კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რეკეტი კახეთში პრეზიდენტის სახელით

17 მარტი, 2009

გელა მთივლიშვილი, კახეთი

რამდენიმე დღის წინ კახეთის გუბერნატორის პრესმდივანმა მაია ყალაბეგაშვილმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ბიზნესმენები დაიბარა და თითოეულ მათგანს ბიზნეს - საინფორმაციო ბროშურის გამოსაცემად 500 ლარის გადახდა მოსთხოვა. გუბერნატორის პრესმდივანმა ბიზნესმენებს განუცხადა, რომ პროექტის შესახებ პრეზიდენტიც ინფორმირებულია და მისი განხორციელება სავალდებულოა.

ყალაბეგაშვილმა რომ მეწარმეებს თანხის გადახდა დაავალდებულა, აღნიშნული ჩვენთან საუბარში თავად ბიზნესმენებმაც დაადასტურეს, თუმცა გასაგები მიზეზების გამო, იმ ადამიანების ვინაობას, რომლებმაც ზეწოლის ფაქტი დაგვიდასტურეს, არ ვამჟღავნებთ.

"გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ გამგეობაში უნდა მივსულიყავით. შეხვედრას გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი ჩივიაშვილი და გაზეთ "სპექტრის" ყოფილი რედაქტორი მაია ყალაბეგაშვილი ესწრებოდნენ, რომელიც, როგორც გავიგეთ, გუბერნატორის პრესმდივნად დაუნიშნავთ. ყალაბეგაშვილმა განგვიცხადა, რომ გაზეთი "სპექტრი" აპირებს გამოსცეს ბიზნეს – საინფორმაციო წიგნი, სადაც ინფორმაციის განთავსებისაკენ მოგვიწოდა და სანაცვლოდ, თითოეულ ჩვენგანს 500 ლარის გადახდა მოგვთხოვა. მისივე თქმით, ამ პროექტის შესახებ თავად საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც ინფორმირებულია და მისი განხორციელება სავალდებულოა", - გვითხრა შეხვედრაზე მყოფმა ერთ - ერთმა ბიზნესმენმა.

კიდევ ერთი მეწარმის თქმით, მას შემდეგ რაც შეხედრაზე განაცხადეს, რომ პროექტის განხორციელების თაობაზე პრეზიდენტიც საქმის კურსში იყო, დასახელებული თანხის გადახდას ყველა ბიზნესმენი დასთანხმდა.

ხათუნა ჭონიშვილი, ფრანგულ – ქართული სამედიცინო ცენტრი "კახეთი – იონის" დირექტორი: "შეხვედრაზე მოგვიანებით მივედი. რაც გავიგე არის ის, რომ აპირებენ გამოსცენ რაღაც ბროშურა, სადაც ბიზნეს და სხვადასხვა კომპანიების თაობაზეც განათავსებენ ინფორმაციას. მითხრეს, რომ ინფორმაციის განთავსება 500 ლარი ღირს, ოღონდ არ ვიცი ეს თანხა ერთდროულად უნდა გადავიხადო თუ ნაწილ-ნაწილ. ყველა თუ გადაიხდის, გამონაკლისი ვერც მე ვიქნები".

გურამ ბერიკაშვილი, შპს "აისი" - გურჯაანის ნაყინის დირექტორი: "დაინტერესებული პირებისთვის ბროშურის გამოცემას გეგმავენ და მონაწილეობა უნდა მივიღოთ. მე რეკლამა არ მჭირდება, მაგრამ მონაწილეობას მივიღებ".

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი ჩივიაშვილმა განაცხადა, რომ ბიზნესკატალოგი კახეთის რეგიონული გაზეთ "სპექტრი"-ს რედაქციამ უნდა გამოსცეს და გუბერნატორის ადმინისტრაციის თანამშრომელი მაია ყალაბეგაშვილი, ისევე როგორც გამგეობა, მათ ამის ორგანიზებაში მხოლოდ ეხმარება. უნდა აღინიშნოს, რომ სამხარეო ადმინისტრაციაში გადასვლამდე, მაია ყალაბეგაშვილი გაზეთ "სპექტრის" გამომცემელი და გენერალური დირექტორი იყო. სამხარეო ადმინისტრაციაში გადასვლის შემდეგ მან განაცხადა, რომ გაზეთი მისი დის მარინა ყალაბეგაშვილის მფლობელობაში გადავიდა.
გაზეთ "სპექტრის" რედაქტორმა ნატო ბარბაქაძემ დაადასტურა, რომ ბიზნესკატალოგი ნამდვილად "სპექტრის" კომერციული პროექტია. "ამ პროექტს ჩვენი გაზეთი აკეთებს", - აღნიშნა ბარბაქაძემ.

გაზეთ "სპექტრის" რედაქტორის მტკიცების მიუხედავად, გაზეთის ყოფილი გამომცემელი და კახეთის გუბერნატორის პრესმდივანი მაია ყალაბეგაშვილი ავრცელებს ინფორმაციას, რომ აღნიშნული პროექტის ავტორი ის არის და საჯარო სამსახურში გადასვლის შემდეგ პროექტი გურჯაანის გამგეობას აჩუქა.

„ბიზნესკატალოგის“ მომზადება ჩემი პირადი პროექტია, რომლის გამოცემასაც საკუთარ გაზეთ „სპექტრში“ ვაპირებდი მანამ, სანამ  კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის პრესმდივანი გავხდებოდი. პროექტი გურჯაანის გამგეობას ვაჩუქე. რაც შეეხება შეხვედრას, ბიზნესმენებს გამგებელი გიორგი ჩივიაშვილი შეხვდა და იქ კონკრეტულად 500 ლარზე საუბარი არ ყოფილა. ბიზნესკატალოგის გამოცემაში მონაწილეობას მათ არავინ აიძულებს,  ეს სურვილისამებრ ხდება“, - აცხადებს ყალაბეგაშვილი.

ახალი ამბები