11:02, Monday, 26.08.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

რას ხატავენ ბავშვები

03.07.2008
„მინდა მშვიდობა იყოს და უფროსებმა ომობანა აღარ ითამაშონ“

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი


გასულ კვირას, ქუთაისში  „ადამიანის უფლებათა ცენტრისა“ და „წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის“ ორგანიზებით წამების მსხვერპლთა მხარდასაჭერი აქცია ჩატარდა. აქციის ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტი ხატვის კონკურსი იყო. იძულებით გადაადგილებულ ბავშვებს ქალაქის ცენტრალურ პარკში უნდა დაეხატათ ყველაფერი, რაც სურდათ.

ერთი შეხედვით, დღე ჩვეულებრივია. ბავშვები ხატავენ ფანქრებით, ფლომასტერებით, აკვარელით...  ხატავენ ყვავილებს, სახლებს, „ავტომატებს“, ადამიანებს. ყურადღებას ერთი ბიჭი იქცევს, რომელიც თეთრ ფურცელს ნაცრისფერი ყვავილებით ავსებს. მოგვიანებით ის ამ ყველაფერს თავისებურად ხსნის: „ეს ყვავილი დედაჩემია, ეს - მამაჩემი, ეს - მე. ნაცრისფერები, იცი, რატომ ვართ? დევნილები გავხდით და იმიტომ. როცა ადამიანი გახარებულია, წითელია ან ყვითელი. როცა ცოტა მოწყენილია, ლურჯი ხდება. ცუდი ხასიათის დროს კი, ყველაფერი ნაცრისფერია. მე სოხუმელი ვარ, მაგრამ ქუთაისში დავიბადე. კარგი იქნებოდა, სოხუმში ვცხოვრობდეთ, ყველანი ერთად. უნდა შევრიგდეთ ჩვენ და აფხაზები და ერთად უნდა ვიცხოვროთ. ომი აღარ გვინდა. ერთხელ უკვე იყო და ბევრი ადამიანი მოკვდა.“

ბავშვები დიდებივით მსჯელობენ. როცა მათთან საუბარს იწყებ, ხვდები, რომ ცოტათი პოლიტიზირებული არიან. იციან, რომ ცოტა ხნის წინ საპარლამენტო არჩევნები იყო და მშობლებმა ახალი პარლამენტარები აირჩიეს.

„ცუდია, რომ ბავშვებს არ შეუძლიათ ხმა მისცენ. ოპოზიცია კარგია თუ ცუდი, მე მაინც ის მირჩევნია. ბევრი დროშები აქვთ და მანქანებით დაქრიან. ჩემს ბაღის ძმაკაცს მიშა უყვარს. დედამისმა ხუთიანი შემოხაზა და ქუდი აჩუქეს. ისე, კარგი იქნებოდა, ქუდები ოპოზიციასაც ჰქონოდა. მომცემდნენ და დავიხურავდი“, - ამბობს 5 წლის გიორგი. მისი მანქანები წითელია და ყვითელ „გარაჟშია“ დაყენებული. ბიჭი კარგ ხასიათზე რომ არის, ამას ფერების გარდა ისიც ადასტურებს, რომ უფრო აქტიურია, ვიდრე დანარჩენები.

გოგოები გაპრანჭულ ქალებს ხატავენ. ქალები მაღალ ქუსლებზე დგანან და სამსახურში გარბიან. „ეს მე ვარ, ეს ჩემი მეზობელია. აქ ჩვენი სამსახურია და ჩვენც იქით გავრბივართ. ბანკში დაგვიანება არ შეიძლება. უფროსი გაბრაზდება და სამსახურიდან გაგვათავისუფლებს. მერე უმუშევარი ვიქნებით და ფული აღარ გვექნება. სამსახური ბევრი არ არის. ადამიანებს სამსახური არა აქვთ“, - მსჯელობს ნატა. იგი „ბანკირია“ და მის არჩევანს შემდეგნაირად ხსნის: „ეს ყველაზე კარგი სამსახურია და დიდ ფულსაც გიხდიან. ყველაფერს ყიდულობ და მანქანაც გყავს.“

ბავშვები ხატავენ და ნახატებზე მათი ოცნებები ცოცხლდება. ოცნებებში ყველაფერი კარგადაა და ხალხი ბედნიერად ცხოვრობს. ბედნიერებას კი ერთადერთი ახსნა აქვს: „დედიკო და მამიკო მუშაობენ და სულ იცინიან. ჩვენ ბაღში დავდივართ და დაბადების დღეზე დიდ ტორტებს გვიცხობენ. როცა გავიზრდებით ჯარისკაცები გავხდებით და აფხაზეთს დავიბრუნებთ. საქართველოს დიდ ღობეს ავუშენებთ და ცუდი რუსები ტანკებს ვეღარ შემოახრიგინებენ.“

მერე იწყება „პოლიტიკოსობანა“. ზოგი ნინო ბურჯანაძეა, ზოგიც მიშა. რატომღაც ყველა ბიჭს უნდა საქართველოს პრეზიდენტი იყოს, ოღონდ „ცოტა სხვანაირი.“

„სულ მოგზაურობაში სიარული კარგია, მაგრამ შეიძლება ზოგჯერ დავიღალო. მიშა მაგარია  და ბევრს დადის. ქუთაისში ჩამოსვლა არ უყვარს. არ ჩამოდის ხოლმე. აქ არც ბურჯანაძე ჩამოდიოდა და ხალხმა აღარ აირჩია. მგონი, არც მას უნდოდა პარლამენტში ყოფნა. ტელევიზორში ასე თქვა. ახლა სულ აღარ ჩნდება. დაიკარგა...“
ნახატებზე ნიღბიანები ჩნდებიან. ისინი „უდანაშაულო ადამიანებს“ აკავებენ. ბავშვებმა იციან, რომ ეს ცუდია, მაგრამ მაინც ხატავენ. „ტატოს ბიძა სულ ტყუილად დაიჭირეს. არაფერი მოუპარავს და არც ვინმე მოუკლავს. ციხეში მარტო მკვლელები და ქურდები უნდა ისხდნენ. ჩვენთან კი ასე არ არის“, - ამბობს მარიამი, რომელსაც „ხატვის დღე“ მოსწონს და მეგობრის ნახატებსაც დადებითად აფასებს.

„კარგი იქნება, ასეთ დღეებს ხშირად აწყობდნენ. ხატვა კარგია. სახლშიც ვხატავ ხოლმე, მაგრამ აქ ყველა ერთად ვართ და ვხალისობთ.“
„მომწონს ხატვა. სულ მზეს ვხატავ და დედიკოს. კიდევ თუ იქნება ხატვის დღე ცირკს დავხატავ. ტელევიზორსაც დავხატავ და იმ ტელევიზორში მე გამოვჩდები. მარტო კარგ ამბებს მოგიყვებით და კარგ ხასიათზე დაგაყენებთ.“

ხატვის დღე სრულდება. ფურცლები თეთრი აღარაა და ოცნებებს ჭრელი კაბა აცვია. ბავშვებმა იციან (მგონი, უფროსებზე უკეთაც), რომ ომს მშვიდობა ჯობს; რომ „უფროსებმა ომობანა  და დაჭერობანა აღარ უნდა ითამაშონ.“

   

 

 

 

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
სახელი: ლეილა კვინიკაძე
2011-01-30 21:27
სწორია, ომს ბოლო უნდა მოეღოს. ესაა ბავშვების მისწრაფება და სურვილი
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC