11:26, Sunday, 15.09.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ქართულ-ოსურ სოფელ ხურვალეთში წყალს ითხოვენ -მიმხედავი კი ჯერ არ ჩანს

30.10.2007
  გორის რაიონის სოფელ ხურვალეთის საჯარო სკოლას დახურვა ემუქრება. ამ სკოლაში ბავშვების რაოდენობა მკვეთრად მცირდება. ოსი ეროვნების ბავშვები სასწავლებლად ოსურ სოფლებში მიდიან, რადგან იქ თურმე უფრო უკეთესს საჩუქრებს არიგებენ.

,,სასმელი წყალი არა გვაქვს. სკოლის ეზოში წყალს ვედროებით ვეზიდებით.  ვედროში კი ანტისანიტარიაა, რადგან მასში ყველა  ჭიქას ჰყოფს აბინძურებს. სოფელში სასმელი წყლისთვის მიწა  სამგან არის დაბურღული. ესეც არ არის საკმარისი. ბევრს კერძო ჭებიც  აქვს, მაგრამ მათი ლაბორატორიული შემოწმება რომ მოხდეს, არც ერთი  ჭის წყალი არ დაილევა. იმის საშუალება არა გვაქვს, რომ სადმე ჩავიდეთ და ვიჩივლოთ" - ამბობს ხურვალეთში მცხოვრები ნელი კაჩმაზოვი.

,,ბავშვთა რაოდენობა მკვეთრად მცირდება. გვერდზე ოსური დასახლებაა და ბავშვებიც სასწავლებლად იქ მიდიან. უკეთესი  პირობებია და საჩუქრებს აძლევენ. ეს სოფლებია ჯუკაანთ კარი, წინაგარა. სწორედ იქ გადადიან ბავშვები. შარშან თუ გვყავდა 81 ბავშვი, დღეს გვყავს  70 ბავშვი. დიდი საშიშროებაა, რომ კიდევ მეტი წავიდეს სკოლიდან. სკოლა გასარემონტებელია, არ გაგვირემონტეს, ე.წ. ,,მინუსიანი" სკოლააო, რადგან არ გვყავს იმდენი ბავშვი, ამიტომ ვაუჩერებიც საკმაოდ მცირეა", - გვითხრა  სკოლის ერთ-ერთმა პედაგოგმა.

სოფელში ტრანსპორტი არ დადის. ხალხს ერთადერთი მოძველებული ავტობუსი ემსახურება, თუმცა, ისისც  ხურვალეთის გავლით გადის მხოლოდ. ეს ავტობუსი ოსურ სოფელ წინაგარამდე ადის და გზად ყველა სოფელს გაივლის. გორამდე მგზავრობა ლარ ნახევარი ღირს. ,,გორამდე რომ ჩავიდე და წამოვიდე, 3 ლარი მინდა. რა უნდა გავაკეთო იმ სამი ლარისა, რომ ქალაქში ჩავიდე და ჩამოვიდე." - ამბობენ აქაური მაცხოვრებლები.

,,სოციალური აგენტი დადის, მაგრამ თვალები აქვს აკრული თუ თვალდახუჭული დადის, არ ვიცი, ისეთ ოჯახებს მისცეს დახმარება, რომ გააოცებს კაცს", - ამბობს ვარა ხუბულური.

სოფლის დანარჩენ მაცხოვრებლებს ეამაყებათ, რომ ისინი ისტორიულ ადგილებში ცხოვრობენ, თუმცა დღესდღეობით მათ ეს ისტორიული ადგილები არაფერში არგიათ.

,,ხურვალეთი  - საეკლესიო მიწებია. ადრე  სამთავისის ეკლესიას ეკუთვნოდა. სოფელში სამი უბანია - საეკლესიო უბანი, თელის უბანი და დიდი ხურვალეთი. სახელწოდება მოდის იქიდან, რომ მხურვალე ადგილია. ხის ნასახი არ იყო აქ და ცენტრალური გზიდან რომ გამოიხედო, ხელისგულივით ვჩანვართ.  აქ ძირითადად შერეული ოჯახები ცხოვრობენ. მთლიანად სოფელში 370 კომლი იქნება. აქედან საკმაოდ ბევრი ოსი ეროვნების მაცხოვრებელია. ხუბულურები, ჯეირანაშვილები, კოჩმაზოვები. აქ თავადები - ამირეჯიბები, მაღალაშვილები, მამაცაშვილები ცხოვრობდნენ. ნელ-ნელა სოფელმა დაბლა ჩამოიწია,  სადაც წყალი იყო. აქ ტირიფონის სარწყავი არხი იყო. ეს სარწყავი წყალი ცხინვალიდან მოდის. სანამ აქამდე მოვა, რამდენიმე სოფელი უნდა გაიაროს. წყალი ჩვენამდე აღარ აღწევს. ყველაზე კარგი იქნება, თუ ნადარბაზევის ტბა შეივსება და იმ რეზერვით მოვმარაგდებით. მილებზე პრობლემა არ არის. მილები გვაქვს სოფელში. წყალსაქაჩი სისტემა დღე-ღამეში დაახლობით 300-400 ლარის ელექტროენერგიას  ხარჯავს. მთელ საქართველოში უნიკალური წყალსაქაჩი გვაქვს, რომელიც არეულობის დროს შევინარჩუნეთ. აქ არც ერთი ,,მოტორი" არ გაძარცვულა, ყველაფერი შევინარჩუნეთ." - ამბობს ხურვალეთში მცხოვრები ჟორა ხუროშვილი.

,,თქვენ გაიხარეთ, რომ ჩამოხვედით, სატკივარს მაინც გაგიზიარებთ. ძალიან გვიჭირს. ხუთი წევრი მყავს ოჯახში. 38 ლარი მაქვს პენსია. ერთ ტომარა ფქვილს ვერ ვყიდულობ. არ მინდა ვიწუწუნო, რა გამოვა ამით, რომ ვიწუწუნო?" - ამბობს მოხუცებული ნიკოლოზ ხუბულური.

სოფლამდე მხარის გუბერნატორის და რაიონის გამგებლის ინიციატივით ახალი გზა იგება.
,,ხურვალეთში ახალი პროექტი ხორციელდება, რომელიც ითვალისწინებს ასევე დანარჩენი 20 სოფლის გზების რეაბილიტაციას. 90 კილომეტრ სასოფლო გზის მშენებლობის სამუშაოები ერთი თვის მანძილზე გრძელდება. 450 000 კვ.მ გზის რეაბილიტაციისთვის პრეზიდენტის ფონდიდან 600 000 ლარია გამოყოფილი და მას გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა ახორციელებს." - აღნიშნა ჩვენთან საუბარში გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა რამაზ ჩოჩიშვილმა.

მხარის რწმუნებულმა ლადო გეგელაშვილმა გვითხრა, რომ ამ სოფლების განვითარება ინფრასტრუქტურის განვითარებით იწყება. ,,ნელ-ნელა დანარჩენ პრობლემებსაც მივხედავთ. როგორც ჩემთვის ცნობილია, საკმაოდ მწვავედ დგას სარწყავი წყლის პრობლემა. ნადარბაზევის ტბას, საიდანაც შეიძლება სოფელი სარწყავი წყლით მოვამარაგოთ, თურმე ვიღაც დაპატრონებია და თხრის. ყველაფერს ეტაპობრივად გადავწყვეტთ." - გვითხრა გუბერნატორმა.


საბა წიწიკაშვილი გორი


Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC