კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საბავშვო ბიბლიოთეკას გაუქმება ემუქრება

3 ივნისი, 2009

მაკა მალაყმაძე

საბავშვო ბიბლიოთეკაში მყოფი 200 000-მდე წიგნი სატვირთო მანქანებით, ორ  სხვადასხვა მისამართზე დროებით, ორი თვით მოათავსეს. თუ რატომ გახდა აუცილებელი მშენებლობის დასრულებამდე წიგნების ამორტიზებულ შენობაში გადატანა, არსებობდა თუ არა ამის შესრულებაზე ოფიციალური ნებართვა და და სხვა შეკითხვებზე, ბიბლიოთეკის დირექტორ გენო მახარაძეს პასუხი არ აქვს. კომენტარზე უარით გვიპასუხა ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელმა ნათია სურგულაძემაც.

20 მაისიდან ბათუმის დრამატული თეატრის გვერდით მდებარე საბავშვო ბიბლიოთეკაში მისულ პატარა მკითხველებს ბიბლიოთეკა გადატანილი ხვდებათ. ახალი მისამართი კი, ქალაქის გარეუბანში, ჯავახიშვილის ქუჩის #69-ში, ხუთსართულიანი კორპუსის პირველ სართულზე, ამორტიზირებული შენობაა. წიგნების ნაწილი კი აჭარის ყოფილი ლიდერის, ასლან აბაშიძის ფირმის, „აღორძინება მ-ის“ შენობაში, თამარის დასახლებაშია გადატანილი. ეს ინფორმაცია იმ სატვირთო მანქანის მძღოლმა მოგვაწოდა, რითაც წიგნები გადაჰქონდათ.

თოკით შეკრული წიგნების დატვირთვა სამი-ოთხი დღის განმავლობაში თავად თანამშრომელ ქალბატონებს უხდებოდათ. „თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობთ. განა ბათუმის მერიას ის გაუჭირდა, რომ ამ სამუშაოსთვის მცირეოდენი თანხა გამოეყო და ჩვენ არ დაგვეტვირთა. სლოგანიც კი ამოვბეჭდეთ და მივაკარით კარზე: ვანგრიოთ და ვაშენოთ, მუშა არ გავაჩეროთ“, – ამბობს ბიბლიოთეკის ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელმაც სამსახურში პრობლემების გამო, ანონიმურად დარჩენა არჩია. თუმცა, დარჩება თუ არა საბავშვო ბიბლიოთეკის 27-ვე თანამშრომელი სამსახურში, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის.

კითხვაზე –  რატომ ტვირთავენ წიგნებს ბიბლიოთეკის თანამშრომლები, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი გენო მახარაძე კითხვას გვიბრუნებს: „სულ 18 000–მდე შეკვრაა და რამდენი ხალხი მოვიყვანო დასატვირთად?“

თუ რატომ გადავიდა საბავშვო ბიბლიოთეკა ახალი შენობის ნაცვლად, ამორტიზებულ ფართში, სადაც წიგნები გაფუჭდება, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი მახარაძე გვპასუხობს: „წიგნები არის ჩემი საკუთრება და რომელ შენობაშიც მინდა გადავიტან, ეს არის ჩვენი გადასაწყვეტი. ყველა საკითხზე, შენობასთან დაკავშირებით, მიმართეთ ბათუმის მერიას. ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა არის მერიის დაქვემდებარებაში, შესაბამისად, აფინანსებს მერია და ყველა დოკუმენტაცია, ახალი შენობის პროექტის გეგმაც, მერიაშია“. როგორც მახარაძესთან საუბარში გაირკვა, მას ბიბლიოთეკიდან წიგნების სხვა ფართში გადატანისათვის საჭირო ოფიციალური წერილობითი ბრძანებაც კი არ გააჩნდა.

ადამიანის უფლებათა ცენტრი საკითხის გარკვევას ბათუმის მერიის განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის სამსახურის უფროს ნათია სურგულაძესთან შეეცადა, თუმცა მან, მდივნის მეშვეობით, ბათუმის მერის პირველ მოადგილე დავით სამნიძესთან გადაგვამისამართა. სამნიძესთან გადამისამართება თვით მერიის პრესცენტრსაც გაუკვირდა, თუმცა მისი განცხადებით, „ქალბატონი ნათია არ გაურბის ამ საკითხზე კომენტარების გაკეთებას“, მაგრამ კვირის განმავლობაში ჩვენთან კომენტარი არ გააკეთა აღნიშნულ თემაზე.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორის განცხადების გადამოწმების შედეგად აღმოაჩინა, რომ შენობა, რომელიც მისი თქმით, ბიბლიოთეკისთვის რემონტდება, სინამდვილეში საგზაო ტრანსპორტის დეპარტამენტისთვის კეთდება. სამუშაოს შემსრულებელმა პირმა, რომელიც ჩვენ ადგილზე დაგვხდა, გვითხრა, რომ საგზაო დეპარტამენტი გადადის აღნიშნულ შენობაში. ეს სწორედ ის შენობაა, რომელიც ჯავახიშვილის #72-ში მდებარეობს და სადაც მანამდე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო იყო დროებით მოთავსებული.

ბათუმში მხოლოდ ერთი საბავშვო ბიბლიოთეკაა, რომელიც ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის განყოფილებაა და ბათუმის მერიას ექვემდებარება. ბიბლიოთეკის საბავშვო განყოფილებამ უკვე მეექვსედ შეიცვალა ადგილმდებარეობა. ამჯერად, მიზეზი ის გახდა, რომ ფართი, რომელშიც ბიბლიოთეკა იყო განთავსებული, ბიზნესმენმა ალიკა ინწკირველმა შეისყიდა, რადგან აღნიშნული შენობის უკან მდებარე მის სასტუმრო „ალიკს“ რუსთაველის ქუჩაზე ხედს უკეტავდა.

ახალი ამბები