კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ინვესტორი თანამშრომლებს ხელფასს ვერ უხდის

10 ივნისი, 2009

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ლიტვური კომპანია "ახემა ჯგუფი", რომელმაც სააქციო საზოგადოება "კახეთის ენერგოდისტრიბუცია" 2009 წლის იანვარში შეიძინა, ენერგოკომპანიაში დასაქმებულ 600-მდე თანამშრომელს ხელფასს ვერ უხდის.

როგორც "კახეთის ენერგოდისტრიბუციის" გურჯაანის, ყვარლის, ლაგოდეხის და სიღნაღის სერვისცენტრებში განაცხადეს, ხელფასების მიღებასთან დაკავშირებით პრობლემები მას შემდეგ აქვთ, რაც კახეთის ენერგოკომპანია "ახემა ჯგუფმა" შეიძინა.
"მანამდე კომპანია გაკოტრების რეჟიმში მუშაობდა, მაგრამ თანამშრომლები ხელფასებს ყოველი თვის ბოლოს ვიღებდით. კომპანიაში ინვესტორის შემოსვლის შემდეგ, შრომით ხელშეკრულებებს მხოლოდ ერთი თვით გვიფორმებენ და იმ შემთხვევაში თუ ინვესტორის ყველა მოთხოვნა დავაკმაყოფილეთ, თვის ბოლოს, ხელს ისევ ერთთვიან ახალ კონტრაქტს ვაწერთ. აპრილის თვის ხელფასები ამ დრომდე არ მიგვიღია და უცნობია, როდის მივიღებთ, ან მივიღებთ თუ არა საერთოდ. თებერვლის და მარტის ხელფასებიც თითქმის ერთი თვის დაგვიანებით მოგვცეს, არადა კონტრაქტის მიხედვით ანაზღაურებას ყოველი მომდევნო თვის 10 რიცხვამდე უნდა გვაძლევდნენ", - აღნიშნეს "კახეთის ენერგოდისტრიბუციის" თანამშრომლებმა.

"კახეთის ენერგოდისტრიბუციის" გენერალური დირექტორის, "ახემა ჯგუფის" წარმომადგენლის რაიმუნდას ამბროზაიტისის განცხადებით, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური პრობლემების და ეკონომიკური კრიზისის გამო ენერგოკომპანიას გარკვეული პრობლემები შეექმნა.

"თანამშრომელთა ხელფასების გაცემა დამოკიდებულია იმაზე, კომპანიის აბონენტები როგორ იხდიან მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადს. ამ მხრივ კი მდგომარეობა არასახარბიელოა", - განაცხადა რაიმუნდას ამბროზაიტისმა. "კახეთის ენერგოდისტრიბუციის" გენერალური დირექტორი ვერ აკონკრეტებს, როდის მიიღებს კომპანიის 600-მდე თანამშრომელი კუთვნილ ხელფასს.

ამ ვითარების მიუხედავად, ამბროზაიტისი ირწმუნება, რომ ენერგოკომპანია ინდივიდუალურ გამრიცხველიანებას 2009 წლის 01 ივლისიდან დაიწყებს. მისი თქმით, პირველ ეტაპზე, ანუ 2009 წლის 31 დეკემბრამდე ენერგოკომპანია საკუთარი ხარჯებით 10 ათასი აბონენტის გამრიცხველიანებას გეგმავს და ამისათვის 2 მილიონ 200 ათასი ლარის დახარჯვას აპირებს.

"გამრიცხველიანება 2009 წლის 01 ივლისიდან დაიწყება და 2010 წლის 31 დეკემბერს უნდა დასრულდეს. პირველ ეტაპზე, ანუ 2009 წელს ინდივიდუალური მრიცხველის დაყენება 10 ათასი აბონენტისთვისაა გათვალისწინებული და ამისათვის კომპანიამ 2 მილიონ 200 ათასი ლარი გამოყო. ინდივიდუალური გამრიცხველიანება რეგიონის ყველა სოფელს შეეხება და საჭირო სამუშაოების თანხას მთლიანად ენერგოკომპანია დაფარავს", - აღნიშნა "კახეთის ენერგოდისტრიბუციის" მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ჟანა დიდებაშვილმა.

"კახეთის ენერგოდისტრიბუციას" რეგიონში სულ 122 ათასი აბონენტი ჰყავს და აქედან ინდივიდუალური მრიცხველი მხოლოდ 31 ათას აბონენტს აქვს. დანარჩენი, 91 ათასი აბონენტი ამ დრომდე საერთო კომუნალური მრიცხველებით სარგებლობს, რის გამოც ისინი ელექტროენერგიის გადასახადს საუბნო მრიცხველების ჩვენებით იხდიან. ხშირია შემთხვევები, როცა საუბნო მრიცხველის ჩვენება აბონენტების მიერ ინდივიდუალურად მოხმარებული ელექტროენერგიის საერთო ჩვენებას ბევრად აღემატება და თითოეულ აბონენტს დამატებით 20-მდე ლარის გადახდაც კი უწევს. იმ შემთხვევაში კი თუ მომხმარებელთა ჯგუფიდან რამდენიმე აბონენტი თანხას საუბნო მრიცხველის ჩვენებით ვერ გადაიხდის, ენერგოკომპანია, ვალდებულების მიუხედავად, ელექტროენერგიის გარეშე არა მარტო მათ, არამედ მთელ ჯგუფს ანუ უბანს ტოვებს. საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის დადგენილებით, გამართული ინდივიდუალური მრიცხველის არ ქონის შემთხვევაში, აბონენტებისთვის მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის მოთხოვნა საუბნო მრიცხველის ჩვენებით ნებადართულია, ოღონდ თანხის გადაუხდელობისას გათიშვა უნდა მოხდეს ინდივიდუალურად და არა ჯგუფურად.

ახალი ამბები