კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რაც შენია - ჩემია, ანუ როგორ მივიტაცოთ სხვისი ქონება

10 მარტი, 2009

ეკა ქევანიშვილი

დღეს სასამართლოში ამაოდ ცდილობენ კერძო მესაკუთრეები: აქციონერები, კერძო და იურიდიული პირები, წლების განმავლობაში საკუთრად მიჩნეული ქონება ხელისუფლების მტაცებლური გეგმებისგან დაიცვან. ჩვენი გამოძიება ამხელს ხელისუფლების მიერ სასამართლოსთვის დაწერილ ერთ სცენარს - როგორ მივიტაცოთ ხალხის ქონება?

ვაჟა-ფშაველას გამზირზე, № 16-ში, მდგარ მრავალსართულიან შენობას ბევრი მშენებლობის, ბევრიც ლტოლვილთა სამინისტროს სახელით იცნობს, რადგან სხვადასხვა დროს ამ შენობაში ეს სამინისტროები იყვნენ შეკედლებული. ჩვენს ჟურნალისტურ მოკვლევაში მოთხრობილი ამბავი ამ შენობის გარშემო დავას ეხება.   მოდავე მხარეები სააქციო საზოგადოება „ქალაქმშენი“  და ეკონომიკური განვითარების სამინისტრო არიან. 2008 წლის 19 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ დავა სახელმწიფოს სასარგებლოდ გადაწყვიტა და შენობის ხუთი სართული მის მფლობელობაში დატოვა. „ქალაქმშენი“ მიიჩნევს, რომ სასამართლომ არ გამოიტანა სამართლიანი ვერდიქტი და ასაჩივრებს მას სააპელაციო სასამართლოში

სასამართლო ბრალდებულია...

„ქალაქმშენის“ ადვოკატი ნინო ტაბატაძე ამტკიცებს, რომ მოსამართლეს სათანადოდ არ შეუსწავლია საქმეში არსებული მტკიცებულებები. მოსამართლე გვრიტიშვილი მტკიცებულებათა განხილვას არ დასწრებია და არც შემდეგ დაინტერესებულა მათით. მხოლოდ მოპაექრეთა მოსმენით დაკმაყოფილდა და ამიტომ მიიღო უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი, ადვოკატი ნინო ანდრიაშვილი სასამართლოს ადანაშაულებს იმაში, რომ არ გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება კერძო იურიდიული პირის დასაცავად - საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლის თანახმად, შეეძლო საკუთარი ინიციატივით შეეგროვებინა მტკიცებულებები, თუკი ჩათვლიდა, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისი იყო. აღსანიშნავია, რომ ეს უფლება აქვს მხოლოდ ადმინისტრაციულ სასამართლოს და საქართველოს მართლმსაჯულების ერთ-ერთ მონაპოვრად ითვლება, როგორც გარანტია საქართველოს მოქალაქისთვის კონსტიტუციის 21-ე მუხლით მინიჭებული საკუთრების უფლების დასაცავად.

სასამართლოს კიდევ ერთ ბრალდებას უყენებს „ქალაქმშენის“ უფლებების დამცველი დიმიტრი გაბუნია: მას მიაჩნია, რომ მათი მხარის უფლებების დარღვევა იყო ადმინისტრაციული აქტის გამოცემა მათი დასწრების გარეშე; რომ აბსურდული იყო ამ საფუძველზე გამოთქმულ პროტესტზე სასამართლოს პასუხი, თითქოს მათი განხილვაზე დასწრება გადაწყვეტილებას ვერ შეცვლიდა. ცინიკური იყო სასამართლო მაშინაც, როცა ცდილობდა, დაემტკიცებინა, თითქოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი იცავს მხოლოდ ისეთ საკუთრებას, რომლის საფუძვლიანობა და კანონიერება ეჭვს არ იწვევს. ხოლო საეჭვო კუთვნილების ქონების შემთხვევაში, ის ისე უნდა მოქცეულიყო, როგორც მოიქცა: საჯარო რეესტრის მონაცემის საფუძველზე არ ჩათვალა „ქალაქმშენი“ კანონიერ მესაკუთრედ და ქონება სახელმწიფოს მიაკუთვნა.

ჩვენმა საგამოძიებო ჯგუფმა კითხვებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს. ვითხოვდით მოსამართლე გვრიტიშვილის ქმედებების ახსნას. სასამართლომ მიიჩნია, რომ ეს ჩვენგან ანგარიშის ჩაბარების მოთხოვნა იყო და შეგვახსენა კონსტიტუციის 84-ე მუხლი, რომლის თანახმად, კერძო პირს მოსამართლის გადაწყვეტილებაზე ახსნა-განმარტების მოთხოვნის უფლება არ აქვს. პასუხად მან მიგვითითა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ განხილულ საქმეზე, რომელსაც ჩვენ მის გარეშეც ვიცნობდით.

 რა ფაქტებს ეცნობოდა სასამართლო

„ქალაქმშენის“ სამეთვალყურეო საბჭოს ახლანდელი თავმჯდომარე ალექსანდრე თათეიშვილი მოგვითხრობს, რომ ყველაფერი მათთან პროკურატურის ორი გამომძიებლის მისვლით დაიწყო. ეს იყო 2005 წლის შემოდგომა. მათ სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელობას წარუდგინეს ქალაქის პროკურორის მიერ ხელმოწერილი წერილი, რომლითაც ითხოვდნენ „ქალაქმშენის“ სადამფუძნებლო დოკუმენტაციას და რამდენიმე საკანონმდებლო აქტს. „ქალაქმშენის“ ხელმძღვანელობას განუმარტეს, რომ საქმე ეხებოდა იმ შენობის წლების წინ ჩატარებულ პრივატიზაციას, რომელშიც ამჟამად სააქციო საზოგადოება იყო განთავსებული. პროკურატურის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ ამ საფუძველზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე მშენებლობის სამინისტროს ყოფილი  მაღალჩინოსნების წინააღმდეგ.

„ქალაქმშენის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაშინ ნუგზარ ფეტელავა იყო, ხოლო დირექტორი - ლილი არობელიძე. საბუთების შესაგროვებლად მათ ერთი დღე მისცეს. ხელმძღვანელობამ დროულად წარუდგინა საბუთები პროკურატურას. ამის მიუხედავად, სანამ საქმის შესწავლას დაიწყებდა, პროკურატურამ მათ პირდაპირ მოსთხოვა (თანაც რამდენჯერმე), სასწრაფოდ დაეცალათ შენობა და სახელმწიფოსთვის გადაეცათ. 

პროკურატურაში ერთ-ერთი ასეთი ვიზიტიდან მეორე დღეს ნუგზარ ფეტელავა გულის შეტევით გარდაიცვალა.

ლილი არობელიძე, დირექტორი (სტილი დაცულია): „პროკურატურა პირდაპირ მოითხოვდა: „დათმეთ ეს ქონება“. ჩვენ ვეუბნებოდით, როგორ დავთმოთ, როცა ეს ქონება მარტო ორი ადამიანის არ არის, აქციონერების საკუთრებააო... ვისთვის არის სასიამოვნო პროკურატურაში სიარული, თან როცა საკუთრებას გედავებიან. მე და ნუგზარი დავდიოდით და ერთხელაც, პროკურატურაში მორიგი ვიზიტის შემდეგ, მეორე დღეს, ვურეკავ ნუგზარს სამსახურში. მეუბნებიან - არ არისო. დავრეკე სახლში და გავიგე, რომ გულის შეტევით გარდაიცვალა... ცხადია, სანერვიულოა, როდესაც  ჩვენს ბოლო ლუკმას გვართმევენ. რაც მაქვს დღეს, ესაა, მეტი არაფერი და თავად განსაჯეთ, ამ ასაკში როგორია, რაც მთელი ცხოვრება იშრომე და შენია, უცებ რომ მოინდომებენ, ეს წაგართვან”.

სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის გარდაცვალებიდან ორი კვირის შემდეგ „ქალაქმშენში“ კვლავ მოვიდნენ პროკურატურის წარმომადგენლები. ერთ-ერთი მათგანი იყო გამომძიებელი ვახტანგ სამხთუაშვილი. ისევ მოითხოვეს დირექტორის პროკურატურაში მისვლა. ალექსანდრე თათეიშვილი მაშინ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო და პროკურატურაში ისიც გამოცხადდა. აი, როგორ იხსენებს თათეიშვილი პროკურატურაში სტუმრობას:

„სამხთუაშვილმა გვითხრა, სახელმწიფოს ახლა უჭირს, გაძლიერება სჭირდება, ამიტომ თქვენი ქონება უნდა დათმოთო. თანაც მთლიან შენობას გულისხმობდა. მე აქციების 8 პროცენტის მფლობელი ვარ. „ქალაქმშენს“, სადამფუძნებლო დიკუმენტაციის მიხედვით, 105 აქციონერი ჰყავდა. ამიტომაც  გამომძიებელს ვუთხარი, რომ სხვის ქონებაზე გადაწყვეტილებას ვერ მივიღებდი. ჩემს პასუხს მუქარა მოჰყვა, რომ „სხვანაირად მოიქცეოდნენ“. მე ვუთხარი, რომ უკანონო არაფერი ჩაგვიდენია, რომ შეეძლოთ, შეესწავლათ საქმე, გამოევლინათ დარღვევები. დარწმუნებული ვიყავი, ვერაფერს აღმოაჩენდნენ და კიდეც რომ ეპოვათ რამე, მხოლოდ ჯარიმას თუ დაგვაკისრებდნენ. ეს კი ქონების ჩამორთმევას არ გულისხმობს.“

პროკურატურაში მორიგი გამოძახებისას თათეიშვილმა  საქმეში პარლამენტის წევრები, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მედია ჩართო. საქმე გახმაურდა. პროკურატურა პოზიციებს იცვლიდა. მთლიანი შენობის ხელში ჩაგდებაზე თითქოს უარი თქვეს და მხოლოდ ხუთი სართულისთვის დაიწყეს დავა. მათ თათეიშვილს ასეთი რამ შესთავაზეს: ხუთი სართულიდან, რომლებიც მშენებლობის სამინისტროს აღნიშნულ შენობაში 13 წლის განმავლობაში ეკავა (თუ რა ფორმით, ამაზე ქვემოთ ვისაუბრებთ), ერთ სართულს დაგიტოვებთ, დანარჩენი კი სახელმწიფოს აჩუქეთო. თათეიშვილმა პირდაპირ უპასუხა: „თუ მართლები არ ვართ, ხუთივე წაიღეთ, თუ პირიქით, მაშინ ხუთივე სართული ჩვენია“.

პროკურატურამ შეამოწმა პრივატიზების ყველა დეტალი და ვერავითარი დარღვევა ვერ აღმოაჩინა. მოგვიანებით გამოვიდა კანონი ქონების ლეგალიზაციის შესახებ. „ქალაქმშენს“ ისევ დაურეკეს პროკურატურიდან და აცნობეს, სისხლის სამართლის საქმე შეწყვეტილია და დადგენილება წაიღეთო. ეს დადგენილება „ქალაქმშენმა“ დღემდე ვერ მოიპოვა. მათ ეს დოკუმენტი, უბრალოდ, არ მისცეს.

„ქალაქმშენი“, ალბათ, კიდევ დიდხანს ვერ გაიგებდა, რა ხდებოდა მათი კუთვნილი ხუთი სართულის ირგვლივ, რომ არა ერთი შემთხვევა. თათეიშვილის თქმით, შენობაში განთავსებულმა ერთ-ერთმა ორგანიზაციამ გადაწყვიტა, რომ საჯარო რეესტრში საკუთარი ფართის გამიჯვნა დაერეგისტრირებინა. ამ მიზნით ყველა მესაკუთრისგან მიიღო თანხმობა. სწორედ, ამ ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ამოიღეს რეესტრიდან ახალი ამონაწერი, რომელშიც შავით თეთრზე იკითხებოდა, რომ ხუთი სადავო სართულის ფართი გადაფორმებული იყო სახელმწიფოზე. გადაფორმების ფაქტი 2007 წლის 4 აპრილით თარიღდებოდა.

ეკონომიკა  - რეესტს, რეესტრი - ეკონომიკას

ანუ „რაც ჩემია, ჩემიას“ თავისუფალი ინტერპრეტაცია

სანამ სააქციო საზოგადოება „ქალაქმშენს“ ყველაფერი მიწყნარებული ეგონა, ეკონომიკური განვითარების სამინისტრო სადავო შენობას ოფიციალურად ისაკუთრებდა. მან წერილით მიმართა საჯარო რეესტრს და მოითხოვა სს „ქალაქმშენის“ სახელზე თბილისში, ვაჟა ფშაველას გამზირის №16-ში, მდებარე შენობის მე-3-დან მე-7 სართულის ჩათვლით რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება და აღნიშნული უძრავი ქონების სახელმწიფო საკუთრებაში გადატანა. ამ წერილს ხელს აწერს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე კახა დამენია.

საჯარო რეესტრმა ეკონომიკის სამინისტროს წერილი დააკმაყოფილა და გააბათილა სახელმწიფო რეგისტრატორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რის შესახებაც „ქალაქმშენისთვის“ არც კი უცნობებიათ.

„საჯარო რეესტრის გადაწყვეტილების შესახებ 30 აპრილს გავიგეთ. ავიყვანეთ ადვოკატი და ბოლო დღეს შევიტანეთ სარჩელი ადმინისტრაციული აქტის გაბათილების მოთხოვნით. ვითხოვდით საჯარო რეესტრის იმ ჩანაწერის გაუქმებას, რომლის თანახმადაც, ჩვენი კუთვნილი  ხუთი სართული სახელმწიფოს საკუთრებად გამოაცხადეს. გამოვიდა, რომ, რაც ძალით ვერ წაიღო სახელმწიფომ, ის, ფაქტობრივად, მოიპარა”, - აცხადებს ალექსანდრე თათეიშვილი.

ხელისუფლება და მის მიერ დაქირავებული არაკეთილსინდისიერი მოწმეები

„ქალაქმშენის“ საქმეში ხელისუფლების ინტერესების დამცველად წარმოჩნდა ვინმე ოთარ ჯღამაძე. იგი წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ინფორმატიკისა და კომპიუტერული ტექნიკის სამეცნიერო-საწარმოო ცენტრში. ეკონომიკის სამინისტროსა და პროკურატურის სახელზე გაგზავნილ წერილებში ჯღამაძე წერდა, რომ შენობის პრივატიზება კანონდარღვევებით მოხდა. იგი გარკვეულ ბრალდებებს უყენებდა „ქალაქმშენს“. სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელობამ საპასუხო წერილში ჯღამაძის ყველა ბრალდებას უპასუხა და შესაბამისი კანონმდებლობაც დაიმოწმა.

 ალექსანდრე თათეიშვილი

ალექსანდრე თათეიშვილი: „ჯღამაძემ სასამართლოს წარუდგინა დოკუმენტები, კერძოდ, ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიის დადგენილება და გამყოფი უწყისი. სწორედ, ამ საბუთს დაეყრდნო საბოლოოდ სასამართლო, მაგრამ ისე, რომ არ გადაუმოწმებია. მაშინ, როდესაც ჯღამაძე თავის წერილებში წერდა რომ ეს დოკუმენტები გაფორმდა წინა რიცხვით, ანუ ფაქტიურად გაყალბდა! სასამართლოს ამ დოკუმენტების ექსპერტიზა ხომ უნდა ჩაეტარებინა?!“

პრივატიზაცია  - რატომ არ გაითვალისწინეს კონტროლის პალატის დასკვნა?

რადგან მხარეები დღემდე ვერ შეთანხმებულან სადავო საკითხებზე, გადავწყვიტეთ, უფრო ღრმად ჩაგვეხედა წლების წინანდელ დოკუმენტაციასა და კანონმდებლობაში.

შევხვდით ოთარ ჯღამაძესაც, რომელიც დღემდე მუშაობს ძველ თანამდებობაზე და ვკითხეთ, რის საფუძველზე სდებს ბრალს „ქალაქმშენს“ და ამტკიცებს, რომ შენობა უკანონოდ დაისაკუთრა. მით უმეტეს, რომ არსებობს კონტროლის პალატის 1997 წლის დასკვნა, რომელშიც პრივატიზაციის პროცესში დაშვებულ დარღვევებზე საუბარი არ არის. ჯღამაძემ გვითხრა, რომ მოხდა იმ სართულების პრივატიზება, რომელშიც სახელმწიფო უწყება, კერძოდ, მშენებლობის სამინისტრო იყო განთავსებული და ამიტომ მისი მფლობელი კერძო იურიდიული პირი - „საქქალაქმშენი“ ვერ გახდებოდა.

ოთარ ჯღამაძემ ისიც შეგვახსენა, რომ მაშინდელი კანონმდებლობით ადმინისტრაციული შენობის პრივატიზება დაუშვებელი იყო, თუმცა ვერც ჩვენ და ვერც ბატონმა ოთარმა ამის დამადასტურებელი მუხლი მაშინდელ კანონმდებლობაში ვერ მოვძებნეთ.

ბატონმა ოთარმა განაცხადა, რომ მას მხოლოდ იმ სართულზე აქვს პრეტენზია, რომელზეც მისი ცენტრი არის განთავსებული. თუმცა სხვა რამეზე მეტყველებს მისი მიმართვა ეკონომიკის სამინისტროსადმი, რომელშიც ის ამ უკანასკნელისგან ითხოვს: დაადასტუროს, რომ სადავო შენობის I-VIII და XII-XIV სართულები არის ეკონომიკის სამინისტროს კუთვნილება.

ამ წერილიდან ჩანს, რომ ჯღამაძე დაინტერესებული მხარეა და მას მხოლოდ მეორე სართულის ბედი არ აღელვებს. ეკონომიკის სამინისტრო მისი საშუალებით ცდილობს, მიაღწიოს კერძო ქონების უკან დაბრუნებას, მის მითვისებას. სასამართლოს კანონი აძლევდა უფლებას, ჩაეტარებინა დამოუკიდებელი მოკვლევა სადავო ფართის კანონიერი მფლობელის დასადგენად. სასამართლო რომ რეალურად დამოუკიდებელი ყოფილიყო, ამ ნაწილში მას შეეძლო, მოეპოვებინა მტკიცებულება აღმასრულებელი ხელისუფლების, კერძოდ, ეკონომიკის სამინისტროს წინააღმდეგ, რომელმაც არაკეთილსინდისიერი მოწმის მეშვეობით სცადა კერძო იურიდიული პირის ქონების მითვისება. ასე აიხსნება ჯღამაძის თავგამოდება ეკონომიკის სამინისტროს სასარგებლოდ: მის მიერ აღმოჩენილი დარღვევები, რომ ვითომ პრივატიზება მოხდა უკანონოდ, რის გამოც იგი მოითხოვს პრივატიზაციის გაუქმებას და მთელი შენობის ფართის სახელმწიფოსთვის დაბრუნებას. 
ალექსანდრე თათეიშვილი ამბობს: „საინტერესოა, როგორ მოასწრო საჯარო რეესტრმა, ერთი დღეში გამოეკვლია, დაედგინა და შეექმნა დასკვნითი დოკუმენტი იმაზე, რასაც კონტროლის პალატის ფინანსური ჯგუფი რამდენიმე თვის განმავლობაში სწავლობდა.“

ლილი არობელიძე ამბობს, რომ „ქალაქმშენს“ ყველანაირი დოკუმენტაცია წესრიგში ჰქონდა: „ამ 247 000-მა დოლარმა, რომელიც გადავიხადეთ პროვატიზების საფასურად, ჩემს ხელში გაიარა. თავიდან 105 აქციონერი ვიყავით. ყველამ მიიღო აქციები, ნაწილი მათგან უფასო იყო მაშინდელი კანონმდებლობით, ნაწილი ფასდაკლებული, მაგრამ დიდი ნაწილის თანხა ჩვენ გადავიხადეთ. ვის ჰქონდა იმის უფლება, რომ სააქციო საზოგადოების კრების გარეშე გადაეცა ვინმესთვის ჩვენი შესყიდული ქონება, არ ვიცი“.
კიდევ ერთი აქციონერი, ვალერი ყამბარაშვილი, ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ  პრივატიზაცია მაშინდელი ხელისუფლების დადგენილებით თითქოს იძულებით ხასიათსაც კი ატარებდა: „ჩვენ თავიდან სახელმწიფო სტრუქტურა ვიყავით, შემდეგ მოგვენიჭა საწარმოს სტატუსი, ასეთი ქონება კი პრივატიზაციას დაექვემდებარა. აქ ხალხი 40 წლის და მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა, ამიტომაც სახელმწიფომ  გაითვალისწინა ამ კოლექტივის დამსახურება და მისცა საშუალება, გარკვეული შეღავათებით ესარგებლა ამ პრივატიზაციის დროს. ამის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არსებობს. ეს ქონება კოლექტივმა შეიძინა და როგორი წვალებით შეიძინა, ეს კიდევ სხვა საკითხია, ზოგმა ბინა გაყიდა, ზოგმა მანქანა, უკანასკნელი დანაზოგების მოტანით მოახერხეს ამ ქონების ყიდვა. მაშინ ბევრს არც სჯეროდა, რომ მოდის კერძო საკუთრება, იცვლება ფორმაცია...“

მოკლედ, „ქალაქმშენმა“ თავისი საშტატო ერთეულებით - 105 კაცით შეიძინა მთლიანი საწესდებო კაპიტალის 52,8 %, ანუ ნახევარზე მეტი. დანარჩენი ვერ იყიდა, რადგან მეტი თანხა თანამშრომლებს უბრალოდ არ ჰქონდათ. შემდეგ სახელმწიფომ დარჩენილი საწესდებო კაპიტალის 47%  #2 საბარათო აუქციონზე გაყიდა (ეს აუქციონი საჯარო იყო). „ქალაქმშენმა“ მაღლივ შენობაში გადაიხადა 247 000 ამერიკული დოლარი, რაც იმდროინდელი ბიუჯეტისთვის არც ისე მცირე თანხა იყო.

ყველაფერი კანონის მიხედვით ხდებოდა: პრივატიზების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა გაზეთებში: „მესაკუთრე“ და „მაცნე“. პროცესი დახურული არ ყოფილა, როგორც ამას ჯღამაძე წერდა თავის წერილებში.

ამ მხრივ, საინტერესოა საქმეში არსებული კიდევ ერთი დოკუმენტი: საქართველოს ქონების მართვის სამინისტროს პასუხი „ქალაქმშენის“ მეთვალყურეთა საბჭოს მაშინდელი თავმჯდომარის გურამ ქორქაშვილის სახელზე, სადაც წერია, რომ სააქციო საზოგადოება „საქქალაქმშენის“ საწესდებო აქციების 100% სახელმწიფოს მიერ გასხვისებულია და კერძო მფლობელობაშია. საინტერესოა, რატომ არ მიაქცია ამ ფაქტებს ყურადღება სასამართლომ.


ჩუქება თუ თხოვება?

პრივატიზების შედეგად სახელმწიფომ მაღლივი შენობა გაასხვისა, თუმცა „საქქალაქმშენის“ ხელმძღვანელობას სთხოვა, სამსახურებრივი დანიშნულების მიზნით სარგებლობისათვის მისთვის დროებით სარგებლობაში გამოეყო ამ შენობის ხუთი სართული, სწორედ ის, რომელიც დღეს დავის მთავარი საგანია. ალექსანდრე თათეიშვილი და ვალერი ყამბარაშვილი აცხადებენ, რომ ფართის გამოყოფა მოხდა და ეს „აქციონერთა კეთილი ნება იყო, თუმცა, როცა დროებით სარგებლობაზე თანხმდებოდა, არც ერთ აქციონერს თავში არ მოსვლია, რომ ნაყიდ ქონებას სახელმწიფოს უბრუნებდა. თუმცა ვალერი ყამბარაშვილი იმასაც ამბობს, რომ თავისთავად არც ეს დადგენილება იყო კანონიერი, რომლითაც სახელმწიფო ავალდებულებს კერძო სამართლის იურიდიულ პირს, საკუთრებაში არსებული ქონება გამოუყოს მას თუნდაც სამსახურებრივ სარგებლობაში - ოპერატიული მართვისთვის. ამ ხუთი სართულის ღირებულება მთლიანად აისახა „ქალაქმშენის“ სააქციო საზოგადოების საწესდებო კაპიტალში და ეჭვიც, რომ ამ ქონებას დაკარგავდნენ, აღარავის გასჩენია.

ამას ისიც დაემატა, რომ კონტროლის პალატამ ორგანიზაციაში თვეების განმავლობაში იმუშავა, შეისწავლა პრივატიზების პროცესი და კანონიერება  და დასკვნაში ჩაწერა, მთელი შენობა „ქალაქმშენის“ მიერ გამოსყიდულია და დაღღვევეი არ არისო.

მაგრამ არსებობს ერთი დოკუმენტი, რომელიც არაერთ კითხვას აჩენს და რომელსაც, პრაქტიკულად, დაეყრდნო სასამართლო, ეს არის  ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიის 1994 წლის 25 აგვისტოს დადგენილება. ამ დოკუმენტის სამი ვარიანტი არსებობს. მათგან მხოლოდ  ერთ, „ქალაქმშენის“ არქივში დაცულ დოკუმენტს აქვს ქონების მართვის მაშინდელი მინისტრის, ავთანდილ სილაგაძის, ხელმოწერა. მეორესა და მესამეში: საჯარო რეესტრისა და ეკონომიკის სამინისტროში დაცულ ასლებში კი ტექსტი ხელით არის ჩასწორებული და ერთმანეთს არ ემთხვევა, არც ერთ მათგანზე არ არის სილაგაძის ხელმოწერა. აღმაშფოთებელია, რომ სასამართლო ამ ხელმოუწერელი ვარიანტებიდან, სწორედ, ერთ-ერთს დაეყრდნო.

ხელმოწერილ დადგენილებაში წერია, რომ „ქალაქმშენის“ ბალანსზე რიცხული ადმინისტრაციული შენობიდან მშენებლობის საქმეთა კომიტეტმა ოპერატიული მართვისთვის უნდა ისარგებლოს ხუთი სართულით. ერთ-ერთ ხელმოუწერელ დოკუმენტში, კერძოდ, ეკონომიკური სამინისტროს არქივში დაცულ დოკუმენტში, რომელშიც ტექსტი არის ჩასწორებული და გადახაზული,  წერია: „გაერთიანება „საქქალაქმშენის“ ბალანსზე რიცხული ადმინისტრაციული შენობიდან არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა კომიტეტს ოპერატიულ მართვაში გადაეცეს ხუთი სართული (3-7სართ.) ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე.“ ეს ბოლო ფრაზაც გადახაზულია.

ყოფილი მინისტრი ავთანდილ სილაგაძე ჩვენთან საუბარში ადასტურებს თავისი ხელმოწერის ნამდვილობას კოლეგიის დადგენილების დოკუმენტზე. ჩვენ მას ვაჩვენეთ საჯარო რეესტრიდან და ეკონომიკის სამინისტროს არქივიდან ამოღებული დანარჩენი ორი დოკუმენტი, რომლებზეც მისი ხელმოწერა არ არის, თუმცა მათ ნამდვილობაზე ვერაფერი გვითხრა.

კოლეგიის დადგენილებას ეყრდნობა კიდევ ერთი სადავო დოკუმენტი,  ე.წ. გამყოფი უწყისი, რომელშიც წერია, რომ „საქქალაქმშენის“ მაშინდელმა უფროსმა გურამ ქორქაშვილმა არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს მირიანაშვილს „ბალანსიდან ბალანსზე გადასცა კუთვნილი მაღლივი შენობის ხუთი სართული“.

დღეს ეკონომიკის სამინისტრო ამბობს, რომ ბალანსიდან ბალანსზე გადაცემა ნიშნავდა ჩუქებას, თუმცა ვერ გვიჩვენებს ამის შესახებ საკანონმდებლო ჩანაწერს. „ქალაქმშენი“ კი ამტკიცებს, რომ ეს აბსურდია. ჯერ ერთი, კოლეგიის დადგენილების არც ერთი ვარიანტი არ ავალდებულებდა „ქალაქმშენს“, ბალანსიდან ბალანსზე რამე გადაეცა, მეორე: „ქალაქმშენის“ საწესდებო კაპიტალში მთელი შენობის ღირებულება სრულად არის ასახული, ყოველგვარი ხუთი სართულის გამოკლების გარეშე (თანხა სრულად არის გადახდილი) და, ბოლოს, ასეთი ქონების საკუთრებაში გადაცემის შემთხვევაში, მინიმუმ, აქციონერთა კრება უნდა მოწვეულიყო, გამყოფი უწყისის ირგვლივ ეჭვს ამძაფრებს ისიც, რომ მას ხელს აწერს გურამ ქორქაშვილი, „ქალაქმშენის“ სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე, რომელიც რამდენიმე წლის შემდეგ აღშფოთებული წერილით სთხოვს კონტროლის პალატას, დაეხმაროს მის მიერ მშენებლობის სამინისტროსათვის გადაცემული ხუთი სართულის დაბრუნებაში. ქორქაშვილთან ამ ამბის გადამოწმება იმ მარტივი მიზეზით არ შეგვიძლია, რომ ის ცოცხალი აღარ არის.

ჩვენ საგანგებოდ მოვინახულეთ ავთანდილ სილაგაძის ყოფილი მოადგილე  დავით გელაშვილი, რათა განემარტა, შეიძლება თუ არა, საწესდებო კაპიტალში დაფიქსირებული ფართი გაჩუქებულად ჩაითვალოს. მან გვიპასუხა: არა, არ შეიძლება.

ეკონომიკის სამინისტრო მშვიდადაა

ეკონომიკის სამინისტროში გვიხსნიან, რომ სახელმწიფომ, უბრალოდ, საკუთარი ქონება დაიბრუნა და რომ მესაკუთრეების უფლებები არ დაურღვევია: სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი კარლო ლაფერაძე ამბობს: ”გაერთიანება „საქქალაქმშენმა“ სამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენების მიზნით საქართველოს არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა კომიტეტს გამოუყო 5 სართული - ყოველგვარი დანახარჯების ანაზღაურების გარეშე. ეს იყო ამ ქონების უსასყიდლოდ გადაცემა და ყველაზე მნიშვნელოვანი - ეს აქტი იყო მავალდებულებელი აქტი, რომ ის ხუთი სართული გამოეყოთ. თუ სამართლებრივად ვიმსჯელებთ, ეს ხუთი სართული არის სახელმწიფოს საკუთრება. რაც შეეხება რეესტრში რეგისტრაციას, როგორც კი სახელმწიფომ ეს შეცდომა აღმოაჩინა, მაშინვე შეეცადა მის გამოსწორებას. რაც შეეხება ქონების გადასახადის გადახდას, ძალიან საინტერესოა, რატომ იხდიდნენ იმ ქონების გადასახადს, რომელიც მათ ბალანსზე არ ირიცხებოდა. ანუ როგორ უნდა გადაეხადათ ეს გადასახადი, როცა ბალანსიდან ბალანსზე იყო გადაცემული ეს ხუთი სართული?”

მხოლოდ ერთი რამ შეიძლება ამ ყოველივეს საპასუხოდ ითქვას: თუ სახელმწიფოს  გადაწყვეტილი ჰქონდა აღნიშნული სართულების თავისთვის დატოვება, მაშინ შესაბამისი ცვლილება უნდა შეეტანა დადგენილების წინმსწრებ დოკუმენტაციაში, რომელშიც გამიჯნული იქნებოდა ამ ხუთი სართულისგან დანარჩენი შენობა, ანუ გამიჯნული იქნებოდა სახელმწიფო და კერძო საკუთრებები.

ბოლოსდაბოლოს, სახელმწიფოს აუქციონზე უნდა გაეტანა არა დარჩენილი 47%, არამედ მხოლოდ 10, ხოლო 5 სართულის შესაბამისი აქციები,  37%, უბრალოდ, უნდა დაეტოვებინა თავისთვის და არ გაეყიდა.

გამოდის, რომ მაშინ სახელმწიფომ გაყიდა ყველაფერი, შემდეგ დროებით ითხოვა „ქალაქმშენისგან“ ფართი და სთხოვა, იჯარა არ გადამახდევინოთო, ხოლო ახლა აცხადებს, კი გავყიდე, მაგრამ გაყიდვა არ მინდოდა და, შესაბამისად, ჩემიაო,“ - ეს ალექსანდრე თათეიშვილის სიტყვებია.


* * *

საქმე სასამართლოში წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა და სამი მოსამართლე შეიცვალა. თავიდან მოსამართლე იყო ლელა ცანავა, რომელმაც საჯარო რეესტრს აუკრძალა ცვლილების შეტანა ამ ხუთ სართულთან დაკავშირებით. თათეიშვილი ამბობს, რომ ეს მისი მოთხოვნა იყო, რადგან არსებობდა ეჭვი, რომ აპირებდნენ ამ სართულების გაყიდვას. სასამართლომ ეს მოთხოვნა  დააკმაყოფილა. ცანავამ პროცესი  ძირითად სხდომამდე მიიყვანა, რის შემდეგაც ის ბათუმში გადაიყვანეს და მის მაგივრად დანიშნეს მოსამართლე ილონა თოდუა. მან ჩაატარა რამდენიმე სხდომა, თუმცა, როდესაც მხარეები გადაწყვეტილების გამოსაცხადებლად დაიბარეს, გაირკვა, რომ ისევ გამოიცვალა მოსამართლე და გადაწყვეტილებაც ძირითადი სხდომის გარეშე დიმიტრი გვრიტიშვილმა წაიკითხა.

„ქალაქმშენის“ ადვოკატი დიმიტრი გაბუნია ამბობს, რომ გვრიტიშვილმა, ფაქტობრივად, არ იცოდა საქმის ვითარება, რადგან მხოლოდ პროცესის ფინალში ჩაერთო, მხარეების პაექრობის ეტაპზე.

ალექსანდრე თათეიშვილი: „ჩვენ, უბრალოდ, ვიცით, რომ ყველანაირად მართლები ვართ და რომ დაგვჭირდეს, ამ საქმეს ევროსასამართლოშიც გავიტანთ. აი, იქ კი უკვე არა მხოლოდ ამ 5 სართულის დაბრუნებას მოვითხოვთ, არამედ იმ ზარალის ანაზღაურებასაც, რომელიც პრივატიზების შემდეგ სახელმწიფოს მიერ დაკავებული ფართიდან შემოსავლების მიუღებლობით მოგვადგა, ეს კი, მერწმუნეთ, პატარა თანხა არ იქნება და გადახდით კი გადაგვიხდის სახელმწიფო ბიუჯეტი, ანუ, ფაქტობრივად, ამ ქვეყნის ყველა მოქალაქე - საკუთარი ჯიბიდან”.

თუ სტრასბურგში „ქალაქმშენი“ მოიგებს, რა გამოვა? რომ საქართველოს მართლმსაჯულებას განაჩენი თითოეული ჩვენგანისთვის გამოუტანია.

ჟურნალისტური გამოძიების ხელმძღვანელი ლია ტოკლიკიშვილი.
გამოძიება ჩატარდა პროექტის ფარგლებში: „სასამართლო სისტემის       მონიტორინგი საქართველოში” – „ადამიანის უფლებათა ცენტრისა” და ჟურნალ „სიტყვის“ მიერ.
პროექტის მხარდამჭერი - ფონდი “ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი”

ახალი ამბები