12:54, Thursday, 22.08.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ზუგდიდში ს.ს. „ენგურის სამედიცინო კომპლექსს“ დახურვა ემუქრება

27.12.2007
არსებობს თუ არა დაპირისპირება გუბერნატორ გოროზიასა და პარლამენტარ ქობალიას შორის?!

უახლოეს მომავალში, შესაძლოა,  ს.ს. „ენგურის სამედიცინო კომპლექსი“ გააუქმონ, ხოლო სასტუმრო „ოდიშიდან“ დევნილები გაასახლონ. ამ ინფორმაციის რეალობაზე მხარეები და საზოგადოება ზუგდიდში აქტიურად საუბრობს, თუმცა ოფიციალური დოკუმენტი ჯერჯერობით არ არსებობს. სასტუმრო „ოდიშის“ ოთხმილიონ აშშ დოლარად თურქ ბიზნესმენებზე მიყიდვისა და იქ მცხოვრები დევნილების ს.ს. „ენგურის სამედიცინო  ცენტრში“ ჩასახლების შესახებ ინფორმაციაც მხოლოდ ვრცელდება.

გავრცელებულმა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ ოცდაათწლიანი ფუნქციონირების შემდეგ ს.ს. „ენგურის სამედიცინო კომპლექსმა“ შესაძლოა, არსებობა შეწყვიტოს, მედიკოსებში შეშფოთება გამოიწვია. შფოთს, სამუშაოს დაკარგვის შიშიც მოჰყვა და საავადმყოფოს 80-მდე თანამშრომელი ხელისუფლების მიერ გამოტანილ საბოლოო განაჩენს დიდი მოთმინებით ელოდება. განაჩენს ზუგდიდის სასტუმრო „ოდიშის“ შენობაში მცხოვრები დევნილთა 70-მდე ოჯახიც ელოდება, რომელიც გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ს.ს. „ენგურის სამედიცინო კომპლექსში“ უნდა ჩაასახლონ.

ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაცია ს.ს. „ენგურის სამედიცინო კომპლექსის“ მოსალოდნელი გაუქმების შესახებ, მისი ხელმძღვანელისათვის, დაზმირ ცანავასათვის მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან  ირიბი საუბრები ამ თემაზე უფრო ადრე დაიწყო.

დაზმირ ცანავა, დირექტორი: „საუბრები იმის შესახებ, რომ ზუგდიდში მხოლოდ ერთი, ცენტრალური საავადმყოფო საკმარისი იყო იმისათვის, რომ რაიონის მოსახლეობის მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა, მუდმივად მესმოდა. იყო რამდენიმე წინადადება, შემოთავაზება. ცოტა ხნის წინ ზუგდიდის ცენტრალური საავადმყოფოს მენეჯერი, ზაზა ფიფიაც გვესტუმრა და გვითხრა, რომ ეს საავადმყოფო კომპანია „ბლოკ ჯორჯიას“ გადაეცა და საჭირო იყო ერთ-ერთ დოკუმენტზე ხელის მოწერა იმისათვის, რომ საჯარო რეესტრიდან ამონაწერი ამოეღო... თუმცა მოკლე ხანში ისევ გადაიფიქრეს და განგვიმარტეს, რომ კომპანია „ბლოკ ჯორჯიამ“ უარი განაცხადა შესყიდვაზე“.

ს.ს. „ენგურის სამედიცინო კომპლექსი“, ყოფილი ენგურქაღალდკომბინატის მედსანიტარული ნაწილი 1996 წელს, როგორც ენგურქაღალდკომბინატის ინფრასტრუქტურის ნაწილი მასთან ერთად დაიშალა. იმავე წელს მედიკოსებმა გადაწყვიტეს საავადმყოფოს პრივატიზება მოეხდინათ და სამედიცინო დაწესებულება ვაუჩერის გამოყენებითა და საკუთარი სახსრებით შეენარჩუნებინათ. ადმინისტრაციამ საპრივატიზაციო დოკუმენტებიც შეადგინა და ქონების მართვის სამინისტროს განცხადებითაც მიმართა, თუმცა პასუხი წლების განმავლობაში არ მიუღია.

ს.ს. „ენგურის სამედიცინო კომპლექსის“ შენარჩუნების საკითხი მედიკოსების წინაშე კიდევ ერთხელ, 1998 წლის მაისის ცნობილი მოვლენების შემდეგაც დადგა, როდესაც ათასობით დევნილი საავადმყოფოს შენობაში შეიხიზნა და თავშესაფარი იპოვა.

ბაია მაქაცარია, ექიმი: „აფხაზეთიდან ხელმეორედ გამოძევებული მოსახლეობა საავადმყოფოს მოაწვა, შენობიდან ჩანდა თუ როგორ ეხვეოდა ცეცხლის ალში აფხაზების მიერ გადამწვარი ქართული მოსახლეობის სახლ-კარი... სხვა გამოსავალი არ გვქონდა, მცირეწლოვანი ბავშვები თავშესაფრის გარეშე რჩებოდნენ. შენობაში ტევა არ იყო, ლიფტშიც კი ცხოვრობდნენ და შუაცეცხლს იქვე ანთებდნენ. ნახირიც კი შემორეკეს...“

სირთულეების მიუხედავად, სამედიცინო დაწესებულება ფუნქციონირებას მაინც განაგრძობდა, თუმცა მთავარი სიძნელე მედიკოსებს მაშინაც შეექმნათ, როდესაც საავადმყოფოს დირექტორი, დაზმირ ცანავა საოლქო პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს და პრივატიზაციის პროცესში დაშვებული უზუსტობების გამო ახსნა-განმარტებები მოსთხოვეს. დასაპატიმრებლად გამზადებული დაზმირ ცანავა საპყრობილეში გადაყვანას მაშინ მხოლოდ იმიტომ გადაურჩა, რომ მისი ბრალეულობა ვერ დადასტურდა, თუმცა პრივატიზაციის განმხორციელებელი ქონების მართვის სამინისტროსათვის განმარტებები არავის მოუთხოვია.

განმარტებები და განცხადებები რამდენიმე დღის წინ ზუგდიდელმა პარლამენტარმა გრიშა ქობალიამ საავადმყოფოში გამართულ შეხვედრაზე გააკეთა. მან მედიკოსებთან ერთმნიშვნელოვნად დაგმო სახელმწიფო ქონების უკანონოდ გასხვისების ფაქტები და განაცხადა, რომ იგი არ დაუშვებდა არც საავადმყოფოს და არც სასტუმრო „ოდიშის“ გაყიდვას. მედპერსონალს მან უკანონო შესყიდვების უკან სამეგრელო-ზემო-სვანეთის გუბერნატორის, ზაზა გოროზიას ინტერესებიც დაუსახელა და მისი მხრიდან ანაკლიელი გლეხებისათვის მიწის ფართობების ჩამორთმევის ფაქტიც შეახსენა.

თუმცა გრიშა ქობალიას საკუთარი ინტერესების არსებობა როგორც ანაკლიაში, ასევე სასტუმრო „ოდიშის“ შენობაში არ უხსენებია. სამაგიეროდ, ყველასათვის ცნობილი ფაქტია, რომ ტელერადიოკომპანია „ოდიშის“ მფლობელს სასტუმრო „ოდიშის“ შენობის რამდენიმე ოთახში სატელევიზიო ანძის ტექნიკური აღჭურვილობა აქვს განთავსებული, ხოლო ანაკლიაში აუქციონზე გატანილი მიწის ფართობების დასაკუთრება და იქ სასტუმროთა ქსელის გაშენება სწორედ მას სურდა. გრიშა ქობალია არც იმას ამბობს, რომ იმ ადამიანების უკან თავად იდგა, ვინც სოფელ შამგონის, დარჩელისა და ახალკახათის მოსახლეობაში ხელმოწერებს აგროვებდა და გუბერნატორის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლებს გეგმავდა.

ზაზა გოროზია გავრცელებულ ინფორმაციებსაც უარყოფს და შესყიდვა-გაყიდვებშიც მის მონაწილეობასაც გამორიცხავს: „თუ ვინმე დაინტერესებულია ჩემს დისკრედიტაციაში ვარწმუნებ, რომ არ გამოუვა. მე არც სასტუმრო „ოდიშის“ გასხვისებაზე და არც საავადმყოფოს გაუქმებაზე მსმენია რამე. ეს ჩემი ფუნქცია არ არის და მასზე ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროები ერთობლივად მუშაობენ. ასე, რომ არც არანაირი ინტერესი მაქვს ამ საქმეში და ვერც ვერაფერს ვწყვეტ. თუმცა თუ მათ ჩემთან შეხვედრის სურვილი გაუჩნდებათ, მე მზად ვარ რეკომენდაციები გავუწიო“.

ს.ს. „ენგურის სამედიცინო კომპლექსის“ დირექტორმა, დაზმირ ცანავამ რამდენიმე დღის წინ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, დავით ტყეშელაშვილს წერილით მიმართა და სამედიცინო დაწესებულების მნიშვნელობაზე ხაზგასმით მიუთითა აღნიშნა. იმის გათვალისწინებით, რომ იგი რეგიონში ერთადერთი სახელმწიფო დაქვემდებარებაში მყოფი საავადმყოფოა, რომელიც ზუგდიდის მუშათა უბანს და გალის რაიონის დაბალი ზონის სოფლების მოსახლეობას ემსახურება, მუშაობა არ უნდა შეწყვიტოს. დაზმირ ცანავა: „ჩვენ ვემსახურებით მოსახლეობის 50%-ზე მეტს, მათ, ვისაც არც პოლისი ეკუთვნის, არც დაზღვევა აქვს და არც იმდენი თანხა, რომ კერძო საავადმყოფოს მიაკითხოს. აქ მაღალი დონის ექიმები მუშაობენ და უნიკალური ქირურგიული ოპერაციები დაბალ ფასებში ტარდება. ჩვენ ვთავაზობთ მუნიციპალურ საავადმყოფოდ გარდაქმნას, ეს კი იმას ნიშნავს, რომ თვითდაფინანსებაზე გადავალთ და სახელმწიფოს ტვირთად არ დავაწვებით. საავადმყოფო მიიღებს მხოლოდ ჰუმანიტარულ დახმარებას. ასეთი სისტემა მოქმედებს ზუგდიდთან დაძმობილებულ აშშ ჯორჯიის შტატის ქ. კოლუმბუსში, რომელმაც გაამართლა. ვფიქრობ, რომ ასეთი მოდელი ჩვენი ჯანდაცვის სისტემისათვისაც მისაღები იქნება“.

მისაღები ვერ გახდება სასტუმრო „ოდიშში“ განთავსებული დევნილებისათვის საავადმყოფოს შენობაში ჩასახლება. 70-მდე ოჯახი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ასეთ გადაწყვეტილებას და აცხადებს, რომ ფართის დატოვებას არ აპირებენ.

სვეტა ჟვანია, დევნილი: „ცხრა წელია აქ ვცხოვრობთ, დამწვარი შენობიდან ნაგავი დღეების განმავლობაში გაგვქონდა... არავის დავუთმობთ, გარეუბანში საცხოვრებლად არ გადავალთ. ვიფიქრებთ. თუ მეპატრონე კომპენსაციას გადაგვიხდის შემდეგ ჩევნ გადავწყვეტთ სად ვიცხოვროთ“.

დევნილები მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადებას ემყარებიან, რომლის მიხედვითაც იძულებით გადაადგილებულ პირებს საკუთრებაში ის საცხოვრებელი ფართი უნდა გადაეცეს, სადაც ისინი დროებით იყვნენ განთავსებული. აფხაზეთიდან დევნილებმა საჯარო რეესტრიდან ის ამონაწერიც ამოიღეს, სადაც სასტუმრო „ოდიშის“  შენობა ჯერ კიდევ სახელმწიფოს საკუთრებად არის რეგისტრირებული.

ნანა ფაჟავა, ზუგდიდი.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
სახელი: dazmiris 100 celi sicocxle
2013-08-20 20:49
pacients mivmartav: dasamarxi shen xar da shenistanebi cocxlad....
სახელი: პაციენტი
2012-06-09 17:21
დასამარხიე ეს კომპლექსი დაზმირრ ცანავასტან ერტად
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC