტსახელად „დრელე“ 2007 წლის 21 მაისს დააკავეს.

პოლიციის ინფორმაციით, დაკავებისას ჭანყოშვილს აღმოაჩნდა თანხა და ქურდული სალაროს სია, სადაც მითითებულია არაკანონიერი გზით მიღებული და გაცემული თანხების შესახებ, რასაც თავად ჭანყოშვილის ადვოკატი მაგული ღვალაძეც ადასტურებს. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 223 მუხლის I ნაწილით, ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით.

ჭანყოშვილის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს, შს კახეთის მთავარი სამხარეო სამმართველო იძიებს. სამმართველოში ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა, პირად საუბარში აღნიშნეს, რომ ჭანყოშვილის საქმეზე აქტიურად მიმდინარეობს გამოძიება და უახლოეს ხანში იმ ადამიანებს დააკავებენ, ვისაც ქურდულ სალაროში „დრელეს“ დაკავებამდე თანხები შეჰქონდათ. სამართალდამცავები ამ ადამიანების ვინაობას გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ ასახელებენ.

კახეთში, ქურდული სალაროების არსებობისა და ადგილობრივი ხელისუფლების, ავტორიტეტებთან ურთიერთობის შესახებ, ინფორმაციას ფლობენ ა/ო „ადამიანის უფლებათა ცენტრშიც“.

„ჩვენ ამ საკითხით მას შემდეგ დავინტერესდით, რაც ინფორმაცია მოგვაწოდეს, რომ რეგიონში ჯერ კიდევ არსებულ „ობშიაკებში“ მცირე მეწარმეებს თანხების შეტანას აიძულებდნენ. ინფორმაციების მოძიების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი მეწარმე და თვით ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც კი, არა მარტო ზეწოლის გამო, არამედ ნებაყოფლობით უჭერდნენ მხარს ფინანსურად ქურდულ სამყაროს.

მარტო ჭანყოშვილის დაკავებისას აღმოჩენილ სიაში 5 ათას აშშ დოლარამდე თანხაა აღნიშნული. სანდო წყაროებიდან გვაქვს ინფორმაცია, რომ მის „ობშიაკში“ პერიოდულად თანხები შეჰქონდათ გურჯაანში მოქმედ მეწარმეებსა და ჩინოვნიკებს. ჩვენთვის მათი ვინაობა ცნობილია, თუმცა, ყველა მათგანი ავტორიტეტებთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს.

...რამდენადაც ვიცით, ქურდული სალაროს მხარდამჭერთა გამოსავლენად იმუშავეს და აგრძელებენ მუშაობას სამართალდამცავებიც. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, უახლოეს ხანში ამ საქმესთან დაკავშირებით რამდენიმე ადამიანს დააკავებენ. ეს რაც შეეხება ჭანყოშვილს და გურჯაანს, მაგრამ ყველა სხვა რაიონსაც ჰყავს თავისი მაყურებელი,“ - აცხადებენ „ადამიანის უფლებათა ცენტრში“.

ამავე ორგანიზაციის წყაროზე დაყრდნობით, ლაგოდეხს მამუკა შუბითიძე უყურებს, რომელიც ძალოვნების თქმით, საზღვარგარეთ იმყოფება; ლაგოდეხს უყურებს ასევე ლაბუჩიძეც, რომელიც პოლიციის ინფორმაციითვე, არც ქურდია და არც მაყურებელი; თელავს „სუნდუკა“ ზედამხედველობს, იგივე თამაზ რეხვიაშვილი, რომელიც ამჟამად ინვალიდია; სიღნაღს კახა ჩითინაშვილი, გურჯაანს ასევე ზაზა ელიკაშვილი და ა.შ.

ჩინოვნიკები ავტორიტეტების საშუალებით ჟურნალისტების დაშინებასაც ცდილობენ. დედოფლისწყაროში მომუშავე კორესპონდენტი ილია მარტყოფლიშვილი მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეს გელა თეთრაულს ქურდებთან ალიანსში ადანაშაულებს. მისი თქმით, გაზეთში ზედიზედ გამოქვეყნებული კრიტიკული მასალების შემდეგ, გამგებლის მოადგილემ მას საცხოვრებელ სახლში ერთ-ერთი ავტორიტეტი მიუგზავნა დასაშინებლად.

„დედოფლისწყაროში ძმებ გიგაურებს ყველა იცნობს. ძალიან საშიში ხალხია. არაერთხელ არიან ნასამართლევები და საქმეებს არა მარტო დედოფლისწყაროში, არამედ სხვა რაიონებშიც არჩევენ. გელა თეთრაულმა ძმებიდან ერთ-ერთი სახლში მომიგზავნა. მე სახლში არ ვიყავი და ოჯახის წევრების პირით შემომითვალა, თეთრაულზე უარყოფითი არაფერი დაწერო, თორემ შენი სიცოცხლის წამ-ზომი ჩაირთვებაო,“ - ამბობს „თავისუფალი გაზეთის“ კორესპონდენტი ილია მარტყოფლიშვილი.

ჟურნალისტის ბრალდებებს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გელა თეთრაული უარყოფს. „მარტყოფლიშვილი გადაკიდებული მყავს. რას აღარ მიგონებს. აბა, მის მორიგ არანორმალურ ბრალდებებზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო - არაფერი,“- აღნიშნა თეთრაულმა.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ, კიდევ ერთმა ჩინოვნიკმა სცადა დამოუკიდებელ ჟურნალისტთან ქურდების მეშვეობით საქმის გარჩევა. „კახეთის რეგიონული გაზეთის „იმედის“ კორესპონდენტი საქართველოს პარლამენტის ამჟამინდელმა წევრმა, ნაციონალმა სოსო კარდენახიშვილმა მანქანაში ჩაისვა, სადაც მოულოდნელად შავი გაგების ადამიანებიც აღმოჩნდნენ. დღეს ისინი ციხეში არიან. დეპუტატმა ქურდებთან ერთად ჟურნალისტს, რომელიც მის მიმართ კრიტიკულ პუბლიკაციებს აქვეყნებდა და კორუფციაში ამხელდა, საქმე გურჯაანის სასაფლაოს ტერიტორიაზე გაურჩია, რის შემდეგაც იგი უკან დააბრუნეს,“ - აცხადებენ „ადამიანის უფლებათა ცენტრში“.

ხელისუფლების წარმომადგენლებს რომ ქურდებთან აქვთ კავშირი, ამას კახეთის არასამთავრობო ორგანიზაციათა კლუბშიც ადასტურებენ. ავტორიტეტებთან ალიანსში ისინი თელავის რაიონის ყოფილ გამგებელს გოჩა მამაცაშვილს მოიაზრებენ, რომელიც დღეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილეა. გავრცელებული ინფორმაციით, არსებობს მამაცაშვილის ქურდებთან ქეიფისა და მეგობრობის ვიდეოჩანაწერიც, რომლის ასლიც ერთ-ერთი ავტორიტეტის მეუღლესთან ინახება.

ადგილობრივი ხელისუფლების ქურდულ სამყაროსთან კავშირის თაობაზე კომენტარი ვთხოვეთ კახეთის სამხარეო ადმინისტრაციასაც, რაზედაც მათ უარი განაცხადეს. ამ საკითხზე საუბარი არ ისურვეს არც შსს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის კახეთის სამმართველოში.

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები