კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მარტოხელა დედა ჯარისკაცს გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებს

9 ოქტომბერი, 2008

გულო კოხოძე, ახალციხე

ახალციხეში მცხოვრებ  მარტოხელა, ორი მცირეწლოვანი შვილის დედის გაუპატიურების მცდელობის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. მოძალადე ჯარისკაცია.                                   

23 სექტემბერს, გაუპატიურების მცდელობაზე 28 წლის ქალბატონმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალციხის რაიონულ სამმართველოს განცხადება თავად მიუტანა.

ახალგაზრდა ქალმა, რომელმაც საჯაროდ ვინაობის გამხელა არ ისურვა, მოყვა, რომ ბინა ორ ჯარისკაცს მიაქირავა. ჯარისკაცებმა მას უთხრეს, რომ ისინი ქალაქში მეხუთე ბრიგადის 54-ე ჯავშან -სატანკო ნაწილში კონტრაქტით მსახურობდნენ.

ქალბატონი, გაუპატიურების მცდელობაში ჯარიკაცებიდან ერთ-ერთს,  გოჩა ტარიელიძეს ადანაშაულებს.

ყავის მოდუღების მიზნით ღამის თორმეტის საათისთვის ნასვამი ჯარისკაცი მას ოთახში ეწვია, მანამდე კი ნათურის გამოსაცვლელად მათ ოთახში შესულ ქალბატონს სიყვარული აუხსნა.

„ვუთხარი ოთახიდან გასულიყო. მომიახლოვდა და მოფერება დამიპირა, ხელი ვკარი, თავი ვერ შეიკავა და წაიქცა. ამაზე ძალიან გაბრაზდა, ადგა და მუშტებით ცემა დამიწყო, მერე ერთი ხელი პირზე დამაფარა, მეორე ყელში წამიჭირა, ხელზე ვუკბინე. სისხლი რომ დაინახა სულ გაგიჟდა, სახეზე საბანი დამაფარა, გაგუდვა უნდოდა“,- იხსენებს დაზარალებული, - ვეხვეწებოდი თავი დამანებე და ხმას არ ამოვიღებ მეთქი, რადგან ბავშვებს ეძინათ და მეშინოდა არ გაღვიძებოდათ.  მან საწოლზე ძალით დამაწვინა და ძალის გამოყენება კიდევ ერთხელ სცადა, ამის შემდეგ კი ხმამაღლა ავყვირდი“.
 
ამის შემდეგ ტარიელიძემ ქალს თავი დაანება, თუმცა ისევ სცემა.
 
დაზარალებულის მეზობელი ამბობს, რომ ყვირილის ხმა გვიან ღამით გაიგონა.

,,ხმაურმა გამომაღვიძა, შუაღამე იქნებოდა. ყვირილიც გავიგე, ქალის ხმამაღალი ლაპარაკი ისმოდა – ,,გაეთრიე ჩემი სახლიდან!, იცოდე, რომ გაგამწარებ”. მივხვდი, რომ ხმაური მეზობლის სახლიდან გამოდიოდა. მეორე დღეს მეზობელმა მომიყვა რაც მოხდა – ,,მდგურმა თითქმის გამაუპატიურაო, წინააღმდეგობა რომ გაუწიე მცემაო”, - საუბრობს ნათია ნებიერიძე.

ჯარისკაცი ამ დროისათვის დაკავებული არ არის, თუმცა არც მეხუთე ბრიგადის 54-ე ჯავშან -სატანკო ნაწილში იმყოფება. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალციხის რაიონული სამმართველოს გამომძიებლის ლადო მჭედლიშვილის განცხადებით, გაუპატიურების მცდელობის ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 19-ე თავის 137- მუხლით, რაც 3-7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  
 
„ამ ეტაპზე მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება, ეჭვმიტანილი დაკავებული არ არის. გვაქვს ექსპერტიზის დასკვნაც რომელიც საქმეში დევს. სხვა დეტალებზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ ვისაუბრებ“,-  მოკლე კომენტარით შემოიფარგლა ლადო მჭედლიშვილი.

ახალი ამბები