07:30, Saturday, 22.02.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ოროსანი მოსამართლეებისათვის მინდობილი მართლმსაჯულება

05.05.2009
ნათია იმერლიშვილი
ხატია ხორავა

სასამართლო დავა ორ მეზობელს შორის 7 კვადრატულ მეტრ ფართობზე 4 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. საქმემ სასამართლოს თითქმის ყველა ინსტანცია მოიარა და ადამიანის უფლებათა დამცველების ყურადღებაც მიიპყრო იმით, რომ პროცესი ეროვნული დისკრიმინაციის ნიშნებს შეიცავდა: მოსამართლის თვალწინ მოსარჩელემ მოპასუხეს მისი ეროვნებისთვის შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა - სასამართლო კი არ ასრულებდა თავის მთავარ ვალდებულებას და არ იცავდა საქართველოს მოქალაქეს მესამე პირის ხელყოფისაგან.

სასამართლოზე მოპასუხე საქართველოს მოქალაქე, ეროვნებით ქურთი ირინა ხოდოიანი გახლდათ. მოსარჩელე - ეროვნებით ქართველი მერი ინასარიძე. სასამართლო დავის საგანი - ირინა ხოდოიანის საცხოვრებელი ოთახის წინ მდებარე, მის კერძო საკუთრებაში არსებული 7 კვადრატული მეტრი ფართის აივანი.

ჭირვეული მეზობლები

სახლი თბილისში, ჯამბულის ქუჩის N3-ში, მდებარეობს. რამდენიმე საფეხურს აყავხართ ერთი ციცქნა აივანზე, მისი ერთი ნაწილი ხოდოიანის მიერ არის პრივატიზებული და იმ ერთ ოთახთან შესაერთებლად გამიზნული, რომელშიც აქამდე ცხოვრობდა ეს ოჯახი. აივნის მეორე, პატარა ნაწილში მოსამარჩელე მერი ინასარიძის შესასვლელი კარია გაჭრილი. მერი ინასარიძეს მიაჩნია, რომ აივნით თანაბრად უნდა ისარგებლოს ორივე ოჯახმა: მისმა და ხოდოიანების ოჯახებმა. ხოდოიანები კი 4 წლის განმავლობაში კანონით ცდილობენ იმის დამტკიცებას, რომ ვეღარ თავსდებიან ამ აივნის მიღმა მდებარე პატარა ოთახში, რომელიც ერთდროულად სასტუმროს ფუნქციასაც ასრულებს, საძინებლისაც, ბავშვის ოთახისაც და იმის გამო, რომ კარის მეზობელმა მერი ინასარიძემ საერთო სამზარეულოში წყლის მილები და ნიჟარა გაუუქმა, ოთახმა ოჯახის სამზარეულოს ფუნქციაც შეითავსა.

“აქ ოთხი სული ვცხოვრობთ: ჩემი ვაჟი მეუღლესთან და ერთი წლის შვილთან ერთად, - 4 წლის განმავლობაში უმტკიცებდა ირინა ხოდოიანი სასამართლოს, - სიმჭიდროვის გამო ამ ოთახში ნივთები არ გვეტევა და აივანზე გვილაგია საყოფაცხოვრებო ნივთების უმეტესობა. მაშინ, როცა მერი ინასარიძემ სასამართლოს მიმართა უფლების მოსაპოვებლად, რომ ამ პატარა იავნით მასაც ესარგებლა, აივანი ჯერ არ მქონდა პრივატიზებული. თუმცა მოსამართლე არაერთხელ გავაფრთხილე, რომ მიმდინარეობდა პრივატიზაციის პროცესი და მალე წარვუდგენდი შესაბამის დოკუმენტს. ამის შესახებ ჩემი მრავალჯერ შეხსენების მიუხედავად, სასამართლომ მაინც ჩვენ გაგვამტყუნა და მერი ინასარიძეს საერთო აივნით სარგებლობის უფლება მისცა.”

ეს იყო 2007 წელი. შესაბამისი დოკუმენტაცია ადასტურებს, რომ სასამართლოში საქმის განხილვის პარალელურად, კანონის საფუძველზე, მაინც მიმდინარეობდა აღნიშნული ფართის ირინა ხოდოიანის კერძო საკუთრებაში დაკანონების პროცესი. სასამართლო საქმეშიც მოიპოვება მასალები იმის შესახებ, რომ ირინა ხოდოიანმა ამ ფაქტთან დაკავშირებით არაერთხელ განუცხადა მოსამართლეს, მაგრამ ამ უკანასკნელმა არ გაითვალისწინა ეს გარემოება, არ დაელოდა პრივატიზაციის დასრულებას და 2008 წლის 12 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ირინა ხოდოიანს აეკრძალა ინასარიძისთვის ფართით სარგებლობაში ხელშეშლა.

ბრუნვა ჯადოსნურ წრეში

სასამართლო გადაწყვეტილების მიღებიდან რადმენიმე თვეში პრივატიზების პროცესი დასრულდა და აღნიშნული აივანი ირინა ხოდოიანის კერძო საკუთრებაში გადავიდა (შეთანხმება უძრავ ქონებაზე N1-10515), რაც დასტურდება საჯარო რეესტრის ამონაწერით. სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის მიხედვით კი, უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება უნდა ვლინდებოდეს საჯარო რეესტრის ჩანაწერებით.

2008 წლის 24 ივნისს ირინა ხოდოიანმა ამ ჩანაწერების საფუძველზე გასასაჩივრებლად სააპელაციო სასამართლოს მიმართა. იგი ითხოვდა თავისი კუთვნილების ხელშეუხებლობას, თუმცა ეს პროცესი გაურკვეველი მიზეზით დღემდე შეჩერებულია.

მორიგი სარჩელით სასამართლოს მერი ინასარიძემ მიმართა. 2008 წლის 22 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში დაიწყო ახალი პროცესი. იგი სასამართლოსგან ითხოვდა სანოტარო აქტის გაბათილებას, რომლის თანახმადაც, ეს ფართი ხოდოიანის პირად საკუთრებად ცხადდებოდა. პროცესზე ინასარიძის მხარეს წარმოადგენდა ადვოკატი ნანა მურადაშვილი, ირინა ხოდოიანისას - “ადამიანის უფლებათა ცენტრის” წარმომადგენელი ნინო ლიპარტია. საქმეს განიხილავდა მოსამართლე მანანა მესხიშვილი.

“ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტის ნინო ანდრიაშვილის თქმით, “სასამართლო პროცესი თავიდანვე კანონდარღვევით დაიწყო. საქმე აღძრული გახლდათ ვადაგასული მუხლების საფუძველზე. საქმე ის გახლავთ, რომ მოსარჩელე მერი ინასარიძის ადვოკატს სარჩელის სამართლებრივ საფუძვლად მითითებული აქვს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 208-ე და 211-ე მუხლები (სამოქალაქო კოდექსის 208-ე მუხლის მეოთხე პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ საკუთრებაში შეიძლება არსებობდეს მხოლოდ იზოლირებული ბინა ან ბინის იზოლირებული ნაწილი; სამოქალაქო კოდექსის 211-ე მუხლის თანახმად, შენობის ნაწილები, რომლებიც აუცილებელია ამ შენობის სიმტკიცისა და უსაფრთხოებისათვის, არ შეიძლება დაკანონდეს ინდივიდუალურ საკუთრებად). სასამართლომ მიიღო ეს სარჩელი მიუხედავად იმისა, რომ 208-ე მუხლი მთლიანად შეცვლილია და მის ნაცვლად ქვეყანაში მოქმედებს კანონი - “ბინის საკუთრება მრავალბინიან სახლში”. რაც შეეხება 211-ე მუხლს, იგი საერთოდ ამოღებულია კანონმდებლობიდან და არც არაფრით არის შეცვლილი. ხაზგასმით აღვნიშნავ შემდეგს: ცვლილებები კოდექსში შეტანილია 2007 წლის 1 აგვისტოდან. სასარჩელო განცხადება კი სასამართლომ მიიღო 2008 წლის 22 აგვისტოს, ესე იგი, ცვლილებების შეტანიდან ერთი წლის შემდეგ, ეს კი საკმაო დროა იმისათვის, რომ ცვლილებას ყველაზე დაუინტერესებელი და “ოროსანი” მოსამართლის ყურამდეც მიეღწია.”

სასამართლომ ვადაგასული მუხლების საფუძველზე საქმის წარმოებაში მიღებით დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლი (სარჩელის შინაარსის შესახებ), რომლის მიხედვით, სარჩელში უნდა აღინიშნოს სამართლებრივი საფუძვლები, რომლებზეც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. ამავდროულად, დაირღვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მესამე მუხლი, რომელშიც ნათქვამია, რომ კანონი კარგავს ძალას, თუ ამის შესახებ პირდაპირ მიუთითებს ახალი კანონი.

“ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტები განსაკუთრებით აღშფოთებულნი არიან იმით, რომ სასამართლო სხდომებზე მოსარჩელე მერი ინასარიძე ირინა ხოდოიანის ეთნიკურ წარმომავლობას შეურაცხმყოფელ კონტექსტში მოიხსენიებდა, რადგან ირინა ხოდოიანი ეთნიკურად ქურთია, მოსამართლეს კი არც ერთხელ უცდია აღნიშნულ ფაქტზე კანონიერი რეაგირება. ამით სასამართლომ დაარღვია ადამიანისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლება, რომლის თანახმად, სახელმწიფო და, პირველ რიგში, სასამართლო ხელისუფლება ვალდებულია, დაიცვას ადამიანის ეროვნული ღირსება მესამე პირის ხელყოფისაგან.

აღნიშნული ქმედებით, უფრო სწორად, უმოქმედობით, სასამართლომ, საქართველოს კონსტიტუციის გარდა, დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-12 მუხლიც, რომელშიც წერია, რომ კანონით გათვალისწინებული უფლებით სარგებლობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, მიუხედავად სქესისა, რასისა, კანის ფერისა, ეროვნული  მიკუთვნებულებისა და სხვა.

ირინა ხოდოიანის ადვოკატი ნინო ლიპარტია აღნიშნავს, რომ ყველაზე მთავარი ამ პროცესზე მხარეთა შეჯიბრობითობის პრინციპის დარღვევა იყო, რადგან, სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესებისგან განსხვავებით, სამოქალაქო საქმეების განხილვა მთლიანად დაფუძნებულია ამ პრინციპზე. ეს ნიშნავს, რომ მოსამართლე ეყრდნობა და სრულად შეისწავლის ორივე მხარის მიერ საკუთარი ძალისხმევით მოპოვებულ და სასამართლო პროცესზე წარმოდგენილ მასალებს.

“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ ირინა ხოდოიანს არ მისცეს უფლება, სასამართლო პროცესზე წარმოედგინა და თავისი პოზიციის გასამყარებლად გამოეყენებინა მოწმეები - მაშინ, როცა ბრალდების მხარეს იგივე მოთხოვნა დაუკმაყოფილეს. შეჯიბრობითობის პრინციპი აღიარებულია საქართველოს კანონმდებლობით, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მეოთხე მუხლით. სასამართლომ ეს კანონი დაარღვია.

ამ პრინციპს აღიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეექვსე მუხლიც, რომლის თანახმად, სასამართლო ვალდებულია, დაკითხოს ან დააკითხვინოს ბრალდების მოწმეები დაცვის მოწმეთა თანაბარ პირობებში. ე. წ. ინასარიძე-ხოდოიანის პროცესზე ეს საერთაშორისო ნორმაც დაირღვა.

სასამართლო პროცესის საბოლოო სხდომა 6 აპრილს გაიმართა. მოსამართლემ, როგორც ჩანს, ანგარიში გაუწია პროცესში ადამიანის უფლებათა დამცველებისა და ჟურნალისტების ჩართვას. სასმართლოს ფინალში აღარ გაისმოდა ეროვნული დისკრიმინაციის შემცველი ტექსტები ირინა ხოდოიანის მიმართ. მოსამართლემ მერი ინასარიძის სარჩელი არ დააკმაყოფილა და, შესაბამისად, სამართალმაც სამეზობლო პური ჭამა - 7 კვადრატული მეტრი ირინა ხოდოიანის საკუთრებაში დარჩა. საბოლოოდ, მართლმსაჯულების შერყეულმა სასწორმა სამართლიანობისკენ გადაწონა.
 

ჟურნალისტური გამოძიების ხელმძღვანელი ლია ტოკლიკიშვილი
გამოძიება ხორციელდება პროექტის ფარგლებში: “სამართლიანი სასამართლოს უფლების მონიტორინგი” ადამიანის უფლებათა ცენტრისა და ჟურნალ “სიტყვის” მიერ ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მხარდაჭერით.
 

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC