კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ეკომიგრანტთა 14 სულიან ოჯახს საკუთარი კუთხიდან აყრას სთავაზობენ

17 აგვისტო, 2007

სახელმწიფო ეკომიგრანტ დავითაძეების 14-სულიან ოჯახს ღია ცის ქვეშ ტოვებს. მახინჯაურში მდებარე პანსიონატი `ნარინჯი~, სადაც ისინი ცხოვრობდნენ, ყაზახმა ინვესტორებმა შეისყიდეს. შენობიდან დევნილებისა და ეკომიგრანტების უმეტესობა გასახლებულია. დარჩნენ მხოლოდ დავითაძეები, რომლებიც შეთავაზებულ კომპენსაციას არ დათახმდნენ. ყაზახებმა შენობის დანგრევა უკვე დაიწყეს.

დავითაძეები 1989 წლის სტიქიის შედეგად დარჩნენ უსახლკაროდ. მაშინ სახელმწიფომ მათ დროებითი თავშესაფარი პანსიონატ "ნარინჯში" გამოუყო. ყაზახებმა პანსიონატში მყოფ დევნილებსა და ეკომიგრანტებს 7-7 ათასი დოლარი შესთავაზეს. დავითაძეებმა შეთავაზებულ კომპენსაციას იმ მიზეზით არ დათანხნმდნენ, რომ 18 წლის განმავლობაში მათი ოჯახი გამრავლდა და ერთის მაგივრად ახლა ფაქტობრივად ოთხი ოჯახი აქვთ. ამჟამად პანსიონატში მხოლოდ მათი ოჯახია დარჩენილი. ოჯახის დიასახლისის, დინარა დავითაძის განცხადებით, ჩეხური კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯიას" მიერ "აჭარის ენერგოკომპანიის" შესყიდვის შემდეგ ეკომიგრანტებს ელექტროენერგიის მიწოდებაც შეუწყვიტეს. "გაწამაწიაში ვართ. ცხოვრება აუტანელი გაგვიხდა. შენობას სახურავი გადახადეს, როგორ არ შევაკეთეთ, მაგრამ წყალი მაინც ჩამოდის. ოთახში, ჭერზე ცელოფანი გვაქვს გაჭიმული, წვიმისგან რომ თავი დავიცვათ. სხვა გამოსავალი არ გვაქვს. შენობას მეორე მხრიდან მოყვებიან, ანგრევენ და ბოლოს აქაც მოაღწევენ. ნგრევა ჩვენამდე რომ მოაღწევს, გასვლა მაინც მოგვიწევს, აბა, პატარა ბავშვებს ხომ არ დავახოცინებ".

ალექსანდრე დავითაძის ოჯახი ხულოს რაიონის სოფელ წაბლანაში ცხოვრობდა. ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად, მათ აღარც სახლი დარჩენიათ და არც მიწის ნაკვეთი. "ახლა გვეუბნებიან, წადითო. სად წავიდეთ? წასასვლელი არსად არ გვაქვს. იტყვიან, ნათესავი არ ჰყავსო? 14 სული რომელ ნათესავს მივადგეთ? სტიქიის შემდეგ მთელი სოფელი აყარეს. მხოლოდ 15 ოჯახს, რომელთაც სტიქიის დროს ოჯახის წევრები დაეღუპათ,  სახლების შესასყიდი თანხა მისცეს. მაშინ მთავრობის წარმოადგენლებმა ასე მითხრეს, შენც რომ დაგღუპვოდა ვინმე, მოგცემდითო",  - აცხადებს ალექსანდრე დავითაძე. 

პანსიონატში ეკომიგრანტთა 27 ოჯახი იყო. უმეტესობამ 7 ათასი დოლარის კომპენსაცია მიიღო და პანსიონატი დატოვა: "ამ თანხით, 14 სულიანი ოჯახი სად უნდა წავიდეთ? ჩვენი დანაშაული, როგორც ჩანს, ის ყოფილა, რომ გავმრავლდით.  გვეუბნებიან, კახეთში ჩაგასახლებთო, მაგრამ აქაც ხომ უნდა გყავდეს ვინმე?! " - ამბობს დინარა დავითაძე.

დავითაძეებს ხელისუფლებამ ალტერნატიული ფართო შესთავაზა -  პანსიონატ "ქობულეთის" პირველ სართულზე მდებარე ყოფილი სამზარეულო, რომელიც შუშის კედლებითაა აშენებული. თან ურჩიეს,  დაშალე, ამოაშენე ოთახები, შედი და დროებით იცხოვრეო. რამდენ ხანს ვარემონტო დანგრეული პანსიონატები, სარდაფები და კოტეჯები?! – ვერ გაუგია ოჯახის უფროსს.

დავითაძეებმა თავიანთი გასაჭირის გამო ხელისუფლების თითქმის ყველა ინსტანციას მიმართეს, მაგრამ დადებითი პასუხი ვერ მიიღეს. "დღეს საქართველოში ყველას უჭირს, მაგრამ ჩვენისთანა გაპარტახებული არავინ არის. ამიტომ ვთხოვე ისეთი თანხა მოეცათ, რომლითაც 14 სული, 4 ოჯახი, მე და ჩემი შვილები როგორმე დავბინავდებოდით. მათ ჩვენთვის 7 ათასი დოლარის მეტი არაფერი შემოუთავაზებიათ. მხოლოდ იმას გვთავაზობდნენ, თუ გიჭირთ, წადით ახმეტის რაიონში, იქ შეგისყიდით სახლსო. ასე გვიშორებენ თავიდან. არ ვიცი, რამდენ ხანს გაგრძელდება ჩვენი წამება. მხოლოდ ის ვიცი, ჩვენ მართლები ვართ ყველას წინაშე".

ამავე შინაარსის წერილებს ალექსანდრე დავითაძე ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებას დღემდე უგზავნის. თუმცა პასუხებიც ისევე ჰგავს ერთმანეთს, როგორც წერილები. სულ ბოლო წერილში, რომელიც დავითაძეებმა საქართველოს მთავრობის კანცელარიიდან, კერძოდ კი, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მოქალაქეთა წერილებზე მუშაობის განყოფილების უფროსის, ნინო მესხისაგან მიიღეს, ეწერა: (სტილი დაცულია): `მივიღეთ თქვენი განცხადება და ყურადღებით განვიხილეთ იგი. თქვენ არაერთხელ მოგვმართედ ანალოგიური განცხადებით. ჩვენი ინფორმაციით, ინვესტორი, რომელმაც შეისყიდა პანსიონატი `ნარინჯი~, ყველა იქ მცხოვრებ ოჯახს უხდის კომპენსაციას, მათ შორის თქვენს ოჯახსაც. რაც შეეხება თქვენს თხოვნას, საჯარო მოხელეების `ჯიბიდან~ თქვენთვის ბინის შეძენის თაობაზე, დავაზუსტოთ: ერთი - საქართველო არ არის რესპუბლიკა, მეორე – ულტიმატუმი, რომ მაინც და მაინც ბათუმში გინდათ 14 სულს ცხოვრება, ცოტა უხერხულად ჟღერს, როცა შემწეობას ითხოვთ. იქნებ დაყაბულდეთ ბინის შეძენას იქ, სადაც სახლის შესყიდვას საკომპენსაციო თანხა ეყოფა".


ემზარ დიასამიძე, ბათუმი

ახალი ამბები