კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დევნილები და დეპუტატები

2 ივლისი, 2009

საბა წიწიკაშვილი, გორი

გადაუღებელმა წვიმებმა წეროვანში მდებარე კოტეჯები დააზიანა. კოკისპირული წვიმების შედეგად კოტეჯებში მცხოვრებ დევნილებს წყალი სახურავიდან და ფანჯრებიდან „თქრიალით“ ჩაუვიდა. ისინი აცხადებენ, რომ ყოველდღიური პრობლემებისგან დაიღალნენ. ვის შესჩივლონ აღარ იციან, რადგან საპასუხოდ გამუდმებით ლანძღვა-გინება ესმით, მათ შორის არჩეული დეპუტატებისგან. და მართლაც, დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელმა, რევაზ კახნიაშვილმა დევნილებს, რომლებიც საკუთარ გასაჭირზე საუბრობენ უმადურები უწოდა...

წვიმა და დევნილები

წეროვანში, მესამე ქუჩის #206-ში მცხოვრები მინდიაშვილებს ოჯახს წყალი ყველა მხრიდან შეუვარდა. აღნიშნული პრობლემა ამ ოჯახს დიდი ხანია აწუხებს. წყალმა ცემენტის ტომრებიც დააზიანა, რომელიც სწორედ იმისთვის იყიდა ოჯახმა, რომ წყლის შესავარდნი ადგილების დაცემენტება მოეხდინა. ტომრები ეზოში ეწყო და წვიმას, რა თქმა უნდა, ვერ გადაურჩა. ნუკრი მინდიაშვილმა გვითხრა, რომ საქმის კურსშია დეპუტატი ბადრი ბასიშვილი და იმედი აქვს, რომ მიხედავს.

„ადრეც ანალოგიური პრობლემა მქონდა. წყალი ყველა მხრიდან შემომდის სახლში, მიწიდან, ზევიდან... კანალიზაციის სისტემა დალუქულია და ის წყალიც სახლებში შემოდის. აბსოლუტურად დაუცველი ვარ. უკვე მივმართე დეპუტატ ბადრი ბასიშვილს. ბადრი შემპირდა, მასალასაც მოგიტანთ და მუშა-ხელსაც მოგახმართო. მთავარია, მასალა მქონდეს, მუშა-ხელად მე თვითონ ვიმუშავებ, სხვებსაც დავეხმარები“ - ამბობს ნუკრი მინდიაშვილი.

ანალოგიურ მდგომარეობაშია ნინო მჭედლიძის ოჯახიც. „ლამინატი მთლიანად აიყარა, წყალი ფანჯრებიდანაც შემოდის და ჭერიდანაც. ვისაც დაბალი ეზო აქვს, წყალი პირდაპირ კარებების ღრეჭოებიდან შესდის სახლში. სახლებს შორის თხრილი გადის, მაგრამ ამ თხრილების წყალიც კი სახლებში შემოდის. რამდენჯერ მივმართოთ ხელისუფლებას, არ ვიცი. ეს ჩვენ არ გვეხებაო, სულ ასე გვპასუხობენ“ - გვითხრა ნინო მჭედლიძემ.

ნინო მჭედლიძის მეზობლად მოხუცები ცხოვრობენ. 80 წლის რაფო ხაჭაპურიძეს წყალი ისევე შეუვარდა, როგორც სხვებს. მოხუცები ყველაზე უმწეო მდგომარეობაში იყვნენ.

კოტეჯების მოლოდინში ანუ დევნილები საბავშვო ბაღიდან

ომის შემდგომ პერიოდში დევნილთა უზრუნველყოფის საორგანიზაციო შტაბი შეიქმნა. შტაბის ფუნქცია დევნილთა უზრუნველყოფის საკითხის მოგვარება და მათ მატერიალურ მდგომარეობაზე ზრუნვაა. ეს შტაბი წყვეტდა კოტეჯებში დევნილების გადანაწილების საკითხსაც. აღნიშნული შტაბის წევრია ლიახვის ხეობის მაჟორიტარი დეპუტატი ბადრი ბასიშვილი, რომელიც ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში აცხადებდა, რომ 2008 წლის დეკემბრის ბოლოსთვის ყველა დევნილი ბინით უზრუნველყოფილი იქნებოდა. 2009 წლის აპრილის მდგომარეობით კი საქართველოს სხვადასხვა ქალაქების ადმინისტრაციულ შენობებში ჯერ კიდევ უამრავი დევნილი რჩება. ხალხი გაუსაძლის პირობებზე და ხელისუფლების უყურადღებობაზე საუბრობს.

გორში წმინდაწყლის ტერიტორიაზე მდებარე საბავშვო ბაღის შენობაში სექტემბრის შემდეგ რამდენიმე დევნილი ოჯახი ჩაასახლეს. ეს დევნილები ხელისუფლების მხრიდან თავს მიტოვებულად თვლიან. დიდი ლიახვის ხეობის სოფელ აჩაბეთის მოსახლე ნაილი ლოლაშვილი აცხადებს, რომ მას არანაირი ფულადი კონპენსაცია არ მიუღია და მის ოჯახს დღემდე ღვთისა და ღვთისნიერი ხალხის იმედად გააქვს თავი:

„უკვე მეორედ ვარ დევნილი, ჯერ ცხინვალიდან, შემდეგ აჩაბეთიდან. ჩვენი კოტეჯი მშენებარეა, გორში, ვერხვების დასახლებაში შენდება და როგორც მითხრეს აგვისტოში იქნება მზად. ყურადღებას არავინ გვაქცევს, ვართ დაუსაქმებლები და სახელმწიფოსგან ვიღებთ მხოლოდ პურს, დღემდე ვერ მივიღე ვერანაირი ფულადი კონპენსაცია და ამას ტექნიკურ პრობლებას აბრალებენ, კოორდინატორები კი მოდიან, მაგრამ სადაა შედეგი. არ გამოჩენილა ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატი ბადრი ბასიშვილიც, ჩვენ კიდევ იმის თანხები არ გვაქვს რომ თბილისში ვირბინოთ მის სანახავად. ან რაღა უნდა გამიკვირდეს... ომის დროს არც გავუფრთხილებივართ პოზიციებს ვტოვებთ და ხეობა დატოვეთო. რომ უნდა წამოვსულიყავით მხოლოდ მაშინ მივხვდით, როცა დავინახეთ, როგორ გამორბოდნენ ხეობიდან სანაკოევის ადმინისტრაციის თანამშომლები ცარიელი ჯიპებით“, - ამბობს ნაილი ლოლაშვილი.

ერგნეთიდან დევნილი ია მეტრეველიც დღემდე საბავშვო ბაღის შენობაში ცხოვრობს, როგორც თავად ამბობს ერგნეთში მისი გადამწვარი სახლი აღდგენილია, მაგრამ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ერგნეთში ბავშვების წაყვანის ეშინია:

„გვითხრეს, რომ 15 აპრილამდე უნდა დაგვეცალა საბავშვო ბაღის შენობა, თბილისიდანაც ფაქტობრივად გამოგვყარეს. როგორ წავიყვანო ბავშვები ერგნეთში როცა ყოველ წუთს სროლებია, ვინ მომცემს იმის გარანტიას, რომ არაფერი მოგვივა, ის მთავრობა რომელიც ჩვენზე ადრე გამოიქცა ხეობიდან? გვაძლევენ პურს და 3 თვეში ერთხელ მაკარონს, ეს ეყოფა დაუსაქმებელ შვიდსულიან ოჯახს? წიგნებიც სკოლისთვის ჩემი სახსრებით შევიძინე“, -აცხადებს ია მეტრეველი.

გორის რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი სოსიაშვილი კი ირწმუნება, რომ ყველა დევნილი მოსწავლე დააკმაყოფილა სახელმძღვანელოებით.

ხეითელი ლუიზა გოჩაშვილი ამბობს, რომ მისმა მეუღლემ სასწრაფოდ გულის ოპერაცია უნდა გაიკეთოს: „ჩემი მეუღლე გულით ავადმყოფია, ის სასწრაფოდ საოპერაციოა, მაგრამ ვინ შევაწუხო, რა აზრი აქვს? ამდენი ხანია დევნილობი ვართ და საწოლები მხოლოდ გუშინ მოგვიტანეს. სად არის ჩვენი დეპუტატი, მე თვალით არ მინახავს, არც ვინმესგან გამიგია ვნახეო“.

არიან ისეთი დევნილებიც, რომლებიც დახმარებას კი არა, კუთვნილ თანხას ითხოვენ ხელისუფლებისგან. ისინი ომის შემდეგ გორის კომბინატის #17 საბავშვო ბაღში ცხოვრობენ და ომამდე კეხვის მაცხოვრებლები იყვნენ. ეს დევნილები სანაკოევის ადმინისტრაციისგან იმ თანხას ითხოვენ, რომელსაც ჩაბარებული ვაშლის სანაცვლოდ უკვე მეორე წელია უშედეგოდ ელოდებიან.

უმადური ხალხი

დევნილების პრეტენზიები ხეობის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელს, რევაზ კახნიაშვილს გავაცანით. რევაზ კახნიაშვილი დევნილთა პრეტენზიებს გადაჭარბებულს უწოდებს და აცხადებს, რომ ხალხმა უმადურობა არ უნდა გამოიჩინოს:

„ვიცი, ვინც იქნება ეგ მომჩივანი ხალხი. ყოველდღე მე იქ ვერ ვირბენ, არიან კოორდინატორები და მიდიან. დახმარება მიგვაქვს, როცა არის. ადრე მოქმედებდა დახმარების სამთვიანი პროგრამა და დასრულდა. სახელმწიფო კიდევ ჰუმანურობას იჩენს და დახმარებას განაგრძობს, როგორც ვიცი მათ საპატრიარქოც ეხმარება. ერგნეთში ზოგიერთის სახლი უკვე გამართულია, მაგრამ არ მიდიან, აქ უფრო კარგად გრძნობენ ალბათ თავს. რაც შეეხება ვაშლის ფულს - მე ამის შესახებ არაფერი ვიცი, ისე მაგ კომბინატის მე-17 ბაღში სულ ოპოზიციონერი დევნილები არიან და რა თქმა უნდა უკმაყოფილოები იქნებიან. როცა საჭმელი მიგვაქვს ახლა იმას ამბობენ, რომ ამ საჭმელს მწვანილი უნდაო, უმადურია ხალხი! დეპუტატი ისეა დაკავებული ვერ მოახერხებს ჩამოსვლას ალბათ" - განმარტა რევაზ კახნიაშვილმა.

ნათელაშვილის გამო დაჩაგრული ანუ რას ედავებიან ქარელის მაჟორიტარ დეპუტატს....

თუკი ლიახვის ხეობის მაჟორიტარს დევნილებთან დაკავშირებით, „ზედმეტი“ პასუხისმგებლობა აკისრია და პრაქტიკულად „ყველა წვრილმანზე აწუხებენ“, ქარელის მაჟორიტარი დეპუტატის ემზარ გელაშვილის შემთხვევაში საქმე სხვაგვარადაა.

„საკვებსაც და ყოველგვარ დახმარებას საერთაშორისო ორგანიზზაციები არიგებენ, მანდ მე არაფერ შუაში ვარ“ - გვითხრა ემზარ გელაშვილმა, თუმცა პრეტენზიები მის მიმართ სოფელ დვანის მოსახლეობის მხირდან მაინც გაისმა.

დვანელები ადგილობრივ ხელისუფლებას ოპოზიციით მუდმივად აშინებენ. ამჯერად შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციას ქარელის რაიონიდან ჩამოაკითხეს. „მოგვაქციეთ ყურადღება, თორემ ოპოზიციის მიტინგს შევუერთდებით“ - ამბობენ დვანელები.

„სახლი დამეწვა, არანაირი კომპენსაცია ამიღია. ყველანარი საბუთი მაქვს შეგროვებული, მაგრამ მაინც ვერანაირ შედეგს ვერ მივაღწიე. ქარელის გამგეობაში არაერთხელ ჩავედი, სახალხო დამცველთანაც კი მაქვს ჩატანილი განცხადება, მაგრამ ვერაფერს გავხდი. მთავრობა წერს, თითქოს მე თვითონ განვაცხადე უარი კომპენსაციაზე. ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ემზარ გელაშვილმა მაგინა და დამემუქრა, რომ მე ვერაფერს ავიღებდი. იციან, რომ ჩემი თანაკურსელია შალვა ნათელაშვილი, ამიტომაც  არ მეხმარებიან. როგორ შეიძლება შალვა ნათელაშვილის კურსელობის გამო კომპენსაცია არ მომცენ?“ - ამბობს ვანო მამაგულაშვილი.

თავდაპირველად, ემზარ გელაშვილმა ის ვერ გაიხსენა, თუმცა მალევე მიხვდა ვიზეც ვეკითხებოდით.

„თუ არ ვცდები, მაგ კაცმა დიმიტრი ლორთქიფანიძესთან მიჩივლა. შეკრება გვქონდა ჩემთან კაბინეტში ქარელში, სადაც გამგებელთან ერთად შევხდით მაგ კაცს (თუ მართლა ეგ კაცია, რომელზეც მეუბნებით). მას დვანში მაღაზიის მსგავსი შენობა აქვს დამწვარი. ასულები იყვნენ მუშები, რათა მომხდარიყო მაგ შენობის რეაბილიტაცია, თუმცა უარი განაცხადა. როგორც მახსოვს მისი შენობის რეაბილიტაცია, დაახლოებით 23 ათასი ლარი ჯდებოდა, თუმცა გადასახადებით და გამოქითვით დარჩენილი 18 000 ლარის აღება თავად აღარ მოისურვა“, - გვითხრა ემზარ გელაშვილმა.

თვეში ერთხელ ფქვილი, მაკარონი, ლობიო და ზეთი

დვანში სხვა უკმაყოფილო ადამიანების პოვნა არ გაგვჭირვებია:

„უკონტროლო ტერიტორიაზე მაქვს სახლი დარჩენილი. ვცხოვრობ თანასოფლელის სახლში, კომპენსაცია არ მოუციათ. სოფელი მთლიანად გაძარცვულია“ - ამბობს ზაურ ახალკაცი.

„მე ომამდეც სოციალურად გაჭირვებული ვიყავი. იმ პერიოდში სოციალურმა აგენტმა შეამოწმა ჩემი მდგომარეობა და დამიწერა 85 ქულა. მერე როცა ომი დაიწყო, რაც მქონდა ისიც გამინადგურდა. ხელახლა შევამოწმებინე ჩემი მდგომარეობა სოციალურ აგენტს და წარმოიდგინეთ, იმაზე მეტი ქულა დამიწერა, რაც ომამდე მქონდა. თურმე ომის შემდეგ უფრო ბევრი ქონება მქონია. ჯანდაცვის მინისტრის ჩამოვიდა შარშან და გვითხრა, ყველას დაგაზღვევთო, მარა ჩვენი პატრონი არავინაა“, - ამბობს ანდრო მამაგულაშვილი:

ჟუჟუნა მახაჭაშვილი, კოპაძე მაყვალა, მინდიაშვილი ცოტნე, მამაგულაშვილი მარინე და სხვები ანალოგიურ მდგომარეობაში არიან. ზოგს სახლი აქვს დამწვარი, ვისაც სახლი გადაურჩა, გაზარცვეს, ვისაც საქონელი ჰყავდა, წაართვეს... ერთი სიტყვით სოფელი ყოველგვარი შემოსავლის გარეშე დარჩა. მიწის ნაკვეთებს ვერ ამუშავებენ, რადგან განნაღმვის სამუშაოები ჯერაც არ დასრულებულა. სოფელში საბავშვო ბაღში 10 ბავშვი დადის, თითოს 10 ლარს ახდევინებენ. ერთი სიტყვით პრობლემები არ ელევათ.

ხალხი ამბობს, რომ ომამდე ბევრად უკეთ ცხოვრობდნენ და არც დახმარება სჭირდებოდათ. ახლა კი როცა ყველაფერი ერთდროულად დაკარგეს, გაუჭირდათ. ხელისუფლებას კი მათი პრობლემები, როგორც ჩანს არ აინტერესებს, რადგან მათთან ხელისუფლების წარმომადგენლები არ მისულან. მცირე საყვედური ჟურნალისტებმაც მივიღეთ. ტელევიზიებს მხოლოდ მაშინ ახსენდებათ დვანი, როცა სროლებია ან ვინმეს კლავენო.

ქარელის მაჟორიტარი დეპუტატი ემზარ გელაშვილი „ადამიანის უფლებათა ცენტრთან“ საუბარში დვანელების პრეტენზიების საპასუხოდ აცხადებს, რომ დვანის მოსახლეობისთვის შემდეგი შეღავათებია დაწესებული: „ელექტროენერგიის საფასურზე შეღავათი, თვეში ოჯახს შეუძლია 150 კვტ ენერგია უფასოდ დახარჯოს. ეს პროგრამა სამი თვე გაგრძელდება. გზა მოიხრეშა, წითელი ჯვარი აგრძელებს სასურსათო პროგრამას, თვეში ერთხელ ფქვილი, მაკარონი, ლობიო და ზეთი.“

ახალი ამბები