06:24, Wednesday, 21.08.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ფინანსური პოლიციის ეჭვების გადამოწმება ფირმას ასეულ ათასობით ლარი უჯდება

03.07.2007

ფინანსურმა პოლიციამ უკვე ერთ თვეზე მეტია, რაც შპს “გორგიას” კუთვნილი ქონება დალუქა. ოფიციალურად, ამის მიზეზად, საგადასახადო დეკლარაციებში აღმოჩენილი უზუსტობები სახელდება. არაოფიციალური ინფორმაციით კი შპს-ს მეპატრონეს ხუთ მილიონ ლარს ან რომელიმე მსხვილი ობიექტის დათმობას სთხოვენ. `გორგიას~ ხელმძღვანელობის მტკიცებით, მათი ბუღალტერია თეთრია, ხოლო უზუსტობების აღმოსაფხვრელად მზად არის ჯარიმა გადაიხადოს. "გორგიაში" 300-მდე ადამიანია დასაქმებული, რომელთა ხელფასები 300-დან 1000 ლარამდე მერყეობს.

შპს “გორგიას” საქართველოში სამშენებლო მასალების ბაზარზე ლიდერის პოზიცია უჭირავს. ფირმის ფინანსური ბრუნვა წელიწადში რამდენიმე მილიონს აჭარბებს. ორი წლის წინ ფირმამ ბათუმში "ციტრუსკომბინატი" შეიძინა. გასულ წელს კი ხელვაჩაურში მდებარე საბინაო სამშენებლო კომბინატი. ფირმას ანგისის ტერიტორიაზე პლასტიკური ნაწარმის ქარხანა აქვს. ამას ემატება ბათუმსა და თბილისში ათეულობით მაღაზია და საწყობი.

“გორგია” ფინანსურმა პოლიციამ ერთი წლის წინაც შეამოწმა და დალუქა. გამოძიება საწარმოს ოთხ მილიონ ლარს ედავებოდა. ფირმის დირექტორის, ხვიჩა პაპუნიძის განცხადებით, მაშინ “გორგიას” დეტალური აუდიტი ჩაუტარდა: “გადამოწმდა ყველა სავაჭრო ობიექტი და საწყობი. ფინანსური პოლიციის ვარაუდი, უფრო სწორად ინფორმაცია, არ დადასტურდა. ფინანსურ პოლიციას ამჟამადაც რაღაც ინფორმაცია აქვს, საქონლის აღწერა და ბუღალტერიის შემოწმება მიმდინარეობს.”

პაპუნიძე დარწმუნებულია, რომ ფინანსური პოლიცია ფირმის ბუღალტერიაში დარღვევას ვერ აღმოაჩენს და მათ ობიექტებს ლუქს მოხსნის.

“გორგიას” მფლობელი, გია გორგოშაძე შარშანდელი ინციდენტის შემდეგ საქართველოში აღარ ცხოვრობს. იგი თავის ფირმას საზღვარგარეთიდან მართავს. გორგოშაძის წასვლის ოფიციალურ მიზეზად პაპუნიძე უცხოელ  პარტნიორებთან მის ხშირ შეხვედრებს ასახელებს: “რაკი საქონლის ძირითადი მომწოდებელი თურქეთში გვყავს, მას თურქეთში ჩასვლა ხშირად უწევდა. გარდა ამისა, ჩვენი მომწოდებლები ევროპისა და აზიის რამდენიმე ქვეყნის ფირმებაც არის. ასე რომ, გორგოშაძე თურქეთში დროებით ცხოვრობს.”

არაოფიციალური ვერსიით კი, გორგოშაძე მოსალოდნელ საფრთხეს გაექცა. “გორგიას” ოფისი და მაღაზიები ბათუმში, პუშკინისა და სოხუმის ქუჩების კვეთაში მდებარეობს. იქვე ფუნქციონირებს სამშენებლო მასალების ასეულობით ობიექტი, რომელთა არაერთი მეპატრონეც “ფინანსური დარღვევების” მოტივით დააკავეს. გასულ წელს ფინანსურმა პოლიციამ არასწორად გამოწერილი საბაჟო დეკლარაციის გამო ბიზნესმენი სანდრო შარაშიძე დააკავა. შარაშიძე საპატიმროში ექვსი თვის განმავლობაში იმყოფებოდა. ამ პერიოდში მისი ყველა ობიექტი დალუქული იყო. თავისუფლების სანაცვლოდ ბიზნესმენმა, საპროცესო გარიგების მეშვეობით, 500 ათასი ლარი გადაიხადა. ეს ოფიციალურად. არაოფიციალურად კი - პრესტიჟულ უბნებში რამდენიმე ობიექტი დათმო. ბიზნესმენისათვის გაჩერებული წარმოების გამო მიყენებული ზარალი არავის აუნაზღაურებია. ბუნებრივია, არც მუშა-მოსამსახურებს მიუღიათ ანაზღაურება. ანალოგიური მდგომარეობა ბათუმში ათობით მეწარმეს შეექმნა.

რისი დათმობა მოუწევს გორგოშაძეს? ერთ-ერთი ვერსიით, მას ხელვაჩაურის სამშენებლო კომბინატს სთხოვენ.

აჭარის ფინანსური პოლიციის უფროსის მოადგილის, მამუკა დარჩიას ინფორმაციით, “გორგიაში” სერიოზული დარღვევებია დაფიქსირებული: “ჩვენი მოკვლევით, აღნიშნული ფირმის მიერ საქონელი საბაჟო წესების დარღვევით იყო განბაჟებული, თუ არ ვცდები 20 ათასი ლარის ფარგლებში. პარალელურად ფინანსური პოლიციის თბილისის განყოფილებამ გამოძიება დაიწყო სხვა ფაქტებზეც. რადგან მათ უფრო მეტი ფაქტი ჰქონდათ, ეს საქმე გაერთიანდა და თბილისს გადაეგზავნა. ჯერ არავინ დაგვიკავებია. კონკრეტულად რა თანხებზეა საუბარი, ვერ გეტყვით, მაგრამ შეიძლება რამდენიმე ასეულ ათასს მიაღწიოს.”
 
საქართველოს ბიზნეს-ფედერაციის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, სულიკო ფუტკარაძის განცხადებით, კანონმდებლობა ისეა შედგენილი, რომ ამ შემთხვევაში ბიზნესი დაუცველია: “ფინანსურ პოლიციას, წელიწადში სამჯერ შეუძლია რიგგარეშე რევიზია ჩაუტაროს ნებისმიერ საწარმოს. შეუძლია შემოწმების მოტივით საწარმოც დალუქოს. ვადაზე კანონმდებლობაში მინიშნება არ არის. ასე, რომ საწარმო შეიძლება თვეობით იყოს დალუქული. თუ კი შემოწმებით იქ კანონდარღვევა ვერ აღმოჩნდება, გაჩერების გამო მიყენებული ზიანის, ან თანამშრომლების ხელფასის ანაზღაურებაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლება საკუთარ თავზე, რა თქმა უნდა, არ ღებულობს. ეს არის ბიზნესმენებზე ზემოქმედების შესანიშნავი ხერხი.”
 
ამ ფაქტზე შეშფოთებას გამოხატავს არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანის უფლებათა ცენტრი”. “სამწუხაროა, რომ ასეთ გაურკვეველ ვითარებაში ყოფნით ზარალდებიან სამეწარმეო იურიდიული პირი და მასში დასაქმებული ჩვენი მოქალაქეები. ორგანიზაცია დალუქვის მთელი პერიოდის განმავლობაში ვერ იღებს დაგეგმილ შემოსავალს და ამავდროულად უმუშევრად რჩება ასეულობით ადამიანი, რომლებიც ამ ორგანიზაციაში აღებული ხელფასით არჩენენ თავიანთ ოჯახებს. სახელმწიფოს უპირველესი საზრუნავი მოქალაქეების უფლებების, მათ შორის შრომის უფლებების დაცვაა. თუ კი საწარმოს ქმედებაში რაიმე საეჭვო არის, ამის გასარკვევად მისი ერთი თვით დალუქვა საჭირო არ უნდა იყოს,” - აცხადებს ორგანიზაციის იურისტი ბაკურ ბოლქვაძე.

ემზარ დიასამიძე, ბათუმი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

სიკვდილით სავსე ქალაქი
ჩაიცვით საუკეთესო ტანსაცმელი. კარგად დახედეთ ბავშვებს და ჩაეხუტეთ. მოიკითხეთ დედა. დაურეკეთ მეგობრებს. გადახედეთ სახლის საბუთებს, ხომ წესრიგშია. თქვენ მალე მოკვდებით. თქვენ მოკვდებით ავარიაში.
ვრცლად...
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
კუდები გვაკვირვებს
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC