კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კახეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი გააუქმეს

21 ივლისი, 2008

გელა მთივლიშვილი, კახეთი

გურჯაანში მდებარე კახეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, სადაც ორმოცდაათი ათასზე მეტი უნიკალური ექსპონატია დაცული, პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის ბრძანებულებით გაუქმდა. მას შემდეგ მუზეუმის ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობა მიდის. გავრცელებული ინფორმაციით, ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ყოფილი მუზეუმის შენობის და ტერიტორიის გაყიდვას გეგმავს.

გურჯაანის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი 1962 წელს დაარსდა. კულტურისა და ძეგლთა დაცვის რაიონული სამსახურის სპეციალისტის თამარ მარკოზაშვილის ცნობით, მუზეუმში ქვის, ანტიკური და ბრინჯაოს ხანის ექსპონატებიც არის დაცული, რომელიც ამჟამად საფრთხეშია.

„მუზეუმის გაუქმების შესახებ ჩვენთვის რამდენიმე დღის წინ, მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც სტუმრებთან ერთად მუზეუმს ვეწვიეთ და ექსპონატები ყუთებში ჩაყრილი ვნახეთ. როცა ვიკითხეთ რა ხდებოდა, მუზეუმის ყოფილმა დირექტორმა გიორგი ბეჟიტაშვილმა გვითხრა, რომ პრეზიდენტის ბრძანებულებით მუზეუმი გაუქმდა, ქონება კი საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადაეცა. ისიც აღნიშნა, რომ ყოფილი მუზეუმის შენობაში ფონდსაცავი განთავსდებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ იქ შესვლის უფლება არავის ექნება, თუ ეროვნული მუზეუმის დირექტორი სპეციალურ ნებართვას არ გასცემს. ანუ დამთვალიერებლები და დაინტერესებული პირები უნიკალურ არქეოლოგიურ მასალებს ვეღარ გაეცნობიან, თუ ისინი სამეცნიერო მუშაობას არ ეწევიან და როგორც უკვე აღვნიშნე, სპეციალურ ნებართვას არ ფლობენ, - აცხადებს თამაზ მარკოზაშვილი.

როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსი დავით მაჭარაშვილი ამბობს, მხარეთმცოდნეობის მუზეუმის გაუქმება კულტურის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის, ნიკა ნიჟარაძის და მუზეუმის ყოფილი დირექტორის გიორგი ბეჟიტაშვილის ხელშეწყობით მოხდა. „როდესაც გურჯანის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რაიონში მუზეუმების გაერთიანება შექმნა, გაერთიანებაში შესვლაზე კატეგორიული უარი განაცხადა მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორმა გიორგი ბეჟიტაშვილმა, რაც არავის გაუპროტესტებია. მაშინ ბეჟიტაშვილი ამბობდა, რომ მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ნაცვლად არქეოლოგიური მუზეუმი უნდა ჩამოყალიბებულიყო, სადაც რეგიონის სხვადასხვა მუზეუმებში დაცული ექსპონატები განთავსდებოდა, მაგრამ საბოლოოდ, მუზეუმი გაუქმდა. რა ბედი ეწევა მუზეუმში დაცულ უნიკალურ ექსპონატებს, ჩვენთვის უცნობია“, - აღნიშნავს მაჭარაშვილი.

მუზეუმის ყოფილი დირექტორი გიორგი ბეჟიტაშვილი ინფორმაციას იმის შესახებ რომ ექსპონატები საფრთხეშია და ტერიტორია შესაძლოა გაიყიდოს, უარყოფს.

„როცა რაიონის გამგეობის კულტურის სამსახურს ვექვემდებარებოდით, მუზეუმი ადგილობრივი ბიუჯეტიდან წელიწადში 9 ათასამდე ლარით ფინანსდებოდა, რაც თანამშრომლების ხელფასების გასაცემადაც არ გვყოფნიდა. პროფილის შეცვლაც ამან განაპირობა“.

- კი მაგრამ, იმის გამო რომ მაღალი ხელფასები არ გქონდათ, მუზეუმის გაუქმების ინიციატივით როგორ გამოხვედით?

- მუზეუმი პრეზიდენტმა თავისი ბრძანებულებით გააუქმა და მხარეთმცოდნეობის მუზეუმზე რიცხული ქონება საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადასცა. ამჟამად არაფერი ფუნქციონირებს, თუმცა შენობაში ისტორიულ - ეთნოგრაფიული ფონდების საცავის განთავსებაა დაგეგმილი, სადაც დავსაქმდებით.

- ამ ფონდსაცავში ეროვნული მუზეუმის დირექტორის სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლას ვერავინ შეძლებს. რა აზრი აქვს იქ ისტორიული მნიშვნელობის მქონე ათიათასობით ექსპონატის განთავსებას, თუ დაინტერესებული ადამიანები ვერ დაათვალიერებენ?

- დამთვალიერებლები მუზეუმის გაუქმებამდეც არ აქტიურობდნენ. ბევრმა ისტორიის მასწავლებელმაც კი არ იცოდა, სად იყო მხარეთმცოდნეობის მუზეუმი.

- მუზეუმის შენობა შესანიშნავ ადგილზეა, მაგრამ ბოლო დროს და განსაკუთრებით კი მუზეუმის გაუქმების შემდეგ, ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობა მიდის, რაზედაც პროტესტი არასოდეს გამოგითქვამთ.

- მშენებლობის კანონიერების საკითხს მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის სამსახური ამოწმებს“.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის კახა ლაბუჩიძის თქმით, მხარეთმცოდნეობის ყოფილი მუზეუმის ტერიტორიაზე მშენებლობა ნამდვილად ხორციელდება, რაზედაც არქიტექტურის რაიონულ სამსახურს ნებართვა არ გაუცია. ოფიციალური ინფორმაციით, არქიტექტურის სამსახურს უკანონო მშენებლობისათვის არც გაფრთხილება აქვს გაცემული.

მხარეთმცოდნეობის მუზეუმის გაუქმებასთან დაკავშირებით საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ. კომენტარზე უარი განაცხადეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების დეპარტამენტის კახეთის სამმართველოშიც.


ახალი ამბები