კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სააკაშვილის პარადოქსი

12 აგვისტო, 2009

სალომე ზურაბიშვილი

ერთი წლის წინ საქართველო იმ ადგილად იქცა, სადაც პირველად, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რუსული ჯარი დამოუკიდებელ ქვეყანაში შევიდა, რაც იმის დემონსტრირებას წარმოადგენდა, რომ რუსეთმა ძალა აღიდგინა და მისი გამოყენების ნებაც გამოავლინა. რამდენიმე დღე მსოფლიოს იმის გაგება ეწადა, თუ სად შეჩერდება რუსული არმია.

ერთი წლის წინ საქართველო იმ ადგილად იქცა, სადაც ევროკავშირის იმ დროს მოქმედი პრეზიდენტის, სარკოზის შუამავლობით პირველად დაიდო  საზავო ხელშეკრულება, რომელიც მიუხედავად მისი ბევრი ნაკლოვანებისა, დღესაც ინარჩუნებს მშვიდობას. ევროკავშირმა დაადასტურა, რომ მშვიდობა ევროპაში ის კონცეფტია, რომლის დაცვაც ღირს და რომელშიც ევროკავშირს წვლილის შეტანა შეუძლია.

ერთი წლის წინ შეერთებულმა შტატებმა, რომელსაც ბუშის წარმავალი  ადმინისტრაცია მართავდა, ამ მოვლენებზე შედარებით პასიურად ირეაგირა და ევროპის ქვეყნებს საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგის ხელშეწყობაში ხელმძღვანელი როლი დაუთმო. ახლა საკითხი ასე დგას, ისურვებენ, თუ არა ერთი წლის შემდეგ,  ჩვენი ევროპელი  მეგობრები და მოკავშირეები საქართველოს შერყეული დემოკრატიის აღდგენის პროცესში  წამყვანი როლის შესრულებას.

ერთი წლის წინ პრეზიდენტმა სააკაშვილმა, 6 თვის საპროტესტო გამოსვლების, დემონსტრაციებისა და სადავო არჩევნების შემდეგ, არად ჩააგდო საქართველოს ოპოზიციის განცხადებები იმის თაობაზე, რომ რისკის ქვეშ საქართველოს დამოუკიდებლობა იდგა. საქართველომ თავისი ტერიტორიების მეხუთედი დაკარგა, ეკონომიკურ კოლაფსში ჩავარდა, მაგრამ რეჟიმმა მოახერხა და ძალაუფლებას  მოეჭიდა.

რა შეიცვალა დღეს? ერთის შეხედვით, არაფერი; დაძაბულობა საზღვრებზე განახლდა, ყოველდღიურმა პროვოკაციებმა შესაძლოა ესკალაციას დაუდოს სათავე; ახლაც, ისევე, როგორც მაშინ არავინ იცის, თუ რომელ მხარეს მიუძღვის ბრალი კონფრონტაციაში; და ისევ, და ისევ დღის წესრიგში დგება შემდეგ კითხვა: ხომ არ შეიძლება ზაფხულის ცხელ დღეებში,  ევროპის ამ მოშორებულ კუთხეში ისევ იფეთქოს ომმა?

მაგრამ მიუხედევად მოჩვენებითი უცვლელობისა, ბევრი რამ უკვე სხვაგვარადაა: შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის ურთიერთობებს ვეღარ შეადარებ „ცივი ომის“ დროინდელ ურთიერთობებს ისე, როგორც ეს ბუშის ადმინისტრაციის მმართველობის დასასარულისთვის იყო. ობამას ფაქტორმა გარკვეული ეფექტი უკვე მოიტანა - რუსებმა იციან, რომ გაცილებით მეტს მოიგებენ ურთიერთობათა „გადატვირთვით“, ვიდრე ახალი კონფლიქტით. მისმა ვიზიტმა მოსკოვში ყველა საკითხი ვერ გადაწყვიტა, მაგრამ ისეთი შესაძლებლობები გააჩინა, რომლის დამსხვრევაც არც ერთი მხარე  არ მოისურვებდა.

რუსებმა მიიღეს ყველაფერი, რაც კი სურდათ და შესაძლოა იმაზე მეტიც: საზღვრებმა საქართველოს ტერიტორიის შიგნით გადმოინაცვლა და მათი ბერკეტები კიდევ უფრო ქმედითი გახადა. მათ სეპარატისტული წარმონაქმნების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარეს და შესაბამისად საქართველოს წინაღმდეგ თავისი ყველაზე დიდი მუქარა განახორციელეს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათ საქართველოს კიდევ უფრო მეტი ტერიტორიის მიტაცება და მტრულად განწყობილი, თავისი დამოუკიდებლობის გზნებარედ დამცველი ქვეყნის ტერიტორიის ოკუპირება სურდეთ. ამით ისინი კიდევ უფრო დიდ ტვირთს დაიდებდნენ მაშინ, როდესაც ისიც კი არ იციან, რა მოუხერხონ ამ “ამ ძალიან ახალ” დამოუკიდებელ ქვეყნებს, რომელთა ცნობა არავის სურს და რომელთა არც ბოლომდე მიერთება და არც ბოლომდე დათმობა არ შეუძლიათ.

რაც შეეხება იმ არგუმენტს, რომ პრემიერ-მინისტრი პუტინი, ან პრეზიდენტი მედვედევი შესაძლოა კიდევ შევიდნენ ომში, რათა დაწყებული საქმე დაასრულონ და სააკაშვილისგან გათავისუფლდნენ, ეს სააკაშვილისთვის ხელსაყრელი და სააკაშვილის არგუმენტია.

რეალობა კი სხვაა, რადგან არსებობს „სააკაშვილის პარადოქსი“, რომელიც ასე შეიძლება წაიკითხოს: მაშინ, როდესაც ქვეყნის შიგნით  ლეგიტიმურობის, ხოლო გარეთ, საერაშორისო ნდობის დიდი წილი დაკარგა,  ის საქართველოს ისეთ ლიდერად იქცა, რომელიც რუსებს ყველაზე მეტად სძაგთ, მაგრამ, რომელიც ობიექტურად მათი ყველაზე საუკეთესო მოკავშირეა.

მან მოახერხა, მიეცა რუსეთის ყველაფერი, რაც კი მათ სურდათ: ნატოში გაწევრიანება რეალური პროექტიდან შორეულ შესაძლებლობად იქცა; ჩვენი ტერიტორიების 20% დაკარგულია და ბევრს მიაჩნია, რომ სამუდამოდ. საქართველოს ეკონომიკის დიდი ნაწილი, გაუმჭვირვალე პრივატიზააციით, ძირითადად რუსების ხელში გადავიდა, ხოლო დასავლური ინვესტიცია უფრო მითია, ვიდრე რეალობა. და ბოლოს, Fრეედომ Hოუსე-მა და სხვა ორგანიზაციებმა დაადასტურეს, რომ საქართველომ „ვარდების რევოლუციის“ დემოკრატიულ დანაპირებს გადაუხვია და სულ უფრო მიდის ავტორიტარიზმისკენ, რომელიც რუსეთისთვის, როგორც პოზიტიური მოდელი, მისაბაძ მაგალითად აღარ ივარგებს.

ირონიულია, მაგრამ პრეზიდენტი სააკაშვილი კრემლისთვის ყველაზე ხელსაყრელი ლიდერია, რომლის არსებობაც მას შეიძლება ესურვა.

პრეზიდენტისთვის ომის საფრთხე უკანასკენელი თავშესაფარია, რომლის მეშვეობითაც ის ევროპელთა ინტერესს აცხოველებს და  ამერიკელთა მხარდაჭერას ინარჩუნებს. ის „პატარა საქართველოს“ დიდი და იმპერიული ქვეყნის მხვერპლად წარმოაჩენს და ამით  დემოკრატიული პროცესის მარცხს ჩქმალავს.

ომის საფრთხე ის ბოლო არგუმენტია, რომელიც არალეგიტიმურ რეჟიმს შეუძლია გამოიყენოს, რათა ოპოზიციას ნაციონალური ერთობის დემონსტრირება აიძულოს და ამით საზოგადოების დროებითი მხარადჭერა მოიპოვოს.

ომის საფრთხე შესაძლოა რუსეთისთვისაც სასარგებლო იყოს. პრეზიდენ მედვედევს შესაძლოა ერთი ცდუნება ჰოქნდეს - ნაციონალისტური პროპაგანდა გამოიყენოს იმ დროს, როდესაც მისი ხალხი ღრმა ეკონომიკური და სოციალური კრიზისის ეტაპზე იმყოფება.

ახლა, განსხვავებით გასული წლისგან, ომის ლოგიკური მიზეზი არ არსებობს; ამ ომით ისინი საკუთარი ქვეყნების რეალურ მიზნებს ვერ მიაღწევენ. მაგრამ ორმა არადემოკრატიულმა რეჟიმმა ურთიერთ აგრესია შესაძლოა საკუთარი პოლიტიკური მოგებისთვის გამოიყენოს.  

ამ ორიდან ერთი, საქართველო თავს დემოკრატიულად აჩვენებს. მას უნდა, რომ ევროპული ოჯახის ნაწილად განიხილონ. მაგრამ უკვე მოვიდა იმის დრო, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს გააგებინონ - მან ცეცხლთან თამაში და მეგობრების შანტაჟი უნდა შეწყვიტოს. მოვიდა დრო პლურალისტური, ღია მთავრობის შესაქმნელად, რადგან  მხოლოდ ასეთმა მთავრობამ შეიძლება შექმნას მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტია. ჩვენი საუკეთესო დაცვა რუსეთისაგან - დემოკრატიაა.

როდესაც გასულ თვეს ვიცე-პრეზიდენტი ბაიდენი საქართველოს ვიზიტით ეწვია, მან რეჟიმს „ვარდების რევოლუციის“ დემოკრატიული იდეალების რეალიზებისათვის რამდენიმე ტესტი დაუწესა, დაწყებული მედიის თავისუფლებით და კანონის უზენაესობით დამთავრებული.

მაგრამ სულ რამდენიმე დღის შემდეგ ოპოზიციის მხარდამჭერები გაიტაცეს, სცემეს და საზარელი თავდასხმის დროს პლასტიკური ტყვიებიც დაუშინეს. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ ეს მათი პოლიტიკური შეხედულების გამო მოხდა. ეს ჩაიდინეს ადამიანებმა, რომლებიც პოლიციის მანქანას მართვადნენ. სანდო გამოძიების დეფიციტმა ის ეჭვები წარმოქმნა, რომ თავდასხმა მთავრობის განკარგულებით განხორციელდა.

ეს რეჟიმის მიერ ადამიანის უფლებათა დარღვევის სულ ბოლო მაგალითია, მიუხედავად ჩვენი პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადებებისა „დემოკრატიის ახალი ტალღის შესახებ“. დემოკრატიული რეფორმების გასატარებლად ზეწოლისათვის, ყველა ჩვენი ამერიკელი და ევროპელი მოკავშირის მხარდაჭერა და ზეწოლაა საჭირო, ისეთივე მხარდაჭერა, როგორიც მათ ჩვენ გასულ წელს აღმოგვიჩინეს.

სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და პრო-ევროპული ოპოზიციური პარტიის „საქართველოს გზა“ თავმჯდომარეა.

ორიგინალი

წყარო: foreignpress.ge/

ახალი ამბები