კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შიდა ქართლის პროკურატურა მფარველობს ყოფილ გამგებელს

29 ოქტომბერი, 2008

 

 თამარ მაისურაძე

საბა წიწიკაშვილი, გორი

გორის რაიონის სოფელ ატენში მაცხოვრებელი  გურამ მიხანაშვილი ძმის,  რობიზონ მიხანაშვილის წყალობით იძულებული გახდა სოფელი ცოლ-შვილიანად დაეტოვებინა. ისინი 2 წელია ცდილობენ მამა-პაპური მიწა-წყალი რობიზონ მიხანაშვილისგან დაიბრუნონ, თუმცა ამაოდ. შიდა ქართლის პროკურატურა მიიჩნევს, რომ რობიზონ მიხანაშვილს, რომელიც ერთ დროს სოფელ ატენის გამგებელი იყო, საეჭვო არაფერი ჩაუდენია. გამოძიების მასალების მიხედვით კი, სოფლის ყოფილმა გამგებელმა აჩეხა ძმის ოჯახის ვაზი, დაანგრია ხეივნის რკინის კონტრუქციები, ასევე საწნახელი... საწნახელის სამშენებლო ქვა კი უკვალოდ გააქრო.

მიხანაშვილებს შორის დავა 2003 წლიდან დაიწყო. ამ წელს მოხუცებული შალვა მიხანაშვილის გარდაცვლების შემდეგ მამა-პაპისეული სახლის გაყოფა მისმა გამგებელმა შვილმა რობიზონ მიხანაშვილმა და მეორე ვაჟის გურამ მიხანაშვილის ოჯახმა დაიწყეს. დავაში სოფლის გამგებელმა რობიზონ მიხანაშვილმა გაიმარჯვა და ძმის ოჯახს მამა-პაპისეულ სახლი მისვლა აუკრძალა. რობიზონ მიხანაშვილს მიაჩნია, რომ მამა-პაპისეული სახლი მას ეკუთვნის, რადგან მისი თქმით, ძმა გურამ მიხანაშვილი თავისი ოჯახით წლების განმავლობაში გორში ცხოვრობდა და ყურადღებას არ აქცევდა მოხუც მამას. გურამ მიხანაშვილის ოჯახი კი აცხადებს, რომ ეს სიცრუეა, რადგან მოხუცი შალვა მიხანაშვილის დაკრძალვის ხარჯებიც კი არ გაუღია სოფლის ყოფილ გამგებელს.
 
თამარ მაისურაძე: ,,ჩემი მამამთლის გარდაცვალების შემდეგ სოფელ ატენში მე და ჩემს შვილს მაზლი აღარ გვიშვებს. ჩემი მეუღლე ამდენი ნერვიულობის წყალობით უკვე ძალიან შეუძლოდაა.  რობიზონ მიხანაშვილმა თავისი გამგებლობის პერიოდში გააყალბა საბუთები და ახლა ცდილობს დაისაკუთროს მემკვიდრეობით გადმოცემული ჩვენი ქონება. ჩემი მაზლი ჩვენი კომლის წევრად 1973 წლიდან აღარ ირიცხებოდა. იგი 1973 წლის  გაყრის განაჩენის შემდეგ სხვა კომლის წევრად ითვლებოდა. ამდენად მას არანაირი უფლება არა აქვს მე და ჩემს შვილს ხელი შეგვიშალოს კანონიერ საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლით სარგებლობაში".

თამარ მაისურაძემ ხელშეშლის აღსაკვეთად გორის რაიონულ სასამართლოს 2007 წლის გაზაფხულზე მიმართა. სასამართლოში ჩივილი მას ძვირად დაუჯდა, რადგან მისი მაზლი ამან გააღიზიანა და მათი შევიწროება გააგრძელა. აპრილში სადავო სახლ-კარზე და ნაკვეთზე რობიზონ მიხანაშვილმა მოახდინა ვაზის აჩეხვა, ხეივნის მოშლა, საწნახელის დანგრევა, კარების მოშლა და მთლიანად თავის სასარგებლოდ გაერთიანება. თამარ მაისურაძემ აღნიშნულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს შეატყობინა, თუმცა 2 წლის განმავლობაში გორელ სამართალდამცავებს ვერ გაურკვევიათ რობიზონ მიხანაშვილმა თვითნებობა ჩაიდინა თუ ქურდობა.

მამა-პაპისეული სახლ-კარის კანონიერ მფლობელს სასამართლო გაარკვევს, რომელიც ასევე ძალიან ჭიანურდება, მაგრამ საინტერესოა ვაზის აჩეხვის და საწნახელის დანგრევის უცნაური ამბავი.

საყოველთაო ამნისტიის გამოცხადებისას რობიზონ მიხანაშვილს ვაზის აჩეხვა ეპატია და გორის რაიონული პროკურატურის პროკურორის, კახა მურადაშვილის დადგენილებით მის მიმართ გამოძიება შეწყდა.

ამასობაში თამარ მაისურაძემ 2008 წლის სექტემბერს ადგილობრივ პროკურატურას ახალი დანაშაულის შესახებ ამცნო. წერილში დაზარალებული უთითებს, რომ სადავო სახლიდან რობიზონ მიხანაშვილმა ერთი სატვირთო მანქანა სამშენებლო ქვა წაიღო.

პროკურორის მოადგილე არჩილ ბედუკაძემ დაზარალებულის განცხადება გორის შს სამმართველოს უფროსს მიშა კანდელაკს გადაუგზავნა შემდეგი მიმართვით: ,,გეგზავნებათ მოქალაქე თამარ მაისურაძე-მიხანაშვილის განცხადება, რომელიც ეხება მისი კუთვნილი სატვირთო მანქანის ქურდობის ფაქტს." როგორ ჩანს, პროკურორმა ერთმანეთისაგან ვერ გაარჩია ,,ერთი სატვირთო მანქანა სამშენებლო ქვისგან..."

ასევე საინტერესოა ის გარემოება, რომ დანგრეული საწნახელის ქვის ქურდობის საქმე დაეწერა იგივე გამომძიებელს, რომელიც მანამდე ვაზის აჩეხვის ფაქტს იძიებდა. დაზარალებულ თამარ მაისურაძე-მიხანაშვილს მიაჩნია, გორის შს სამმართველოს მე-4 განყოფილების გამომძიებლებმა ეს საქმე არ უნდა გამოიძიონ.

ამის შესახებ დაზარალებული ქალბატონის არაერთი საჩივარი ოლქის პროკურორს დავით საყვარელიძეს დაუდეს მაგიდაზე. ადგილზე რომ ვერაფერს გახდა თამარ მაისურაძე-მიხანაშვილი, იძულებული გახდა გენერალური პროკურატურისათვის მიემართა. გენერალური პროკურატურის მიერ შიდა ქართლში გადმოგზავნილი განცხადება კვლავ იმ გამომძიებლებს დაეწერა განსახილველად, რომლებსაც თამარ მაისურაძე-მიხანაშვილი უნდობლობას უცხადებს.

,,პროკურორი კახა მურადაშვილი მეუბნება, რა მნიშვნელობა აქვს შენთვის, რომელი განცხადების მიხედვით აღიძვრება საქმეო... უკვე ირონიულად ეკიდებიან იმ ფაქტს, რომ ჩემი სიმართლის დასადგენად უამრავ განცხადებას ვწერ. გარდა ამისა, გამომძიებელი საური და ჯიოშვილი დასაკითხად მოდიან ჩემთან და არ იციან, თუ რომელი განცხადების საფუძველზე აწარმოებენ საგამოძიებო მოქმედებებს...ადგილზე დათვალიერების მიზნით სოფელ ატენში ჩავედი გამომძიებლებთან ერთად. ოქმზე ხელის მოსაწერად მეზობელი ქალი მოვიხმეთ, რომელმაც გვითხრა უარი ხელის მოწერაზე, მე ნუ გამრევთ ამ საქმეშიო. გადის დღეები და საქმის მასალებში ამ მეზობლის ახსნა-განმარტება ჩნდება, რომელიც ამბობს, რომ ქვა ჩემი იყო და მე მივყიდე რობიზონ მიხანაშვილსო. ერთი სიტყვით ყველაფრის თვითმხილველი პოლიციელები საქმეს ნამდვილად აჭიანურებენ და თან აყალბებენ. ამ დაუსჯელობის სინდრომით რობიზონ მიხანაშვილი ახალ-ახალ დანაშაულებებს ჩადის" - აცხადებს თამარ მაისურაძე მიხანაშვილი.

დაზარალებულმა ქალბატონმა დახმარებისათვის ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის" შიდა ქართლის ოფისს მიმართა. ცენტრის იურისტის, ეკა ხუციშვილის განმარტებით, არ არის გამორიცხული გამოძიება რობიზონ მიხანაშვილის მიმართ გამგებლობის პერიოდში არსებული დარღვევების გამო დაიწყოს. ,,ადამიანის უფლებათა ცენტრი" შეშფოთებას გამოთქვამს იმის, გამო რომ გამოძიება მართლაც ტენდენციურად მიმდინარეობს, რადგან გამომძიებლები არ ინტერესდებიან თუნდაც იმ ფაქტით, რომ რობიზონ მიხანაშვილის გამგებლობის პერიოდში დაიკარგა ზონარგაყრილი საკომლო წიგნი, რასაც ყველა მხარე ადასტურებს, ასევე იმ ფაქტით, რომ პოლიციელების თვალწინ რობიზონ მიხანაშვილი ძმის ცოლს დაემუქრა, რომ ციხეში დაჭერის და შემდეგ გამოსვლის შემთხვევაში სამაგიეროს გადაუხდის და  ,,მის თავს დააჭერინებს"...

ახალი ამბები