კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სიბაშვილის გამოცდები

8 ივნისი, 2009

რამდენიმე დღის წინ გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში არსებული 47 ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კონკურსი ჩატარდა. კონკურსში მონაწილეობისათვის სულ 210 განცხადება იყო რეგისტრირებული, თუმცა ტესტურ გამოცდაზე მხოლოდ 176 განმცხადებელი გამოცხადდა. კონკურსის 176 მონაწილიდან საკონკურსო – საატესტაციო კომისიის დებულებით დადგენილი გამსვლელი მინიმალური 75 ქულა მხოლოდ 13-მა მონაწილემ დააგროვა, მათ შორის ისეთებმაც, რომლებიც იურისპუდენციის გაგებაში არ არიან.

გამოცდამდე

კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში, შემდეგ კი მუნიციპალიტეტების გამგეობებში დასაქმებული საჯარო მოხელეებისთვის ატესტაციისა და ვაკანტური ადგილების შესავსებად კონკურსის ჩატარების წინადადება კახეთის გუბერნატორის პირველ მოადგილეს გიორგი სიბაშვილს ეკუთვნის. მისი მითითებით, გურჯაანის ახლადდანიშნულმა გამგებელმა გიორგი ჩივიაშვილმა გამგეობის თანამშრომლებს ჯერ კიდევ 2008 წლის 2 დეკემბერს დააწერინა განცხადებები სამსახურიდან წასვლის შესახებ. გამგებლის უკანონო მოთხოვნისთვის წინააღმდეგობა გამგეობის არცერთ თანამშრომელს არ გაუწევია. თანამშრომლების თქმით, იმ შემთხვევაში თუ ისინი გამგებლის მოთხოვნას არ დაემორჩილებოდნენ, მათ სამსახურიდან გაათავისუფლებდნენ, განცხადების დაწერის შემთხვევაში კი გამგებელი გადაწყვეტდა, ვის დატოვებდა თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად. სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებების დაწერის შემდეგ გამგებელმა თანამდებობიდან მხოლოდ გამგეობის საფინანსო – საბიუჯეტო სამსახურის უფროსი გიორგი ბიბილაშვილი და თანაშემწე ნონა თათრიშვილი გაათავისუფლა. იმის გამო, რომ მათ სამსახურიდან წასვლის თაობაზე განცხადებები თავად ჰქონდათ დაწერილი, ერთი თვის ხელფასის ოდენობით კომპენსაცია ვერ მიიღეს.

კონკურსის ჩატარების თარიღი არაერთხელ გამჟღავნდა, მაგრამ გაურკვეველი მიზეზებით, 24 მაისამდე არ ჩატარდა. მოთხოვნის მიუხედავად გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გამოცდამდე არ თქვა, ვინ მოამზადებდა საგამოცდო ტესტებს. "მე მიმაჩნია, რომ არ უნდა იყოს საჯაროდ დასახელებული იმ ფირმის თუ პირის ვინაობა, ვინც ტესტებს ამზადებს და გვაწვდის. ჩვენ საქართველოში ვცხოვრობთ და არ გამოვრიცხავ, რომ ტესტების შემდგენი შეაწუხონ, საერთო ენა გამოძებნონ და ინფორმაცია მოსთხოვონ", - განაცხადა გამგებელმა.

- ბატონო გიორგი, მაშინ არც ის არის გამორიცხული, რომ ტესტები, კონკურსის იმ მონაწილეებისათვის, რომელთაც თქვენთან ან კომისიის სხვა წევრებთან ახლო ურთიერთობა და ნათესაური კავშირი აქვთ, წინასწარ გახდეს ცნობილი?

- გამორიცხულია, რადგან ტესტებს დალუქულს მივიღებთ".

გამოცდა სპორტდარბაზში

ტესტური გამოცდა 24 მაისს 13 საათზე დაიწყო. დებულებით გამოცდის ხანგრძლივობა 4 საათით იყო განსაზღვრული, თუმცა კომისიის წევრებმა კონკურსის მონაწილეებს სამუშაოდ 5 საათი მისცეს. კონკურსის მონაწილეებს "დალუქულ" კონვერტში ჩადებული ტესტები დაურიგდათ. კონვერტის ლუქი გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბეჭდით იყო დამოწმებული, რაც იმას მოწმობს, რომ კომისიის ყველა წევრისთვის თუ არა, მინიმუმ გამგებლისთვის, რომელიც კომისიას ხელმძღვანელობს, ტესტები წინასწარ იყო ცნობილი.

ტესტირების პროცესს აკვირდებოდნენ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომელთაც ტესტური გამოცდის მიმდინარეობის დროს შენიშვნები არ ჰქონიათ, გარდა "ადამიანის უფლებათა ცენტრის" დამკვირვებლისა. მისი შენიშვნები კონკურსის მონაწილეებს შორის პასუხების გადაწერას და ტესტირების დარბაზში არაუფლებამოსილი პირების ყოფნას ეხებოდა.

კონკურსის ერთ-ერთმა მონაწილემ ანა კუტიბაშვილმა, რომელიც "ბ" ვარიანტის ტესტებზე მუშაობდა, ხარვეზი აღმოაჩინა. კერძოდ, 70-ე ტესტი მოცემული იყო შემდეგი შინაარსით: "საკრებულოს განსაკუთრებულ უფლებამოსილებას არ განეკუთვნება: ა/. ადგილობრივი სამსახურების შექმნა, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ბ/. თემის შექმნა და გაუქმება. გ/. საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების შექმნა. დ/. საკრებულოს განსაკუთრებული უფლებამოსილება არ გააჩნია. იმის გამო, რომ კითხვა არასწორად იყო ფორმულირებული, რადგან საკრებულოს განსაკუთრებული უფლებამოსილებები აქვს, მაგრამ ჩამოთვლილ პასუხებს შორის არცერთი არ იყო სწორი, კომისიის წევრმა გიორგი სიბაშვილმა განაცხადა, რომ კონკურსის მონაწილეებს აღნიშნული ტესტი ღიად დაეტოვათ და კომისია მათ ერთ ქულას ჩაუთვლიდა. "ა" ვარიანტის ტესტებზე მომუშავე პირების პროტესტის მიუხედავად, რომ კომისია ამით კონკურსის მონაწილეებს არათანაბარ პირობებში აყენებდა, კომისიის წევრებს გადაწყვეტილება არ შეუცვლიათ.

ტესტურ გამოცდას თვალს ჟურნალისტები ტრიბუნებიდან ადევნებდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა დამკვირვებლებს მიუთითა, რომ კონკურსის მონაწილეები, მაია ნარიაშვილი, ნინო ქაჩლიშვილი, გიორგი ყვირალაშვილი, გელა გოგიაშვილი და იზოლდა თერგიაშვილი პასუხებს პირდაპირ იწერდნენ, თუმცა დამკვირვებლებმა აღნიშნული დარღვევა ვერ შენიშნეს.

საგულისხმოა, რომ მაია ნარიაშვილი კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის თანამშრომლის და გუბერნატორის მეგობრის გელა კაპანაძის მეუღლეა. 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩვნებისთვის, ნარიაშვილი გურჯაანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გიორგი ღვინიაშვილის თანაშემწე გახლდათ.

ნინო ქაჩლიშვილი და გელა გოგიაშვილიც მაია ნარიაშვილის ახლობლები არიან.

რაც შეეხება გიორგი ყვირალაშვილს, ის გურჯაანის რაიონული პროკურატურის ყოფილი პროკურორია და ბოლო საპარლამენტო არჩევნების დროს, ქალაქ გურჯაანში ერთ-ერთ საარჩევნო უბანს ხელმძღვაელობდა. გავრცელებული ინფორმაციით, კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის მითითებით, გიორგი ყვირალაშვილი გურჯაანის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე უნდა დაინიშნოს.

"ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტია პროფესიით ექიმი სტომატოლოგი იზოლდა თერგიაშვილი, რომელმაც კონკურსის შედეგად 77 ქულა მიიღო. მას გურჯაანის გამგეობაში აპარატის უფროსის თანამდებობაზე აქვს პრეტენზია. ოფიციალურად, თერგიაშვილი ამ დრომდე მუშაობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ნიადაგის, წყალმომარაგებისა და დასუფთავების წესების დაცვაზე ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტად, თუმცა დაზუსტებული ინფორმაციით, ის სამსახურში მხოლოდ ხელფასის მისაღებად მიდის.

შედეგები

ტესტური გამოცდის 176 მონაწილიდან საკონკურსო – საატესტაციო კომისიის დებულებით დადგენილი გამსვლელი მინიმალური 75 ქულა მხოლოდ 13 მონაწილემ დააგროვა. ამ მცირე ოდენობის მიზეზით, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება და გამსვლელი მინიმალური ქულების ოდენობა 60-მდე შეამცირა. შედეგად, გამსვლელი ქულები კონკურსის 36 მონაწილეს დაუგროვდა.

კონკურსის მონაწილეთა თქმით, ტესტები საკმაოდ რთული იყო. უნდა აღინიშნოს, რომ გამსვლელი მინიმალური ქულების დაგროვება გაუჭირდათ პროფესიით იურისტებსაც, რომლებსაც ადვოკატის, მოსამართლის და პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდები აქვთ ჩაბარებული.

კონკურსის მეორე ეტაპი, ანუ გასაუბრება პირველ ეტაპზე გასულ კანდიდატებთან გასულ კვირას გაიმართა. ჯერ - ჯერობით უცნობია,  ვინ დაინიშნებიან თანამდებობებზე. შედეგები ცნობილი რამდენიმე დღეში გახდება. უნდა აღინიშნოს, რომ კომისიის წევრები კანდიდატებს, ძირითადად, გარეგნობის მიხედვით არჩევდნენ და შეკითხვებიც მათ ოჯახურ მდგომარეობას ეხებოდა.

ოფიციალური ცნობით, კონკურსის პირველი ეტაპის ორგანიზებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1333 ლარი გაიხარჯა. აქედან 1000 ლარი, ტესტების შედგენისათვის, იუსტიციის სამინისტროს კონსტიტუციური სამართლის სამმართველოს უფროსს ვასილ გონაშვილს ჩაერიცხა.

ახალი ამბები