00:41, Wednesday, 18.09.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სასამართლო ჟურნალისტების დარბევის საქმეს არ იხილავს

19.06.2009
გელა მთივლიშვილი, კახეთი

14 ივნისს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საპარლამენტო უმრავლესობას შეხვდა. შეხვედრის დროს პრეზიდენტი პოლიციელების მიერ ჟურნალისტებისთვის მუშაობაში ხელშეშლის ფაქტებსაც შეეხო და განაცხადა, რომ შენიშვნა მისცა სამართალდამცავებს, არავითარ შემთხვევაში არ შეზღუდონ ჟურნალისტების მუშაობა. პრეზიდენტის ამ გამოსვლის შემდეგ დაზარალებულ, ნაცემ ჟურნალისტებს ბოდიში სხვა ჩინოვნიკებმაც მოუხადეს. შს სამინისტრომ კი პოლიციის სამ თანამშრომელს უფლებამოსილება შეუჩერა. მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტებისთვის პროფესიული მოვალეობის შესრულებაში უკანონოდ ხელშეშლა კანონით დასჯადია, სისხლის სამართლის პასუხისგებაში ამ დრომდე არცერთი სამართალდამცავი არ მიუციათ.

სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ჟურნალისტების ერთ-ერთი ხმაურიანი დარბევა 2006 წლის 15 ივნისს, სიღნაღის რაიონში მოხდა. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი თეატრალიზებული საპროტესტო აქციის გასაშუქებლად მიმავალი ჟურნალისტები, გზაზე, რაიონული პოლიციის თანამშრომლებმა გააჩერეს და მანქანების შემოწმება მოსთხოვეს. ზუსტად ამ დროს, ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ სიღნაღის რაიონული ორგანიზაციის წევრები მივარდნენ და ცემა დაუწყეს. თავდამსხმელებმა ჟურნალისტებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ტექნიკა დაუმტვრიეს. ჟურნალისტებმა სხეულის დაზიანებებიც მიიღეს. დარბევაში სიღნაღის პოლიციის თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ.

იმავე დღეს, სიღნაღის პროკურატურამ ათობით თავდამსხმელთაგან მხოლოდ 3 ადამიანი, სოფელ ვაქირის საკრებულოს ხელმძღვანელი ჯემალ დემეტრაშვილი, სოფელ ვაქირის საკრებულოს წევრი იოსებ ნანობაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი ვასილ მუნჯიშვილი დააკავა.

სიღნაღის რაიონულმა პროკურატურამ დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 2 მუხლით დასდო. სსკ-ის 239-ე მუხლის II ნაწილის ა ქვეპუნქტით (ხულიგნობა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) და 187 მუხლის I ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია). მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებდნენ და დაზარალებულებს ემუქრებოდნენ, სასამართლომ ისინი გირაოს სანაცვლოდ მაინც გაათავისუფლა და ამ დრომდე გარეთ არიან.

დაზარალებულმა ჟურნალისტებმა პროკურატურას არაერთხელ მიმართეს და მომხდართან დაკავშირებით პარლამენტის წევრის, სიღნაღის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის ნუგზარ აბულაშვილის დაკითხვა მოითხოვეს, მაგრამ უშედეგოდ. არაერთი ჩვენების მიუხედავად, სადაც დაზარალებულები და მოწმეები დანაშაულის ორგანიზატორად და მონაწილედ პარლამენტის წევრს ასახელებენ, გამოძიებამ დეპუტატი აბულაშვილი მაინც არ დაკითხა.

უკვე მეოთხე წელია, რაც სისხლის სამართლის საქმე განსახილველად სიღნაღის რაიონულ სასამართლოშია შესული, მაგრამ მოსამართლე კიკილაშვილი მას არ განიხილავს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრესსამსახურის უფროსის ნანა ვასაძის განმარტებით, რაიონულ სასამართლოს უფრო მნიშვნელოვანი სისხლის სამართლის საქმეები ჰქონდა განსახილველი.

- ქალბატონო ნანა, ჟურნალისტების დარბევის საქმის განხილვა სასამართლოსთვის ნაკლებადმნიშვნელოვანი ან უმნიშვნელო რატომ არის?

- 3 წლის განმავლობაში სიღნაღის სასამართლოს ბევრი საპატიმრო საქმე ჰქონდა განსახილველი. თქვენს მიერ ხსენებული სისხლის სამართლის საქმის განხილვა აქამდე ამიტომ ვერ მოხერხდა, - აღნიშნა ვასაძემ.

სასამართლოს მიერ საქმის განუხილველობას სხვაგვარად ხსნიან დარბევის შედეგად დაზარალებული ჟურნალისტების ადვოკატები.

„სასამართლო საქმეს სწორედ იმიტომ არ განიხილავს, რომ აბულაშვილს პრობლემები არ შეექმნას. დაზარალებულებს მტკიცებულებები აქვთ, რომელიც ცხადყოფს, რომ დანაშაულის ორგანიზატორი დეპუტატი იყო“, - აღნიშნავს იურისტი ლია ხუროშვილი.

საგულისხმოა, რომ რამდენიმე წელია, სიღნაღის რაიონული სასამართლო კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმის განხილვას აჭიანურებს. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეშია დოკუმენტი, სადაც ნუგზარ აბულაშვილს თანხის გამოძალვაში ადანაშაულებენ.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC