კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოჯახი დაღუპული ჯარისკაცის უფლებების დაცვას ითხოვს

13 ივლისი, 2009

მაკა მალაყმაძე, ბათუმი

ჯარისკაცი ლევან ანანიძე 2008 წლის 9 აგვისტოს, ნაღმის ნამსხვრევებით მარჯვენა ფეხში დაიჭრა.  გადაუდებელი სამადიცინო ჩარევის შემდეგ, ის სამკურნალო შვებულებით ოჯახში დაბრუნდა. მოგვიანებით კი, 2008 წლის 15 სექტემბერს, ზღვაში საბანაოდ ჩასული, დაიღუპა. გარდაცვალების მოწმობის მიხედვით, გარდაცვალების მიზეზი დაუდგენელია. ასეთ შემთხვევაში ოჯახმა, დაღუპული ჯარისკაცის დაზღვევას თანხა უნდა მიიღოს. ეს თანხა გარდაცვლილი ჯარისკაცის ოჯახს დღემდე არ მიუღია, რადგან გარდაცვალების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე თვითმკვლელობის მუხლითაა აღძრული.

„ჩემი შვილი თავს არ დაიხრჩობდა, ის ჯარში დასაბრუნებლად ემზადებოდა. სამკურნალო შვეულებით იყო ჩამოსული და ორ დღეში უკან, ნაწილში უნდა დაბრუნებულიყო“, - ამბობს გარდაცვლილის დედა მარგო ყულეჯიშვილი, „დაღუპვამდე ერთი დღით ადრე მეუბნებოდა, წასვლამდე ნათესავებს ვინახულებო, მთელი მეზობლები შემოუვლია. მერე მეგობრებთან და ნათესავებთან ერთად პარკში წავიდა სასეირნოდ. პარკში წასულებმა გადაწყვეტეს ზღვაზე ებანავათ. როგორც კი დაარტყა ტალღამ - მაშინვე ჩაუთრევია, დაჭრილ ფეხზე ცივი წყალი რომ მოხდა, ვეღარ შეძლო ტალღებთან გამკლავება. რამდენიმეჯერ ხელიც დაუქნევია საშველად, მაგრამ უკვე ბინდდებოდა და ხედვაც ჭირდა... ვერაფერი უშველეს. ხანდახან ამბობდა, დაჭრილი ფეხი მეჭედებაო“. ანანიძის გვამი მაშველებმა მეორე დღეს იპოვეს. სამაშველო სამსახურის ცნობით, ის ზღვის ფსკერზე, ნაპირიდან 16-17 მეტრში იქნა ნაპოვნი.

ლევან ანანიძე 2007 წლის 1 სექტემბრიდან საკონტრაქტო სამხედრო სამსახურით  საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახმელეთო ჯარებში ყურბანმტყორცნელად დაინიშნა. 2008 წლის 9 აგვისტოს ის, ათი დღით, #5 საავადმყოფო-პოლიკლინიკურ გაერთიანებაში მოათავსეს, დიაგნოზი - ნაღმფეთქებადი ჭრილობა. მკურნალობის კურსის გავლის შემდეგ, სამკურნალო შვებულებით ის ოჯახში, ქობულეთში დაბრუნდა.

ბინა, რომელშიც ანანიძეების სამწევრიანი ოჯახი ამჟამად ცხოვრობს, კოოპერატიულია. ოჯახი სოციალური დახმარების ერთიან ბაზაშია. ოჯახს სხვა შემოსავალი არ გააჩნია და მთლიანად სოციალურ დახმარებაზეა დამოკიდებული. „ლევანი იყო ჩვენი ოჯახის მარჩენალი. განვადებით ტელევიზორი და რაღაცეები გამოიტანა. მისი სიკვდილის შემდეგ პროცენტი არ გადაგვიხდია, არ ვიცი, არც არავინ შეგვხმიანებია. ახლა მხოლოდ სოციალურ დახმარებაზე ვართ დამოკიდებული. მალე წლისთავი იქნება და სასაფლაოს გასაკეთებელი თანხაც კი არ მაქვს“, - სწუხს ჯარისკაცის დედა.

ოჯახი დაღუპული შვილის დაზღვევის თანხას ითხოვს. „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდა სადაზღვევო კომპანია „აისი ჯგუსის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან დაკავშირებას, თუმცა უშედეგოდ.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკურ დეპარტამენტში აცხადებენ, რომ გამოძიების მიერ თუკი დადგინდება, რომ ჯარისკაცის დაღუპვის მიზეზი თვითმკვლელობა არ იყო, მაშინ სადაზღვევო თანხა ოჯახს აუცილებლად გადაეცემა.

აჭარის პროკურატურის ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით.

აღსანიშნავია, რომ ცხედარს ექსგუმაცია გარდაცვალებიდან ერთი თვის შემდეგ ჩაუტარდა. ექსპერტიზის დასკვნა ოჯახისთვის დღემდე უცნობია.

„როგორ შეიძლება ადამიანის გარდაცვალების მიზეზი ვერ გაიგო. გამორიცხეს ყოველგვარი ქიმიური ნივთიერებით მოწამლვის ფაქტი, რადგან ორგანიზმში ალკოჰოლური ნივთიერება არ აღმოუჩენიათ. ჩვენ არც ექპერტიზის დასკვნის ასლი მოგვაწოდეს, რადგანაც საქმე ძიებაშია. ყველა მეუბნება დაანებე თავი, შენც რამე არ მოგიხერხონ, როგორც სანდრო გირგვლიანის ოჯახსო, მაგრამ დაზღვევის თანხას მაინც ვითხოვთ. ამ თანხით მის სასაფლაოს გავუკეთებდით. ის ხომ საქართველოსთვის იბრძოდა აგვისტოს ომის დროს“, - ამბობს მამა, ოთარ ანანიძე.

ახალი ამბები