კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

“სააკაშვილის ორდენმა ხომ არ გაგათამამა?!” - სამეგრელოში ღირსების ორდენოსან ჟურნალისტს იტაცებენ

1 ოქტომბერი, 2008

 ნანა ფაჟავა, ზუგდიდი

“მზერის” ყოფილი კორესპონდენტი სამეგრელო ზემო-სვანეთის მხარეში მალხაზ ბასილაია აფხაზების ათდღიანი ტყვეობიდან თავის დაღწევის შემდეგ ვერაფრით წარმოიდგენდა, რომ ექვსი თვის შემდეგ საკუთარ ქვეყანაში გაიტაცებდნენ და ძალადობის მსხვერპლი გახდებოდა. ქართველების ტყვეობაში მან სამი საათი გაატარა და ქართველმა ბიჭებმა იკადრეს ის, რაც აფხაზ სეპარატისტებს თავშიც კი არ მოსვლიათ - სექსუალური ძალადობის მცდელობა. “სააკაშვილის ორდენმა ხომ არ გაგათამამა?!”_ამ ფრაზებს კი ჯეგეთას ტყეში ჟურნალისტს ცემასთან ერთად 9 შეიარაღებული პირი გამუდმებით უმეორებდა.

უკვე რადიო “ფორტუნას” რეგიონალური კორესპონდენტი მალხაზ ბასილაია სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა 9 შეიარაღებულმა პირმა ხობის რაიონის სოფელ ხეთადან 10 აგვისტოს გაიტაცა. მალხაზ ბასილაია იმ დღეს ნათესავის ოჯახში დედასთან ერთად იმყოფებოდა. თვენახევრიანი დუმილის მიზეზად ჟურნალისტი ქვეყანაში გამოცხადებულ საომარ მდგომარეობას ასახელებს. გატაცებისა და ძალადობის შემზარავ ისტორიას მალხაზ ბასილაია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ცენტრის” სამეგრელო ზემო-სვანეთის ოფისში ყვება.

მალხაზ ბასილაია: “მე და დედაჩემი ნათესავის, მზია მირგატიას სახლში ერთ დღით ჩავედით. სტუმრობიდან რამდენიმე საათში ჭიშკარს ვერცხლისფერი “ბმვ-ს” მარკის ავტომანქანა მოადგა, შემდეგ მუქი შინდისფერი მანქანაც გამოჩნდა. იქ მსხდომმა პირებმა ერთმანეთს გადაულაპარაკეს და ტერიტორია დატოვეს. დაახლოებით 20 წუთში, ღამის 11 საათისთვის ორივე მანქანა ისევ მოადგა ჭიშკარს. მასპინძლები მიეგებნენ. სტუმრებმა თავი პოლიციის თანამშრომლებად წარმოადგინეს და მე მიკითხეს.

ორი სამხედროფორმიანი ახალგაზრდა მამაკაცი საუბარს მთხოვდა და მარწმუნებდა, რომ ჩემს პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვა ჰქონდათ. მე გავყევი. საუბრის მშვიდ ვითარებაში უზრუნველსაყოფად უცხო პირებმა მანქანაში ჩაჯდომა შემომთავაზეს. თუმცა მას შემდეგ, რაც წითელ მანქანაში აღმოვჩნდი, მივხვდი, რომ სიმშვიდე ნამდვილად არ მელოდა.

ორივე მანქანა ხეთადან ხამისკურის მიმართულებით გავიდა. გზაში მეკითხებოდნენ, თუ რა რეპორტაჟის მომზადებას ვგეგმავდი იმ დღეს ხეთაში. მე ვუხსნიდი, რომ აღარ ვმუშაობდი “მზერაში”,  ვინაიდან გადაცემა დაიხურა და არც ვიდეოკამერა მქონდა, რომ მხოლოდ სტუმრად ვიყავი იმ სოფელში. ამის შემდეგ კითხვა შემომიტრიალეს და მკითხეს, რა აგიტაციას ვეწეოდი ხეთის მოსახლეობასთან. ეს ყველაფერი ჩემთვის სრულიად გაუგებარი იყო. ისინი არც კი მიკონკრეტებდნენ, თუ რა სახის აგიტაციაზე იყო საუბარი.

ამასობაში ცენტრალურ ტრასაზე მდებარე რესტორან “ჯეგეთას” მივუახლოვდით. მარჯვნივ გადაუხვიეს. მანქანა გააჩერეს და ძირს ჩამომაგდეს.  7 კაცი  უმოწყალოდ მირტყამდა მუცელში, თავში და საერთოდ მთელ სხეულზე. თან მაიძულებდნენ მეღიარებინა აგიტაცია და აგენტობა, მაგრამ ვერ გეტყვით ვისი ან რისი. მიმეორებდნენ, შენ სააკაშვილის ღირსების ორდენმა ხომ არ გაგათამამაო, ეგ ვერ გიშველის, აღიარეო. ორი სამხედროფორმიანი, რომელიც მე მამაგრებდა, ვითომ “შეფისგან” მალულად ყურში მიჩურჩულებდა, აღიარე აგენტობა, თორემ მოგკლავენო.

ნახევარსაათიანი ცემის შემდეგ,  როცა დარწმუნდნენ, რომ “ამღიარებელი” არ ვიყავი, ერთმა პირმა, რომელსაც, ალბათ, მეთაურომა ეკისრა, თქვა, რომ ჩემთვის შარვალი ჩაეხადათ. წელზე ქამარი მომხსნეს, ჩამხადეს და ერთ-ერთს უბრძანეს, ეგ საქმე შენ უკეთ გამოგდის და მიდიო... საბედნიეროდ ეს სისასტიკე გადაიფიქრეს. ცემისგან გაბრუებული მანქანაში ჩამაგდეს და ერთმანეთს გადაულაპარაკეს, სხვა გზა არ არის, უნდა მოვკლათო. ერთს ეკითხებოდნენ ტომარა, ბარი და ნიჩბები წამოიღეთ თუ არაო.

ავტომანქანებმა გეზი ზუგდიდის მიმართულებით აიღეს. შავი მაისური, რომელიც მეცვა, აწიეს და სახეზე ამაფარეს, მაგრამ გამჭვირვალე იყო და კარგად დავინახე, რომ ტრასიდან გადაუხვიეს და ზუგდიდის რაიონის სოფელ დიდინეძის გზას დაადგნენ. ამ დროს წინ მჯდომ “მეთაურს” ვიღაცამ დაურეკა. მისი პასუხები იყო ხო, არა, კი, კარგი მაშინ. ეტყობა, ბრძანება მიიღო და მანქანა ისევ ხეთისკენ შემოაბრუნეს. იმ ტერიტორიასთან ახლოს, სიმინდის ყანებში ჩამომაგდეს, სადაც პირველად მცემეს. თუმცა ჩემი ცემა იქაც გააგრძელეს წასვლის წინ მითხრეს, არ გვიცნობ, არ გიცნობთო”.

ნახევრად უგონო მდგომარეობაში მყოფმა და ცემისაგან დაუძლურებულმა მალხაზ ბასილაიამ სიმინდის ყანებიდან ღამის პირველ საათზე გამოაღწია. მან დახმარება და თავშესაფარი ხამისკურის მოსახლეობას სთხოვა. დახმარების პირველი ხელი კუკავების ოჯახმა გაუწოდა. ჟურნალისტი დედას და ნათესავებს მისივე მობილური ტელეფონით დაუკავშირდა, რომლის წართმევა გამტაცებლებს რატომღაც არ უცდიათ.

პავლე კუკავა: “მალხაზი მე და ჩემმა მეგობარმა ტრასაზე შევნიშნეთ. ძლივს ითრევდა ფეხს, ტალახში ამოსვრილი იყო და სახეზე სილურჯეები ეტყობოდა. მან თავშესაფარი გვთხოვა. ჩვენ მაშინვე ვიცანით მალხაზი, იგი ტელეკრანიდან გვახსოვდა”.

ამ ისტორიაში საინტერესოა ის ფაქტიც, რომ მალხაზ ბასილაიას გატაცება შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის სამეგრელო ზემო-სვანეთის სამმართველოს ხელმძღვანელის, ზაზა ლატარიას საცხოვრებელი სახლის წინ, დაახლოებით 6 მეტრში მოხდა. მალხაზ ბასილაიას გატაცების შესახებ მისმა ნათესავმა მზია მირგატიამ “კუდის” უფროსის ოჯახს მაშინვე აცნობა. თუმცა ამ საკითხით დაინტერესება ზაზა ლატარიას არც პირველ დღეებში და არც შემდეგ გამოუხატავს. მისი დედა კი არ უარყოფს, რომ გატაცებული ჟურნალისტის ახლობლებმა მას შვილთან დაკავშირება და დახმარება სთხოვეს.

ია ლატარია: “მე არც გატაცება მინახავს ჟურნალისტის და არც მოსვლა. ჩვენ შემოგვჩივლეს. ჩემი ქმარი, ბონდოც რეკავდა ზაზასთან, მაგრამ ვერ დაუკავშირდა. იმ დღეს რუსები შემოვიდნენ, დაძაბული ვითარება იყო. ჩემი შვილის ადგილსამყოფელიც არ ვიცოდი. ის ძალიან დაკავებულია, დილით ადრე გადის და ღამის სამ საათზე მოდის შინ. მე მასთან მალხაზ ბასილაიაზე საუბარი საერთოდ არ მქონია”.

მალხაზ ბასილაია მისი გატაცების ფაქტს დაშინების მცდელობად აფასებს და მომხდარს “ტელე-იმედში” მუშაობის დაწყების სურვილს უკავშირებს.

მალხაზ ბასილაია: “მზერის” დახურვის შემდეგ არხის ხელმძღვანელობისგან იყო პირობა, რომ უკლებლივ ყველა ჟურნალისტს “ტელე-იმედში” დაასაქმებდნენ. ჩემს გარდა იქ უკვე ყველა მუშაობს. მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის არაერთი მცდელობა მქონდა. არ ვიცი როგორ, მაგრამ ამჟამად “ტელე-იმედის” გენერალური დირექტორის მოადგილემ, ალეკო ფარულავამ შეიტყო ამის შესახებ და შეხვედრა მთხოვა. იგი სამუშაოს დამპირდა, ოღონდ პრეზიდენტთან შეხვედრისაგან თავი შემეკავებინა. მცდელობა მქონდა განმუხურის პატრიოტთა ბანაკში ვიზიტად მყოფი მიხეილ სააკაშვილისთვის წერილი გადამეცა და დასაქმება მეთხოვა. ეს ამბავი გუბერნატორ გოროზიას გაუგია და დამირეკა, ოღონდ წერილს ნუ გადასცემ და მე დაგეხმარები სამუშაოს დაწყებაშიო. ასე რომ პრეზიდენტთან შესახვედრად ყველა გზას მიჭრიან. ამ ინციდენტის შემდეგ კი ალბათ აქტიურად მაკონტროლებენ”.

გატაცებიდან 15 დღის შემდეგ მალხაზ ბასილაია სამეგრელო ზემო-სვანეთის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსს, თენგიზ გუნავას დაუკავშირდა, მომხდარის შესახებ ტელეფონით შეატყობინა და გამტაცებლების დაკავება მოსთხოვა. მეორე დღესვე ხობის პოლიციის სამმართველოში ს.ს. საქმე აღიძრა, ჟურნალისტის დაკითხვა 7 საათი გაგრძელდა, მაგრამ გამოძიებას დღემდე არც ეჭვმიტანილი და არც დაკავებული ჰყავს.

მალხაზ ბასილაია კი ეჭვმიტანილებს შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის სამხარეო სამმართველოში ეძებს, ვინაიდან პოლიციის ფორმაში გამოწყობილი შეიარაღებული პირები ქართულად, მაგრამ მეგრული აქცენტით საუბრობდნენ. საინტერესო ისიც არის, რომ ჟურნალისტს გამტაცებლების ამოცნობაც შეუძლია, თუ, რა თქმა უნდა გამოძიება სამეგრელოში მომუშავე ძალოვნების თუნდაც ფოტოებს წარუდგენს.

2008 წლის 26 თებერვალს “მზერის” რეგიონალური კორესპონდენტი აფხაზმა მილიციელებმა გალში მაშინ დააკავეს, როცა იგი არჩევნებთან დაკავსირებით რეპორტაჟის მომზადებას გეგმავდა. სოხუმის უშიშროების იზოლატორიდან იგი 6 მარტს გაათავისუფლეს, ხოლო 8 მარტს საქართველოს პრეზიდენტმა მალხაზ ბასილაია ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

დაზარალებული ჟურნალისტი დახმარებას უფლებადამცველ ორგანიზაციებს სთხოვს. იგი მიხეილ სააკასვილთან შეხვედრასაც ითხოვს. იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტთან შეხვედრას მაინც აუკრძალავენ, მალხაზ ბასილაია საპროტესტო აქციის გამართვას მთავრობის სახლთან გეგმავს.

ახალი ამბები