23:30, Saturday, 21.09.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

7 წელი ციხე არყის დალევისათვის

28.01.2009
 შემთხვევის ადგილი
გელა მთივლიშვილი

გურჯაანის რაიონული სასამართლო 28 წლის ამირან ცერცვაძეს ასამართლებს. როგორც სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან და სასამართლო პროცესზე დაკითხული მოწმეების ჩვენებებიდან ჩანს, უკიდურესად ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ცერცვაძე მამამისის საცხოვრებელი სახლის მეზობლად მდებარე სხვის ფარდულში შებარბაცდა და არაყი დალია. მიუხედავად ამისა, პროკურატურა განსასჯელს სხვის ბინაში უკანონო შეღწევით ქურდობის მცდელობაში ადანაშაულებს და მისთვის, ამ დანაშაულისთვის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმუმს, 7 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვს.

შს გურჯაანის რაიონულ სამმართველოში გამოძიება 2008 წლის 24 აგვისტოს მიღებული სატელეფონო შეტყობინების საფუძველზე დაიწყო. "მოგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 24 აგვისტოს 21:05 წუთზე ელსმენით დაგვიკავშირდა კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს მორიგე ნასყიდაშვილი და შეგვატყობინა, რომ გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს დახმარებისათვის მიმართა ამავე სოფელში მცხოვრებმა მაია ძამუკაშვილმა. მან განაცხადა, რომ მისი ავტოფარეხიდან გამოვიდა ვიღაც უცნობი კაცი და თხოულობდა პოლიციის დახმარებას შიგნით კიდევ ვინმე არ იყოსო", - აღნიშნულია სატელეფონო შეტყობინების ოქმში, რომელიც სამმართველოს უფროსმა რეაგირებისათვის მოადგილეს ილია ოთარაშვილს გადასცა. "გამომძიებელს ვახტანგ რუაძეს. გთხოვთ, დაიწყოთ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის III ნაწილის "გ" პუნქტით", - ასეთ რეზოლუციას ადებს შს რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე სატელეფონო შეტყობინების ოქმს. უნდა აღინიშნოს, რომ საქმის მასალების მიხედვით, გამოძიების დაწყების მომენტისთვის, შს გურჯაანის სამმართველოს, სატელეფონო შეტყობინებაში მოცემული ფაქტის შესახებ სხვა ინფორმაცია არ გააჩნდა.

სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლი: დანაშაულის მცდელობა: დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.

სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მცდელობისთვის განისაზღვრება ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით, რომლითაც გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა დამთავრებული დანაშაულისათვის, ამ მუხლზე მითითებით.

სსკ-ის 177-ე მუხლის III ნაწილი: ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ბინაში წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის ან უკანონო შეღწევით.

იურისტი ლია ხუროშვილი მიიჩნევს, რომ მიღებულ შეტყობინებაში მოცემული ინფორმაციის საფუძველზე შს გურჯაანის რაიონულ სამმართველოს გამოძიება არა 19, 177-ე მუხლის III ნაწილით, არამედ სსკ-ის 160-ე მუხლით უნდა დაეწყო (ბინაში ან სხვა მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, უკანონო ჩხრეკა ან სხვა ქმედება, რომელიც არღვევს ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობას).

იმავე დღეს გამომძიებელ რუაძის მიერ შედგენილია შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სადაც აღნიშნულია: "შემთხვევის ადგილი მდებარეობს გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში, "გოგნაანთ" უბანში და წარმოადგენს მაია ძამუკაშვილის საცხოვრებელ ბინას, რომლის ეზოც არ არის შემოღობილი. ბინა არის ერთსართულიანი, ქვით ნაშენი, რომელიც დახურულია შიფერით. საცხოვრებელი ბინის ხის კარებს დაზიანება არ აღენიშნება. ...ოთახში მდგარ კარადაზე დევს სამი ლიტრის ტევადობის მინის ქილა, სადაც ნახევრად სპეციფიკური სუნის მქონე სითხე დგას. შესასვლელი კარებიდან 2 მეტრის მოშორებით ოთახში დგას პლასტმასის ბალონი, რომელშიც ასხია თეთრი ფერის სპეციფიკური სუნის მქონე სითხე".

შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ, გამომძიებელს, მაია ძამუკაშვილის დაზარალებულად ცნობის დადგენილება აქვს მიღებული. დადგენილებაში აღნიშნულია, რომ ძამუკაშვილს მორალური ზიანი მიადგა. დაზარალებულის დაკითხვის ოქმში მითითებულია: 2008 წლის 24 ივლისს, 07:00 საათზე წავედი სამუშაოდ სიმინდის სამტვრევად. სახლში დარჩა ჩემი ძმა, რომელიც მუშად უნდა წასულიყო მეზობელთან. სახლში შესასვლელი კარები გარედან არ იკეტება. ვკეტავთ შიგნიდან და გარეთ მარნის კარებიდან გამოვდივართ. რადგან სახლში არის სინესტე, ამიტომ მარნის კარებს უბრალოდ მიხურულს ვტოვებთ, რათა ოთახში ნიავმა იმოძრაოს. იქნებოდა დაახლოებით 19 საათი, სახლში რომ დავბრუნდი. მარნიდან ფხაჭუნის ხმა მესმოდა. მეგონა, რომ მარანში კატა იყო და ყურადღება არ მიმიქცევია. წავედი ჩვენი სახლიდან დაახლოებით 150 მეტრში მდებარე ფერმაზე, სადაც წავიყვანე ჩვენი ხბო და 10 წუთში უკან დავბრუნდი. ისევ ხმაური შემომესმა, იატაკზე გავლის ხმა იყო. ვიფიქრე, ჩემი ძმა მოვიდა მეთქი და შევეხმიანე, მაგრამ არავინ მიპასუხა. მივხვდი, რომ მარანში ვიღაც იყო, შევედი სახლში და საძინებელი ოთახიდან ფანჯარა გამოვხსენი, რა დროსაც ჩემს უბანში მცხოვრებმა ამირან ცერცვაძემ ჩემსკენ წამოიწია. მე დავუყვირე, შენ იპარავდი არაყს მეთქი და ინსტიქტურად სახუფი რომელიც მეზობლისგან მქონდა ნათხოვი და ხელში მეკავა, თავში ჩავარტყი. შემეშინდა, რომ უფრო არ გამწარებულიყო და გარეთ გავვარდი. დავიწყე ყვირილი, რომ ამირან ცერცვაძე ჩემს სახლში გასაქურდად იყო შემოსული და საშველად ხალხს ვუხმობდი", - აღნიშნავს მაია ძამუკაშვილი და გამომძიებლის დამატებით შეკითხვაზე პასუხობს, რომ მატერიალურად არ დაზარალებულა, რადგან "არ არის ბევრი არაყი წაღებული, მაგრამ მე მომადგა მორალური ზიანი".

2008 წლის 25 აგვისტოს 01:18 წუთზე შს გურჯაანის რაიონულ სამმართველოში კიდევ ერთი სატელეფონო შეტყობინება შედის. ამჯერად გურჯაანის რაიონული საავადმყოფოს ექიმი ყაჭიური პოლიციას ატყობინებს, რომ საავადმყოფოში მიიყვანეს ამირან ცერცვაძე, რომელსაც აღენიშნება ექსკორაციები შუბლის მიდამოში. შეტყობინების მიხედვით, პაციენტი ვერ იხსენებს, სად მიიღო დაზიანება. ამ შეტყობინების მიღებიდან რამდენიმე წუთში შს გურჯაანის სამმართველოს დეტექტივ – გამომძიებელმა მარინა ფოცხვერაშვილმა ამირან ცერცვაძე მაია ძამუკაშვილის საცხოვრებელი ბინის ქურდობის მცდელობაში ეჭვმიტანილად სცნო და დააკავა.

დაკითხვის დროს ცერცვაძე აჩვენებს: "2008 წლის 22 აგვისტოს სტუმრად ჩამოვედი მამაჩემთან გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში. 24 აგვისტოს, დილით, როცა ავდექი, დავლიე არაყი და დავთვერი. ამის შემდეგ ვიმყოფებოდი სახლში და დღის მეორე ნახევარში გამოვედი სახლიდან, მამაჩემმა მიმასწავლა, რომ არაყს დაახლოებით ორას მეტრში მცხოვრები ანასგან შევიძენდი. წავედი, ვიყიდე ნახევარი ლიტრი არაყი, მარტომ დავლიე და კიდევ უფრო ძალიან დავთვერი. საღამოს ბიჭებთან ერთად ვქეიფობდი, ჩემი ძმის მეგობრის სახლში. იქაც არაყს ვსვამდი და მერე რა მოხდა აღარ მახსოვს. არ მახსოვს, ვინმეს ბინაში თუ შევედი".

წინასწარი გამოძიების დროს მოწმის სახით დაკითხული დავით უზენაშვილის ჩვენებიდან: "ბენზინგასამართი სადგურის საოპერატორო ოთახში ვსაუბრობდით მე და გოჩა აბაზაშვილი, რომ მაია ძამუკაშვილის ყვირილი შემოგვესმა. გოჩას ეძახდა. გამოვედით და ძამუკაშვილების სახლის მიმართულებით წავედით. გვითხრა, რომ ხმაური შემოესმა სახლიდან და ფანჯარა რომ გააღო, ვიღაც ბიჭი დახვდა, ვინაობა თქვა, მაგრამ მე არ მახსოვს, რა დროსაც თავში რაღაც ჩაარტყა. ამ ამბის მოთხრობის შემდეგ მაია გზაზე გავიდა, სადაც საპატრულო პოლიცია გაჩერდა და ალბათ მომხდარის შესახებ შეატყობინა".

მოწმის სახით დაკითხული ნოდარ რუსიშვილის თქმით, მაია ძამუკაშვილის ყვირილის ხმა მანაც გაიგო, რის გამოც ქუჩაში გავიდა. "მაიამ მთხოვა, ყურადღება მიმექცია, რომ თუ მისი სახლიდან ამირანი გამოვიდოდა, თან არაფერი წაეღო. კი გამოვიდა ამირანი, მაგრამ ხელში არაფერი ეკავა. უგონოდ მთვრალი იყო. ძლივს დადიოდა. რამდენჯერმე წაიქცა კიდეც. ალბათ, სახლში წავიდა", - ამბობს მოწმე რუსიშვილი.

2008 წლის 26 აგვისტოს ამირან ცერცვაძე ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მისცეს. "2008 წლის 24 აგვისტოს ქ. რუსთავში თბილისის ქუჩა 13-ში მცხოვრები ამირან ცერცვაძე სტუმრად იმყოფებოდა სოფელ ვაზისუბანში მამასთან, რა დროსაც მიიღო ალკოჰოლური სასმელი და დათვრა, რის შემდეგაც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა განიზრახა მამამისის მეზობლად მცხოვრები მაია ძამუკაშვილის ბინის ქურდობა. ამ მიზნით, იმავე დღეს, საღამოს საათებში მივიდა მაია ძამუკაშვილის საცხოვრებელ ბინასთან, სადაც დარწმუნდა, რომ ბინაში არავინ იმყოფებოდა, უკანონოდ, საცხოვრებელი ბინის ჩაურაზავი კარიდან შეაღწია ბინაში, სადაც ცდილობდა ფარულად დაუფლებოდა მისთვის სასურველ სხვადასხვა დასახელების საოჯახო ნივთებს. ცერცვაძეს უკვე გამზადებული ჰქონდა მოსაპარად 20 ლიტრის ტევადობის პლასტმასის ბიდონი და 3 ლიტრის ტევადობის მინის ქილა, რომლებშიც ესხა არაყი, შეექმნა რა მხილების საფრთხე, რადგან მოატანა პატრონმა, განიზრახა გაქცევა. შეშინებულმა ძამუკაშვილმა მას მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება, რის შემდეგაც ძამუკაშვილი ყვირილით გაიქცა ქუჩაში. ამით ისარგებლა ამირან ცერცვაძემ და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა", - ნათქვამია დადგენილებაში, რომლის საფუძველზეც პროკურატურის მიერ მომზადებული შუამდგომლობა, ცერცვაძისთვის წინასწარი აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობის შეფარდების შესახებ, მოსამართლე შალვა მჭედლიშვილმა დააკმაყოფილა.

საქმის მასალების მიხედვით, ამირან ცერცვაძისთვის წინასწარი ორთვიანი პატიმრობის შერჩევის შემდეგ გამოძიებას არაფერი აღარ გაუკეთებია. 2008 წლის 17 ოქტომბერს გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორი გიორგი ქოქიაშვილი საბრალდებო დასკვნას ადგენს და საქმეს განსახილველად გურჯაანის რაიონულ სასამართლოში აგზავნის.

სასამართლო პროცესზე მოწმეებმა უზენაშვილმა და რუსიშვილმა ჩვენებები არ შეცვალეს, მაგრამ განაცხადეს, რომ ჩვენება გამომძიებლის კარნახით იყო დაწერილი, რის გამოც პროკურორმა ქოქიაშვილმა მათ საჯაროდ მოსთხოვა, გაჩუმებულიყვნენ, იშუამდგომლა წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენებების გამოქვეყნება და თუ მოწმეები მას არ დაეთანხმებოდნენ, მათ დაკავებით დაემუქრა. ამაზე ცერცვაძის დამცველმა ლოლა ტუსაშვილმა პროტესტი გამოთქვა, მაგრამ მოსამართლე მჭედლიშვილს პროკურორისთვის შენიშვნა არ მიუცია, შესაბამისად, პროცესი პროკურორმა წარმართა. მოწმის სახით დაკითხულმა ბექა კომლაძემ კი აჩვენა, რომ ამირან ცერცვაძე მასთან და სხვა ახალგაზრდებთან ერთად სვამდა არაყს მეგობრის, სპარტაკის სახლში, რის შემდეგაც ძალიან მთვრალი, თვითონ ბექამ ჩამოაცილა დიდი მანძილი, თითქმის სახლამდე და ბოლოს თვითონვე რომ იპოვა ღობის ძირში დაძინებული და დასისხლიანებული, მაგრამ პროკურატურა მისი ჩვენებით არ დაინტერესდა.

პროკურატურის ინტერესის საგანი არც ის გახდა, რომ მაია ძამუკაშვილის სახლი ქვით არ არის ნაშენები, როგორც ამას შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში გამომძიებელი მიუთითებს; საქმის მასალების მიხედვით დანაშაული 2008 წლის 24 აგვისტოს მოხდა, ძამუკაშვილი კი თავის ჩვენებაში დანაშაულის დროდ 24 ივლისს მიუთითებს; პროკურატურა არ დაინტერესებულა არც იმით თუ როგორ შემოესმა ძამუკაშვილს თითქოსდა ცერცვაძის მიერ მარანში იატაკზე გავლის ხმა, როცა მარანს ხის ან ბეტონის იატაკი არ აქვს და მიწაა, მიწაზე კი ჩუსტებით გავლა ხმაურს არ იწვევს; არცერთი მოწმე არ მიუთითებს, რომ ცერცვაძეს ძამუკაშვილის ბინიდან სხვადასხვა დასახელების საოჯახო ნივთების მოპარვა სურდა, ამას არც დაზარალებული აჩვენებს. არაყთან დაკავშირებით კი ძამუკაშვილი ამბობს: "ჩემი აზრით ამირანს უნდოდა მარანში შენახული არყის მოპარვა, რაც არ დასცალდა". გამომძიებლის დამატებით კითხვაზე კი დაზარალებული პასუხობს: "სახლიდან არაფერი სხვა ნივთი არ არის წაღებული", მიუხედავად ამისა, პროკურორი ქოქიაშვილი საბრალდებო დასკვნაში წერს: "ამირან ცერცვაძე ცდილობდა ფარულად დაუფლებოდა მისთვის სასურველ სხვადასხვა დასახელების საოჯახო ნივთებს".

უნდა აღინიშნოს, რომ ამ გარემოებების გამოკვლევით არც სასამართლო დაინტერესდა.

პროკურორი ქოქიაშვილი განსასჯელისთვის 7 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვს და ამას იმით ხსნის, რომ ამირან ცერცვაძეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება აქვს, რადგან წარსულში ნასამართლევია.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
სახელი: Donyell
2012-06-23 14:25
That's an ingenious way of tihinkng about it.
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC