11:06, Monday, 26.08.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ახალშობილების დახმარების პროგრამა გაუქმდა

11.12.2008
გელა მთივლიშვილი

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 დეკემბრის დადგენილებით, ხელმოკლე ოჯახებში დაბადებული ახალშობილების დახმარების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა გაუქმდა. 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, მიხეილ სააკაშვილის მიერ დაპირებული 1000 ლარიანი დახმარება ახალშობილებზე 5 დეკემბრიდან აღარ გაიცემა.

ცვლილება საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 დეკემბრის დადგენილებაში შევიდა. „ოჯახი, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და ბავშვის დაბადების დღისთვის ან ბავშვის დაბადებიდან 6 თვის განმავლობაში მინიჭებული აქვს 100 000 –ის ტოლი ან ნაკლები სოციალურ – ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველი სარეიტინგო ქულა, არაუგვიანეს 2008 წლის 5 დეკემბრისა ვეღარ მიიღებს აღნიშნულ დახმარებას“, - ნათქვამია საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 დეკემბრის 234-ე დადგენილებაში. ამავე დოკუმენტით, პროგრამის მოქმედების ბოლო ვადად 2008 წლის 31 დეკემბერი განისაზღვრა.

სახელმწიფო პროგრამის გაუქმების შესახებ, რომელსაც წინასაარჩევნოდ პრეზიდენტმა სააკაშვილმა “ღირსეული დასაწყისი” შეარქვა, ხელმოკლე ოჯახებს ინფორმაცია ჯერ არ აქვთ. ამის შესახებ მედია საშუალებებს ინფორმაცია აქამდე არ გაუვრცელებიათ.

„დეკემბრის ბოლოს მე-6 შვილს ველოდები. ვაპირებდი, რომ 1000 ლარით, რომელიც სახელმწიფოს უნდა მოეცა ბავშვის აღსაზრდელად საჭირო ნივთებს შევიძენდი. ეს მთავრობა ყოველდღე იმას ამბობს ტელევიზიით, რომ სოციალური პროგრამების დაფინანსება იზრდება, სინამდვილეში კი ის ოჯახები, რომლებიც ამ დახმარებას რეალურად ვსაჭიროებთ, იმასაც ვეღარ მივიღებთ, რაც აქამდე უნდა მიგვეღო“,- ამბობს 38 წლის ლია არჯევნიშვილი.

1000 ლარიან დახმარებას ელოდებოდა ეკა ნაცვლიშვილიც. „სოციალურმა აგენტებმა ორჯერ შეგვამოწმეს და ორჯერვე სარეიტინგო ქულა 80 ათასის ფარგლებში მოგვანიჭეს. არც ფულადი და არც უფასო სამედიცინო დახმარება არ დაგვენიშნა. არადა, სახლი, სადაც ვცხოვრობთ, ჩვენი არ არის, მდგმურად ვართ. მეუღლე შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა, არსად მუშაობს და ორ მცირეწლოვან შვილს ახლობლების დახმარებით ვზრდით. მიუხედავად ამისა, მესამე შვილის გაჩენაზე უარი არ მითქვამს. 1000 ლარიანი დახმარების ნამდვილად მეიმედებოდა, ბავშვს ტანსაცმელს და საკვებს მინც შევუძენდი“, - აღნიშნავს რესპონდენტი.

ათას ლარიან დახმარებას ვერც ის ხელმოკლე ოჯახები მიიღებენ, რომელთაც ბავშვი 2008 წლის ნოემბრამდე გაუჩნდათ, რადგან მთავრობის 234-ე დადგენილებით, სოციალური სუბსიდიების სააგენტოს 2008 წლის 8 დეკემბრიდან ბარათების გაცემის, ხოლო საბანკო დაწესებულებებს 15 დეკემბერს ბარათების მიღებისა და განაღდების შეწყვეტა დაევალათ.

სტატისტიკური მონაცემებით, ოჯახი, რომელმაც დახმარების მიღების მიზნით, სხვადასხვა მიზეზით, სოციალური სუბსიდიების სააგენტოსთვის მიმართვა ამ დრომდე ვერ მოახერხა, საკმაოდ ბევრია. მაგალითად, ალბინა პილავოვას ბავშვი 2008 წლის მარტში შეეძინა, მაგრამ დაბადების მოწმობის დაგვიანებით აღებისა და სოციალური სუბსიდიების სააგენტოში არსებული ბიუროკრატიული მექანიზმების გამო, სააგენტოში 1000 ლარიანი დახმარების მისაღებად განცხადების წარდგენა მხოლოდ დღეს შეძლო. როგორც ალბინა ამბობს, მისთვის ცნობილი იყო, რომ ამ დახმარების მიღება ბავშვის დაბადებიდან არაუგვიანეს ერთი წლის განმავლობაში შეეძლო.

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ხელმოკლე ოჯახებში დაბადებული ახალშობილების დახმარების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის გაუქმების შესახებ დადგენილების პროექტი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მომზადდა. ამის დასაზუსტებლად და იმაზე განმარტების მისაღებად, თუ რატომ გახდა ახალშობილების დახმარების პროექტის გაუქმება აუცილებელი, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსს სოფო გვალიას მივმართეთ. რამდენიმე საათის განმავლობაში არაერთი თხოვნის მიუხედავად, დეპარტამენტის უფროსმა განაცხადა, რომ ჩვენთვის საინტერესო ინფორმაციის მოსაწოდებლად 10 დღიანი ვადა აქვს.

საქართველოს მთავრობის 3 დეკემბრის 234-ე დადგენილებას არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი უჩა ნანუაშვილი ხელისუფლების ერთ-ერთ ყველაზე უკან გადადგმულ ნაბიჯად აფასებს. „როგორც ჩანს, ეს იყო მთლიანად წინასაარჩევნო ფიარზე გათვლილი გადაწყვეტილება. შეიძლება ითქვას, რომ პროგრამის გაუქმება სერიოზულად აისახება დემოგრაფიულ მდგომარეობაზე და მას აუცილებლად გააუარესებს. ეს არის ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე უკან გადადგმული ნაბიჯი“, - აცხადებს უფლებადაცვითი ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

„ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერის ფიქრია ჩიხრაძის თქმით, ხელმოკლე ოჯახებისთვის ელემენტარული დახმარების წართმევა გენოციდის ტოლფასია. „როდესაც წინა პარლამენტის დროს „ახალმა მემარჯვენეებმა“ წარვადგინეთ პროგრამა ქვეყანაში არსებული დემოგრაფიული პრობლემების მოსაგვარებლად, მაშინ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ამ პრობლემის მოგვარებას უფრო გლობალურად აპირებდა. მიზნობრივი დახმარებების დღითიდღე და მეთოდურად შემცირებით, კარგად ჩანს ამ ხელისუფლების დამოკიდებულება დემოგრაფიული პრობლემისადმი“, - აღნიშნავს ჩიხრაძე.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC