04:01, Sunday, 17.11.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

როგორ ზღუდავენ პრესას რეგიონებში

29.07.2009
გელა მთივლიშვილი, კახეთი

საქართველოს რეგიონებში მედიის დამოუკიდებლობისა და საზოგადოებისთვის მიუკერძოებელი ინფორმაციის მიწოდების კუთხით უკიდურესად მძიმე ვითარებაა. რეგიონული მედიის ასოციაციის თავმჯდომარის ია მამალაძის განცხადებით, რეგიონული მედია ყოფნა-არყოფნის ზღვარზეა. კახეთში ამ დრომდე შეწყვეტილია რეგიონული გაზეთ “იმედის” გამოცემა. ბათუმში დაიხურა სტუდენტური ჟურნალ-გაზეთები. ოთხი თვის განმავლობაში არ გამოიცემოდა ფოთში გამომავალი დამოუკიდებელი გაზეთი “თავისუფალი სიტყვა”.

ოფიციალურად დამოუკიდებელი მედიასაშუალებები, როგორც ელექტრონული, ასევე ბეჭდვითი, წლების განმავლობაში ან დონორების დაფინანსებაზე იმყოფებიან, ან ფულს მუნიციპალური ბიუჯეტებიდან იღებენ. მედიასაშუალების თავისუფლების ხარისხი პირდაპირ არის დამოკიდებული იმ ფინანსებზე, რითაც მედიაორგანიზაცია არსებობს. საბიუჯეტო თანხებზე ხელი მხოლოდ ხელისუფლებას მიუწვდება და მედიაორგანიზაციას მხოლოდ პროპაგანდის შემთხვევაში აფინანსებს. რაც შეეხება საერთაშორისო ფონდების დახმარებებით არსებულ მედიაორგანიზაციებს, წესით, ისინი სიმართლეს უნდა ამბობდნენ, თუმცა იმის გამო, რომ ამ მედიაორგანიზაციების მფლობელების ახლო ნათესავები ან თავად დამფუძნებლები და ყოფილი გამომცემლები სახელისუფლებო და საჯარო სამსახურებში საპასუხისმგებლო თანამდებობებზე სამუშაოდ გადავიდნენ, მათ მიერ მომზადებული ახალი ამბები ბიუჯეტიდან დაფინანსებული ტელევიზიების საინფორმაციო გამოშვებებისგან არაფრით განსხვავდება. ეს ტენდენცია ყველაზე მკვეთრად კახეთში გაჩნდა. გაზეთ “პროგრესის” მთავარი რედაქტორი და დამფუძნებელი ლეილა მურაკაშვილი სოციალური მომსახურების სააგენტოს რაიონული განყოფილების დირექტორად დაინიშნა. გაზეთ “სპექტრის” გამომცემელი და მთავარი რედაქტორი მაია ყალაბეგაშვილი რეგიონის გუბერნატორის პრესმდივანი გახდა, ხოლო გაზეთ “კახეთის ხმის” მთავარი რედაქტორის მეუღლემ გურჯაანის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობა დაიკავა. ამ ცვლილებების შემდეგ ისედაც მწირი სარეკლამო ბაზრიდან რეკლამის აბსოლუტური უმრავლესობაც ზემოაღნიშნულ გაზეთებში მიდის. მაგალითად, გაზეთ “სპექტრში”, რომელიც სულ რვა გვერდიანი, 16 ივლისის ნომერში ოთხი გვერდი მუნიციპალიტეტების გამგეობების რეკლამას უკავია.

ია მამალაძე, რეგიონული მედიის ასოციაციის ხელმძღვანელი: “ადრე რეგიონულ მედიას პროფესიული კადრებისა და ტექნიკის დეფიციტი ჰქონდა, დღეს კი ყოფნა-არყოფნის ზღვარზეა. დიდი ხანია ჟურნალისტების ცემა-ტყეპას არ ერიდებიან, მაგრამ ახლა მეთოდები უფრო დახვეწეს. ძირითადად, ორი სახის მექანიზმი იკვეთება:  დაიწყო ჟურნალისტებისა და გამომცემლების მასობრივი გადაბირება გამგეობებსა და საკრებულოებში თანამდებობებზე დანიშვნით. ჟურნალისტები თანხმდებიან შეთავაზებულ თანამდებობებზე მუშაობას, რადგან ძალზე დაბალი ანაზღაურება აქვთ. ვერავის მოსთხოვ გმირობას და არა მარტო თავის, არამედ ოჯახის წევრების საფრთხეში ჩაგდებას. ხელისუფლებამ საქმე იქამდე მიიყვანა, რომ არასასურველი ჟურნალისტების შორეული ნათესავებიც კი უპერსპექტივო უმუშევრებად აქცია.

გამგეობასა და საკრებულოებში ერთსა და იმავე ადგილას მუშაობს პრესასთან ურთიერთობის 3-4 სპეციალისტი, მაშინ როცა ერთიც არ არის საჭირო. მაგალითად, ოზურგეთში მასობრივად გადაიბირეს კვალიფიციური კადრები, დანიშნეს მუზეუმის, თეატრის პრესსამსახურების უფროსებად. სიღნაღში მედია კომუნისტების დროიდანვე კარგად იყო განვითარებული. ახლა კი არც ერთი გაზეთი აღარ გამოდის. სამაგიეროდ, არის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური, რომელსაც უფროსი და ორი სპეციალისტი ჰყავს. რა საჭიროა პრესასთან ურთიერთობის სამსახური, როცა ქალაქში პრესა აღარ არსებობს.

ზეწოლის მეორე ფორმა საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლებზე ზეწოლაა. მათ უკრძალავენ არასასურველი გაზეთების გამოწერას, რეკლამის განთავსებას. მაგალითად, გურიის  ჯანდაცვის სისტემაში თათბირი გამართეს და თანამშრომლები გააფრთხილეს, თუ “გურია ნიუსს” გამოიწერთ, პრობლემები  შეგექმნებათო. ლაპარაკია გაზეთის არა სამსახურში, არამედ სახლში გამოწერაზე. უკვე იატაკქვეშეთში გადავდივართ, გაზეთს პროკლამაციასავით ვკითხულობთ.

სულაც არ მაქვს იმედი, რომ სახელმწიფო ჟურნალისტებს მუშაობის პირობებს შეგვიქმნის და ელემენტარულ გარანტიას მოგვცემს. ბოლოდროინდელმა საკანონმდებლო ცვლილებებმა დამარწმუნა, რომ უფრო მკაცრ პირობებში მოგვიწევს საქმიანობა. თუ აქამდე პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის 30-დღიან პატიმრობას გვისჯიდნენ, ახლა ვადა 3 თვემდე გაზარდეს”, - აღნიშნავს ია მამალაძე.

ცოტა ხნის წინ უცნაური ამბავი მოხდა ფოთში, სადაც, სავარაუდოდ, გაზეთ “თავისუფალი სიტყვის” მთელი ტირაჟი ერთმა ადამიანმა – ფოთის საავადმყოფოს დირექტორმა ბადრი შედანიამ შეიძინა. მომდევნო კვირაში “თავისუფალმა სიტყვამ” ეს ამბავიც დაწვრილებით აღწერა და თავიდან ბოლომდე გადმობეჭდა წინა ნომრის სტატიაც, რომელშიც საუბარი იყო რესტორან “კვიპროსში” ბადრი შედანიას ცემის ფაქტზე. სტატიის ავტორის ელისო ჯანაშიას ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ბადრი შედანია, რომელიც „ფოთში ახალაიების დე ფაქტო წარმომადგენელია”, არაადეკვატური საქციელის გამო, დაცვის თანამშრომელმა სცემა. ჟურნალისტი ვარაუდობს, რომ შედანია ამ ფაქტის ახალაიებისგან დამალვას ცდილობდა, როდესაც გაზეთის წინა ნომრის მთელი ტირაჟი შეისყიდა.

ელისო ჯანაშია, გაზეთის “თავისუფალი სიტყვა” რედაქტორი: “რეგიონში ჟურნალისტური საქმიანობა გაცილებით რთულია. ხელისუფლება დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ ბევრ აპრობირებულ თუ ინოვაციურ მეთოდს იყენებს. ყველაზე მიღებული ფორმებია ინტერვიუზე უარის თქმა; საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხელოვნურად შეზღუდვა; ჟურნალისტების გადაბირება; ფირმებსა და ორგანიზაციებზე ზეწოლა, რათა ისინი დამოუკიდებელი გაზეთების ხელმომწერები არ გახდნენ და არც რეკლამა განათავსონ დაუმორჩილებელ საინფორმაციო საშუალებებში; ამ მდგომარეობიდან გამომდინარე შექმნილი ფინანსური თუ სხვა პრობლემების გამო ოთხი თვის განმავლობაში გაზეთის გამოცემას ვერ ვახერხებდით. ამჟამად, გაზეთის გამოცემა ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის ფინანსური მხარდაჭერით განვაახლეთ, თუმცა პრობლემები კვლავ იგივეა და არც გამოსწორების ნიშნები შეიმჩნევა”.

საბა წიწიკაშვილი, შიდა ქართლში გამომავალი გაზეთის “ქართლის ხმა” რედაქტორი: “გარკვეულ პიროვნებებს ერთი და იგივე ჟურნალისტის ჩაგრულობაზე ინფორმაციის მოსმენა უკვე აღიზიანებთ, მაგრამ ეს არ არის მთავარი. უფრო მეტად გორში არსებული სამოქალაქო სექტორის უმოქმედობა მაღელვებს. მათ ჟურნალისტებზე ზეწოლის სხვადასხვა ფაქტებზე რეაქცია არ აქვთ. სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა ჯერ კიდევ 2008 წლის 30 დეკემბერს ერთ-ერთ გაზეთთან ინტერვიუში ჩემთან დაკავშირებით განაცხადა, რომ იძულებული გავხდი დროებით გორი და საერთოდ საქართველო დამეტოვებინა, მაგრამ როდესაც დავბრუნდი, არავის უკითხავს რა მოხდა? რატომ წავედი საქართველოდან და რა საფრთხე ავიცილე თავიდან? წასვლამდე ხელისუფლებასთან დაახლოებულმა პირებმა პირდაპირ მითხრეს, რომ ჩემს ახლობლებს პრობლემები შეექმნებოდათ და სასტიკად გამამწარებდნენ. საქართველოს დროებით არა პირადი, არამედ ჩემი ახლობლების უსაფრთხოებისათვის გავერიდე. ეს გადაწყვეტილება ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების უფლებადამცველებთან შეხვედრის დროს, მათი რჩევით მივიღე. ამ დროისთვის გორში ვაგრძელებ მუშაობას და ყველაზე ცუდი ისაა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება არასასურველი ჟურნალისტების დისკრედიტაციისთვის თავისთან დაახლოებულ ან გადაბირებულ ჟურნალისტებს იყენებს”.

2009 წლის ივნისში, კახეთის რეგიონში დამოუკიდებელი რეგიონული გაზეთ “იმედის” გამოცემა შეწყდა.

“რეგიონულ მედიას ძალიან ავიწროვებენ. კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის მითითებით კერძო კომპანიებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს გაზეთ “იმედში” რეკლამის განთავსება რამდენიმე თვეა აეკრძალათ. გაზეთის ხელმომწერთა რაოდენობაც წელს მკვეთრად შემცირდა, მაგრამ ფინანსური სიძნელეების მიუხედავად, გაზეთს მაინც გამოვცემდით. ბოლო დროს, გაზეთის რედაქტორისა და თანამშრომლების დევნა გამძაფრდა. გუბერნატორის ადმინისტრაცია იმან გააღიზიანა, რომ “იმედში” რეგულარულად იბეჭდებოდა ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაზე კრიტიკული სტატიები და ჟურნალისტური გამოძიებები”, - ამბობს გაზეთ “იმედის” გამომშვები რედაქტორი ნატალია სარქისაშვილი.

გაზეთი “იმედი” კახეთში 2003 წლიდან გამოდიოდა და ამ ხნის განმავლობაში გაზეთის ჟურნალისტები არაერთხელ შეუვიწროვებიათ. გაზეთის რედაქტორს სახლში ხელყუმბარა ორჯერ აუფეთქეს, შემდეგ მისი მოკვლაც სცადეს, მერე თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ყველა ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მაგრამ არც ერთი საქმე გამოძიებული არ არის.

სტუდენტური ჟურნალ-გაზეთები დაიხურა ბათუმშიც. გაზეთებს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა აფინანსებდა და მათი დახურვა სწორედ დაფინანსების ამოწურვას დაუკავშირდა. მედია-ექსპერტის ია ანთაძის განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ ეს ახალგაზრდული მედიასაშუალებები მომავალი ჟურნალისტებისთვის პრაქტიკის მიღების ერთადერთი საშუალება იყო, მათი დახურვა განსაკუთრებულ ინტერესს ვერ გამოიწვევდა, რომ არა ერთი მნიშვნელოვანი დეტალი. “ჯერ კიდევ გასული წლის 20 ივლისს რეგიონალური მედიის მიმოხილვაში რადიო “თავისუფლების” მსმენელს ვუამბეთ ბათუმური სტუდენტური გაზეთის “სტუდნიუსის” შესახებ, რომელშიც ახალგაზრდები თავისუფლად გამოთქვამდნენ საკუთარ მოსაზრებებს უნივერსიტეტის ცხოვრების მზიანი თუ ჩრდილოვანი მხარეების შესახებ. მაშინვე ვთქვით, რომ სამი ნომრის შემდეგ გაზეთის რედაქტორი ტარიელ ცეცხლაძე უნივერსიტეტის პრესცენტრში დაუბარებიათ და პირდაპირ უთქვამთ, თუ ასე გააგრძელებ, შეიძლება სტუდენტის სტატუსი შეგიწყდესო. მაშინ ჩვენი რადიოს მსმენელს დავპირდით, რომ ამ ახალგაზრდულ გაზეთს თვალყურს საგანგებოდ მივადევნებდით. აღმოჩნდა, რომ პრესცენტრში გამართული საუბრის შემდეგ გაზეთის არც ერთი ნომერი აღარ გამოცემულა და, ბოლოს, ორ სხვა სტუდენტურ ჟურნალთან ერთად, “სტიდნიუსმაც” შეწყვიტა არსებობა”, - აცხადებს ია ანთაძე.

საქართველოში მედიის მდგომარეობის შესახებ ინფორმირებულები არიან საერთაშორისო ორგანიზაციებიც. მაგალითად, ერთ-ერთი ავტორიტეტული ორგანიზაციის “ფრიდომ-ჰაუსის” ანგარიშით, შუა აზიის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, წინა წლებთან შედარებით,  მკვეთრად იკლო დემოკრატიის ხარისხმა. დოკუმენტის თანახმად, საქართველო იმ 18 ქვეყანას შორის არის, სადაც დემოკრატიის თვალსაზრისით მდგომარეობა გაუარესდა. მეტიც, საქართველოს მაჩვენებლები 2003 წლის შემდგომ პერიოდში ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა და დემოკრატიის ხარისხი თითქმის ყველა მიმართულებით, მათ შორის მედიის თავისუფლების თვალსაზრისითაც გაუარესდა.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC