07:00, Monday, 01.03.2021
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

საპრეზიდენტო 'არჩევნების' შუქ-ჩრდილები სამცხე-ჯავახეთში

09.01.2008
რა ხდებოდა ადიგენისა და ახალციხის საოლქო საარჩევნო უბნებზე ხუთ იანვარს დილის შვიდი საათიდან. როგორ მიმდინარეობდა საარჩევნო პროცესი. დამკვირვებლების გაუთავისებელ-გაუაზრებელი როლი და დაუფიქსირებელი დარღვევები. საბოლოო კომიკური დასკვნა: ,,ვივა! არჩევნებმა მაგრად ჩაიარა”. 

მანქანის საყვირმა და მიშას სახელის დაძახებამ გამომაფხიზლა. მიშა ჩემს მეზობელს ჰქვია, თუმცა სახელმა იმ წამსვე არჩევნები მომაგონა და ფანჯარაში გავიხედე - თოვლი მოსულა!

ხუთი იანვრის დილას სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობისათვის თეთრად გათენდა. 

,,თეთრად კი გათენდა, მაგრამ როგორ დაგვიღამდება ნეტავ?”, - იკითხა ენამოსწრებულმა ქალბატონმა ქუჩაში.

სიცივის მიუხედავად ქალაქში საკმაო ხალხმრავლობა შეინიშნებოდა.

ადიგენი
 
#38 საოლქო საარჩევნო კომისიაში 16 უბანია. ამომრჩეველთა სიებში დარიგსტრირებულთა რიცხვი 15 093 -ია.

,,არჩევნები დარღვევების გარეშე”, - ასე შეიძლება ეწოდოს დამკვირვებლებისა და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების მერ გაკეთებული განცხადებების ფონზე პრეზიდენტობის საარჩევნო პროცესს.

,,არავითარი დარღვევა არ ყოფილა, ყველაფერი მშვიდად მიმდინარეობს” გაზეპირებული ეს სიტყვები დილიდანვე სხვადასხვა უბნებზე კომისიის წევრებიდან შეთანხმებულებივით ისმოდა.

ადიგენის  #38 საარჩევნო კომისიის უბნებზე ,,ახალი თაობა ახალი ინციატივას”, ,,სამართლიანი არჩევნების” და ,,საერთო სახალხო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველოს” წარმომადგენლები გვხვდებოდნენ, თუმცა ტექსტი მათაც ერთნაირი ჰქონდათ ,,არავითარი დარღვევა არ შეგვინიშნავს”, - ამბობდა ზოგი, უმეტესობა კი ამ კომენტარისაგანაც თავს იკავებდა. 

,,თამამად ვაცხადებ, რომ დამკვირვებლები საკმაოდ გაუნათლებლები არიან. არ იციან რა ევალებათ, რა უნდა გააკეთონ. ელემენტარულად არც გადაუკითხავთ საარჩევნო კოდექსიც. დგანან და დარღვევებზე არავითარი რეაგირება არ აქვთ”, - აღშფოთებულმა გვითხრა ნელი ერემაძემ. 

,,ყველაფერი კარგადაა”, - ამ მოკლე კომენტარით შემოიფარგლა  #1 ადიგენის საარჩევნო უბნის ,,სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებელი ნათია ჯელიაც. 

,,არაფერი არ ყოფილა, სიმშვიდეა”, - განაცხადა  #7 – ვარხნის საარჩევნო უბნის   ,,ახალი თაობა - ახალი ინიციატივას” წარმომადგენელმა ელდარ კბილაშვილმა, რომელსაც სააკრედიტაციო ბარათზე სხვა სახელი და გვარი ეწერა.

არცეთ დამკვირვებელს არ გაუმახვილებია ყურადღება #12 –  უდის საარჩევნო უბანზე, სადაც ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების სიმრავლე შეინიშნებოდა. საკუთარი თავის დაფიქსირებას პრეზიდენტობის კანდიდატის წარმომადგენლები ლევან აბულაძე და ნინო თუმანიშვილი არც ერიდებოდნენ.   

დარღვევას კი ვერავინ ,,ამჩნევდა”.
 
დაახლოებით სამი სათისთვის საშინელი ქაოსი იყო  #7 – ვარხნის საარჩევნო უბანზე, სადაც 1574 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ოთახში, სადაც ხმის მიცემის პროცედურა მიმდინარეობდა ორმოცამდე ადამიანი უშედეგოდ ცდილობდა საკუთარი არჩევანი დაეფიქსირებინა და ცენტრალური ადგილის ნაცვლად სადღაც კუთხეში დადებული საარჩევნო ყუთი მოეძებნა.

აღნიშნულ უბანზე კენჭისყრის ოთახში სიტუაციის გაკონტროლებას ცდილობდა და მითითებებს იძლეოდა ერთ –ერთი ქალბატონი. იგი ჟურნალისტებისთვის ფოტოების გადაღების აკრძალვასაც შეეცადა. ქალბატონი პრეზიდენტობის კანდიდატის მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელი აღმოჩნდა, რომელიც ადიგენის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის უფროსი გახლავთ.

ამავე უბანზე ხმის მიცემის ოთახში იმყოფებოდა პრეზიდენტობის კანდიდატის მიხეილ სააკაშვილის რამდენიმე წარმომადგენელიც: ზემოთხსენებული მარეხი დათიაშვილი, მისი მეუღლე დავით ოგანეზიანი, ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის თავმჯდომარე და სოფელ უდის მკვიდრი პეტრე მერაბიშვილი.

,,არანაირი დარღვევა არ მომხდარა”, - განაცხადა დავით ოგანეზიანმა.

თუმცა ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის თავმჯდომარისაგან განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა ამავე უბანზე მყოფმა პრეზიდენტობის კანდიდატის ბადრი პატარკაციშვილის წარმომადგენელმა თეონა მაჩიტაძემ – - ,,ჯერ ერთი დარღვევა ისაა, რომ სავსეა აქაურობა ნაციონალებით, მერე აქ ხალხი უკვე საკმაოდ დამუშავებული შემოდის და პირდაპირი მითითება აქვთ, რომ ხუთიანი შემოხაზონ”. 

უბნებზე ამომრჩევლების სიმრავლეს ასე ახსნა ადიგენის #38 საარჩევნო ოლქის თავმჯდომარემ ჯაბა მაჭარაშვილმა -  ,,ერთი შესასვლელ-გასასვლელი აქვს კენჭისყრის ოთახებს და ეს ქმნის რიგებს”, - განაცხადა მან.

ადიგენის #38 საოლქო საარჩევნო კომისიის 12 საათის მონაცემებით სოფელ ვარხნიდან რეგისტრაცია 500 ადამიანმა გაიარა, ანუ ერთი ადამიანი პოზიციის დაფიქსირებას 30 წამში ასწრებდა. ნაკლები სისწრაფე იყო სოფელ არალის მონაცემებით, სადაც 12 საათისათვის 270 კაცი დაფიქსირდა. აქ ამომრჩეველი არჩევანის გაკეთებას ერთი წუთს ანდომებდა. ამ მხრივ აქტიურობდა სოფელ უდის მოსახლეობაც, სადაც 350 კაცმა 70 წამიანი სისწრაფით შეძლო ხმის მიცემა პრეზიდენტობის კანდიდატზე, საპარლამენტი არჩევნების სასურველი დროის შერჩევა და ნატოში გაწევრიანება არგაწევრიანების სურვილის დაფიქსირებაც. 

#12 საარჩევნო უბანზე პრეზიდენტობის კანდიდატ ლევან გაჩეჩილაძის წარმომადგენელმა ლამარა აზირაშვილმა საარჩევნო უბნის გარეთ პრეზიდენტობის კანდიდატ დავით გამყრელიძის წარმომადგენლის ცემის ფაქტზე გაამახვილა ყურადღება.

,,გამყრელიძის წარმომადგენელი გალახეს, ვინმე მერაბიშვილი”, - გვითხრა მან.

ჩხუბის ფაქტი მოულოდნელობა აღმოჩნდა მეთორმეტე საუბნო კომისიის  თავმჯდომარის იზა ბალახაშვილისთვის: "ყვლაფერი ნორმალურად მიმდინარეობს", - განაცხადა მან.

ცემის ფაქტიც კატეგორიულად უარყო საარჩევნო უბნის ეზოში მდგომმა მოსახლეობამაც.

,,რა ცემა, რის ცემა. ქუჩაში ვიღაცები წაკამათდნენ და მორჩა”, - გვითხრა სოფელ უდის მკვიდრმა ავთო მერაბიშვილმა, თუმცა მან ძალიან კარგად იცოდა ნაცემი პიროვნების ვინაობაც - ,,აქაურია, მერაბიშვილია ისიც, ახლა ვითომ მძიმედაა და მანქანას ეძებენ საავადმყოფოში გადასაყვანად”, -  დაამატა მან. 

ხალხში არსებულ შიშის ფაქტორზე საუბრობდა ამომრჩეველი ეთერ ბალახაშვილი: "შიშით ვაძლევთ ხმას", - განაცხადა მან, თუმცა არ დაგვიკონკრეტა ვისი და რატომ ეშინოდა.

ახალციხე

ახალციხის რაიონში 34 საარჩევნო უბანია დაფიქსირებული, ამომრჩევლთა რაოდენობა სიებში 34378 შეადგენს. რაიონში არსებული მიგრაციის ფონზე მოყვანილი ციფრი არარეალურად მიაჩნია პრეზიდენტობის კანდიდატის ლევან გაჩეჩილაძის ახალციხის მუნიციპალიტეტის საარჩევნო შტაბის უფროსს ოლეგ სანდროშვილს - ,,გასულ წელთან შედარებით ამომრჩეველთა რაოდენობა 1500 კაცითაა გაზრდილი. სამუშაო რესურსი აქ არ არის და როგორ მოხდა ხალხის მოდინება რაიონში ვერ გეტყვით, როცა სხვადასხვა მონაცემებით რაიონიდან ხალხის დენადობაა საზღვარგარეთ ან დედაქალქში”.
 
,,საპრეზიდენტი არჩევნები ჯერ არნახული გაყალბების მაშტაბებით ჩატარდა”, - განაცხადა ოლეგ სანდროშვილმა და გაყალბების უამრავი მაგალითიც დაგვისახელა:

- ,,#3 უბანზე – ჩვენმა წარმომადგენელმა დაფიქსირა მომენტი როცა ამომრჩეველი საარჩევნო ყუთში ერთად რამდენიმე კონვერტს აგდებდა. იგივე მოხდა #4 უბანზეც.

 - საუბნო საარჩევნო კომისიებში არ რეგისტრირდებოდა საჩივრები, რომლებსაც ჩვენი წარმომადგენლები ადგენდნენ.

 - #3 უბანზე ხმების დათვლის მომენტში შუქი ჩაქრა. შედეგი ის იყო, რომ დათვლის შემდეგ მაგიდაზე ორასი ბიულეტინით მეტი აღმოჩნდა. 

 - #23 ფერსის უბანზე ჩვენი საუბნო საარჩევნო კომისიის ჩვენი წევრები გარეთ ვერ გამოდიოდნენ. მათ თხოვდნენ იმ ხმების დათმობას, რომლებიც მათ მოიპოვეს 100 ხმაზე მეტი იყო. საბოლოდდ ეს ხმები მაინც წამოვიღეთ, ოქმიც შევადგინეთ.

 - ადგილი ჰქონდა კარუსელს, ერთი პიროვნებამ ხმა რამდენიმე ადგილზე მისცა. მსგავსი შემთხვევა გამოვლინდა #4 და #15 უბნებზე. ქალაქში დადიოდა მიკროავტობუსი, რომელსაც დაყავდა ადამიანთა ჯგუფი. ისინი თითქმის ყველა უბანში შედიოდნენ, აძლევდნენ ხმას და გადადიოდნენ შემდეგ უბანში.  

ასეთი კარუსელის შედეგად სააკაშვილის მხარეს რამდენიმე ასეული ხმა ჩაეწერა”.

დარღვევებზე საუბრობს საპრეზიდენტო კანდიდატის ლევან გაჩეჩილაძის შტაბის წევრიც, რომელიც სოფელ კლდეში იმყოფებოდა. 

,,იყო ზეწოლა. დაწყებული კომისიის თავმჯდომარიდან - დამთავრებული წევრებამდე. გამუდმებული შენიშვნები - აქ არ დადგე! ამას ნუ აკეთებ! შენ გაჩერდი! დავაფიქსირე, რომ ყუთის ქვეშ ბიულეტინები შედეს. დავადექი თავზე და ყუთი ავაწევინე. უცებ მოხდა მოლაპარკება, ვიღაც პატარა გოგომ განაცხადა, რომ ეს მისი ბიულეტინი იყო. საჩივარი არ დამაწერინეს, მთელი კომისია წამოვიდა საცემად. მარტო იქ ვერაფერს ვერ გავხდი, საჩივარი ვერ დავწერე”, - განაცხადა მაკა გელაშვილმა.

ახალციხის #29 საარჩევნო უბანზე კონვერტებს ყუთში საარჩევნო კომისიის წევრი ყრიდა, რომელიც ამომრჩეველს ბიულეტინს ართმევდა და კონვერტში ათავსებდა. ამ დარღვევას არავინ აფიქსირებდა.

ახალციხის #8 საარჩევნო უბანზე პოლიციელების სიმრავლე იყო, თუმცა დამკვირვებლები აქაც დუმილის პოზიციას არჩევდნენ.

საღამოსაც თოვდა, ღამეც თეთრად დაღამდა. ქუჩიდან ახალგაზრდების შეძახილები ისმოდა ,,ვივა! არჩევნებმა მაგრად ჩაიარა”.    

 გულო კოხოძე, ახალციხე -ადიგენი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

მე აფხაზეთში მელიან
აფხაზეთში ბოლოს ხუთი წლის წინ ვიყავი. მას შემდეგ დღე არ გადის, მასზე არ ვიფიქრო, არ ვინატრო იქაური ცის ყურება, რადგან იქ ცაც კი
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2021 HRIDC