კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რუსთველის გამზირი 18 წლის შემდეგ კვლავ გაზის ბოლში ეხვევა

7 ნოემბერი, 2007

7 ნოემბრის დილას, 8 საათზე დარბეულ მოშიმშილეებს რამდენიმე საათის შემდეგ, დაახლოებით პირველი საათისათვის ახალი დაშავებულები და დარბეულები შეემატნენ. საპროტესტო აქციის დაშლა პოლიციელებმა თავდაპირველად „დუბინკებით“ სცადეს. მაგრამ რამდენიმე წუთში სპეც-ნაზმა მოქალაქეთა დასაშლელად წყლის ჭავლი, გაზი, ხელკეტები და რეზინის ტყვიები გამოიყენა. აქციის მონაწილეებმა ქაშუეთის ეკლესიის ეზოში გადაინაცვლეს, თუმცა, სპეც-ნაზი იქაც აგრძელებს მათ დარბევას. დაზარალებულები სასწრაფო მანქანებით საავადმყოფოებში გადაჰყავთ. ამ დროისათვის უცნობია კონკრეტულად რამდენი ადამიანია დაშავებული.

 

 

7 ნოემბრის ქრონოლოგია

11:15

პარლამენტის წინ მომიტინგეთა რაოდენობას პოლიციელთა რაოდენობა აშკარად სჭარბობს. მომიტინგეები დროშებით ხელში პარლამენტის წინ შეკრებას იწყებენ. წვიმს. ამ დილით ყველას რატომღაც 9 აპრილი ახსენდება: „კაცთმოძულეები, ხალხო არ შეგვაშინონ. ერთად თუ დავდგებით ვერაფერს დაგვაკლებენ“... ნელ-ნელა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია ხალხით ივსება. ხანშიშესული ქალი ორ დიდ ჩანთას ძლივს მოათრევს: „პროდუქტი ჩამოვიტანე რაიონიდან, ვის ჩავაბარო?“.. მართალია, მიტინგი 2 საათისათვის არის დაგეგმილი, მაგრამ დაახლოებით თორმეტის ნახევრისათვის, მეგაფონიანი გამომსვლელები უკვე ერთმანეთს ცვლიან. მოწოდებები უცვლელია: „ამ ხელისუფლების დღეები დათვლილია“, „საკუთარ თავს განაჩენი მათ თავად გამოუტანეს“...

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ აქციის დარბევამდე რამდენიმე წუთით ადრე მოშიმშილეთა დარბევასთან დაკავშირებით ოპოზიციის ლიდერებს და სახალხო დამცველის კომენტარებს იწერს:

კახა კუკავა, კონსერვატიული პარტია: „ეს არის სააკაშვილის უკანასკნელი აგონია. მივხვდით, რომ დემოკრატიული არჩევნების ჩატარება სააკაშვილის პირობებში შეუძლებელია, ამიტომ ჩვენ ჯერ დავშლით სააკაშვილის ხელისუფლებას და მერე ჩავატარებთ არჩევნებს“.

ზვიად ძიძიგური, კონსერვატიული პარტია: „ამ ხელისუფლებას სინდისი რომ არ ჰქონდა, ვიცოდით, მაგრამ ამასთანავე ერთი გრამი ჭკუაც არ ჰქონია თავში. არცერთი ხელისუფლება ამგვარ ქმედებებს არ აკეთებს იმის გამო, რომ ეს ხალხის შეურაცხყოფას იწვევს. დღეს, როდესაც მოშიმშილეებს წიხლით სცემეს, ეს ბოლოს როდიონოვმა 1989 წლის 9 აპრილს გააკეთა. სააკაშვილს ძალიან უყვარს სიმბოლოებით ლაპარაკი და სიმბოლურია, რომ დღეს, სწორედ 7 ნოემბერს დასრულდება მათი ამბავი. საზოგადოება აღშფოთებულია. საქართველოს ყველა მოქალაქე უკვე კარგად ხვდება, რომ პარლამენტის წინ მოსვლა არის უპრინციპულესი საკითხი. ჩვენ ვიმოქმედებთ ძალიან აქტიურად. ხალხმა უნდა თქვას თუ ვის ირჩევს ის - ოპოზიციას თუ ხელისუფლებას“. 

დავით უსუფაშვილი, რესპუბლიკური პარტია: „9 აპრილის შემდეგ მსგავსი მოვლენები საქართველოში არ განვითარებულა. მშვიდობიან მოშიმშილეებს პოლიცია განსაკუთრებული სისასტიკით გაუსწორდა. ისინი პირდაპირ კიბეებიდან აგორებდნენ მოშიმშილეებს. აღსანიშნავია ისიც, რომ მოშიმშილეებს არ მიუღიათ არანაირი გაფრთხილება იმის შესახებ, რომ ისინი კანონს არღვევდნენ. პოლიცია იყო უტყვი. როდესაც ვეკითხებოდით, თუ რატომ ყრიდნენ მშვიდობიან მოშიმშილეებს, ისინი არცერთ სიტყვას არ ამბობდნენ, შტურმით აგრძელებდნენ მათ აყრას. გარდა ამისა, ისინი ჟურნალისტების ტექნიკასაც გაუსწორდნენ. წაართვეს კამერები და კასეტები. თუმცა, აქ მუშაობდა თავად შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე კამერა. როგორც ვიცი, ერთმა უცხოელმა კორესპონდენტმა მოახერხა და დარბევის კადრების გადაღება მოასწრო“.

სოზარ სუბარი, სახალხო დამცველი: „ბოლო დღეებში ძალიან ბევრჯერ დაირღვა მანიფესტაციისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება როგორც თბილისში, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. ეს იყო მომიტინგეების სასტიკი ცემა, ქონების განადგურება და ამის ლოგიკური გაგრძელება იყო ისიც, რაც დღეს დილით პარლამენტის წინ მოხდა“.

ნესტან კირთაძე, ლეიბორისტული პარტია: „ეს არის ამ ხელისუფლების დიქტატორული რეჟიმის რეალური გამოხატულება. დიქტატურას ნერვები არ ჰყოფნის, როდესაც მშვიდობიან დემონსტრაციას, სანთლებით ხელში მლოცველ დემონსტრანტებს ხედავს. სააკაშვილის დიქტატორული რეჟიმი მალე გახდება ისეთივე ღრმა წარსული, როგორიც ბოლშევიკური რეჟიმი იყო“.

გიორგი გაჩეჩილაძე, მომღერალი: „რა კომენტარი უნდა გავაკეთო. ესენი არიან ნაცისტები და იმ თაობის მემკვიდრეები, რომლებიც 20-იან წლებში მოქმედებდნენ საქართველოში. ეს არის დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობა? ეს არის?“

დავით ზურაბიშვილი, პარტია „დემოკრატიული ფრონტი“: „ხელისუფლებას ნერვებმა უმტყუნა და 9 აპრილის შემდეგ პირველად აღმართეს მშვიდობიან მომიტინგეებზე ხელი. აქციები ჩვეულებრივად გაგრძელდება, ჩვენ უკან დახევას არ ვაპირებთ. ეს ქართველი ხალხის ნებაა და ამაში სააკაშვილი სულ მალე თავად დარწმუნდება, რომელსაც მინდა ამასთანავე დიდი ოქტომბრის რევოლუციის 90 წლის თავი, 7 ნოემბერი მივულოცო“.  

12:00

დაახლოებით ასეთი განწყობა აქვთ ოპოზიციის ლიდერებს სპეც-ნაზის გამოჩენამდე. რამდენიმე წუთით ადრე. მიუხედავად პარლამენტის წინ გავრცელებული ხმებისა, რომ ხელისუფლება მომიტინგეების დაშლას კვლავ აპირებს, რუსთაველის გამზირისაკენ მომავალი ხალხის ნაკადი არ წყდება. ახალგაზრდა აქტივისტები დროშებით ხელში ქალაქში გასასვლელად ემზადებიან. ამჯერად, მათი მიზანია, მოსახლეობას მხარდაჭერისაკენ მოუწოდონ. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას პოლიციის დანაყოფები აბსოლუტურად აკონტროლებენ, რაც შეკრებილი ხალხის უკმაყოფილებას იწვევს. მომიტინგეები პოლიციის თანამშრომლებს მოუწოდებენ, გაიხადონ ფოსფორისფერი საწვიმრები და ხალხის მხარეს გადავიდნენ. პირველი მცდელობა პოლიციის კორდონის გარღვევის და რუსთაველის გამზირის გადაკეტვისა, უშედეგოდ სრულდება.

13:00

პარტამენტის შენობის წინ ორი საათისათვის დაბარებული ხალხი მიტინგზე გაცილებით ადრე მოდის. რუსთაველი ჯერ კიდევ არ არის შევსებული. გზა გახსნილია. მას ფოსფორისფერ საწვიმარებში შეფუთული პოლიცია იცავს. გზაზე ჟურნალისტებსაც არ გვიშვებენ. ხალხში დროგამოშვებით ვრცელდება სხვადასხვაგვარი ინფორმაცია მიტინგის სავარაუდო დარბევის შესახებ. „ბევრნი ვართ, ვერაფერს გაგვიბედავენ“. „რესპუბლიკის მოედნიდან სპეცრაზმი მოდისო“, „იქნებ ძირს დავწვეთ ყველანი?“...

მობილური კავშირი პრაქტიკულად შეუძლებელია, გათიშულია აპარატურა,  ოპოზიციის ლიდერები ხალხს ხმას ვერ აწვდიან. მხოლოდ რამდენიმე წუთით ირთვება მიკროფონი და  ხალხს ცოცხალი კორიდორის გაკეთებისკენ მოუწოდებენ...
„ქალები უკან! კაცები წინ წავიდეთ!“რამდენიმე წუთში ხალხი გზის სავალ ნაწილზე გადადის. რუსთაველი რამდენიმე წამით ისევ იკეტება, თუმცა პოლიცია შეტევაზე გადადის და ყველა მიმართულებით ხელკეტებით უსწორდება მომიტინგეებს. ხალხს გამეტებით სცემენ, ათობით ადამიანი ადგილზე ეცემა, სასწრაფო დახმარების მანქანებს ხალხის გარღვევა უჭირს. მოულოდნელად კი პოლიცია ტერიტორიას ტოვებს და რუსთაველის მიმართულებით მიდის. რუსთაველი კვლავ „ხალხისაა’’, თუმცა ათ წუთში პოლიციელების ნაკადს წყლის ჭავლი ცვლის. წვიმისაგან ისედაც დასველებული ხალხის ნაწილი ბოლომდე ილუმპება. ადგილზე დაახლოებით ათი სასწრაფო მანქანაა მობილიზებული.

„დაშავებულები იქნებ მანქანებთან მოვიდნენ“. ზოგს აქვს მისვლის თავი, ზოგი ხელში აყვანილი მიჰყავთ. ზუსტი რაოდენობის დადგენა ამ წუთებისათვის შეუძლებელია. ტალახში ამოთხვრილი ხალხი შადრევნებისკენ ინაცვლებს. შუახნის კაცს ფეხსაცმლის ქუსლი მოსძვრა ჭყლეტისას. დაშავებულები, ვინც ჯერ კიდევ ფეხზე დგას უშვერი სიტყვებით ილანძღებიან.

რამდენიმე წუთში კი მოულოდნელად პარლამენტის შენობის მხრიდან ცრემლსადენი გაზის გაშვება იწყება. მომიტინგეებს ბოლი ფარავს. ხალხი პანიკაშია, შუაში მდგარებს სუნთქვა უჭირთ. ხალხი მამადავითის მიმართულებით გარბის. გზად შემხვედრ პატრულის მანქანებს ზოგიერთი მომიტინგე, რომელსაც გაზის გამო ჯერ კიდევ ცრემლი მოსდის, წიხლებს ურტყამენ.

ჰაერში გაზის სუნი დგას, სუნთქვა ჭირს და ცხვირში გაურკვეველი წვა იგრძნობა. ადამიანებს სასწრაფო დახმარების მანქანები გზაში „კრეფენ“ ხალხი დაშლილია.

ნინო თარხნიშვილი, ეკა ქევანიშვილი, თბილისი

ახალი ამბები