კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რითი სუნთქავს თბილისი

21 იანვარი, 2008
ჰაერის დაბინძურების შესასწავლად სისტემური კვლევები არ ტარდება

რამდენიმე წლის წინ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ თბილისში მცხოვრები მოსახლეობის 11 %-ის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება. მთავარ დამბინძურებლად უხარისხო საწვავი და ავტოტრანსპორტი დასახელდა. „დამნაშავე“ დღესაც იგივეა, თუმცა ახალი კვლევა აღარ ჩატარებულა. საფრთხეში მყოფი მოსახლეობის პროცენტული მაჩვენებელი გაიზარდა თუ შემცირდა - არავინ იცის.

ვიცით ის, რომ საქართველოში მოძრავი მანქანების უმრავლესობა თბილისში დადის. ისიც, რომ მტკვრის ხეობაში მოქცეული დედაქალაქი ბუნებრივად ცუდად ნიავდება და განსაკუთრებით ზაფხულობით აქ სმოგებიც ხშირია. კიდევ ის, რომ აქაური სამანქანო პარკი გერმანიაში დასაწნეხად  და გადასაგდებად გამზადებული მეორადი მანქანებით ივსება, რაც ოპტიმისტურ პროგნოზებს ვერ გვაკეთებინებს. გზები არც ისე კარგია, ხშირია საცობები, რის დროსაც ყველაზე დიდი რაოდენობით გაიფქვევა მავნე ნივთიერებები და რა თქმა უნდა, საწვავი - ბოლომდე მისი შემომტანების გარდა არავინაა დარწმუნებული, რომ საქართველოში იმპორტირებული საწვავი უმაღლესი ხარისხისაა.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მონაცემებით, 2006 წლის ბოლოს საქართველოში აღრიცხვაზე იყო სულ 510 600 ერთეული მანქანა. აქედან 51,5 ათასი სატვირთო; 41,2 ათასი ავტობუსი, 1,7 ათასი სპეციალური მანქანა და 416,2 ათასი მსუბუქი ავტომანქანა.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით კი 2006 წელს ქვეყანაში მოიხმარებოდა 645 200 ტონა საწვავი. აქედან 318700 ტონა ბენზინი და 326500 ტონა დიზელის საწვავი.

გარემოს დაცვის სამინისტროს ატნოსფერული ჰაერის დაცვის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, ჯანრი ქარჩავა განმარტავს, რომ ავტოტრანსპორტიდან ატმოსფერული ჰაერი ძირითადად ბინძურდება ნახშირორჟანგით, ნახშირწყალბადებით, აზოტის ოქსიდებით, გოგირდის ოქსიდით, ჭვარტლით, ნახშირორჟანგით.  ის იმასაც ამბობს, რომ ბოლო წლების მანძილზე შეიმჩნევა დიზელის მოხმარების ზრდის ტენდენცია, რაც დაბინძურების თვალსაზრისით უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ბენზინი. კიდევ უფრო სუფთაა ბუნებრივ აირზე მოძრავი ავტომობილები, თუმცა ასეთი ავტომობილების რიცხვი ჯერჯერობით ბაზარზე საკმაოდ მცირეა.

ჰაერის დაბინძურების მთავარ მიზეზად ქარჩავა უხარისხო საწვავთან ერთად მოძველებულ მანქანებს ასახელებს: „ავტოპარკი სავსეა ტექნიკურად ძველი მანქანებით. არც ერთს კონვერტერი იგივე გარდამქმნელი არა აქვს. ასეთი მანქანა 15-ჯერ მეტი რაოდენობით მავნე ნივთიერებას აფრქვევს, ვიდრე ახალი. იმ ქვეყნებში, სადაც მათ ყიდულობენ, მსგავს ავტომობილებს ტკეპნიან და ყრიან. გარდამქმნელის არსებობის შემთხვევაში, მანქანას ხარისხიანი საწვავი სჭირდება, ამიტომაა, რომ ჩვენს პირობებში ის მალევე ფუჭდება და ძალაუნებურად, ამ კონვერტორებსაც ხსნიან.

რაც შეეხება საწვავის ხარისხს - ეს ყველა ქვეყანაში კანონმდებლობით რეგულიდება. საწვავში მაქიმალურად შეზღუდული უნდა იყოს გოგირდის, ბენზოლის შემცველობა და ამას გამუდმებით უნდა ამოწმედნენ სპეციალურ ლაბორატორიებში. თბილისს, მის მასშტაბებს თუ გავითვალისწინებთ, საწვავის შემმოწმებელი 11 პუნქტი უნდა ჰქონდეს, მაგრამ არის მხოლოდ ერთი-ორი ლაბორატორია. ვერავინ გაგცემთ რეალურ პასუხს კითხვაზე მოწმდება თუ არა.  ასეთ ლაბორატორიებში საწვავი მისი იმპორტირების შემდეგ“.

ჯანრი ქარჩავას არგუმენტად მოჰყავს ის ფაქტი, რომ უცხოური მანქანები ხშირად ზიანდება. დაზიანებული ავტოტრანსპორტი კი, მითუმეტეს საცობში მოხვედრილი (რაც, როგორც წესი, ქალაქის ცენტრალურ რაიონებში გვხდება) ჰაერს გაცილებით აბინძურებს, ვიდრე, ვთქვათ, საათში 80-100 კილომეტრით მოძრავი მანქანა. თბილისის მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ აქ ჰაერის დაბინძურებაში 90% ავტომობილების წილია.

2002 წელს „ტასისის“ მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ თბილისის ცენტრალურ რაიონებში ამ მხრივ მდგომარეობა საკმაოდ სავალალოა. მას შემდეგ სისტემური კვლევა აღარ ჩატარებულა, რადგან როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ამბობენ, ეს ძვირი სიამოვნებაა, ისევე როგორც „გარემოს დაცვაა მდიდარი ქვეყნების ფუფუნება“.

ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზითაც კი, მომდევნო რამდენიმე წელში ქართული ავტოპარკის მხოლოდ ახალი მანქანებით დაკომპლექტება შეუძლებელი იქნება. შესაბამისად, ახლა იმედი შედარებით ხარისხიანი საწვავის იმპორტირეაზეა. მსხვილი იმპორტიორები, რომელთა სახელებიც უკვე კარგადაა ცნობილი და მათ ბენზინგასამართი სადგურების ფართო ქსელიც აქვთ საქართველოში, ამბობენ, რომ
ბოლო რამდენიმე წელია, ბაზარს  ევროპული საწვავი იკავებს.

ერთ-ერთი ასეთი ცნობილი კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, რომ მათ ყველა პროდუქტი -  სუპერი, ევრორეგულარი, პრემიუმი და ევრო დიზელი ბულგარეთიდან შემოაქვთ, კერძოდ, პირდაპირ საკუთარი ქარხნიდან, რაც სრულიად აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს. კომპანიაში ასევე აღნიშნავენ, რომ საწვავის იმპორტირება ყველა ქვეყნისთვის ერთნაირად ხდება - ბულგარეთიდან იგივე ხარიხის საწვავი მიდის საფრანგეთშიც და საქართველოშიც. თუმცა აქ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ბაზარზე მეტი რაოდენობით შემოდის აზერბაიჯანული და თურქმენული საწვავი, რაც ხარისხით გაცილებით ჩამორჩება ევროპულს. ეს მათ ფასზეც აისახება, რადგან ევროპული ბენზინი 15-20 თეთრით ძვირი ღირს.

აზერბაიჯანს, თურქმენეთს და ბულგარეთს ემატება რუმინეთი და საბერძნეთი, საიდანაც საწვავის იმპორტირება ხდება. ნავთობის იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე გია კოტრიკაძე ამბობს, რომ დიდი ხანი არ არის, რაც ამ ქვეყნების რიცხვს იტალიაც შეუერთდა.

„შემოდის როგორც მაღალი ხარისხის, ისე საშუალო და დაბალი ხარისხის საწვავი. ეს ძირითადად იმითაა განპირობებული, რომ ქართულ ბაზარზე მანქანების პარკი არაერთგვაროვანია და მანქანების 70% დაბალი ხარისხისაა. ბოლო წელს შედარებით გაიზარდა ხარისხიანი მანქანების რიცხვი, რომელთაც შესაბამისი საწვავიც სჭირდება. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ თუ ადრე აზერბაიჯანული ბენზინის წილი იყო ძალიან დიდი ბაზარზე - 70-30-ზე, ახლა ამ ნიშნულმა დაიწია და გათანაბრდა. დღეს მაჩვენებელი არის 50-50-ზე - ევროპულ საწვავთან მიმართებაში. დიზელის მხრივ სხვა სიტუაციაა, მაჩვენებლი - 80-20-ა, რადგან ჩვენთან ძირითადად აზერბაიჯანული და თურქმენული დიზელი შემოდის“.

გავრცელებულ აზრს, რომ საქართველოში ბენზინის ხარისხს რეალურად არავინ ამოწმებს, კოტრიკაძე საკუთარი არგუმენტებით პასუხობს და აღნიშნავს, რომ სანამ საწვავი გასაყიდად გაიტანენ, ის მთელ რიგ შემოწმებას გადის: „მას მოჰყვება ხარისხის სერთიფიკატი, სადაც მისი შემადგენლობა წერია. არსებობს სტანდარტიზაციის სააგენტოც, რომელსაც სწორედ ამის კონტროლი ევალება. საბაჟოზე კონტროლის გარეშე საწვავი არ შემოდის. კომპანიებიც არიან დაინტერესებული, რომ ეჭვი არავის შეეპაროს მათი საწვავის ხარისხიანობაში.

პრობლემა – უხარისხო საწვავის შემოტანისა ხუთი-ათი წლის წინ არსებობდა, როდესაც ბაზრის 50 % იყო კონტრაბანდა, როცა დაბალი ხარისხის ნავთობპროდუქტები შემოდიოდა. ახლა ეს პრობლემა ქვეყანაში თითქმის არ არსებობს“, - ამბობს კოტრიკაძე.

გამოსავალს ნავთობის იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე საწვავის შემოწმებაში ნაკლებად ხედავს. მისი რეკომენდაციით, პირველ რიგში, სამანქანო პარკი უნდა გადახალისდეს, მას მაგალითად  რუმინეთი მოჰყავს, სადაც მთავრობამ  მომხმარებლებს მოძველებული მანქანების სანაცვლოდ გარკვეული კომპენსაცია შესთავაზა და ეტაპობრივად სამანქანო პარკი ახალი ავტომობილებით შეიცვალა.

სანამ საქართველოს ხელისუფლება ამ პრობლემას გადაწყვეტს ან რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ჰაერის დაბინძურების კუთხით კვლევას ჩაატარებს, რომ ის მაინც გავიგოტ, რამდენადაა დრეს ჰაერი დაბინძურებული ტუნდაც თბილისში, მანამ შეგვიძლია ის მონაცემები ვნახოთ, რაც დღემდე არსებობს და არცთუ ისე დამამშვიდებელია.

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა (CENN) მოგვაწოდა რამდენიმე წლის წინანდელი ინფორმაცია, რის მიხედვითაც ბენზინში ტყვიის შემცველობის საფუძველზე მათემატიკური მოდელირებით მიღებული შედეგების შესაბამისად ავადდება 200-275 ათასი ადამიანი, რომელთა მკურნალობაზე დანახარჯები მთლიანობაში შეადგენს 38 240 000 – 53 200 000 ლარს.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს მონაცემების თანახმად, 2004 წელს დაფიქსირდა შემდეგი დაავადებები:

სისხლისა და სისხლმბადი ორგანოების დაავადებები – 13 400,
სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები - 72 200,
სუნთქვის ორგანოთა დაავადებები - 374 800,
ახალწარმონაქმნები – 8 500.
ჰიპერტონიით დაავადდა 200-275 ათასი ადამიანი
არასასიკვდილო ინფარქტები აღენიშნა - 600-800 ადამიანს.

CENN-ში ასევე ამბობენ, რომ ჰაერის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა მას შემდეგ რაც შეჩერდა ავტოტრანსპორტის ტექნიკური დათვალიერება. აუცილებელია ავტოტრანსპორტის ტექნიკური დათვალიერების განახლება და მისი ადმინიტრირების გაუმჯობესება.

მარჯანიშვილის მოედანზე მცხოვრები ნონა ინაშვილი ამბობს, რომ განსაკუთრებით ზაფხულობით, მისი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სუნთქვა თითქმის შეუძლებელია. ფანჯრის გაწმენდა ყოველ ერთ საათში უწევს, ისე იმტვერება. მისი მეზობლების უმრავლესობა კი სისხლ-ძარღვთა დაავადებებს უჩივის:
„განსაკუთრებით ბოლო თხუთმეტი წელია,რაც მანქანები მომრავლდა, უამრავი სამარშრუტო ტაქსი დადის, ცენტრალურ რაიონებში სუნთქვა თითქმის შეუძლებელია, როცა ცხელა, ეს ყველაზე მეტად მაშინ იგრძნობა. ასე მგონია ნელი სიკვდილით ვკვდებით“.

ბოლო ერთ საუკუნეში კაცობრიობამ გაცილებით მეტი საწვავი მოიხმარა, ვიდრე  წინა 19 საუკუნეში. ეს ტენდენცია, როგორც ექსპერტები ამბობენ, კვლავაც გაგრძელდება. ამიტომ ერთადერთი გამოსავალი ჩვენნაირი ქვეყნისთვის ერთია - უკეთესი ხარისხის საწვავი, უკეთესი ავტომობილები, უკეთესი გზები და რაც მთავარია, შესაბამისი ორგანოების მხრიდან ჰაერის მუდმივი კონტროლი. ბოლოს და ბოლოს ჩვენ ხომ მისით ვსუნთქავთ.

ეკა ქევანიშვილი, თბილისი.

ახალი ამბები