06:31, Wednesday, 21.08.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

დიდი ფლანგვა - სად მიდის სახელმწიფო ფული გორის რაიონში?

02.08.2007
ჟურნალისტური მოკვლევა

gamgheobab.jpg

გორის რაიონში სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების გაფლანგვის ფაქტზე შიდა ქართლის პროკურატურა უკვე წელიწადზე მეტია გამოძიებას ატარებს. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ჟურნალისტური მოკვლევის შედეგად, 2004-2006 წლებში, გორის მაღალჩინოსნების მხრიდან სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების გაფლანგვის ფაქტები რეალურად დასტურდება.

საგამოძიებო ნაწილის უფროსი გელა გელაშვილი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ გამოძიების პროცესში ისინი ვადებში შეზღუდულები არ არიან. როდის დასრულდება მათი გამოძიება და როდის გახდება გამოძიების დეტალები ცნობილი, ჯერჯერობით თავადაც არ იციან. სამაგიეროდ, გამგეობაში შემორჩენილი და ჩვენს მიერ მოძიებული მასალების მიხედვით, გორის რაიონში სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების მითვისების ფაქტები აშკარაა და მათ გამოძიებას წესით, იმდენი დრო უნდა სჭირდებოდეს, რამდენსაც პროკურატურა ითხოვს.

ბიუჯეტს გამგებლის ჰოლანდიაში ვიზიტი ძვირად დაუჯდა...

2004 წლის ნოემბერში, რაიონის გამგებლის სოსო მუმლაძის სახელზე, რომელიც ჰოლანდიაში გაემგზავრა, 13 650 ლარი გაიცა. როგორც გაირკვა, სამივლინებო თანხას მხოლოდ 3 650 ლარი შეადგენდა. დანარჩენი თანხის, 10 000 ლარის ბედი, გაურკვეველია. დაახლოებით 6 თვის შემდეგ, გორის რაიონის ახალ გამგებელს, ნუკრი პაპუნაშვილს, 10 000 ლარი სალაროში უკან ისე დააბრუნებინეს, რომ პასუხი არც ძველი და არც ახალი გამგებლისათვის არ მოუთხოვიათ. ,,სალაროს მეურნეობის შესახებ” დებულების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნის მიხედვით, ,,გაცემული თანხებიდან გამოუყენებელი ფული სალაროს უბრუნდება ერთი დღის ვადაში”. ოფიციალური მონაცემებით, რაიონის გამგებელმა ნუკრი პაპუნაშვილმა 2004 წლის ნოემბერში გამგეობის სალაროდან მუმლაძის მიერ ზედმეტად გატანილი 10 000 ლარი მხოლოდ 2005 წლის 25 მაისს (6 თვის შემდეგ) დააბრუნა (თუ დააბრუნებინეს)...

ნუკრი პაპუნაშვილის თქმით, ,,ეს ამბავი 2 წლის მოხდა და სადაც ფული გადავიხადე, იქ გაარკვიეთო: „მაგნაირები მილიონი შემემთხვა და აღარ მახსოვს რაზე მელაპარაკებით,“ - გვითხრა პაპუნაშვილმა.

არც მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო განყოფილების უფროსს ფრიდონ აფრიამაშვილს ახსოვს ამ ამბის დეტალები, ,,ვინც უფროსები იყვნენ მაშინ, ისევ მათ ჰკითხეთო.“

რაიონის გამგებლის მაშინდელი მოადგილე საფინანსო-საბიუჯეტო დარგში თამარ ედიშერაშვილი, რომელიც ამჟამად რწმუნებულის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო განყოფილების უფროსია, აცხადებს, რომ ის 10 000 ლარი 2004 წელს გამგებელმა სოსო მუმლაძემ სასწრაფო დახმარების მანქანის შესაძენად გამოიყენა.

თამარ ედიშერაშვილი: ,,ეს თანხა არსად გაფლანგულა. სოსო მუმლაძემ ჰოლანდიიდან სასწრაფო დახმარების მანქანა ჩამოიყვანა. აღმოჩნდა, რომ ,,03“-ს მანქანა აღარ ესაჭიროებოდა, რადგან ჯანდაცვის სამინისტრომ მას 5 მანქანა გამოუყო. ასე, რომ ის ფული ისევ სოსო მუმლაძემ დააბრუნა... ვერ გეტყვით მანქანას და თანხას რა ბედი ეწია, ეს ჩემთვის ცნობილი არ არის.“

- ეს ფული უშუალოდ სოსო მუმლაძემ დააბრუნა? ჩვენ გვაქვს ოფიციალური მონაცემი კონტროლის პალატიდან, რომ თანხა მუმლაძეს უკან არ დაუბრუნებია. თანხა 2005 წლის მაისში, ახალარჩეულმა გამგებელმა ნუკრი პაპუნაშვილმა დააბრუნა?

- არ ვიცი მანდ რა წერია, მაგრამ მუმლაძე ისევ გამგებელი იყო, როდესაც ეს თანხა უკან დააბრუნა (ცნობისათვის, სოსო მუმლაძე გამგებლობიდან 2005 წლის თებერვლიდან თავდაცვის სამინისტროში გადავიდა - ავტ).

ის, რომ გორის სასწრაფო დახმარების ცენტრს ის 5 მანქანაც არ ჰყოფნის, თვითონ გორის ,,03“-შიც ადასტურებენ. სასწრაფო დახმარების ცენტრის უფროსი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ კარგი იქნება თუკი ვინმე კიდევ ერთ მანქანას აჩუქებს. კონკრეტულ შემთხვევაზე ამჟამად ,,03“-ში ინფორმაცია არ აქვთ, რადგან სულ ორი თვეა კადრები შეიცვალა და ახალი ხელმძღვანელობა მოვიდა.

სასწრაფო დახმარების ცენტრის ყოფილი უფროსი ჟუჟუნა წერეთელი თამარ ედიშერაშვილის ნათქვამით გაოცებულია: ,,გამგეობაში წერილს წერილზე ვგზავნიდი, რომ ჩვენთვის რეანომობილი მოეცათ. როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, ჰოლანდიიდან რეანომობილი ჩამოიყვანეს, მაგრამ მანქანა არსად ჩანდა. ვიხვეწებოდი, მანქანა მომეცით-მეთქი, მაგარამ ყურიც არავის შეუბერტყავს. ის 5 მანქანა კი ერთი წლის შემდეგ გადმოგვიგზავნეს,“ - ამბობს სასწრაფოს ყოფილი დირექტორი ჟუჟუნა წერეთელი.

სხვათა შორის, ჰოლანდიაში ყოფნის დროს ადგილობრივმა ხელისუფლების წარმომადგენლებმა გორში ჰოლანდიური ავტობუსები ჩამოიყვანეს. დელეგაცია გორში პირველ დეკემბერს დაბრუნდა. 2004 წლის 3 დეკემბერს გამგეობის სხდომაზე გადაწყვიტეს, რომ ამ ავტობუსების ბაზაზე ახალი 100%-იანი სახელმწიფო წილის მქონე საწარმო ,,გორიავტოტრანსი” ჩამოეყალიბებინათ. თითქმის 4 თვის განმავლობაში ჰოლანდიური ავტობუსები გორში განუბაჟებლად დადიოდა. 2005 წლის იანვრიდან  საზღვარგარეთიდან შემოტანილ ტრანსპორტზე განბაჟების პროცედურები გაძვირდა. შესაბამისად, დადგა საკითხი აღნიშნული ავტობუსების განბაჟების შესახებ. მართალია, ჰოლანდიიდან დაბრუნებისას რაიონის გამგებელს სოსო მუმლაძეს ჯიბეზე დამატებით 10 000 ლარი ჰქონდა დარჩენილი (რეალურად რეანომობილი თვალით არავის უნახავს), თუმცა, მას ეს თანხა ავტობუსების განბაჟებისთვის არ გამოუყენებია. ოთხი თვის შემდეგ ავტობუსების განბაჟება საკმაოდ გაძვირდა. 2005 წლის 17 მარტის სხდომაზე მიიღეს დადგენილება, რომლითაც გადაწყდა, რომ რაიონის ბიუჯეტიდან გამოყოფილიყო 90 346 ლარი განბაჟებისთვის, ხოლო ავტობუსების საბაჟო პროცედურების დარღვევისათვის საჯარიმო თანხა 800 ლარი გადაიხადეს.

გამგებელმა I არხზე ,,გაჯაზება’’ მოინდომა

გაურკვეველია სად წავიდა მოქალაქე ვინმე ლონდა თოლორდავას სახელზე გატანილი 2 150 ლარი? გამგეობის კანცელარიაში დაცული ცნობის მიხედვით, 2004 წლის 1 ივნისს გორის რაიონის გამგებელს სოსო მუმლაძესა და ვინმე ლონდა თოლორდავას შორის გაფორმდა ხელშეკრულება, სადაც აღნიშნულია, რომ თოლორდავას 10 წუთიანი სიუჟეტი საქართველოს I არხის ეთერში გასაშვებად უნდა მოემზადებინა. 2004 წლის 28 ივნისს გამგებელ სოსო მუმლაძის ბრძანებით 2 150 ლარი გადაირიცხა პირადად ლონდა თოლორდავას ანგარიშზე და არა I არხის ანგარიშზე. გამგეობაში არ აქვთ იმის დამამტკიცებელი საბუთი, ვიდეოკასეტა, ან გადაცემის გაშვების თარიღის დამდასტურებელი საბუთი, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ვინმე თოლორდავას მიერ მომზადებული სარეკლამო სიუჟეტი I არხზე გავიდა. არც  ლონდა თოლორდავას იცნობს ვინმე.

ავტომოსაცდელებიდან 100 000 ლარი გაქრა

საინტერესოა ასევე ის ფაქტი, რომ 2004-2005 წლებში ცალკე გუბერნატორი მიხეილ ქარელი, ცალკე რაიონის გამგებელი სოსო მუმლაძე იკვეხნიდნენ, რომ გორში დამონტაჟებული ავტომოსაცდელები თითოეულმა ცალ-ცალკე გააკეთა.
მაგალითად, გუბერნატორი მიხეილ ქარელი კონტროლის პალატას აცნობებს, რომ მისი ფონდიდან 2004 წელს დაახლოებით 48 855 ლარი ავტომოსაცდელების დამონტაჟებისთვის გამოიყო. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, იგივე ავტომოსაცდელებზე გორის რაიონის ბიუჯეტიდან 2004 წელს ჯერ ზუსტად იგივე თანხა – 48 855 ლარი, ხოლო ცოტა მოგვიანებით დამატებით 13 276 ლარი გამოიყო.
ჩვენ ხელთ გვაქვს გორის რაიონის გამგეობის 2004 წლის 29 დეკემბრის სხდომაზე მიღებული # 270 დადგენილება, რომელიც ,,ტრანსპორტის მოსაცდელი პავილიონების ქ. გორის გამგეობისათვის გადაცემას” ეხება. დადგენილებაში მითითებულია, რომ გორის რაიონის გამგეობის დაფინანსებით დამზადებული მოსაცდელი პავილიონების მოვლა და შენახვა არის თვითმმართველობის კომპეტენცია და ,,ამის გამო, საჭიროა პავილიონები გადაეცეს ქალაქის გამგეობას.” აქედან გამომდინარე გამგეობამ დაადგინა, რომ ტრანსპორტის მოსაცდელი 26 პავილიონი, ღირებულებით 48 855 ლარი, გადაეცა გორის ქალაქის გამგეობას. გორის რაიონის ბიუჯეტიდან ხარჯების სახით 2004 წელს სს ,,დილას” 48 900 ლარი გადაერიცხა მოსაცდელი პავილიონების დასამზადებლად. გამოდის, რომ ავტომოსაცდელებიდან ან გუბერნატორმა ,,მოტეხა’’ 48 900 ლარი, ან გამგებელმა, რადგან ორივე მათგანი ოფიციალურად იტყობინება, რომ 2004 წელს 48 855 ლარად შეფასებული ავტომოსაცდელების დასამონტაჟებელად რაიონის ბიუჯეტიდანაც გამოიყო 48 900 ლარი, ხოლო გუბერნატორმაც ზუსტად იგივე თანხა გამოყო საკუთარი ფონდიდან.

მოგვიანებით, ,,ავტომოსაცდელების მაფიაში” რაიონის ახლად დანიშნული გამგებელი ნუკრი პაპუნაშვილიც ჩაერთო და ქალაქის გამგეობისთვის გადაცემული ავტომოსაცდელების შენახვა-რეალიზაციისთვის რაიონის ბიუჯეტიდან 2005 წელს დამატებით 13 276 ლარი გადარიცხა.

ყველაზე საყურადღებო ის არის, რომ 2004 წელს ჩვენთან საუბარში ამჟამად ძებნილი ,,გორი-გაზის” ყოფილი დირექტორი რეზო აბრამიშვილი აცხადებდა, რომ ავტომოსაცდელები მას საკუთარი ხარჯებით დაამონტაჟებინეს. რაც ,,გორიგაზის” ყოფილმა დირექტორმა 50 000 ლარად გააკეთა, გამგებელმა და გუბერნატორმა ცალ-ცალკე გაწერეს და მთლიან ჯამში ,,ავტომოსაცდელებით” 100 000 ლარზე მეტი მიითვისეს.

რეზო აბრამიშვილი 2005 წლის სექტემბერში პროკურატურამ დაიბარა სახელმწიფოსათვის დიდი ოდენობით თანხის დამალვის ფაქტის გამო. როგორც გაირკვა, რეზო აბრამიშვილს ,,გორი-გაზის” აბონენტებისგან და მოსახლეობისგან აკრეფილი თანხით უწევდა გამგეობიდან და გუბერნატორის ადმინისტრაციიდან მიღებული ,,შეკვეთების”, ამ შემთხვევაში ავტომოსაცდელების დამონტაჟების შესრულება.

გორის ბაზრის 8 თვის შემოსავლები მაღალჩინოსნების ჯიბეში

ამ პერიოდში მასიური ხასიათი მიიღო ქონების ჩამორთმევის ფაქტებმა. ბევრი კერძო საწარმო გორის რაიონის გამგეობის ბალანსზე გადავიდა. ოფიციალური მონაცემებით, რაიონში სახელმწიფო ქონების ბაზაზე 51 საწარმო ფუნქციონირებს, რომლებიც კერძო სამართლის იურიდიულ პირს წარმოადგენს. ამ 51 საწარმოდან 12 საწარმო რაიონის გამგეობის დადგენილებით 2004-2005 წლებშია დაფუძნებულია. ეს ის საწარმოებია, რომლებიც ყოფილმა მეპატრონეებმა სახელმწიფოს ,,აჩუქეს.” მაგალითად, გორის ბაზრის ყოფილი დირექტორი ჯემალ წიკლაური მას შემდეგ გაათავისუფლეს ციხიდან, როდესაც ციხის საკანში მასთან გუბერნატორი შევიდა, ხოლო შემდეგ რაიონის გამგეობისთვის ბაზრის ჩუქების აქტს მოაწერა ხელი. ჩუქების და მიღება-ჩაბარების აქტს სხვათაშორის ნუკრი პაპუნაშვილი აწერს ხელს, რომელიც მაშინ გამგებელ სოსო მუმლაძის მოადგილე იყო.

საქმე იმაშია, რომ 2004 წლის 21 ივლისის სხდომაზე, რა დროსაც #153 დადგენილება გამოსცეს, გამგეობის მიერ განხილულ იქნა საკითხი ,,სახელმწიფო საწარმო შპს ,,სავაჭრო ცენტრის” დაფუძნების შესახებ”. სხდომაზე გადაწყდა, რომ შპს ,,ლიახვის” (გორის ბაზარი) ბაზაზე, რომელიც წიკლაურმა უსასყიდლოდ ,,აჩუქა” გამგეობას და სხვათა შორის ჯერ არ იყო მუნიციპალურ ქონებად აღებული, დაფუძნებულიყო შპს ,,სავაჭრო ცენტრი” 100%-იანი სახელმწიფო წილით.

დადგენილება ისე მიიღეს, რომ საერთოდ ქონების მართვისა და პრივატიზების სამმართველო არ ჩართეს. გამგეობის თანამშრომლებმა `სახელმწიფო საწარმო~ ისე დააფუძნეს ,,სავაჭრო ცენტრად”, რომ სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს ან სამმართველოს არაფერი ჰკითხეს. უფრო მეტიც, ახლადდაფუძნებული ,,სავაჭრო ცენტრის” ხელმძღვანელობამ და რაიონის მაშინდელმა გამგებელმა სოსო მუმლაძემ წესდებაში ასე ჩაწერეს - ,,წლიური შედეგები აისახოს საზოგადოების ბალანსში და საბუღალტრო ანგარიშში, რომელსაც დირექცია დასამტკიცებლად წარუდგენს გორის რაიონის გამგეობას”. წესდების ამ მოთხოვნით ნათლად ჩანს ადგილობრივი ხელისუფლების დაინტერესება ბაზრის შემოსავლებით, მაშინ როდესაც ბაზრის შემოსავლები და გასავლები საგადასახადო ინსპექციის გასაკონტროლებელი იყო და არა რაიონის გამგეობის. დადგენილებით ოფიციალურად დააფიქსირეს, რომ სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები და მოგებები რაიონის გამგეობის გასაკონტროლებელი უნდა გამხდარიყო.

გამგეობა ამ ,,გაუგებრობაში” 2005 წლის 8 თებერვლამდე იყო. ფაქტიურად მთელი 8 თვის განმავლობაში სად მიდიოდა გორის ბაზრის ე.წ. სავაჭრო ცენტრის შემოსავლები საგადასახადო ინსპექციამ არ იცოდა. 2005 წლის 8 თებერვალს ქონების მართვის სამმართველოს უფროსის მოთხოვნით გორის სასამართლოში ,,სავაჭრო ცენტრი” ხელახლა დარეგისტრირდა. შესაბამისად წესდება შეიცვალა და ,,სავაჭრო ცენტრის” შემოსავლების გაკონტროლება საგადასახადო ინსპექციამ დაიწყო. თუმცა მანამდელი 8 თვიანი პერიოდის შემოსავლები ვერავინ იპოვა.
სულ გორის რაიონში სახელმწიფო ქონების ბაზაზე დაფუძნებული საწარმოთა საწესდებო კაპიტალი 25 მლნ ლარს აღემატება. მათგან კი 2004-2006 წლებში დივიდენდების სახით ბიუჯეტში არც ერთი თეთრი არ შესულა.


მსხვილფეხა პირუტყვის საერთო სასაკლაოდ ქცეული გორი

გორის რაიონის ბიუჯეტიდან 2005 წელს 7 950 ლარი სასაკლაო ბაქნის მოსაწყობად გამოიყო, მაგრამ ეს სასაკლაო ბაქანი დღემდე არ არსებობს. გამგეობის მიერ 2005 წლის 25 თებერვლის #59 და 30 ნოემბრის #345 დადგენილებებით დაფუძნდა სახელმწიფო საწარმო სასაკლაო ბაქნის მოსაწყობად. ამ ბაქანზე მთელი რაიონის მასშტაბით უნდა დაკლულიყო პირუტყვი. მოსახლეობას აეკრძალა საკუთარ ეზოებში მსხვილფეხა პირუტყვის დაკვლა. ამისათვის ბიუჯეტიდან თანხა გამოიყო. თუმცა დღემდე ეს ,,საწარმო” არ მუშაობს.

ეს არის მოკლე ჩამონათვალი იმ საქმიანობის, რაც გორის რაიონის გამგეობამ 2004-2006 წლებში განახორციელა. ამ ტიპის დარღვევებს შიდა ქართლის პროკურატურა ერთი წელია იკვლევს, თუმცა ჯერ-ჯერობით რეაგირება არ მოჰყოლია.

საბა წიწიკაშვილი, გორი

 

 

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

სიკვდილით სავსე ქალაქი
ჩაიცვით საუკეთესო ტანსაცმელი. კარგად დახედეთ ბავშვებს და ჩაეხუტეთ. მოიკითხეთ დედა. დაურეკეთ მეგობრებს. გადახედეთ სახლის საბუთებს, ხომ წესრიგშია. თქვენ მალე მოკვდებით. თქვენ მოკვდებით ავარიაში.
ვრცლად...
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
კუდები გვაკვირვებს
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC