კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

როგორ იხარჯება დევნილებისთვის გამოყოფილი დახმარება და ვინ განკარგავს მას

9 ივლისი, 2009

თეა თედლიაშვილი, გორი

დევნილთა განსახლებისთვის საქართველოს მთავრობამ დონორი ორგანიზაციებისგან სოლიდური თანხა მიიღო. 10 მილიონი ევრო მარტო ევროკავშირმა გამოყო. თუმცა, საზოგადოებაში არსებობს კითხვები იმის თაობაზე, ნამდვილად დაიხარჯა თუ არა ამდენი თანხა დევნილების განსახლებისთვის. ამ კითხვებზე პასუხებს საქართველოს მთავრობა გაურბის და ყველანაირად ცდილობს ინფორმაციის დამალვას.

ერთი კოტეჯი 26,7 ათასი ლარი დაჯდა ანუ ვინ განკარგავდა ფულს და როგორ შეიძინეს მიწები დევნილთა ჩასახლებებისათვის

დევნილთა განსახლება რატომღაც შინაგან საქმეთა სამინისტოს პრეროგატივა გახდა. სწორედ ვანო მერაბიშვილი კურირებდა დევნილების კოტეჯებში შესახლებას.

ამიტომაც არაა გასაკვირი, რომ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს პრეს-სამსახურში არ იციან რამდენი მილიონია დახარჯული დევნილთა განსახლებაზე, ვინ შეიძინა მიწის ფართობი და ვინ ააშენა კოტეჯები. მათგან ამ საკითხებზე წერილობითი პასუხი ვერ მივიღეთ, ტელეფონით კი, სამინისტროს თანამშრომელმა, სახელად მარიანამ (რატომღაც გვარი არ გაგვიმხილა) ასეთი პასუხი გაგვცა: „როგორც ვიცით, განსახლებას და კოტეჯების მშენებლობას შინაგან საქმეთა სამინისტრო და მუნიციპალური  განვითარების ფონდი ხელმძღვანელობდა და სწორედ მათ მიერ მოხდა კოტეჯების აშენება. ჩვენ ამ საკითხებზე ინფორმაცია საერთოდ არ გვაქვს“.

მართლაც, ქართულ ტელევიზიებს არაერთხელ გაუშუქებიათ, თუ როგორ დადიოდა მერაბიშვილი დევნილთა ჩასახლებებში და მეთვალყურეობდა კოტეჯების მშენებლობას. შესაბამისად, ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ვცადეთ დაკავშირება. აღნიშნული უწყების ელექტრონულ მისამართზე გავგზავნეთ წერილი, რომლითაც მოვითხოვეთ შემდეგი ინფორმაციის მიღება: 1. რა თანხა მოხმარდა დევნილთა კოტეჯების მშენებლობას? 2. რამდენი კოტეჯი აშენდა ამ თანხით? 3. რამდენი კვადრატული მეტრი მიწის ფართობი იქნა შეძენილი მშენებლობისთვის? ასევე მოვითხოვეთ ინფორმაცია იმის თაობაზე, ჩაირიცხა თუ არა თანხა კოტეჯების მშენებლობისთვის შსს-ს ანგარიშზე. გარდა ამისა დავინტერესდით იმ კომპანიების ნუსხით, რომლებმაც კოტეჯები ააშენეს. რა თქმა უნდა, ამ წერილზე პასუხი შინაგან საქმეთა სამინისტროდან არ მიგვიღია.

ამის შემდეგ მუნიციპალური განვითარების ფონდს იმავე შეკითხვებით მივაკითხეთ. ფონდის პრეს-სამსახურის თანამშრომელმა თამარ თვალიაშვილმა ასეთი ინფორმაცია მოგვაწოდა: „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის სულ ააშენა 1263 სახლი, მათ შორის  მსოფლიო ბანკის დაფინანსებით - 783, დანარჩენი დააფინანსა საქართველოს მთავრობამ“. მისივე ინფორმაციით, ერთი სახლის საშუალო ღირებულება 26,7 ათას ლარს, ხოლო საცხოვრებელი ფართი - 55,9 მ2-ს შეადგენს.

მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ შიდა ქართლში დაფინანსებული დევნილთა საცხოვრებელი ობიექტების ნუსხა, რომელიც, ასევე, თვალიაშვილმა მოგვაწოდა, ასე გამოიყურება: გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერბუკში 600 მ2 მიწის ფართობზე 134 სახლი აშენდა (სამუშაოებს შპს „ლაზოინვესტი“ ახორციელებდა); გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრაში, ასევე, 600 მ2 მიწის ფართობზე 86 სახლი აშენდა (სამუშაოებს შპს „ნოლა“ ახორციელებდა); გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვებში 600 მ2 მიწის ფართობზე 177 სახლი აშენდა (სამუშაოებს შპს „მშენებელი-80“, შპს „ოდა“, შპს “ერ-თი-ჯი“, შპს „იმერეთი-2000“, „გონი“, და ს/ს „თბილმრეწვმშენი-3“ ახორციელებდნენ); გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში 600 მ2 მიწის ფართობზე 139 სახლი აშენდა (სამუშაოებს ს/ს „სამშენებლო ტრესტი #3“ და შპს „ინტერმშენი A&P“ ახორციელებდნენ); კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თელიანში, 600 მ2 მიწის ფართობზე 54 სახლი აშენდა (სამუშაოებს შპს „პლანეტა“ ახორციელებდა); კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში, 600 მ2 მიწის ფართობზე 35 სახლი აშენდა (სამუშაოებს შპს „პლანეტა“ ახორციელებდა); ქარელის მუნიციპალიტეტის ახალსოფელში, 600 მ2 მიწის ფართობზე 100 სახლი აშენედა (სამუშაოებს შპს „აქსისი“ ახორციელებდა); ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისში, 600 მ2 მიწის ფართობზე 58 სახლი აშენდა (სამუშაოებს შპს „ინჟმშენი“ ახორციელებდა); გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში, 300 მ2 მიწის ფართობზე 480 სახლი აშენდა (სამუშაოებს შპს „ბლოკ-ჯორჯია“, შპს „პლანეტა“ და შპს „აქსმშენი“ ახორციელებდნენ).

„მიწა სახლების ასაშენებლად ფონდს არ შეუძენია, ეს სახელმწიფოს პრეროგატივაა. არც კოტეჯებში ოჯახების შესახლებაა ფონდის პრეროგატივა. მიმართეთ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს“, - გვითხრა თამარ თვალიაშვილმა.

ბუნებრივია, კიდევ ერთხელ დავუკავშირდით ლტოლვილთა და განსახლების სამინიტროს, თუმცა, მათგან პასუხები ვერც ამჯერად მივიღეთ.

ყველაზე მეტად გასაკვირი ისაა, რომ ჩვენს კითხვებზე პასუხი ვერც ევროკაშვირის წარმომადგენლობისგან მივიღეთ. მათი პრეს-სამსახური ჩვენს ელექტრონულ წერილს საერთოდ არ გამოხმაურებია.

გველები და დევნილები

საინტერესოა, რამდენად კმაყოფილები არიან თავად დევნილები ახალი კოტეჯებით? ჩვენ რამდენიმე მათგანს გავესაუბრეთ და აქვე უცვლელად გთავაზობთ მათ კომენტარებს:

„გველები პირდაპირ იატაკიდან ამოდიან. გაუსაძლისია აქ ცხოვრება. იატაკი „მუსიკალურია“, ვერ გაივლი, ისე ჭრიალებს. გველი იმდენია, ვერ ვუმკლავდებით, ხან სახურავიდან ჩამოვარდება და ხან იატაკიდან ამოძვრება. ეს იმის ბრალია, რომ კოტეჯები ყველაზე უვარგის ადგილებში ააშენეს. 27 000 დაჯდა კოტეჯებიო, რა აქვს 27 ათასისა?“, - ამბობს სკრის ჩასახლებაში მცხოვრები, ქურთიდან დევნილი გოჩა კახნიაშვილი.

„სახლში ბალახი ამოდის, ჭიანჭველა იმდენია, ვერ ვახერხებთ მათთან გამკლავებას. გარეთ გველი ისე დასეირნობს, არ ვიცით, რა მოვიმოქმედოთ. გუშინაც მოკლეს აქ ერთი გველი. კაციშვილი არ მოსულა და უკითხავს, როგორ შეიძლება ამ კოტეჯებში ცხოვრება, რომელიც უკვე იშლება და თავზე გვენგრევა. ვითხოვე, სახლის წინ ბოსელს ავაშენებ-მეთქი, - არ შეიძლებაო. რაც არასამთავრობოებმა მომცეს ფულადი დახმარება, იმით ღორები ვიყიდე, ახლა ეზოში ვაშენებ საღორეს. რა ვქნა აბა, სოფელში კაცმა რითი უნდა იცხოვროს“, - ამბობს ქურთიდან დევნილი თენგიზ ბასიშვილი.

მონიტორინგი და სახურავი

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ერთ-ერთია იმ ორგანიზაციათაგან, რომლებიც დევნილებისათვის დონორების მიერ გამოყოფილი ფინანსური დახმარების მონიტორინგს აწარმოებს. შესაბამისად, აღნიშნული ორგანიზაცია დევნილთა განსახლების პროცესსაც აკვირდება. ორგანიზაციის ხელმძღვანელის თამარ ქაროსანიძის ინფორმაციით, მშენებლობისთვის გამოყენებული მასალის ხარისხიანობის და მშენებლობის მდგრადობის შესწავლა საკმაოდ ხანგრძლივ მუშაობას მოითხოვს და ჯერ ამაზე საექსპერტო დასკვნები არ არსებობს, თუმცა თვალნათლივ ჩანს, რომ მშენებლობა ცუდადაა ჩატარებული, რასაც ერთმანეთისგან დაშორებული კედლები და იატაკის ფიცრები ადასტურებს.

ქაროსანიძის ინფორმაციით, შენობებს ნგრევა არ ემუქრება, როგორც მას ექსპერტებმა უთხრეს, შენობა ერთსართულიანია და სიმძიმის არარსებობის გამო, სავარაუდოდ, არ დაინგრევა. თუმცა, ძალიან საეჭვოა, რომ შენობები ერთი წლის შემდეგ საცხოვრებლად ისევ გამოდგეს.

„იძულებით გადაადგილებული პირები მუდმივი საცხოვრებლებით უზრუნველყოფილად მხოლოდ მას შემდეგ უნდა ჩაითვალონ, როცა საფუძვლიანად დადასტურდება, რომ თითოეული ოჯახი ცხოვრობს ისეთ მდგრად, გამართულ სახლში/ბინაში, რომელიც საცხოვრებლად ვარგისი დიდი ხნის განმავლობაში იქნება. სწრაფი მშენებლობის დასრულების შემდეგ წარმოქმნილი დეფორმაციების გამო ბევრ კოტეჯში იატაკის ფიცრებს შორის ნაპრალები გაჩნდა და ქვემოდან ცივი ჰაერი ამოდის, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალ ზამთარს ამ კოტეჯების მაცხოვრებლებს შენობების გათბობა გაუძნელდებათ“, - ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ მომზადებულ ანგარიშში.

სკრის ჩასახლებაში, სადაც მთელი დღე გავატარეთ და სახლები კარდაკარ შემოვიარეთ, კედლები ერთმანეთისგან უკვე დაშორებულია და იატაკის ფიცრებს შორის ბალახია ამოსული. ჭერი კი ფანერებითაა დაფარული. როგორც თენგიზ ბასიშვილმა გვითხრა, მის კოტეჯში წყალი ჩავიდა და სახურავის შეკეთების მიზნით ჭერში ასასვლელი ამოჭრა, მაგრამ ასვლა ვეღარ გაბედა, რადგან ჭერზე მხოლოდ „ფანერა“ აღმოჩნდა დაფარებული, რომელიც ადამიანის სიმძიმეს ვერ გაუძლებდა, წვიმის შემდეგ ის ჯერ კიდევ სველი იყო და არსებობდა საფრთხე, რომ მთელი სახურავი თავზე დამხობოდა.

„ამას გადახურული სახლი ჰქვია? ან სადმე სოფელში ეყიდათ ბინები, ან ჩვენთვის მოეცათ თანხები და ავაშენებდით. რამე თუ გაფუჭდა, ვერ ვაკეთებთ, მაგასაც კი გვიშლიან, ხელი არ ახლოთო. მთელ სამზარეულოში წყალი ჩამოდის“, - ამობობს თენგიზ ბასიშვილი.

შიდა ქართლის სოფლებში ერთი ორსართულიანი მყარად ნაშენი სახლის ფასი, საკარმიდამო ნაკვეთით 20 000 ლარს არ აღემატება. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ თავი იმით იმართლა, რომ სოფლებში სახლების ყიდვა ფასს ძალიან გაზრდიდა. თუმცა, რა დაუჯდა საშენი მასალების ყიდვა სახელმწიფოს, ეს ინფორმაცია ამ დრომდე გასაიდუმლოებულია. როგორც ირკვევა, დევნილთა კოტეჯების მშენებლობისთვის ხე-ტყის მასალა იქნა გამოყენებული, რომელიც საზღვარგარეთიდან არ შემოუტანიათ და ხეები საქართველოს ტყეებში მოჭრეს. ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ კონკრეტულად სად მოხდა ამდენი ხის მასალის მოპოვება, რომელიც ათასობით კოტეჯის მშენებლობას დაჭირდა, „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ დიდი ხანია გამოითხოვა, თუმცა, პასუხი ჯერ არ მიუღია.

რაც შეეხება დევნილთა საცხოვრებელ პირობებს კოტეჯებში, როგორც ისინი ამბობენ, მათთვის უკვე აღარც საკვები მიაქვს ვინმეს და აღარც ყურადღებას აქცევენ. სექტემბრიდან კი ელექტროენერგიის გადასახადების დაფარვაც საკუთარი სახსრებით მოუწევთ. ამ დროისთვის ამ ხარჯებს კოტეჯებში მცხოვრები დევნილებისთვის აშშ-ს განვითარების სააგენტო (UშAID) იხდის.


სტატია გამოქვეყნებულია პროექტის - „ჟურნალისტთა ქსელი- საქართველოსთვის გამოყოფილი საერთაშორისო დახმარების გამჭვირვალობისთვის“ - ფარგლებში. პროექტს ახორციელებს საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია“. პროექტი დაფინანსებულია მარშალის ფონდის პროექტის „თჰე Bლაცკ შეა თრუსტ ფორ ღეგიონალ ჩოოპერატიონ“ ფარგლებში ჩარლზ სტიუარტ მოტის ფონდის მიერ.

ახალი ამბები