კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გამოძიება დაიწყო, მაგრამ მთავარია დამთავრდება თუ არა ის

7 აგვისტო, 2009

„ისინი არ გამოიძიებენ თავის დანაშაულს“

ანა შეშაბერიძე

2 აგვისტოს დილით, ცხვარიჭამიას გზიდან ორგზის მსოფლიო ჩემპიონი, რუსთავის წმინდა გორგასლის სახელობის ეკლესიის სტიქაროსანი, პარტია „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ მხარდამჭერი, აფხაზეთიდან დევნილი ამირან ბიწაძე გაიტაცეს. მის ავტომობილს, რომელშიც მეგობართან, დათო ბენდელიანთან ერთად იჯდა, გზა მიკროავტობუსმა, „ჯიპის“ ტიპის ორმა და „ნივის“ მარკის ერთმა ავტომობილმა გადაუჭრა.

ამირან ბიწაძე და დავით ბენდელიანი ნიღბიანმა პირებმა ავტომობილიდან ძალის გამოყენებით გადმოიყვანეს, ბენდელანი სასტიკად სცემეს, ხოლო ბიწაძე გაიტაცეს. ამ შემთხვევის შესახებ მისმა ოჯახმა, დაახლოებით დღის 4 საათზე, მათთან ბენდელიანის მისვლის შემდეგ გაიგო. ოჯახმა ამბავი დაუყოვნებლივ შეატყობინა პოლიციას. მისი ადგილსამყოფელი დღის ბოლომდე უცნობი იყო.

დაახლოებით 19:00 საათზე ამირან ბიწაძე დიდი დიღმის გზაზე, ავტოგასამართი სადგურის უკან შემთხვევითმა გამვლელმა იპოვა, რომელიც მობილურით დაზარალებულის მეუღლეს დაუკავშირდა და მეუღლის ადგილსამყოფელი შეატყობინა.

ბიწაძე სასწრაფო დახმარების მანქანით ღუდუშაურის კლინიკაში მიიყვანეს სადაც სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. მას ორი ჭრილობა აქვს მიყენებული ფერდში (ჭრილობები მიყენებულია ზუსტად ისეთი ტყვიებით, რომელიც პოლიციამ 6 მაისს, პოლიციის სამმართველოსთან ოპოზიციის საპროტესტო აქციის დარბევის დროს გამოიყენა), მოტეხილი აქვს ფეხი, ხელზე ავტომანქანით აქვს გადავლილი, აღენიშნება ტვინის შეშუპება.

ამირან ბიწაძე იხსენებს, რომ ნიღბიანებმა ეგრევე მანქანის მსხვრევა დაიწყეს და ტყვიებიც მაშინ ესროლეს. მის კითხვაზე, რატომ სცემდნენ ასეთი სასტიკად, უპასუხეს: „აბა შენ რომ ურტყამდი ჩვენს ხალხს“. „ხატის წინ დავიფიცებ არავისთვის დამირტყია“ - აცხადებს დაზარალებული. წასვლისას კი მანქანით მარჯვენა ხელზე გადაუარეს და უკაცრიელ ადგილზე მიაგდეს.

პარტიის გენერალური მდივანი, ვახტანგ ყოლბაია იმედს იტოვებს რომ ეს არ არის მიზანმიმართული პოლიტიკური დევნა. „შედეგის იმედი მინდა მქონდეს, მინდა დავიჯერო, რომ ეს არის კრიმინალური ბანდა, რომელიც მოქმედებს ხელისუფლების წინააღმდეგ და მის დისკრედიტაციას ეწევა. ეს დაშინებები არც ზნეობრივადაა გამართლებული და არც პოლიტიკური ბრძოლის ჩარჩოებში ეტევა. ხელისუფლება უნდა მიხვდეს, რომ ამას აკთებენ მის წინააღმდეგ და უნდა გამოავლინოს თავის რიგებში ისეთი ხალხი, ვინც მის იმიჯზე ცუდად მოქმედებს“.

ბიწაძე გამოირჩეოდა პოლიტიკური აქტიურობით. ის ნინო ბურჯანაძესთან ერთად არჩევნებშიც მონაწილეობდა. მისი ოჯახის წევრები და ახლობლები თვლიან რომ სწორედ ესაა ბიწაძის არაადამიანურად ცემის მიზეზი.

სახალხო დამცველი სოზარ სუბარი დარწმუნებულია, რომ ბიწაძის საქმეც გამოუძიებელი დარჩება. „ეს არის პირდაპირი გაგრძელება იმ ქმედებებისა რასაც ადგილი ჰქონდა ბოლო ორი თვის განმავლობაში. როცა ამ საქმეზე რეკომენდაციას ვაგზავნიდი ძალოვან უწყებებში ზუსტად ვიცოდი, რომ ერთით გაიზრდებოდა შეუსრულებელი რეკომენდაციების რიცხვი. საქმე ისაა, რომ ჩვენ საქმის დანაშაულის გამოძიებას დანაშაულისავე ჩამდენებს ვთხოვთ, რაც ერთი შეხედვით აბსურიდია - ისინი არ გამოიძიებენ თავის დანაშაულს“ აცხადებს სოზარ სუბარი, თუმცა ამასთანავე დარწმუნებულია, რომ ადრე თუ გვიან საქმეს ნათელი მაინც მოეფინება: „ეს საქმე ბოლოს მაინც იქნება გამოძიებული, მჯერა რომ დამნაშავეები მაინც დაისჯებიან. მარადიული არავინ და არაფერია. როცა ხელისუფლება დამყარებულია ძალადობაზე და დევნაზე განსხავაებული აზრის მიმართ, ის ვერ იქნება მარადიულად და ვერ იარსებებს დიდხანს“.

ბიწაძის ცემის ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მის მეუღლეს, ხათუნა ოდიშარიას ხელისუფლების ობიექტურობის იმედი აქვს და ობიექტურ გამოძიებას ელოდება.

ახალი ამბები