კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გაჩუქებული საავადმყოფოების საგა

10 ივლისი, 2008

მიიღებს თუ არა ხელისუფლება „სამედიცინო რევოლუციას“?

ჟურნალისტური მოკვლევა

ნაწილი I

ნონა სუვარიანი
ეკა ქევანიშვილი

ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გენერალური გეგმის განხორციელება ხმაურით დაიწყო, ამ თემის  ირვლივ ბევრი დაიწერა და ითქვა. თუმცა, რა შედეგი მოჰყვება მთელი საქართველოს მასშტაბით საავადმყოფოების „დიდ გასხვისებას“, ჯერ არავინ იცის. ჩვენ შევეცადეთ ამ მოკვლევაში ყველა მხარის პოზიცია შეგვეგროვებინა და დაგვეხატა ის საერთო სურათი, რაც ჯანდაცვის სფეროში ამ ყიდვა-გაყიდვის შემდეგ შეიძლება გამოიკვეთოს. ექიმები, რომელთა დიდ ნაწილს შემცირება ემუქრება, „სამედიცინო რევოლუციით“ იმუქრებიან.

ოფიციალური ვერსია  - ყველაფერი იდეალურადაა.

ჰოსპიტალური სექტორის განვითარების მიზნით 100 ახალი საავადმყოფოს მშენებლობა დაიგეგმა. ეს ხელს შეუწყობდა საწოლების რაოდენობის გაზრდას 5 ათასიდან 7800-მდე. საქართველოში 2007 წელს სახელმწიფოს ბალანსზე 244 საავადმყოფო იყო დარეგისტრირებული. ის, რომ ჰოსპიტალურ სექტორში რეფორმა აუცილებელი იყო, ამაზე ყველა თანხმდებოდა. რეალურად, საქმის კეთება კი ვარდების რევოლუციის შემდეგ დაიწყო. ჩვენი მოკვლევის ამ ნაწილში გთავაზობთ იმ ინფორმაციას, რომელიც ჯერ კიდევ თებერვალში ნიკოლოზ ფრუიძემ მოგვაწოდა. ანუ ეს არის ოფიციალური ვერსია იმისა, თუ რა მიზნით გადასცეს კერძო ინვესტორს საქართველოში არსებული ყველა საავადმყოფო და რა შედეგს ელოდება სახელმწიფო ამ რეფორმისგან.

რეფორმის აუცილებლობაზე ყველა მაღალჩინოსანი ერთსულოვანი იყო.  2006 წლის 15 იანვრის მთავრობის კანცელარიაში ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ინსტიტუციონალური რეფორმის მაკოორდინირებელი სამთავრობო კომისიის სხდომაზე მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა, რომ  ჯანდაცვის სფეროში საკმაოდ რთული ვითარება იყო. „გვაქვს უვარგისი სამედიცინო ინფრასტრუქტურა, დაფინანსების არაეფექტური მოდელი და უფუნქციო რეგულირების სისტემა. არსებული სიტუაციით, არც ერთი რგოლი: არც საზოგადოება, არც სახელმწიფო, არც ექიმი და არც პაციენტი არ არის კმაყოფილი. მიღწეულია ჯანდაცვის სფეროს რესტრუქტურიზაციის აუცილებლობის საზოგადოებრივი კონსენსუსი”. მისი შეპირებისამებრ, „ჯანდაცვის სისტემის რესტრუქტურიზაციის შედეგად მომდევნო 3 წლის განმავლობაში მარტო ჰოსპიტალურ სექტორში დაახლოებით 350 მილიონი ლარი იქნება ინვესტირებული, ამბულატორიულ და არაჰოსპიტალურ სექტორში კი – დაახლოებით 170 მილიონი ლარი. ინვესტიციების შედეგად ჩვენ მივიღებთ სრულიად განახლებულ ინფრასტრუქტურას, მაღალი ხარისხის მომსახურებას მთელი ქვეყნის მასშტაბით და, რაც მთავარია, მოსახლეობის გაუმჯობესებულ ჯანმრთელობას”.

კახა ბენდუქიძეს თქმით, რომელიც მაშინ რეფორმის კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი იყო და რომელიც კულუარული ინფორმაციით, ამ რეფორმის პროცესში ყველაზე დაინტერესებული მხარე, ირწმუნებოდა, რომ ძველი საავადმყოფოები, ფუნქციონირებას გარემონტების შემთხვევაშიც, 20 წლის შემდეგ მაინც ვერ შეძლებდნენ. ამიტომ უმჯობესი იყო ეს საკითხები იმ დღესვე გადაწყვეტილიყო, რაც ახალი საავადმყოფოების აშენებას გულისხმობდა.

ნიკოლოზ ფრუიძემ ჩვენთან საუბრის დაწყებისთანავე კატეგორიულად განაცხადა, რომ ეს არა კომერციული, არამედ საინვესტიციო პროექტია, და რომ აქედან ბიუჯეტში არც ერთი თეთრი არ შევა.

“ჩვენ ინვესტორს ვთავაზობთ ტერიტორიას და ამის სანაცვლოდ მან ახალი საავადმყოფო უნდა ააშენოს, რომლის პატრონი თავად იქნება და თავად მართავს. ანუ მე თქვენ გჩუქნით ამას, სანაცვლოდ კი თქვენ უნდა ააშენოთ კიდევ სხვა ახალი საავადმყოფო, რომელიც ასევე თქვენი იქნება.  რაც შეეხება ჩვენს მიერ ნაჩუქარ ადგილს, ინვესტორს არ აქვს იმის უფლება, რომ იმ ადგილას საავადმყოფო დატოვოს.  რაც უნდა ის ააშენოს, საავადმყოფოს გარდა”.

2010 წლისთვის საქართველოში 100 ახალი საავადმყოფო უნდა აშენდეს. ამ პროექტში ყველა იმ ბიზნესმენის ჩართვა იყო შესაძლებელი, ვისაც ამის დაინტერესება ჰქონდა. უკვე დაგეგმილია, რომელ რაიონში, რამდენ საწოლიანი საავადმყოფო აშენდება. ცნობილია, რომ თბილისში საავადმყოფოების ხუთი კლასტერი (ზონა)  იქნება.

ფრუიძემ ასევე დაადასტურა ინფორმაცია, რომ საავადმყოფოების ყიდვით ძირითადად სამშენებლო კომპანიები დაინტერესდნენ.

“ეს ჭორი არ არის. ინვესტორი ააშენებს საავადმყოფოს იქ, სადაც ჩვენ მივუთითებთ. ყველა ქალაქს აქვს თავისი მოწყობა, მათ შორის თბილისსაც, რომელსაც 2 გამავალ-შემავალი ნაწილი აქვს. შესაბამისად, საავადმყოფოების ადგილმდებარეობა ლოგიკურად გადანაწილდება. ერთი ავლაბარში განლაგდება, მეორე ორთაჭალაში, მესამე დიღომში, მეოთხე სანზონაში. ცენტრში კი რესპუბლიკური საავადმყოფო დარჩება. იმას, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, სტრატეგიულობის და აბსოლუტური ხელმისაწვდომიბის პრინციპიდან გამომდინარე ვაკეთებთ.ასე რომ, როცა ამბობენ, პრესტიჟულ ადგილებს აძლევენო, ხმამაღლა ვაცხადებ, დიახ, ასეა, იმიტომ რომ ჰქონდეთ ინტერესი სხვაგანაც ააშენონ. მაგრამ ვაძლევთ არა გადასაგდებ ადგილს, არამედ იმ ადგილებს, რომლებიც საჭიროა საავადმყოფოებისთვის”.

ნიკოლოზ ფრუიძე ასევე აღნიშნავს, რომ საავადმყოფოების ყიდვით სამშენებლო კომპანიების გარდა, რომლებიც სამედიცინო სფეროშო კომპეტენტურ მენეჯერებთან თანამშრომლობენ, დაინტერესებას სხვა ტიპის კომპანიებიც გამოთქვამენ.

“არიან ფარმაცევტული კომპანიები, რომლებსაც აქვთ ინტერესი სამედიცინო სფეროში და არიან სუფთა სამედიცინო კომპანიები, რომელსაც მხოლოდ სამედიცინო ბიზნესი აინტერესებთ”.

ის არ ეთანხმება მოსაზრებას, თითქოს ფარმაცევტულ კომპანიებს საავადმყოფოები არ უნდა ანდონ, რადგან მათ, შესაძლებელია, რამე ინტერესი ჰქონდეთ.  “ქვეყნებში, სადაც მუშაობს ასეთი აკრძალვა, ძალზე რთულია მონიტორინგის წარმოება, თუ რა ფულით შენდება საავადმყოფო. სააფთიაქო კომპანიამ შეიძლება დააფუძნოს რამე კომპანია, რომელსაც გადაურიცხავს ფულს და მას ექნება ყიდვის ლეგალური უფლება. ამიტომ, გვირჩევნია მონაწილეობის მიღების უფლება მივცეთ ყველას. ოღონდ დავაწესოთ მკაცრი ხარისხის კონტროლით ყველა ახლადაშენებულ საავადმყოფოზე. ეს მკაცრი ხარისხის კონტროლი გამორიცხავს მითქმა-მოთქმას, რომ  ფარმაცევტული კომპანიები თავის წამლებს გაასაღებენ”...
 
სერიოზული მსჯელობა მიმდინარეობდა შესაძლო უმუშევრობასთან დაკავშირებითაც. ოფიციალური გეგმის შესაბამისად, საავადმყოფოში მომუშავე ყველა კადრი იქამდე შეინარჩუნებს სამუშაო ადგილს, სანამ ინვესტორი ახალ საავადმყოფოს არ ააშენებს.

ნიკოლოზ ფრუიძე ირწმუნება, რომ ეს რეფორმა უმუშევრობას არც მომავალში შეუწყობს ხელს.

“საწოლების რეალური რაოდენობა 3 ათასით გაიზრდება. თქვენ რომ ამბობთ დღეს 500 საწოლიანო საავადმყოფო არსებობსო, რეალურად ტყუილია, რადგან  500 საწოლიან საავადმყოფოში სინამდვილეში 50 საწოლი ფუნქციონირებს. გურჯაანში 8 სართულიანი, ხოლო დუშეთში 11 სართულიანი საავადმყოფოებია, ამბროლაურში 4 სართულიანი საავადმყოფო დგას, სადაც მხოლოდ ნახევარი სართული მუშაობს. დასკვნები თავად გამოიტანეთ.

ჩვენ გვაქვს ექიმების დეფიციტი რაიონებში. აქ დაუსაქმებელი ექიმები გვყავს, ბევრ რაიონში კი სპეციალისტები არ არიან. როგორც კი ახალი ინფრასტრუქტურა აშენდება და იქ გაჩნდება თანხები, იქ სპეციალისტთა რაოდენობა მაშინვე  გაიზრდება. მაგალითად, გორში გახსნილი საავადმყოფოს ექიმების და ექთნების 60 % თბილისიდან არის წასული და თავს ძალიან კმაყოფილად გრძნობენ. საჩხერეშიც გაიხსნა საავადმყოფო, სადაც თითქმის 70 % თბილისის ექიმები მუშაობენ. არ შეიძლება თბილისში იყოს 20 ათასი ექიმი, რეგიონები კი ექიმების გარეშე გვყავდეს ”.

ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გენერალური გეგმის შესაბამისად, თუ აშენების შემდეგ, 7 წლის განმავლობაში სახელმწიფო მკაცრად გააკონტროლებს აშენებული საავადმყოფოების პროფილს და მუშაობას, ინვესტორი კი ვალდებული იქნება ყველა პირობა შეასრულოს, ამ პერიოდის შემდეგ ის ამ საავადმყოფოს ერთპიროვნული განმკარგველი ხდება და შეუძლია ყველაფერი ისე გააკეთოს, როგორც საჭიროდ ჩათვლის. თუნდაც დაანგრიოს ის შენობა. ან პროფილი შეუცვალოს. სწორედ ამ პირობამ გამოიწვია ყველაზე დიდი პროტესტი მოსახლეობაში. არავის აქვს გარანტია, რომ საავადმყოფოები 7 წლის შემდეგაც საავადმყოფოებად დარჩებიან.

ამის გარანტიას თავად ნიკოლოზ ფრუიძეც არ იძლევა. მას მიაჩნია, რომ ეს გარანტია არც არის საჭირო, რადგან თუ 7 წლის შემდეგ სახელმწიფო დაინახავს, რომ ამ სექტორში გარკვეული დეფიციტი შეიქმნა, ის სიტუაციას დაარეგულირებს.

თუმცა ის დარწმუნებულია, რომ მომგებიან ბიზნესს არც ერთი ბიზნესმენი არ დაშლის.

ბევრს საუბრობდნენ იმაზეც, რომ თუ საავადმყოფოები კერძო ინვესტორების ხელში ჩავარდება და ისინი მონოპოლისტები გახდებიან, წამლებზე და სამედიცინო მომსახურებაზე ფასი გაიზრდება. ნიკოლოზ ფრუიძე ამ აზრს სასტიკად ეწინააღმდეგება.

ოფიციალური ვერსიის პარალელურად, არსებობს განსხვავებული აზრი, რომ რეფორმის განხორციელება დასაწყისშივე დარღვევებით წარიმართა და მისი მომავალი წარმატებულობაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. შემდეგ ნაწილში თქვენ ნახავთ, როგორ ჩატარდა ტენდერი და ვინ მოითმო ხელი დიდი ქონების ხელში ჩაგდებით.

ნაწილი II

 

ახალი ამბები