კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თვითმკვლელობა თუ მკვლელობა

4 იანვარი, 2008
საქმეს პოლიცია თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით იძიებს

ჯუმბერ ნაგერვაძემ ბათუმის დროებით მოთავსების იზოლატორში თავი ჩამოიხრჩო. ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვერსიაა. ოჯახის წევრები კი თვითმკვლელობის ფაქტს ეჭვქვეშ აყენებენ, მაგრამ დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარების თანხები არ გააჩნიათ. ფაქტთან დაკავშირებით კი, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით საქმეა აღძრული, რომელსაც ბათუმის პოლიციის მეორე განყოფილება იძიებს.

ოჯახს გამოძიების ექსპერტიზის შედეგების სიმართლეში ეჭვი ეპარებათ: „ჩემი შვილი მოკლულია, ის თავს არ მოიკლავდა. ჩემი შვილი გაპობილი მომიყვანეს. ნაცემი იყო, სხეული ჩალურჯებული ჰქონდა, შუბლი, ფეხები და მუხლებიც. ამ ყველაფრის ვიდეომასალა გვაქვს. რა უფლება ჰქონდათ რომ მშობლის გარეშე ჩაატარეს ექსპერტიზა? არ ვარ დარწმუნებული ამ ექსპერტიზის შედეგის სიზუსტეში. ახალი ექსპერტიზის ჩატარება მინდა, მაგრამ ამისთვის სამი ათასი ლარი მომთხოვეს“, _ ამბობს გარდაცვლილის დედა, ნაზიკო ნაგერვაძე.

თუმცა ოჯახს არც იმის ილუზია აქვს, რომ მათი შვილის მკვლელობის ფაქტის დამტკიცების შემთხვევაში, ვინმე შესაბამისად დაისჯება: „ყველაზე დიდი შედეგი _ ერთი თანამშრომელი გაათავისუფლონ, ამით ჩემს შვილს რა ეშველება“, - აცხადებს მამა.

გარდაცვლილის ახლობლები დარწმუნებული არიან, რომ ჯუმბერ ნაგერვაძე საკანში მოკლეს. ნაგერვაძე ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ახალსოფლის მკვიდრი იყო. სოდ-ის თანამშრომლებმა ის სპეც-ოპერაციის დროს დააკავეს. „სახლში ვიყავით. ჯუმბერის ტელეფონმა დარეკა, ვიღაც ნაცნობი ტაქსისტი ურეკავდა. ის გარეთ გავიდა, შემდეგ კი სროლის ხმა გავიგონეთ. გარეთ რომ გამოვედი, ჯუმბერი დაჭერილი ჰყავდათ“, _ იხსენებს დაკავებულის მამიდაშვილი, დავით ქოქოლაძე.

„სახლში შემოცვივდნენ, როგორც მხეცები, ძალიან ბევრნი იყვნენ. ყველა ოთახში მოეფინენ, ჩხრეკდნენ, მაგრამ დამსწრეებად ოჯახის წევრების გარდა არავინ დაასწრეს. ბოლოს ერთმა თქვა, აგერ კომპიუტერია და წავიღოთ, მაინც მოპარული ექნებაო. არადა, კომპიუტერი ჩემმა მეორე ბიჭმა მოსკოვიდან გამოგვიგზავნა“, - ამბობს ნაზიკო ნაგერვაძე.

ჯუმბერ ნაგერვაძე დაკავების შემდეგ დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. ხოლო მეორე დღეს, საღამოს 6 საათისთვის კი, ის საკანში ჩამომხრჩვალი ნახეს. ნაგერვაძეს ადვოკატი არ ჰყოლია, დამცველის აყვანას ოჯახი მეორე დღეს აპირებდა: „ჯუმბერმა ადვოკატის აყვანა გვთხოვა, თუმცა სახაზინო წესით, მისთვის დამცველი არ დაუნიშნავთ“, -  აღნიშნავს გარდაცვლილის ძმა, გენო ნაგერვაძე.

აჭარის სახალხო დამცველის რწმუნებული გიორგი ჩარკვიანი, რომელმაც ფაქტის შესასწავლად იზოლატორის საკანი მოინახულა, აცხადებს: „15 ნოემბერს, ნაგერვაძის თანამესაკნე  სასამართლოში წაიყვანეს. ნახევარ საათში ნაგერვაძემ წყალი სთხოვა მორიგეს. რამდენიმე წუთში კი მან სათვალთვალოდან დაინახა, რომ ნაგერვაძე ფართხალებდა. გუშაგს ყვირილი დაუწყია დასახმარებლად. საერთოდ, მორიგეს კამერის გასაღები არ აქვს, ამიტომ შიგნით ვერ შევიდა. შემდეგ ყველა თანამშრომელი და უფროსიც იქ მისულა, ხელოვნური სუნთქვა ჩაუტარეს, მაგრამ არაფერი ეშველა“. ჩარკვიანმა ეს ინფორმაცია მეთვალყურეებისგან მიიღო.

მომხდართან დაკავშირებით, წინასწარი დაკავების იზოლატორის უფროსს სულიკო ბერიძეს კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ. თუმცა, მან კომენტარის ნაცვლად შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე მიგვითითა, სადაც წერია, რომ ნაგერვაძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

მაკა მალაყმაძე, ბათუმი

ახალი ამბები