კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

2008 წლის 21 მაისს კახეთში მომხდარი ჟურნალისტებზე თავდასხმის ყველა ფაქტი ამ დრომდე გამოუძიებელია

27 მაისი, 2009

გელა მთივლიშვილი, კახეთი

გასული წლის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებიდან ერთი წელი გავიდა. 2008 წლის 21 მაისს კახეთის რეგიონის სხვადასხვა საარჩევნო უბანში ჟურნალისტებზე თავდასხმის ხუთი ფაქტი მოხდა. გაზეთ "რეზონანსის" ერთ-ერთ რედაქტორს ელისო ჩაფიძეს, #13 სიღნაღის საარჩევნო ოლქის #26 ქვემო მაღაროს საარჩევნო უბანზე თავს დაესხნენ კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების არ მქონე პირები ნოდარ კაპანაძე და ოთარ ლამაზოშვილი. თავდამსხმელებმა ჟურნალისტს ხელები გადაუგრიხეს, ვიდეოკამერა წაართვეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. საგარეჯოს საარჩევნო ოლქის იორმუღანლოს საარჩევნო უბნებზე ცემეს ვებ პორტალ "presa.ge"-ს წარმომადგენელი კონსტანტინე სტალინსკი, ასევე ოპერატორები მალხაზ ვარშანიძე და ირაკლი გოგუაძე. ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ ლაგოდეხშიც. კომისიის თავმჯდომარემ მას ჯერ სკამი ჩაარტყა, ხოლო შემდეგ შეიარაღებულმა პირებმა იარაღის მუქარით უბნიდან გააძევეს.

"საპარლამენტო არჩევნებს სიღნაღის საარჩევნო ოლქში ვაკვირდებოდი. დარღვევები დილიდანვე დავაფიქსირეთ. საჩივრებით საუბნო – საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელებს მივმართავდით, მაგრამ რეაგირებას არ ახდენდნენ. დაახლოებით 12 საათიდან საარჩევნო უბნებზე ნასვამი ახალგაზრდები შეუშვეს. ქვემო მაღაროს საარჩევნო უბნიდან ჩემო კოლეგა დამიკავშირდა და მითხრა, რომ უბანზე შს სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმის ათამდე წევრი მივიდა, რომლებიც სამოქალაქო ფორმაში იყვნენ ჩაცმულნი. გადამღები ჯგუფით ამ უბანზე მივედი. მას შემდეგ რაც კენჭისყრის შენობიდან ოპერატორი გარეთ გამოაძევეს, ოთახში კამერით თვითონ შევედი. კომისიის წევრებს წარვუდექი, ავუხსენი რომ ვიყავი ჟურნალისტი, ვაჩვენე აკრედიტაციის მოწმობა და დავაპირე სპეცრაზმელთა გადაღება, რადგან არც კომისიის თავმჯდომარემ და არც პოლიციის წარმომადგენელმა, ჩემი მოთხოვნის მიუხედავად ისინი შენობიდან არ გააძევეს. ზუსტად ამ დროს მომვარდნენ უცნობი მამაკაცები, ხელები გადამიგრიხეს, ვიდეოკამერა წამართვეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენეს. ვყვიროდი და შენობაში მყოფ პოლიციელს მამუკა დეკანოიძეს დახმარებას ვთხოვდი, მაგრამ პოლიციის თანამშრომელი ყურადღებას არ მაქცევდა. ერთსაათიანი ჩხუბის შემდეგ თავდამსხმელები კაპანაძე, ლამაზოშვილი და მათთან ერთად სხვებიც, შსს-ს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის კუთვნილი მანქანებით წავიდნენ. ერთ-ერთი მანქანის ნომერი იყო შOD – 445", - იხსენებს ელისო ჩაფიძე.

ჟურნალისტები საგარეჯოს ოლქის საარჩევნო უბნებშიც ცემეს. ვებ პორტალ "presa.ge"-ს წარმომადგენელს კონსტანტინე სტალინსკს, #37 ქვემო ლამბალოს საარჩევნო უბანზე ფიზიკურად მაშინ გაუსწორდნენ, როცა ის ვიდეოკამერით კენჭისყრის შენობაში მომხდარ ინციდენტს იღებდა.

"საარჩევნო უბანზე მყოფმა დამკვირვებელმა კობა კუპატაძემ მორიგი დარღვევის, ყუთში საარჩევნო ბიულეტენების ერთად ჩაყრის აღკვეთა სცადა, რის გამოც იგი საუბნო – საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ და კავშირი "რაციო – ლეგის" დამკვირვებელმა სასტიკად ცემეს. ზუსტად ამ ფაქტებს ვიღებდი, როცა უბანზე შემოჭრილ ნასვამ მამაკაცთაგან ერთ-ერთმა შემამჩნია და ყვირილით ჩემი მიმართულებით გამოვარდა. ამ პირებს, რომლებიც მანამდე კენჭისყრის შენობას არბევდნენ და ყუთში ბიულეტენებს ყრიდნენ, სხვა აზერბაიჯანელი დამკვირვებლები და კომისიის თავმჯდომარის მოადგილეც დაეხმარნენ და კამერის წართმევა სცადეს. შევეწინააღმდეგე, რის გამოც ფიზიკურად გამისწორდნენ", - აღნიშნავს კონსტანტინე სტალინსკი.

"ეს სოფელი იმით დამამახსოვრდა, რომ აქ ერთი საათის ინტერვალით ორი ოპერატორი სცემეს და ორივეს კამერები წაართვეს. ერთი მათგანი, რეჟისორი მალხაზ ვარშანიძე კამერის გარდა კასეტების, მობილური ტელეფონის და პირადი ნივთების, მათ შორის - ტანსაცმლის გარეშეც კი დარჩა.

ამ უბნების მეორე "მსხვერპლი" ოპერატორი ირაკლი გოგუაძე აღმოჩნდა", - ამბობს სტალინსკი.

ლაგოდეხის საარჩევნო ოლქის კაბალის საარჩევნო უბანზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს "ადამიანის უფლებათა ცენტრის~ კორესპონდენტს. ჟურნალისტმა საუბნო – საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელს ადალათ სარდაროვს უბანში დაფიქსირებულ უხეშ დარღვევებზე საჩივრის დასაწერად სპეციალური წიგნი მოსთხოვა, რაზედაც უარი მიიღო. ამის შემდეგ კორესპონდენტი შეეცადა, რომ სარდაროვისთვის საარჩევნო კოდექსით დადგენილი მოთხოვნები განემარტა, რა დროსაც საუბნო – საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ხელში რკინის სკამი აიღო და პირდაპირ ჟურნალისტს ესროლა. ჟურნალისტმა დახმარება კენჭისყრის შენობაში მყოფ პოლიციის თანამშრომელს სთხოვა, მაგრამ დახმარების გაწევის ნაცვლად, უცნობმა მამაკაცებმა, რომლებიც შეიარაღებულები იყვნენ, ის ფიზიკური ძალის გამოყენებით გარეთ გაიყვანეს. გარეთ გასულს კი იარაღის მუქარით უბნის დატოვება მოსთხოვეს. მომხდართან დაკავშირებით ჟურნალისტი ლაგოდეხის პოლიციის უფროსს არაერთხელ დაუკავშირდა და რეაგირება სთხოვა, მაგრამ უშედეგოდ.

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ჟურნალისტების ცემის ყველა ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე იმავე დღეს აღიძრა, მაგრამ ამ დრომდე არცერთი საქმე გამოძიებული არ არის. ამაზე პროკურატურაში მხოლოდ იმას ამბობენ, რომ "გამოძიება მიმდინარეობს".

დაზარალებული ჟურნალისტი ელისო ჩაფიძე აცხადებს, რომ თავდამსხმელები საარჩევნო უბნებში თავად მმართველ პარტიას ჰყავდა მიყვანილი და ამ საქმეებს პროკურატურა "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში არასოდეს გამოიძიებს.

კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილის გიორგი სიბაშვილის განცხადებით, რეგიონის ხელმძღვანელობა გამოძიების პროცესში ვერ ჩაერევა.

ახალი ამბები